2021-04-17 ბესიკ მაშავა

თეოდორე აბუკურა

1 -შესავალი

თეოდორე აბუკურა (არაბ. „მამა ნუგეშინისცემისა“) არაბული სამყაროს ქრისტიანი წარმომადგენელია. იგი საინტერესოა როგორც ქრისტიანული, ასევე არაბული სამეცნიერო სივრცისათვის. მკვლევართა შეფასებით იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ავტორი არაბულენოვან მწერლობაში, რომელმაც დაასაბუთა ქრისტიანობის უპირატესობა ისლამურ რელიგიასთან მიმართებით. თეოდორე აბუკურას პიროვნება ბურუსით არის მოცული და მის შესახებ რაიმე კონკრეტული ცნობები არ არსებობს. იგი მიეკუთვნება იმ მოაზროვნეთა რიგს, რომელთა ნაშრომები „გარეგადამწვდომია“, თუმცა, მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ძალზედ მწირია და დანამდვილებით რაიმეს თქმის შესაძლებლობას ართულებს. ზოგადი ინფორმაციით, თეოდორე აბუკურა დაბადებულა VIII საუკუნის II ნახევარში ქალაქ ედესაში, მესოპოტამიის ჩრდილოეთით (დღევანდელი სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის სამხრეთ ნაწილში). სავარაუდოდ, 785 წელს (30 წლის ასაკში) იგი დაუდგენიათ ხარანის მელქიტური თემის ეპისკოპოსად. პატრიარქ თეოდორიტესთან (785-799 წწ.) უთანხმოების გამო, 785 წელსვე, გადაუყენებიათ საეპისკიპოსო ტახტიდან, თუმცა 799 წლიდან, თეოდორიტეს გარდაცვალების შემდგომ, იგი კვლავაც უბრუნდება ხარანის კათედრას და ცხოვრების ბოლომდე (729/730 წ.) მისი ეპისკოპოსია.

2 -თეოდორე აბუკურა ქართულ აზროვნებაში

ქართულ აზროვნებაში თეოდორე აბუკურას შესახებ პირველ მითითებებს IX-X საუკუნეებში ვხვდებით. მის შესახებ მოგვითხრობს „კლარჯული მრავალთავი“, რომელშიც მოთავსებულია „თეოდორე ჰარანელ ეპისკოპოსის ფერისცვალების საკითხავი“. „კლარჯული მრავალთავი“ სხვადასხვა ფაქტებისა და პალეოგრაფიული ნიშნების გათვალისწინებით X საუკუნის დასასრულით, დაახლ. 80-90-იანი წლებით თარიღდება. მიშელ ვან ესბროკის მიხედვით, თეოდორე აბუკურას „ფერისცვალების“ ჰომილია ეფრემ ასურის ფერისცვალების შესახებ ჰომილიის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მათ შორის არსებული სხვადასხვა მსგავსება იმას ადასტურებს, რომ თეოდორე აბუკურას თხზულება ეფრემ ასურის თხზულების გადაკეთებულ ვერსიას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ეფრემ ასურის ფერისცვალების საკითხავი, გადამუშავებული სახით, თეოდორე აბუკურას სახელით, დამოუკიდებელ თხზულებად არის შეტანილი „კლარჯულ მრავალთავში“. ფერისცვალების ეს საკითხავი კორნელი კეკელიძეს და ენტიკო გაბიძაშვილს ასევე შეტანილი აქვთ თეოდორე აბუკურას ნაშრომთა ჩამონათვალში.

თეოდორე აბუკურას შესახებ შემდეგი მითითება უკავშირდება მიქაელის მარტვილობის პირველ ძველქართულ რედაქციას, სადაც თეოდორე აბუკურას ცხოვრების გარკვეული ეტაპის შესახებ მკაფიო მინიშნებებს ვხვდებით. მიქაელის მარტვილობის ეს რედაქცია, „მარტჳლობაჲ მიქაელ საბაწმინდელისაჲ“, რომელიც „აბუკურას“ სახელითაა ცნობილი, ექვთიმე ათონელს უთარგმნია ქართულიდან ბერძნულ ენაზე „ბალავარიანის“ ქართულ ვერსიასთან ერთად, რომლის შესახებ უწყებას თვითონ „ექვთიმესა და იოანე ათონელების ცხოვრებაში“ ვხვდებით. მიქაელის მარტვილობის ეს ამბავი, ოღონდ მცირედი ცვლილებებით, ერთ-ერთ სხვა ქართულ ძეგლშიც არის ასახული და თეოდორე აბუკურას ნაცვლად თეოდორე ედესელს უკავშირდება.

