2021-04-25 ირაკლი კახიძე

წერეთელი მიხეილ (მიხაკო)

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში; 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ამავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხული იქნა აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის. შემდგომ წლებში, კერძოდ 1901 წელს, იგი სწავლობდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში; ამავე წელს, ანარქისტულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, მიხაკო წერეთელი დააპატიმრეს. საბოლოოდ, იგი იძულებული გახდა ლონდონში გადასულიყო, სადაც ასიროლოგიას ეუფლებოდა; აქვე დაუახლოვდა ცნობილ ქართველ ანარქისტს ვარლამ ჩერქეზიშვილს, რომელმაც მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

1903 წელს მიხაკო წერეთელი აქტიურად ჩაერთო გიორგი დეკანოზიშვილის და არჩილ ჯორჯაძის მიერ პარიზში დაარსებული ჟურნალის „საქართველო“ (La Georgie) საქმიანობაში. 1906 წელს წერეთელი საქართველოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო აქტიურ პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1909 წელს მან, მიხეილ ჯავახიშვილთან, ნიკო ლორთქიფანიძესთან და იაკობ გოგებაშვილთან ერთად გამოსცა გაზეთი „ერი“; 1910 წელს იგი ისევ გაემგზავრა ევროპაში; 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით, ხოლო 1914 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში.

1918-1919 წლებში მიხაკო წერეთელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იგი მიიწვია ასიროლოგიისა და აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგედ. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო, მიხაკო წერეთელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

1922-1933 წლებში მიხაკო წერეთელი იყო ბრიუსელის უნივერსიტეტის, ხოლო 1933-1945 წლებში კი ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 1945 წლიდან იგი მოღვაწეობდა გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში, სადაც 1965 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი ნეშტის ლევილის სასაფლაოდან გადმოსვენების შესახებ. 2013 წელს მიხაკო წერეთელს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

2 -შემოქმედება

მიხაკო წერეთელის მოღვაწეობა მრავალ ასპექტს მოიცავს. უპირველეს ყოვლისა, იგი იყო ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი, ამავე დროს, გახლდათ ძველი აღმოსავლეთის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, ფილოლოგი, სოციოლოგი, ცნობილი პუბლიცისტი. მიხაკო წერეთელი ნაშრომებს აქვეყნებდა შემდეგი ფსევდონიმებით: „Baton“, „სანგალა“, „ალაროდიელი“, „ვრაცი“.

1912 წელს გამოვიდა მისი ნაშრომი „შუმერული და ქართული“, რომელიც მალევე ითარგმნა ინგლისურ და იტალიურ ენებზე. 1916 წელს გერმანულად გამოქვეყნდა მიხაკო წერეთლის ორი ნაშრომი: „საქართველო და მსოფლიო ომი“ და „რასები და კულტურული პრობლემა კავკასიისა“. 1924 წელს გამოიცა მის მიერ თარგმნილი „გილგამეშიანი“. 1928 წელს ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოიცა „ახალი ქალდეური წარწერები“, ხოლო 1933-1935 წლებში „ურარტული ეტიუდები“. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი წვლილი რუსთველოლოგიაში. 1963 წელს პარიზში გამოქვეყნდა მ. წერეთლის მიერ რედაქტირებული „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის მისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

აღსანიშნავია მიხაკო წერეთლის პუბლიცისტური საქმიანობა, რომელსაც იგი ეწეოდა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 1906 წელს წერეთელი დაბრუნდა საქართველოში და სტატიების გამოქვეყნება დაიწყო გაზეთ „ნობათში“. აღნიშნულ გაზეთში „Baton“-ის ფსევდონიმით მან გამოაქვეყნა ცნობილი პუბლიცისტური ნაშრომები: „რევოლუცია და რეაქცია“, „კანონი“, „როგორ უნდა მოვრიგდეთ?“, „სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება და სოციალური რევოლუცია“, „კარზედ მომდგარი რევოლუცია“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ზემოხსენებული პუბლიკაცია ცალკე წიგნადაც გამოიცა. 1906 წელს მიხაკო წერეთელი „სანგალას“ ფსევდონომით აქვეყნებს ნაშრომს „მუშათა მოძრაობა საფრანგეთში 1798 წლამდე“.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა საზღვარგარეთ: მიხაკო წერეთლის ჩართულობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი „ბედი ქართლისა“, მისი ნაშრომები ასევე გამოქვეყნებულია ჟურნალ „კავკასიონში“, რომელიც პარიზში ინგლისურენოვან ჟურნალ „Georgica“-ს ნაწილს შეადგენდა.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იგი იყო გერმანიაში მოქმედი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ერთ-ერთი ლიდერი. საქართველოში ბოლშევიკების მიერ 1924 წლის აგვისტოს ამბოხების ჩახშობის შემდეგ, 1925 წელს პარიზში დაარსდა ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“, რომლის ლიდერიც მიხაკო წერეთელი დიდი ხნის მანძილზე იყო.

