2021-04-29 თენგიზ ირემაძე

გოგიბერიძე მოსე

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

მოსე გოგიბერიძე დაიბადა 1897 წლის 27 აგვისტოს გურიაში, სოფელ ქვენობანში (ამჟამინდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). პირველდაწყებითი განათლება მან ქვენობანის სამრევლო სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ (1914 წ.) სწავლა განაგრძო ხონის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1918 წელს; სიმწიფის ატესტატი კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაბარებული გამოცდების შედეგად მიიღო. მოსე გოგიბერიძე თავის ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ 1918 წლის ზაფხულის დამლევს (იოსებ მეგრელიძის ცნობით კი - 1919 წელს!) გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას სწავლობდა. ფილოსოფიაში იგი იმდროინდელი ფილოსოფიური ელიტის მიერ განისწავლა: ბერლინში იგი ბენო ერდმანისა და ალოის რილის ლექციებს ისმენდა, ხოლო მარბურგში კი ნიკოლაი ჰარტმანს, ჰაინც ჰაიმზოეთს, პაულ ნატორპსა და სხვ. უსმენდა. განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენიებდა იგი ცნობილ გერმანელ ფილოსოფოსს ნიკოლაი ჰარტმანს, რომლის ხელმძღვანელობითაც 1922 წელს უაღრესად საინტერესო დისერტაცია დაიცვა სალომონ მაიმონის შესახებ. ჰარტმანის აზროვნება კი მას რთული ფილოსოფიური პრობლემების დამუშავების დროს სისტემური მეთოდოლოგიური მიდგომის პრინციპის გამო ხიბლავდა.

1922 წელს მოსე გოგიბერიძე საქართველოში დაბრუნდა და 1923 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, სადაც იგი გარდაცვალებამდე სხვადასხვა თანამდებობრივ პოზიციებს ფლობდა. 1930 წელს იგი პროფესორი გახდა, 1933 წლიდან ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე იყო, ხოლო 1939 წელს კი ფილოსოფიის კათედრა მიიღო. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (ქუთაისი, ბათუმი და სხვ.) ასწავლიდა არაერთ ფილოსოფიურ საგანსა და დისციპლინას.

მოსე გოგიბერიძე - მრავალი სხვა ქართველი ინტელექტუალის მსგავსად - საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1941 წელს მას ფაშისტური გერმანიის აგენტობაში დასდეს ბრალი და აქტიუბინსკში (ყაზახეთი) გადაასახლეს, სადაც 1949 წელს გარდაიცვალა კიდეც. 1954 წელს ახლობლებისა და ნათესავების ინიციატივით მოსე გოგიბერიძე საქართველოში გადმოასვენეს და თბილისის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

2 -სისტემური ფილოსოფია

მოსე გოგიბერიძემ სისტემური ფილოსოფიის კონტურები მოხაზა ჯერ კიდევ თავის დისერტაციაში „სალომონ მაიმონის აზროვნების თეორია კანტის ფილოსოფიასა და ლოგიკური იდეალიზმის შემდგომ განვითარებასთან მიმართებაში“ (გერმანულ ენაზე, მარბურგი, 1922 წ.); მასში იგი სალომონ მაიმონის აზროვნების თეორიას იკვლევდა და მიუთითებდა, რომ ებრაული წარმოშობის გერმანელი ავტორი თავის შემეცნების თეორიას კანტის ფილოსოფიაზე დაყრდნობით ავითარებდა. გოგიბერიძის აზრით, კანტის მიმდევრებიდან ფიხტე და მაიმონი ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებენ, რადგან პირველმა პრაქტიკული გონების პრინციპი წამოსწია წინა პლანზე და ამით თავისუფლების იდეა ფილოსოფიური გამოკვლევის შუაგულში მოაქცია, ხოლო მეორემ კი კანტის ფილოსოფიაში მოცემული ტრანსცენდენტალური ანალიტიკის პრინციპის აბსოლუტიზება მოახდინა და ამით შემეცნების თეორიის ფარგლებში „აბსოლუტური ლოგიკურობის“ პრინციპს გაუსვა ხაზი. საამისოდ მაიმონმა ლაიბნიცსა და მის მათემატიკურ მეთოდს მიმართა, კერძოდ კი, უსასრულო რიცხვის თეორიას. ცნობილია, რომ ლაიბნიცმა დიდი ზეგავლენა იქონია კანტის კრიტიკული ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესზე. სალომონ მაიმონს სურდა, რომ შემეცნებისა და შესამეცნებელი საგნის აგების პროცესში გონების როლის კიდევ უფრო მკვეთრი ხაზგასმა მოეხდინა, ხოლო შეგრძნებების, გრძნობებისა და აღქმების მნიშვნელობა კი შეემცირებინა. სწორედ ამის გამო იგი საგანგებო ყურადღებას აქცევდა რაციონალისტური აზროვნების დიდ კლასიკოსებს (სპინოზა, ლაიბნიცი და სხვ.). გოგიბერიძის აზრით, ისიც აღსანიშნავია, რომ მაიმონის მიერ დაწყებულ გზას ჰეგელის ფილოსოფიამდე მივყავართ, რაც მის აზროვნების სისტემას კიდევ უფრო ფასეულს ხდის ფილოსოფიის ისტორიის კუთხით.