შემდეგი ეტაპი, თეოდორე აბუკურას რეცეფციის თვალსაზრისით, არსენ იყალთოელის „დოგმატიკონს“ უკავშირდება. „დოგმატიკონი“ შეიცავს თეოდორე აბუკურას ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ტრაქტატებსა და დიალოგებს, რომლებშიც ანტიმონოფიზიტური, ანტიმაჰმადიანური და ანტინესტორიანული ხაზია გატარებული (S-1463, XI-XII სს.). ამ კრებულში, რომელშიც თავმოყრილია იმ დროისათვის არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ტექსტები, სოლიდურად არის წარმოდგენილი თეოდორე აბუკურას ბერძნულენოვან თხზულებათა მთელი კორპუსი (შდრ.: PG. 97, col. 1462-1640).

მოგვიანებით, ექვთიმე ათონელის მიერ „აბუკურად“ წოდებული ძეგლი მრავალგვარი ინტერპრეტაციის საგანი გახდა. დიმიტრი ბაქრაძე (1826-1890 წწ.) ექვთიმე ათონელის მიერ ქართულიდან ბერძნულ ენაზე ნათარგმნ თხზულებათაგან მხოლოდ „ბალავარიანს“ ახსენებს და „აბუკურას“ სახელით მოხსენიებულ ძეგლს დუმილით უვლის გვერდს. აქვე, დ. ბაქრაძე ექვთიმეს მიერ გიორგი ბერის მიმართ მიწერილი წერილის კონტექსტში ახსენებს „აბუკუროვას“, რომელიც „არა შესაწყნარებელ“ (აპოკრიფულ) წიგნად არის მიჩნეული და თეოდორე აბუკურასთან ან „აბუკურას“ სახელით ცნობილ ძეგლთან რაიმე ასოციაციას სრულიად გამორიცხავს (ბაქრაძე ამ ორი სახელის ურთიერთმიმართებაზე არაფერს ამბობს). იგივე პრინციპით ავითარებს თავის შეხედულებას ალექსანდრე ხახანაშვილიც, რომლის მიხედვითაც გიორგი ბერის მიმართ მიწერილ წერილში ნახსენები „აბუკუროვა“ ან „აბუკუროფა“ ბერძნული „აპოკრიფტოსაგან“ არის ნაწარმოები და აპოკრიფულ წიგნებზე მიუთითებს. მოგვიანებით გამოითქვა ვარაუდები (ა. ცაგარელის, მ. ჯანაშვილის, ნ. მარის მიერ), რომ „აბუკურა“, შესაძლოა, არა მხოლოდ აპოკრიფი, არამედ ხარანელი ეპისკოპოსის თეოდორე აბუკურას რომელიმე თხზულება ყოფილიყო.

ექვთიმე ათონელის ამ ძეგლისა და ზოგადად თეოდორე აბუკურას პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევები განახორციელა კორნელი კეკელიძემ. „აბუკურად“ სახელდებული ეს ძეგლი, რომელიც ექვთიმე ათონელს ქართულიდან ბერძნულად უთარგმნია, 1918 წელს კ. კეკელიძემ გამოსცა „კიმენის“ I ტომში სათაურით „წამებაჲ მიქაელისი“. ამის შემდეგ „ექვთიმე და იოანე ათონელების ცხოვრებაში“ „აბუკურად“ სახელდებული ეს ძეგლი მსოფლიო მეცნიერებისთვისაც გახდა ცნობილი. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1930 წელს პაულო პეეტერსის მიერ გამოქვეყნებული ამ ქართული რედაქციის ლათინური თარგმანი და ვრცელი გამოკვლევა, რომელიც შემდგომში ლათინურიდან ინგლისურად ითარგმნა და ამ გზით საყოველთაო წვდომის საგანი გახდა. ამის საფუძველზე 1939 წელს ჟურნალ „მნათობის“ სხვადასხვა ნომრებში პავლე ინგოროყვამ გამოაქვეყნა გამოკვლევები „აბუკურასთან“ დაკავშირებით, სადაც ვრცლად განიხილა მისი წარმომავლობისა და ავტორობის საკითხები. მოგვიანებით, 1960 წელს, კ. კეკელიძემ გამოაქვეყნა გამოკვლევა თეოდორე აბუკურასა და თეოდორე ედესელის ცხოვრებაში ჩართული მიქაელის მარტვილობის ტექსტის ურთიერთმიმართების შესახებ, რომელსაც თან დაურთო ამავე „ცხოვრებაში“ ჩართული მიქაელის მარტვილობის ფრაგმენტის თარგმანი. მკვლევარი იძლევა ცნობებს „აბუკურასა“ და მისი ორი ძველქართული რედაქციის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიქაელის მარტვილობის ამბავი შესამჩნევი ცვლილებებით თეოდორე ედესელის ცხოვრებაშია შესული და თეოდორე აბუკურას ნაცვლად თეოდორე ედესელს უკავშირდება.

