2021-04-24 თენგიზ ირემაძე

ჯორჯაძე არჩილ

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

დიდი ქართველი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე ქართულ აზროვნებაში ინტერკულტურული ფილოსოფიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წლის 10 იანვარს, ქალაქ თბილისში. თავდაპირველად მან სწავლა დაიწყო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ კი სასწავლებლად თბილისში გადავიდა. 1892 წელს მან თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და უმაღლესი განათლების მისაღებად სანკტ-პეტერბურგს გაემგზავრა. აქ მან სწავლა დაიწყო სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ კი სამართლის შესწავლა ვარშავის უნივერსიტეტში განაგრძო. 1893 წელს იგი პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც აკიმ ლვოვის ძე ვოლინსკის (1861-1926 წწ.) ცნობილ ფილოსოფიურ წრეში ეწეოდა აქტიურ მოღვაწეობას. ამის შემდეგ კვლავაც ევროპას მიაშურა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში ისმენდა ლექციებს. 1900 წელს არჩილ ჯორჯაძე საქართველოში დაბრუნდა და იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული გაზეთის („ცნობის ფურცელი“) თანამშრომელი გახდა. 1901 წლიდან იგი გახდა სოციალ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. 1902 წლიდან არჩილ ჯორჯაძე კვლავაც უცხოეთშია და ლექციებს ისმენს საფრანგეთის, ინგლისისა და შვეიცარიის ცნობილ უნივერსიტეტებში. აქ იგი ცდილობდა, რომ საგანგებოდ დაუფლებოდა ისეთ მნიშვნელოვან დისციპლინებს, როგორიც პოლიტიკური მეცნიერებები და სოციოლოგიაა.

1905 წელს არჩილ ჯორჯაძე კვლავაც საქართველოშია და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩეოდა მისი პუბლიცისტური მოღვაწეობა. აღსანიშნავია, რომ მისი რჩეული თხზულებები 1911-1915 წლებში ხუთ ტომად გამოქვეყნდა.

არჩილ ჯორჯაძე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 1913 წლის 21 მარტს, ქალაქ ბათუმში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2 -ინტერკულტურული ფილოსოფია

ქართული ფილოსოფიის ისტორიაში არჩილ ჯორჯაძე, უწინარეს ყოვლისა, მისი იმ ნაშრომებითაა საყურადღებო, რელიგიის ფილოსოფიასა და სიცოცხლის ფილოსოფიას რომ ეხება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ინდოეთის სიბრძნე“ (1908 წ.), „ლევ ტოლსტოი (სიცოცხლის ტრაგედია, მეგობრები)“ (1910 წ.), „ქალის სევდა“ (1911 წ.) და „წერილები იტრიის წისქვილიდან („იმა ქვეყნათა ხელშეხება“)“ (1911 წ.).

ამ ნაშრომთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ინდოეთის სიბრძნე“. მასში ქართველი ავტორი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთმიმართების ფილოსოფიურ პრობლემატიკას ორიგინალურად განიხილავს. ამ თხზულებით არჩილ ჯორჯაძემ ქართულ ინდოლოგიასა და ინტერკულტურულ ფილოსოფიას მისცა დასაბამი. იგი საქართველოში ამ სფეროთა მართლაც რომ დამფუძნებელი იყო. არჩილ ჯორჯაძე რუსული რელიგიათმცოდნეობის კვლევით დონესაც აკრიტიკებდა. მისი აზრით, რელიგიის შესახებ მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი ლიტერატურის მიუხედავად, რუსეთში მაინც არ არსებობს საფუძვლიანი და ღრმა გამოკვლევები რელიგიათა შესახებ. ამიტომ იგი თავის ნაშრომებში ისეთ დიდ ევროპელ ინდოლოგებსა და რელიგიათმცოდნეებს ეყრდნობოდა, როგორებიცაა: მაქს მიულერი (1823-1900 წწ.), თომას უილიამ რუს დავიდსი (1843-1922 წწ.), ჰერმან ოლდენბერგი (1854-1920 წწ.) და სხვ. ამ მკვლევართა უახლესი გამოკვლევების გაცნობაში მას ეხმარებოდა ინდოგერმანული ენების ცოდნა. იგი სწორუპოვრად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებს.