მოსე გოგიბერიძე თავის გვიანდელ ნაშრომებში გულდასმით განიხილავდა მათემატიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართების საკითხს. იგი თავის „ფილოსოფიის ისტორიაში“ (1941 წ.) აღნიშნავდა, რომ დიდმა მათემატიკოსმა გეორგ კანტორმა (1845-1918 წწ.) „აქტუალური უსასრულოს“ ცნება სწორედ სპინოზასგან ისესხა. „ლოგიკის მეცნიერებაში“ ჰეგელიც მადლიერებით მოიხსენიებდა სპინოზას „ნამდვილი უსასრულობისა“ და „აქტუალური უსასრულოს“ ცნებების გამო. მოსე გოგიბერიძე იგივეს აღნიშნავდა თავის ნაშრომში „მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე“ (1928 წ.), რომ ჰეგელმა თავის „ლოგიკაში“ - სპინოზას „აქტუალური უსასრულოს“ ცნებაზე დაყრდნობით - „აქტუალურად უსასრულო სიდიდის“ საკუთარი თეორია განავითარა. ამ სახით გოგიბერიძე სპინოზასა და ჰეგელს კანტორის მათემატიკის წინამორბედებად განიხილავდა კიდეც.

მოსე გოგიბერიძე ფიქრობდა, რომ სალომონ მაიმონისა და ჰეგელის ფილოსოფიურ კონცეპტებს შორის არსებული ურთიერთმიმართების ანალიზი გერმანული კლასიკური ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის შესწავლის კუთხით უაღრესად ნაყოფიერი იქნებოდა. მართალია, კანტის ფილოსოფიის მიმდევრებმა, სპეციალისტებმა და კრიტიკოსებმა მაიმონის აზროვნების სისტემა კი შეისწავლეს, მაგრამ მისი არსი არასწორად გაიგეს. მოსე გოგიბერიძემ ამის მაგალითად დაასახელა ჰანს ფაიჰინგერი (1852-1933 წწ.), კანტის ფილოსოფიის ერთ-ერთი სწორუპოვარი მცოდნე, რომელიც, მართალია, მაიმონის დამსახურებებზე მიუთითებდა, მაგრამ მისი სწავლების არსს ვერ ჩაწვდა. გოგიბერიძე - ამის საპირისპიროდ - ცდილობდა, რომ მაიმონის აზროვნების სისტემა ადეკვატურად გადმოეცა და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის ისტორიის წინაშე მის დამსახურებებზე გაესვა ხაზი. მოსე გოგიბერიძის აზრით, მაიმონი „წმინდა აზროვნების“ მოძღვრებას ავითარებდა და ამის მეშვეობით „წმინდა რეალობის“ გაგება სურდა. მაიმონისთვის პირველადი მოცემულობა არის „წმინდა აზროვნების რეალური აქტი“, რომელიც სინამდვილეს წარმოადგენს. ამგვარი სინამდვილე იმ ტიპის აქტივობაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, „რეალობის შესახებ აზროვნებას“, მათემატიკურ აზროვნებას წარმოადგენს. ამით მაიმონი აზროვნებას, როგორც ასეთს, ფილოსოფოსობის, უფრო მეტიც, ყოველგვარი შემეცნების საწყისად მიიჩნევს. მოსე გოგიბერიძე იმდენად აფასებდა მაიმონის ფილოსოფიურ სისტემას, რომ მის ინტეგრირებას ახდენდა თავის გვიანდელ ფილოსოფიურ ნაშრომებშიც. იგი აღნიშნავდა, რომ მაიმონს კანტის კრიტიკული ფილოსოფიის განვითარება და სრულყოფა სურდა თავად კანტის ფილოსოფიის საშუალებათა გამოყენებით. აქედან გამომდინარე, მაიმონი თავის ფილოსოფიას კანტის ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის სრულყოფის მცდელობად განიხილავდა, განსაკუთრებით კი, ლოგიკური და მათემატიკური პრინციპების მოხმობით. მაიმონს კრიტიკული და მკაცრი ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის შექმნა სურდა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გამხდარიყო ის მკაცრი მეცნიერება, რომელიც გონივრული განსჯის მსახური იქნებოდა. მართალია, კანტმა ამ გზაზე სვლა დაიწყო, მაგრამ თავისი პროგრამა ბოლომდე ვერ განავითარა. ვისაც კანტის აზროვნების ლოგიკურად განვითარება სწადია, მან ფსიქოლოგიზმის ცდუნებას უნდა გაუძლოს. კანტმა ამ გზაზე საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მან „კრიტიკის გზა“ მიატოვა და გვიანდელ ნაშრომებში პრაქტიკული გონების უპირატესობას გაუსვა ხაზი, რითაც თავის აზროვნებაში არაერთი არამეცნიერული დაშვება განახორციელა.

მოსე გოგიბერიძე საგანგებოდ აფასებდა სალომონ მაიმონის მახვილგონივრულ გამოკვლევებს ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის სფეროში, რომლებსაც თავის დისერტაციაში დიდი სიზუსტითა და ფილოსოფიური ნაყოფიერებით განიხილავდა კიდეც. ამის გამო თავად მოსე გოგიბერიძის სადისერტაციო ნაშრომიც სათანადო ყურადღებას იმსახურებს ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის ისტორიის შესწავლის კუთხით.

3 -შემეცნების თეორია

მოსე გოგიბერიძემ XX საუკუნის 20-იან წლებში შემეცნების თეორიის სფეროში არაერთი სისტემური გამოკვლევა შეასრულა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაშრომი „შემეცნების აქსიომატური დასაბამი“ (1926 წ.). მასში ქართველი ფილოსოფოსი შემეცნების აქსიომატური საფუძვლების დადგენას მათემატიკური მეთოდების გამოყენების მეშვეობით ცდილობდა. ედმუნდ ჰუსერლისა (1859-1938 წწ.) და ალექსიოს მაინონგის (1853-1920 წწ.) კვლევები ჭეშმარიტების შესახებ მას შესაძლებლობას აძლევდა, რომ აქსიომატიკა ფილოსოფიაშიც გამოეყენებინა. ამ ტიპის გამოკვლევები მოსე გოგიბერიძემ 1922 წელს გერმანიაში დაიწყო, ხოლო 1923 წლიდან კი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში განაგრძო. ამ სემინარის ფარგლებში მას სათანადო თანადგომა და ხელშეწყობა ჰქონდა, რადგან შალვა ნუცუბიძეც მსგავს პრობლემებზე მუშაობდა. მოსე გოგიბერიძე ამ საკითხების თაობაზე ორი ვრცელი ტომის შექმნას გეგმავდა, რომლებშიც შემეცნების თეორიის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა ყოფილიყო განხილული. მიუხედავად ამისა, 1926 წელს, მან ამ მასშტაბური კვლევითი პროექტის მხოლოდ პირველი ნაწილი („დიალექტიკური გამოკვლევები“) მოამზადა, რომელიც, თავის მხრივ, ორ ვრცელ განყოფილებას მოიცავს: „აისთეზისი“ და „ნოეზისი“. მოსე გოგიბერიძემ - არახელსაყრელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო - შემდგომი ნაწილების მომზადება და დასრულება ვერ შეძლო. თვით ზემოხსენებული პირველი ნაწილი ამ დიდი კვლევითი პროექტისა და წიგნისა მისი შექმნიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გამოიცა: აკადემიკოსმა გურამ თევზაძემ ეს ნაშრომი 1970 წელს - მოსე გოგიბერიძის რეაბილიტაციის შემდეგ - მისივე თხზულებების პირველ ტომში შეიტანა და გამოსცა.