ამ საკითხზე, ასევე, ვრცელი გამოკვლევები აქვს მიძღვნილი ლეილა დათიაშვილს. მისი აზრით, ედესელის ცხოვრებაში ჩართული მიქაელის მარტვილობა ექვთიმე ათონელის ბერძნულენოვან თარგმანზეა დაფუძნებული. ასევე, სხვაგან, დათიაშვილის მიერ ფილოლოგიურად არის შესწავლილი „თეოდორე ედესელის ცხოვრების“ ბერძნული ხელნაწერები და მისი მიმართება ედესელის ცხოვრების ქართულ თარგმანთან. მკვლევარს აქვე აქვს გაშლილი მსჯელობა თეოდორე აბუკურას ანტიმაჰმადიანურ პოლემიკასა და დიალოგებთან დაკავშირებით. თეოდორე აბუკურას გამოკვლევების კონტექსტში აღსანიშნავია ლ. დათიაშვილის პუბლიკაციები „დოგმატიკონში“ დაცული ძეგლის („თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისათვის“) შესახებ, რომელიც მცდარად მიეწერებოდა თეოდორე აბუკურას. უფრო ადრე ამ ძეგლთან დაკავშირებით მცირე ცნობები და თეოდორე აბუკურას თხზულებათა აღწერილობა მოგვცეს ივანე ლოლაშვილმა და კორნელი კეკელიძემ, რომლებიც, თავის მხრივ, ამ ძეგლის ავტორად თეოდორე აბუკურას მიიჩნევდნენ და სხვა განსხვავებულ ვერსიას ამასთან დაკავშირებით არ უშვებდნენ. ვინაიდან ამ თხზულების ორიგინალი ცნობილი არ იყო, პირველ ეტაპზე (წინამორბედთა კვალად) ლ. დათიაშვილი მიიჩნევდა, რომ ხსენებული ძეგლი თეოდორე აბუკურას ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. შემდგომში მკვლევარმა თეოდორე აბუკურას ავტორობით გამოსცა კიდევ ერთი პუბლიკაცია „ტრაქტატები და დიალოგები“, სადაც ზემოხსენებული ძეგლი აბუკურას შრომათა შორის პირველ თხზულებად არის მოცემული. ამ გაუგებრობას სხვა ფაქტორებთან ერთად ისიც განაპირობებდა, რომ „დოგმატიკონის“ ხელნაწერში ხსნებული ძეგლის სათაურში დასახელებულია თეოდორე, როგორც „ღმრთის-მოყვარე მონაზონი და უფროსად ბრძენი ფილოსოფოსი“. ფრანგი ქართველოლოგის ბერნარდ უტიეს პუბლიკაციის შემდგომ („ბედი ქართლისა“, #40, 1982 წ.), რომელშიც ლ. დათიაშვილის მიერ გამოცემული თეოდორე აბუკურას „ტრაქტატები და დიალოგებია“ განხილული, თეოდორე აბუკურაზე მიკუთვნებული ზემოხსენებული ძეგლის ბერძნული ორიგინალი გამოვლინდა, რომლის ტექსტი „მინის პატროლოგია გრეკას“ 86-ე ტომის პირველ ნაწილშია მოთავსებული (PG. 86, I, col. 1194-1268). ეს თხზულება საყოველთაოდ ცნობილი „De Sectis“, იგივე „სექტების შესახებ“ ნაშრომის ქართულენოვანი თარგმანი აღმოჩნდა, რომელიც დიდ ხნის განმავლობაში ფსევდო-ლეონტი ბიზანტიელს მიეწერებოდა. ამას მოჰყვა მ. ვ. ესბროკის არაერთი გამოკვლევა, რომლებიც ერთხმად უარყოფენ ამ ტექსტის თეოდორე აბუკურაზე მიწერის რაიმე შესაძლებლობას. ამის შემდგომ, ლ. დათიაშვილი თავის პუბლიკაციაში „თეოდორე აბუკურა თუ ლეონტი ბიზანტიელი?“ დაწვრილებით განიხილავს „საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისათვის“ თხზულების თეოდორე აბუკურაზე მიკუთვნების მიზეზებს და ამასთან „სექტების შესახებ“ ფსევდო-ლეონტისეული ნაშრომის კვლევასაც აწარმოებს, რომლის ავტორობის (ლეონტი ბიზანტიელზე მიკუთვნების) საკითხსაც საეჭვოდ მიიჩნევს და ღიად ტოვებს. მიუხედავად აზრთა სიმრავლისა, დღეისათვის „სექტების შესახებ“ ნაშრომის ავტორობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილად ითვლება და იგი თეოდორე აბუკურას ნაცვლად თეოდორე რაითელს (600 წ.) განეკუთვნება. მაშასადამე, „დოგმატიკონის“ ზემოხსენებული თხზულების სათაურში დასახელებული თეოდორე, როგორც „ღმრთის-მოყვარე მონაზონი და უფროსად ბრძენი ფილოსოფოსი“, არა ხარანელ ეპისკოპოსს თეოდორეს აღნიშნავს, არამედ რაითელ თეოდორეს.