როცა არჩილ ჯორჯაძე ინდური მსოფლმხედველობის მნიშვნელობაზე საუბრობდა, მას მხედველობაში ჰქონდა არტურ შოპენჰაუერის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ინდური სიბრძნისა და ფილოსოფიის საფუძვლიანი შესწავლა და გამოკვლევა ევროპული აზროვნების განახლების საქმეში უფრო დიდ წვლილს შეიტანდა, ვიდრე ეს, თავის დროზე, რენესანსის ეპოქამ მოახდინა. არჩილ ჯორჯაძის აზრით, ინდოეთში რელიგია და ფილოსოფია ერთმანეთს ისეა გადაწნული, რომ ამ ორ სფეროს შორის მკვეთრი სადემარკაციო ხაზის გავლებაც კი ჭირს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური პრობლემა, რომელსაც ინდური სიბრძნისმეტყველება საგანგებოდ განიხილავს, არის სიცოცხლე. დიდი ინდოელი მოაზროვნეები სიცოცხლისა და სამყაროს გამოცანის ამოხსნას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. აქედან გამომდინარე, უწინარეს ყოვლისა, საკითხი სწორედ სიცოცხლის არსისა და საზრისის შესახებ ისმის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იქნეს განხილული შემეცნებისთეორიული პრობლემები. სწორედ სიცოცხლისა და მისი საფუძვლის შესახებ საკითხის ახსნა-განმარტებაზეა დამოკიდებული საგანთა საზრისის დადგენა. ამ საკითხის გარკვევა ადამიანის პრობლემას წამოჭრის, რაც, თავის მხრივ, სიცოცხლისა და სიკვდილის, რაციონალურისა და ირაციონალურის და სხვ. პრობლემათა განხილვას გულისხმობს. ინდურმა ცივილიზაციამ და მისმა მსოფლმხედველობრივმა სისტემებმა ამ საკითხთა დამაჯერებელ გარკვევაში დიდი წვლილი შეიტანა. სწორედ აქედან იღებს დასაბამს არჩილ ჯორჯაძის თეორიული და პრაქტიკური ინტერესი ინდოელთა სიბრძნისმეტყველებისადმი.

ინდოელთა სიბრძნე, რომელიც ვედანტას რელიგიასა და ფილოსოფიაში ცხადდება, უწინარეს ყოვლისა, უდაბნოს ბერთა ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფია. უპანიშადების ფილოსოფიის მიხედვით, მოხუცი ბერი უდაბნოში წავიდა, რათა იქ საკუთარი ცხოვრება სულიერ ვარჯიშში გაეტარებინა. აქ იგი თითოეულ დღეს რეფლექსიასა და განსჯაში ატარებდა, რაც ღმერთისა და ადამიანის, სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ფიქრს მოიცავდა. ამდენად, უდაბნოს ბერი ფილოსოფოსად წარმოგვიდგება, რომელიც საკუთარ სიმარტოვეში მარადჟამს სიცოცხლის საზრისის შესახებ ფიქრობს.

არჩილ ჯორჯაძე თავის ზემოხსენებულ ნაშრომში „ინდოეთის სიბრძნე“ ვედანტასა და უპანიშადების ფილოსოფიის მთავარ ცნებებს დაწვრილებით წარმოგვიდგენს (ატმანი, ბრაჰმა, ბრაჰმანი, კარმა, ნირვანა, უპანიშადები, ვედა, ვედანტა და ა.შ.), რათა შემდეგ ინდოელთა მსოფლმხედველობრივი სისტემების სრულყოფილი დახასიათება მოახდინოს. მისი მეთოდოლოგიური მიზანი ინტერკულტურული სულისკვეთების უდავო კვალს ატარებს. მას სურს, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მყარი ხიდი გადოს. ამის გამო იგი ინდოელთა მნიშვნელოვანი ფილოსოფიური და რელიგიური კონცეფციების დასავლური აზროვნების გამოჩენილ წარმომადგენელთა თეორიულ სისტემებთან დაკავშირებას ცდილობს. მისი აზრით, ლაიბნიცის, ჰეგელისა და შოპენჰაუერის აზროვნების მოდელები უპინიშადების ფილოსოფიას ენათესავება. ლაიბნიცის მოძღვრებას მონადების შესახებ, „ჭეშმარიტი არსის“ ჰეგელისეულ ცნებასა და შოპენჰაუერის მოძღვრებას წარმოსახვის შესახებ ინდურ მოძღვრებებში შეიძლება მოეძებნოს ძირები. მაქს მიულერისაგან განსხვავებით, არჩილ ჯორჯაძე აღნიშნავს, რომ შოპენჰაუერის „ნება“ და უპანიშადების „ატმანი“ მსგავსი ცნებები არ არის. შოპენჰაუერის „ნება“ ბრმა და ბოროტი კოსმიური ძალაა, ხოლო „ატმანი“ კი უმაღლეს სიბრძნესა და სიქველეს განასახიერებს.