მიხაკო წერეთელი უნდა მივიჩნიოთ ქართული სოციალური ფილოსოფიის და სოციოლოგიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად, ვინაიდან მისი მსჯელობები ეხება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და ანალიზს, როგორებიცაა საზოგადოება, ერი, კაცობრიობა, სახელმწიფო, სამართალი, თავისუფლება, პოლიტიკური იდეოლოგიის ფორმები და ა.შ. რაც შეეხება მის ყველაზე ცნობილ ნაშრომს „ერი და კაცობრიობა“ (1910 წ.), შეიძლება ითქვას, რომ ის პირველი სისტემური სოციოლოგიური ნაშრომია ქართულ აზროვნებაში.

მიხაკო წერეთელი თავის ნაშრომებში ვრცლად აანალიზებს სოციალური ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემატიკას. აღსანიშნავია, რომ იგი კარგად იცნობს კლასიკოს და მის თანამედროვე მოაზროვნეთა თეორიებს და მიმდინარეობებს (მარქსი, დე-გრეფი, სპენსერი, სენ სიმონი, შტამლერი, ტარდი და სხვ.). მათი შედარებისა და შეპირისპირების საფუძველზე კი აყალიბებს საკუთარ ფილოსოფიურ მოსაზრებებს.

მიხაკო წერეთელის იდეოლოგიურმა მრწამსმა დროთა განმავლობაში გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, რაც, შესაბამისად, აისახა მის ნაშრომებზე. ამიტომ, მას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც მარქსისტ ავტორს, თუმცა, იგი თავისი მსოფლმხედველობით უფრო ანარქიზმის პრინციპებს იზიარებდა, რაც, მისი აზრით, უკეთ წყვეტს ადამიანის პიროვნებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა პრობლემებს. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა ნაშრომები „პასუხი პროტესტანტებს“ და „კანონი - სოციოლოგიური ეტიუდი“, სადაც იგი ანარქიზმის პრინციპებს იცავს, ვინაიდან თვლის, რომ ის ყველაზე უკეთ გამოხატავს ფართო საზოგადოების ინტერესებს. ზოგადად, მიხაკო წერეთელი არ ცნობს ავტორიტეტს ან რაიმე მექანიზმს, რომელიც რაიმე კუთხით ზღუდავს ადამიანთა თავისუფლებას. მსგავს კონტექსტში განიხილავს იგი კანონმდებლობასაც და თვლის, რომ საკუთარი თავის გათავისუფლების გასაღები თავად საზოგადოების ხელშია, ყოველგვარი თავს მოხვეული და შემზღუდველი წინაპირობების გარეშე. საინტერესოა, რომ მიხაკო წერეთელს ანარქიზმი ესმის არა როგორც ქაოსი, არამედ როგორც ყველა იმ სტრუქტურის და ინსტიტუტის უარყოფა, რომელიც აბრკოლებს ადამიანების თავისუფლებას.

საზოგადოებრივი მოღვაწეობის შემდგომ წლებში მიხაკო წერეთელი უკვე აღარ იზიარებს ორთოდოქსული ანარქიზმის ძირითად პრინციპებს; მან თავისი მსოფლმხედველობა ანარქიზმის სახითვე მოარგო ნაციონალიზმის იდეას და, გარკვეულწილად, მათი სინთეზი მოახდინა, რაც კარგად ჩანს მის ნაშრომში „ერი და კაცობრიობა“. ამით მიხაკო წერეთელმა გამორიცხა ყოველგვარი კლასობრივი ინტერესების უპირატესობა და ამოსავალ პრინციპად ერი მიიჩნია; იგი თვლის, რომ ანარაქიზმსა და სხვა მიმდინარეობებსაც მხოლოდ ერთიან კავშირში აქვთ მნიშვნელობა; ამით მან კლასი-ერის დილემა გადაჭრა ერის ფენომენის სასარგებლოდ.

მიხაკო წერეთლის საგანგებო ანალიზის საგანს საზოგადოების ცნება წარმოადგენს. იგი ცდილობს დაადგინოს მისი მნიშვნელობა ერის ფენომენის ასახსნელად, ხოლო საკუთრივ საზოგადოებას კი განსაზღვრავს როგორც „მიზან-დასახვის ნიჭის მქონე შეერთებულ ადამიანთა კრებულს, რომელთა საერთო ცხოვრება მათ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და საერთო მიზანთა მისაღწევად გარეგნულად არის მოწესრიგებული“ (ერი და კაცობრიობა, თბ., 1990 წ., 54).