მოსე გოგიბერიძეს ნაშრომით „შემეცნების აქსიომატური დასაბამი“ სურდა ეჩვენებინა, რომ ორი ერთმანეთს დაპირისპირებული სფერო - ყოფნა და აზროვნება - ერთმანეთზეა დამოკიდებული. აზროვნების სპეციფიკურ ნიშანს იგი უარყოფაში, „ნეგაციაში“ ხედავდა. უარყოფა, ნეგაცია აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება კი არ არის, არამედ ის აზროვნების არსია. ამდენად, ის მსჯელობასთან არის დაკავშირებული, რომელიც თავადაც აზროვნების არსს ქმნის. მოსე გოგიბერიძე მსჯელობის სრულყოფილ სახეობად უსასრულო მსჯელობას მიიჩნევდა, რომელიც თავის ლოგიკურ გამართლებას „ნეგაციის ნეგაციაში“ („უარყოფის უარყოფაში“) პოულობს. ამდენად, ნეგაციის პრინციპი აქ აბსოლუტურ ხასიათს იძენს და ფილოსოფოსობის საერთო პრინციპად იქცევა. შედგომში გოგიბერიძეს ამ გზით მეტად არ უვლია, რადგან ამ ტიპის კვლევებისთვის - იდეოლოგიური ფაქტორის გამო - საბჭოთა ფილოსოფიაში ადგილი არც კი რჩებოდა. სამწუხაროდ, ასე წარმატებით დაწყებული სისტემატურ-ფილოსოფიური პროექტი ნახევარ გზაზე დარჩა.

მოსე გოგიბერიძე ამის შემდეგ ისტორიული და დიალექტიკური მატერიალიზმის კვლევით დაინტერესდა. ამას ნათლად აჩვენებს XX საუკუნის 20-30-იან წლებში მის მიერ მომზადებული და გამოცემული ქრესტომათიები აღნიშნული მიმართულებით. ამ პერიოდის ნაშრომთაგან ფილოსოფიური და ისტორიული კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა მისი გამოკვლევა შემდეგი სათაურით: „მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე“ (1928 წ.). მასში ავტორი მარქსისტული პერსპექტივიდან გამომდინარე იკვლევდა მატერიალიზმისა და დიალექტიკის (დიალექტიკური მეთოდის) ისტორიას, ასევე, საგანგებო ყურადღებას აქცევდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა დიალექტიკის მიმართება ლოგიკასთან, დიალექტიკური ლოგიკა და ა.შ. ამ ნაშრომში მოსე გოგიბერიძე მატერიალიზმისა და იდეალიზმის ისტორიას ორიგინალურად განიხილავს, განსაკუთრებით საინტერესოდ კი ეხება ფრანგული მატერიალიზმის განვითარებას, დიალექტიკისა და დიალექტიკური მეთოდის პრობლემას კანტთან და გერმანულ იდეალიზმში (ფიხტე, შელინგი, ჰეგელი).