არჩილ ჯორჯაძე უფრო შორსაც მიდის და ბუდიზმისა და დასავლური აზროვნების ფუძემდებელთა სულიერი ნათესაობის შესახებ საუბრობს. იგი ერთმანეთს ადარებს სოკრატე-პლატონისა და ინდოელთა მოძღვრებებს ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ. თუკი სოკრატე და პლატონი ცოდნის, როგორც ადამიანური ყოფნის უმაღლესი გამოვლინებისა და სიქველის შესახებ მსჯელობენ, ბუდისტი ბრძენკაცებიც საუბრობენ ჭეშმარიტი ცოდნის უპირატესობაზე, რაც ადამიანებს ტანჯვის გადალახვაში ეხმარება. ეს ცოდნა კერძომეცნიერული, სპეციალური ცოდნა როდია, იგი არსებულთა არსის შესახებ ცოდნაა. კერძო მეცნიერება, რომელიც სპეციალურ ცოდნას ქმნის, ეპისტემოლოგიურად არგუმენტაციის შემდეგ სტრუქტურას ეფუძნება: „თუ A, მაშინ B“. აქედან გამომდინარე, კერძომეცნიერულ ცოდნას აბსოლუტური ხასიათი არ აქვს და ის „თითქოს“-ის სტატუსს ფლობს.

ინდური სიბრძნე ცოდნის ამ შეზღუდული, ალბათური სტატუსის გადალახვას ცდილობდა. სოკრატესა და პლატონის ეპისტემოლოგიის საბოლოო მიზანიც ადამიანთა მცდარი ხატებისგან განთავისუფლება იყო, რათა ჭეშმარიტი არსის შემეცნება ყოფილიყო მიღწეული. ნამდვილი ცოდნა სიკეთის შესახებ ცოდნაა. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ცოდნა მორალურ-ეთიკურ განზომილებას იძენს. არჩილ ჯორჯაძე (ჰერმან ოლდენბერგზე დაყრდნობით) ერთის შესახებ ნეოპლატონურ მოძღვრებას ვედანტას ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ ცნებას, ატმანს ადარებს. ადამიანურ განსჯას როგორც ერთის, ასევე ატმანის შემეცნება შეუძლია. მაგრამ ამისთვის ადამიანის შემეცნებისთეორიული და ლოგიკური შესაძლებლობები საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, ადამიანმა ჭეშმარიტი ცოდნა უნდა შეიძინოს, რომ მან ტანჯვისა და ტკივილის თავიდან არიდება შეძლოს.

არჩილ ჯორჯაძის ყურადღების ცენტრში იმანუელ კანტის ტრასცენდენტალური ფილოსოფიაც მოექცა. ბუდიზმში ატმანი ცოდნის სუბიექტს წარმოადგენს. ის ადამიანის „მე“-ს განასახიერებს, რომელიც შემეცნების პროცესს ახორციელებს და ჭეშმარიტ ცოდნას სწვდება. კანტი ტრანსცენდენტალური სუბიექტის შესახებაც მსჯელობს, რომელსაც ხდომილებათა სამყაროს („ფენომენთა“) შემეცნება ძალუძს. არჩილ ჯორჯაძე კანტის ტრანსცენდენტალურ თეორიას შემეცნებისთეორიული ოპტიმიზმის ჭრილში განმარტავს. „თავისთავადი ნივთების“ სამყარო („ნოუმენები“) ყოველთვის შეუმეცნებელი არ რჩება. ის, რომ ჩვენ „თავისთავადი ნივთების“ სამყაროს დღეს ვერ შევიმეცნებთ, იმას როდი ნიშნავს, რომ მას ადამიანი სამომავლოდაც ვერ შეიმეცნებს. აქედან გამომდინარე, „თავისთავადი ნივთების“ სამყარო, შემეცნებისთეორიული აზრით, რელატიურ და არა აბსოლუტურ ხასიათს ფლობს. ეს ქართველი ფილოსოფოსის ძალიან საინტერესო შემეცნებისთეორიული პოზიცია იყო, რომელიც ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის დუალიზმის გადალახვას ინდოელთა მეტაფიზიკის მთავარი ცნებების მოშველიებით ცდილობდა.