ავტორი ცდილობს დასაბუთებულად უარყოს კაცობრიობის, როგორც სოციალური ფაქტის არსებობა, ვინაიდან კაცობრიობას არ ახასიათებს მოწესრიგებული ყოფიერება, საერთო ენა, პოლიტიკური ორგანიზაციები და ფუნქციები, შესაბამისად, არ აქვს საერთო მიზნები, ამიტომ კაცობრიობა, როგორც სოციალური არსი, არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ნაწილები, რომელთაც აქვთ სოციალური ცხოვრება და წარმოადგენენ სუპერ-ორგანიზმებს. აღნიშნულის უარყოფით მიხაკო წერეთელი ცდილობს აჩვენოს ერის იდეალი და ის ნიშნები, რომლებიც კაცობრიობისთვის არ არის დამახასიათებელი და რომლებიც უკვე ერში პოვებს სრულფასოვან გამოვლინებას. ერს კი წერეთელი განსაზღვრავს როგორც „სოციალურ სუპერ-ორგანიზმს, შემდგარს ერთგვარ ანუ მრავალგვარ ეთნიკურ და სოციალურ მასალისაგან, რომელსაც შეუძლია ჟამთა ვითარებაში შექმნას ერთი გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება, თავის შემადგენელთ ერთეულთა, ერთი საზოგადოება ყველა თავისი ორგანოებითა: ენითა, სარწმუნოებითა, მეცნიერებითა, ზნეობითა, ხელოვნებითა, სამართლითა და პოლიტიკითა - საზოგადოება განსაკუთრებული ისტორიითა, ტიპითა და თვითშეგნებითა, სრულის ინდივიდუალობითა“ (ერი და კაცობრიობა, თბ., 1990 წ., გვ. 106).

მიხაკო წერეთლის ნაშრომებს მნიშვნელოვანი ადგილი იკავია XX საუკუნის ქართული აზროვნების ისტორიაში, განსაკუთრებით, სოციალური ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებით; აღნიშნული დარგებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის ისინი ღირებულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მისი ფილოსოფიური მოღვაწეობის შესახებ არაერთი საყურადღებო რეფლექსიის არსებობისა (ე. კოდუა, გ. შარაძე, ა. ბაქრაძე), ზემოაღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

3 -ბიბლიოგრაფია

(ა) მიხაკო წერეთლის ნაშრომები

• გილგამეშიანი, ბიბლიური ეპოსი, თარგმნა მ. წერეთელმა, გამოსაცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო ნ. სამსონიამ, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2010 წ.

• ერი და კაცობრიობა. განხილულნი სოციოლოგიურის მხრით, ტფილისი: სტამბა ამხ. „შრომა“, 1910 წ.

• ერი და კაცობრიობა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1990 წ.

• ივანე ჯავახიშვილის შესახებ, თბილისი: „ახალი აზრი“, 2014 წ.

• კანონი. სოციოლოგიური ეტიუდი, ტფილისი: „სტამბა იდეალი (მ. დ. კიკნაძისა), ნიკოლოზის ქ. N 6“, 1906 წ.

• მუშათა მოძრაობა საფრანგეთში 1798 წლამდე, ტფილისი: „თემის“ გამომცემლობა, 1906 წ.

• პასუხი. ბ. ბ. პროტესტანტებს. პასუხი სოციალ-დემოკრატებს, იხ.: „მუშა“ # 7 (ტფილისი, 1906 წ.), გვ. 1-2.

• რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუცია და საქართველო (კრებული), რედ. მ. მაცაბერიძე, თბილისი, 2017 წ.

• საქართველო და მსოფლიო ომი. გერმანულიდან თარგმნეს ნ. გეგუჩაძემ და ნ. ციხისელმა. შესავალი წერილი, რედაქცია, შენიშვნები და კომენტარები ო. ჯანელიძისა, თბილისი: შპს სტამბა „პეტიტი“, 2014 წ.

• სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება. სოციალური რევოლუცია, ტფილისი: ელექტრომბეჭდავი ამხ. „შრომა“, მიხეილის პრ. N 65, 1906 წ.

 

(ბ) სამეცნიერო ლიტერატურა მიხაკო წერეთლის შესახებ

ბაქრაძე, ა.: დაბრუნება, წიგნში: ა. ბაქრაძე, თხზულებანი, ტ. 8: წერილები, პიესები, სიტყვები, მიმართვები, ბარათები არქივიდან, თბილისი: „მერანი“ / „ლომისი“, 2006 წ., გვ. 48-54.

დარჩაშვილი, მ.: მიხაკო წერეთელი ნაციონალიზმის ძირითადი ცნებების შესახებ, თბილისი, 2013 წ.

კოდუა ე.: მიხაკო წერეთელი და მისი ნაშრომი - „ერი და კაცობრიობა“ , წიგნში: მ. წერეთელი, ერი და კაცობრიობა, რედ. ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1990 წ., გვ. 3-18.

სამსონია, ნ.: მიხაკო წერეთელი და ასიროლოგია, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2005 წ.

ურუშაძე, ლ.: დიადი სულის უკვდავება: მიხაკო წერეთელი, თბილისი: „არტანუჯი“, 2012 წ.

შარაძე, გ.: უცხოეთის ცის ქვეშ, თბილისი: „მერანი“, 1991 წ.

ჩხენკელი, ა.: ერი თუ კაცობრიობა?!: (ბ. Baton-ის წიგნის გამო), გამოსაცემად მოამზადა და შესავალი დაურთო ზ. გერგედავა-ჭელიძემ, თბილისი: „მერიდიანი“, 2000 წ.