ამ ნაშრომის გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ მოსე გოგიბერიძემ გამოაქვეყნა კიდევ ერთი საგულისხმო შრომა სათაურით „მეცნიერება და რელიგია“ (1929 წ.), რომელიც მკვეთრად ათეისტურ ხასიათს ატარებს და საბჭოთა ეპოქის იდეოლოგიური პათოსით არის დაღდასმული. ეს ნაშრომი სააგიტაციო და პროპაგანდულ შრომადაც კი შეიძლება შეფასდეს, რადგან მისი ავტორი დაუფარავად გამოხატავდა რადიკალურად ათეისტურ შეხედულებებს რელიგიისა და ეკლესიის შესახებ; უფრო მეტიც, რელიგიის ყველა ნაირსახეობას იგი ცოდნისა და პროგრესის მტრადაც კი თვლიდა. მისი აზრით, თვით ქრისტიანულმა დოგმებმაც კი შეაფერხა ადამიანების წინსვლა და მეცნიერება: მოციქული პავლე - როგორც ქრისტიანული თემის მთავარი წარმომადგენელი - თავის ეპისტოლეებში ებრძოდა ბერძნულ-რომაულ ფილოსოფიას და ამით ფილოსოფიური აზროვნების მიმართ ქრისტიანობის მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მოსე გოგიბერიძე ამ პერიოდში კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავდა სახარების გზავნილთა მიმართ და ხშირად მის ლიტერატურულ-ფიქციურ ბუნებაზე მიანიშნებდა. იგი კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავდა იესო ნაზარეველის, როგორც რეალური ისტორიული პიროვნების მიმართაც და ფიქრობდა, რომ მისი მსგავსი პიროვნებები იმ ეპოქაში მრავლად იყვნენ. მოსე გოგიბერიძე ქრისტიანობის ნამდვილ ინიციატორად მოციქულ პავლეს თვლის, რომელმაც ქრისტიანობის განმარტების დროს აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანული ტრადიციების კომბინაცია მოახერხა, რომ ის მსოფლიო რელიგიად აქცია. მოსე გოგიბერიძის აზრით, მოციქულმა პავლემ ებრაული რელიგიისა და ბერძნული ანალიტიკური აზროვნების (პავლე მამით ბერძენი და დედით ებრაელი იყო!) სინთეზი მოახდინა. ქრისტიანობა დასაწყისში მხოლოდ რელიგიური მოძრაობა კი არ იყო, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციების გამხმოვანებელიც. ის წარმოიშვა და განვითარდა პალესტინაში და მოციქულ პავლეს მეშვეობით ორგანიზებულ რელიგიადაც იქცა. მოსე გოგიბერიძე ქრისტიანობას მკაცრად აკრიტიკებდა და მიუთითებდა გარდასულ საუკუნეებში ქრისტიანულ ეკლესიასა და თავისუფალ აზროვნებას შორის არსებულ მტრობაზე, რაც ხშირად მეცნიერულ პროგრესსაც უშლიდა ხელს. ლუდვიგ ფოიერბახის მსგავსად, ისიც ფიქრობდა, რომ ადამიანმა შექმნა ღმერთი და არა პირიქით! გოგიბერიძის აზრით, საზოგადოებრივ-ტექნიკური პროგრესის კვალობაზე კაცობრიობა უარს იტყოდა ღმერთის იდეაზე და ამის სანაცვლოდ ანტირელიგიური საზოგადოება შეიქმნებოდა. იგი კიდევ უფრო შორსაც წავიდა და „უღმერთოთა კავშირზეც“ ალაპარაკდა, რომელსაც სკოლებში ანტირელიგიური აგიტაციები და პროპაგანდა უნდა ჩაეტარებინა.

ამავე პერიოდს ეკუთვნის მოსე გოგიბერიძის კიდევ ერთი ნაშრომი „ლენინი როგორც ფილოსოფოსი“ (1930 წ.), რომელშიც ქართველი ავტორი ლენინის ფილოსოფიურ შეხედულებებს დიალექტიკური მატერიალიზმის ჭრილში განმარტავდა. ნაშრომის წინასიტყვაობაში გოგიბერიძე ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ ლენინი არა მარტო დიდი პრაქტიკოსი, არამედ წარმატებული თეორეტიკოსიც იყო. მან ისიც კი შეძლო, რომ პროლეტარული სახელმწიფოს სათავეში მოქცეულიყო და ამ პოზიციაზე თავისი ფილოსოფიური და პოლიტიკური იდეალები განეხორციელებინა. ლენინი, როგორც რევოლუციის დიდი თეორეტიკოსი, ფილოსოფიით ყოველთვის იყო დაინტერესებული; მან მარქსისტული დიალექტიკა ჰეგელის შესახებ თავისი კვლევებით გაამდიდრა, მეტიც, უფრო მაღალ საფეხურზეც კი აიყვანა ის.