არჩილ ჯორჯაძის აზრით, ცოდნა მჭიდროდაა დაკავშირებული გამოცდილებასთან. ის, რაც გამოცდილებაში არ არის მოცემული, ვერც შემეცნებისთეორიულ არსებობაზე განაცხადებს პრეტენზიას. გამოცდილებისა და ცოდნის საზღვრები სულ უფრო და უფრო ფართოვდება, ისე, რომ ადამიანურ ცოდნას სამყაროს სრულიად ახალი და უცნობი ასპექტების გამოვლენა ძალუძს. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ ფსიქოლოგიური პროცესები და სულის/სუბიექტის ჩვენეული ცნება. მხოლოდ ადამიანი, როგორც სულიერად მთლიანი არსება, ფლობს წარმოსახვისა და მეხსიერების უნარს, ასევე, განსჯისა და ცოდნის უნარს. სულის არსებას სწორედ ეს ნიშან-თვისებები ქმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის განსაზღვრავს ადამიანურ „მე“-ს. სულის შესახებ ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის არსებობს. უნდა ითქვას, რომ ეს კანტის ფილოსოფიის სპეციფიკური ინტერპრეტაციაა, თუმცკი, არჩილ ჯორჯაძემ ეს ორიგინალური ცდა, მოგვიანებით, 1911 წელს, გარკვეულწილად, უარყო.

ვედანტას, კერძოდ კი, უპანიშადების ფილოსოფია სრულყოფას განიცდის ბუდიზმში. არჩილ ჯორჯაძისთვის ბუდიზმი განსაკუთრებით ტანჯვის შესახებ ეთიკური მოძღვრების გამო იყო მნიშვნელოვანი. ბუნებასა და ადამიანურ ცხოვრებაში არ არსებობს მყარი მუდმივები, აქ მხოლოდ ტანჯვასა და ვაებას აქვს ადგილი. დაბადება, ასაკი და სიკვდილი – ეს ყველაფერი ტანჯვაა! არცერთს ამქვეყნიურ სიამოვნებათა და ტკბობათაგან არ ძალუძს ამქვეყნიური არსებობით გამოწვეული ტანჯვა და უბედურება შეამციროს. უფრო მეტიც, ჭეშმარიტი ცოდნა ამქვეყნიურ ლტოლვათა და ვნებათა გადალახვაში გვეხმარება. საყურადღებოა, რომ ადამიანი სწორედ ამგვარად გადალახავს „სანკარა“-ს, ანუ არცოდნის, ილუზიისა და მოჩვენების საფეხურს. ამის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბუდიზმში ხუთი ძირითადი სუბსტანციის შესახებ რეფლექსიაა. ესენია: სიყვარული, თანაგრძნობა, სიხარული, ხორცის ავადმყოფობა და სიკვდილი, სულის მშვიდობა. ვინც სულიერ-გონებრივ ვარჯიშებს ასრულებს, იგი სრული ნეტარებისა და სიმშვიდის მდგომარეობას აღწევს. მაშასადამე, იგი ნირვანას მდგომარეობას აღწევს. აქ უკვე ყველა მოჩვენება და ილუზია დაძლეულია. ამდენად, ბუდისტი ბერი ჰარმონიულად ცხოვრობს ღვთაებრივ სიმშვიდეში და ყოველგვარ სამყაროსეულ ხდომილებას გულგრილად უყურებს. მისთვის ამქვეყნიური ხდომილებები, კეთილი და ბოროტი, სიყვარული და სიძულვილი, სიმდიდრე და სიღატაკე, ძლიერება და სისუსტე, მშვენიერება და სიმახინჯე უპირატეს ექსისტენციალურ სტატუსს კარგავს. ახლა მისთვის მხოლოდ ბუდას სიბრძნეა მნიშვნელოვანი, რომელიც ამქვეყნიურ ხდომილებებს ტანჯვად და წამებად აღიქვამს და მათ გადალახვას ჭეშმარიტ „არარა“-ში ცდილობს.