შემდგომ, უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე მცირე ზომის გამოკვლევა გამოქვეყნდა თეოდორე აბუკურასა და მის შემოქმედებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2012 წელს ჟურნალ „მნემოსინეში“ (სტუდენტთა შრომები, № 4) ნინო მღებრიშვილმა გამოაქვეყნა სტატია თეოდორე აბუკურას მოღვაწეობასა და შემოქმედებასთან დაკავშირებით. 2012 წელსვე რუსუდან გვარამიამ ჟურნალში „მუშაკი სულიერისა ვენახისაჲ“ თეოდორე აბუკურას ანტიმუსლიმური ქართულენოვანი თარგმანები განიხილა ბერძნულ და არაბულ ენებზე არსებულ ანტიმუსლიმურ თხზულებათა შუქზე. 2016 წელს ჟურნალ „გრაგნილში“ (ტ. VI) ლევან ჭანკვეტაძემ გამოსცა და შესავალი დაურთო „დოგმატიკონში“ არსებულ თეოდორე აბუკურას მცირე ზომის ნაწარმოებს მაცხოვრის განკაცების შესახებ („განგებულებისათჳს და განჴორცილებისა, და ვითარმედ გუამი ვიდრემე განჴორციელდა...“).

3 -რჩეული ბიბლიოგრაფია

• ბაქრაძე, დ.: ისტორია საქართველოსი უძველესი დროიდან მე-10 ს. დასასრულამდე, ტფილისი: სტამბა ე. გ. მესხისა, 1889 წ.

• გაბიძაშვილი, ენ.: ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები: კანონიკა, დოგმატიკა-პოლემიკა, ბიბლიოგრაფია, 6, თბილისი: „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2012 წ.

• გვარამია, რ.: თეოდორე აბუკურას ანტიმუსლიმური ნაწარმოებები და მათი ქართული თარგანები, ჟურნალში: „მუშაკი სულიერისა ვენახისაჲ“ (თბილისი, 2012 წ.), გვ. 114-119.

• დათიაშვილი, ლ.: „თეოდორე ედესელის ცხოვრება“ და „აბუკურა“, იხ.: ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, წიგნი V, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ., გვ. 144-174.

• დათიაშვილი, ლ.: თეოდორე ედესელის ცხოვრების ქართული თარგმანის ბერძნული დედნის საკითხავისთვის, იხ.: ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები, წიგნი VII-VIII, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ., გვ. 65-101.

• დათიაშვილი, ლ.: არსენ იყალთოელის თარგმანი თეოდორე აბუკურას ტრატატისა „საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისათვის“, იხ.: ძველი ქართული ლიტერატურა (XI-XVIII), თბილისი: „მეცნიერება“, 1977 წ., გვ. 20-40.

• დათიაშვილი, ლ.: თეოდორე აბუკურა. ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლ. დათიაშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.

• დათიაშვილი, ლ.: ლეონტი ბიზანტიელი თუ თეოდორე აბუკურა?, იხ.: „ლიტერატურული ძიებანი“, ტ. 18, თბილისი: „მეცნიერება“, 1989 წ., გვ. 296-315.