არჩილ ჯორჯაძემ სიცოცხლისა და სიკვდილის პრობლემას სხვა ნაშრომიც მიუძღვნა სახელწოდებით – „ლევ ტოლსტოი (სიცოცხლის ტრაგედია, მეგობრები)“. სიცოცხლისა და ადამიანური არსებობის საზრისის პრობლემა ლევ ტოლსტოის ლიტერატურულ და ფილოსოფიურ შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობდა. იგი სიცოცხლის განსხვავებულ ასპექტებს თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში („ცხოვრების შესახებ“) აშუქებდა და ამქვეყნიური ცხოვრება „დიდი ცხოვრების“ ერთ მცირე მომენტად მიაჩნდა. სიცოცხლე დროსა და სივრცეში არ არის ჭეშმარიტი სიცოცხლე, ის მხოლოდ მოჩვენება და ილუზიაა. ჭეშმარიტი სიცოცხლე სივრცისა და დროის მიღმაა და ის ზექვეყნიურია. არჩილ ჯორჯაძე ტოლსტოის მსოფლმხედველობას ახალ რელიგიად განიხილავს, რომელიც რაციონალურ ხასიათს ფლობს, რადგან ის უარყოფს ამქვეყნიურ სიცოცხლეს. ტოლსტოის ფილოსოფია სამყაროს მიმართ განსაკუთრებულ გონისმიერ მიდგომას გამოიმუშავებს, რადგან ის ქრისტიანობის ბევრ დოგმას (პიროვნების მატერიალურ აღდგომას, ხორცის უკვდავებას და ა.შ.) უარყოფს და ქრისტიანობიდან მისი რაციონალური მარცვლის შენარჩუნებას ცდილობს. არჩილ ჯორჯაძის აზრით, სწორედ აქედან იღებს სათავეს ტოლსტოის სპეციფიკური მიმართება სახელმწიფოსა და ეკლესიის, საკუთრებისა და ოჯახის მიმართ. ტოლსტოი საკუთარ თავს მოგზაურად აღიქვამდა, რომელიც სიცოცხლის არსსა და საზრისს გზად ეძიებდა.

3 -ინტერდისციპლინური პრობლემები

არჩილ ჯორჯაძის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის დარად უაღრესად საინტერესოა მისი სოციოლოგიური შეხედულებებიცა და ლიტერატურული კრიტიკაც. იგი ქალთა უფლებების დამცველი იყო. მას ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ ამის თაობაზე მეტად საინტერესო ნაშრომებიც კი შექმნა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თხზულება „ქალის სევდა“. ახალი დროის ქართულ ლიტერატურაში ქალთა ემანსიპაციის პრობლემატიკა სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი. გამონაკლისს ქმნიდა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები, რომლებშიც ქალთა მდგომარეობა საგანგებოდაა განხილული. არჩილ ჯორჯაძის აზრით კი, მხოლოდ გრიგოლ რობაქიძე განიხილავდა ამ საკითხებს ფსიქოლოგიურსა და ფილოსოფიურ ჭრილში და საგანგებო ყურადღებას აქცევდა ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარული, სქესი და სექსუალობა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ინტელექტუალებმა ამ პრობლემატიკის მნიშვნელობა სწორედ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების მეშვეობით დაინახეს.

არჩილ ჯორჯაძე საზოგადოებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობას ქადაგებდა. ეს საკითხი ქართული კულტურისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქართული მწერლობის არაერთი სანიმუშო დოკუმენტი (მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“) ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას საგანგებოდ აღნიშნავდა. ისიც ხომ საგულისხმოა, რომ შუა საუკუნეებში ქართულ სახელმწიფოს წარმატებით განაგებდა ქალი მეფე.

არჩილ ჯორჯაძე ქალთა ემანსიპაციის პრობლემას ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს საზღვრით პრობლემად მიიჩნევს. ამ პრობლემატიკის შეძლებისდაგვარად ამომწურავად გადმოსაცემად და გასაანალიზებლად იგი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა (მაგ., ჰენრიკ იბსენი და კნუტ ჰამსუნი) მნიშვნელოვან თხზულებებს ეყრდნობოდა.

4 -მემკვიდრეობა

არჩილ ჯორჯაძე თავისი ფილოსოფიური, პოლიტიკური და სოციოლოგიური ნაშრომებით ისეთი მსოფლმხედველობრივი ორიენტირის პოვნას ცდილობდა, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის ხიდის ფუნქციას შეასრულებდა. სამომავლოდ ეს იმგვარი უნივერსალური კონცეფციაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელიც ხალხთა საყოველთაო ურთიერთგაგებინების პროცესს შეუწყობდა ხელს და სახელმწიფოებსა და ერებს შორის უნივერსალური კომუნიკაციის წინაპირობა გახდებოდა. სწორედ ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული არჩილ ჯორჯაძის თეორიული ნააზრევი, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთშეხვედრისა და დიალოგის საჭიროებას, მაშასადამე, ჭეშმარიტი ინტერკულტურული ფილოსოფიის დაფუძნებას მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ეს კონცეფცია ნასაზრდოები იყო იმ ხედვით, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთის გაგების გზით საკუთარ ტრადიციათა უკეთ გაგებასაც შეძლებდნენ და ამით დასაბამს მისცემდნენ ჭეშმარიტი ინტერკულტურული დიალოგის წარმართვის პროცესს. 

5 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა) არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა გამოცემები

• [ჯორჯაძე, ა.]: თხზულებანი არჩილ ჯორჯაძისა, წგ. 1-5, ტფილისი, 1911-1914 წწ.

• ჯორჯაძე, ა.: წერილები, შემდგენელი ა. ბაქრაძე, თბილისი: „მერანი“, 1989 წ.

• ჯორჯაძე, ა.: ინდოეთის სიბრძნე, წიგნში: ა. ჯორჯაძე, წერილები, შემდგენელი ა. ბაქრაძე, თბილისი: „მერანი“, 1989 წ., გვ. 586-633.

• ჯორჯაძე, ა.: ლევ ტოლსტოი (სიცოცხლის ტრაგედია, მეგობრები), წიგნში: ა. ჯორჯაძე, წერილები, შემდგენელი ა. ბაქრაძე, თბილისი: „მერანი“, 1989 წ., გვ. 634-648.

• ჯორჯაძე, ა.: ქალის სევდა, წიგნში: ა. ჯორჯაძე, წერილები, შემდგენელი ა. ბაქრაძე, თბილისი: „მერანი“, 1989 წ., გვ. 649-677.

• ჯორჯაძე, ა.: სამშობლო და მამულიშვილობა, შემდგენელ-რედაქტორი ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1990 წ.

• [ჯორჯაძე, ა.]: ქართული მწერლობა 40 ტომად, ტ. 34: არჩილ ჯორჯაძე, რედაქტორ-შემდგენელი რ. ნიშნიანიძე, თბილისი: „საქართველოს მაცნე“, 2010 წ.

 

(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა

• თევზაძე, გ.: XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის სააზროვნო ვითარება საქართველოში, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, რედაქტორი - მ. მახარაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 12-34.

• კაციტაძე, კ.: არჩილ ჯორჯაძე ერის შესახებ, ჟურნალში: „კლდეკარი“, # 2 (1992 წ.), გვ. 164-166.

• კოდუა, ე.: არჩილ ჯორჯაძის ფილოსოფიური და სოციოლოგიური ნააზრევი, წიგნში: ა. ჯორჯაძე, სამშობლო და მამულიშვილობა, შემდგენელ-რედაქტორი ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1990 წ., გვ. 317-365.

• ჭელიძე, მ.: არჩილ ჯორჯაძე – ეროვნული ინტერესების პრიორიტეტის დასაბუთება და ერთიანი ეროვნული ნიადაგის თეორია, წიგნში: მ. ჭელიძე, ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 31-60.