დოგმატიკონი, ტ. II: თხზულებანი: ნიკიტა სტითატი, ხუთი პოლემიკური სიტყვისა და ეპისტოლეთა ტექსტები, გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მ. რაფავამ, ტექსტები „აღსავალთათვის“, „სულისათვის“ და „სამოთხისათვის“ გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მ. კასრაძემ, ლექსიკონი და საძიებლები მოამზადეს მ. რაფავამ და ნ. ჩიკვატიამ, თბილისი: „საჩინო“, 2013 წ.

• ინგოროყვა, პ.: პოემა „აბუკურა“, ჟურნალში: „მნათობი“, # 9 (თბილისი, 1939 წ.), გვ. 116-119.

• ინგოროყვა, პ.: მოთხრობაჲ აბუკურაჲსი მიქაელისთვის საბაწმინდელისა ანუ „აბუკურაჲ“, ჟურნალში: „მნათობი“, # 10-11 (თბილისი, 1939 წ.), გვ. 249-254.

• კეკელიძე, კ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. V, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1957 წ.

• კეკელიძე, კ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. VI, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1960 წ.

• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.

კლარჯული მრავალთავი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თ. მგალობლიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.

• ლოლაშვილი, ი.: არსენ იყალთოელი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: „მეცნიერება“, 1978 წ.

• მღებრიშვილი, ნ.: თეოდორე აბუკურას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხებისათვის, ჟურნალში: „მნემოსინე“. სტუდენტთა შრომები ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში, №4 (2009-2011 წწ.), თბილისი: „ლოგოსი“, 2012 წ., გვ. 169-173.

საქართველოს სამოთხე („სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმინდანთა“), თბილისი: „დიადემა“, 2010 წ.

ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, . I, პროფ. კ. კეკელიძის რედაქტორობით, თბილისი: „საქართ. რკ. გზ. სამმართველოს ტიპო-ლიტოგრაფია“, 1918 წ.

• ჭანკვეტაძე, ლ.: თეოდორე აბუკურას სწავლება განკაცებული მაცხოვრის ჰიპოსტასში ორი ბუნების შეერთების შესახებ, ჟურნალში: „გრაგნილი“. საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, ტ. VI, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა“, 2018 წ., გვ. 265-282.

• ჭელიძე, ე.: საეკლესიო დოგმატიკა და ერესები, I, თბილისი, 2016.

• ჭელიძე, ე.: გზა მსოფლიო კრებათა დოგმატური ღვთისმეტყველებისკენ ანუ ნესტორიანულ-მონოფიზუტურ-ანაბაპტისტურ შეთქმულებათა მარცხი, თბილისი, 2019.

• ხახანაშვილი, ა.: რას ნიშნავს აბუკუროვა და აბუკუროფა?, ჟურნალში: „ივერია“, № 5 (თბილისი, 1909 წ.).

• Blanchard, M. J.: The Georgian Version of the Martyrdom of Saint Michael, Monk of Mar Sabas Monastery, Aram 6 (1994), გვ. 149-163.

• Chabot, J.-B. (ed. and trans.): Chronicle of Michael the Syrian Patriarche Jacobite d'Antioche (1166-1199), Tome III, Paris: Ernest Leroux, 1905.

• Griffith, S. H.: Reflections on the biography of Theodore Abu Qurrah, in: Parole de l'Orient, vol. 18 (1993), გვ. 143-170.

• Lamoreaux, J. C.: The Biography of Theodore Abū Qurrah Revisited, in: Dumbarton Oaks Papers, vol. 56 (2002), გვ. 25-40.

• Peeters, P.: La passion de S. Michel le Sabaite, AB 48, 1930, გვ. 65-98.

• Rees, S.: The “De Sectis”: A Treatise Attributed to Leontius of Byzantium, in: The Journal of Theological Studies, vol. 40, No. 160 (October, 1939), გვ. 346-360.

• Richard, M.: Le Traite “De Sectis” et Leonce de Byzance, in: Revue d'histoire ecdesiastique  35 (1939), გვ. 695-723.

• Speigl, J.: Der Autor der Schrift “De Sectis” uber die Konzilien und die Religionspolitik Justinians, in: Annuarium Historiae Conciliorum, 2 (1970), გვ. 207-230.

Theodore Abū Qurrah, translated by John C. Lamoreaux, David G. K. Taylor (ed.), C. W. Griffin, K. S. Heal (assocate eds.), USA: Brigham Young University Press, 2005.