მოსე გოგიბერიძის ზემოხსენებული ნაშრომები იმასაც კარგად აჩვენებს, რომ მათი შექმნისას ქართველი ავტორი თავისუფალი არ იყო; ამდენად, მათში გამოთქმული არაერთი თეზისი იძულების შედეგიც კი შეიძლება იყოს, რადგან მათ ავტორს საბჭოთა პოლიტიკური რეჟიმის პარტიული მოთხოვნებიც უნდა გაეთვალისწინებინა. სწორედ აქედან მომდინარეობს მოსე გოგიბერიძის გვიანდელი (XX საუკუნის 20-30-იანი წლების) ნაშრომების პარტიულ-იდეოლოგიური პათოსი.

4 -ქართული ფილოსოფია

მოსე გოგიბერიძე XX საუკუნის პირველი ნახევრის იმ იშვიათ ქართველ ფილოსოფოსთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ ქართული ინტელექტუალური აზროვნების ისტორიის კვლევას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველის შესახებ, რომლებმაც შუა საუკუნეების ქართული აზროვნების კვლევა-ძიების საქმე არსებითად წასწიეს წინ. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული ნაშრომი „რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები“ (1961 წ.) დღესაც საყურადღებოა, რადგან მასში მრავალი ფილოსოფიური საკითხი (მაგალითად, ერთისა და სამების პრობლემა იოანე პეტრიწის შემოქმედებაში) ორიგინალურად არის დანახული და განხილული. მოსე გოგიბერიძე პირველი ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსი იყო, რომელმაც იოანე პეტრიწის ტრინიტარულ აზროვნებას საგანგებო ყურადღება მიაქცია, ის რიცხვთა სპეკულაციების შესახებ მოძღვრებას დაუკავშირა და ამგვარად ფილოსოფიურად განმარტა სამების დოგმატი პეტრიწთან. ამით მოსე გოგიბერიძემ იოანე პეტრიწის აზროვნება ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში განიხილა და შუა საუკუნეების ეს დიდი ქართველი მოაზროვნე - XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოდელის საწინააღმდეგოდ - ქრისტიან მოაზროვნედ, მეტიც, ქრისტიანობის ფილოსოფოსად მიიჩნია.

მოსე გოგიბერიძე ამავე ნაშრომში რუსთაველის ესთეტიკასა და ხელოვნების ფილოსოფიას, კერძოდ კი, მისსავე ფერთა მოძღვრებას აქცევს საგანგებო ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი აქ თანამედროვე კვლევის დონისთვის სადავო და ნაწილობრივ უკუსაგდებ შეხედულებებსაც კი ავითარებდა (იგი, მაგალითად, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ნეოპლატონური აზროვნების ვერავითარ კვალს ვერ ხედავდა, ხოლო იოანე პეტრიწს კი, საბოლოო ჯამში, დასავლური სქოლასტიკის ყაიდის მოაზროვნედ მიიჩნევდა), ეს ნაშრომი მაინც ინტენსიურ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. მოსე გოგიბერიძემ სწორად დაინახა პროკლესა და კაბადოკიელი მამების (ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ნაზიანზელი) რენესანსი ბიზანტიურ ფილოსოფიაში და მის სათანადო კვლევასაც მიჰყო ხელი.

მოსე გოგიბერიძის არა მარტო ეს ნაშრომი, არამედ მისი სხვა ნაშრომებიც უაღრესად სასარგებლოა ქართული აზროვნების ისტორიის შესწავლის კუთხით, რადგან მან არა მარტო ქართული ფილოსოფიური ნაშრომები შეისწავლა, არამედ ქართული პოეზიაცა და ქართული კულტურის სხვა მრავალი დოკუმენტიც ფილოსოფიურ პრიზმაში განიხილა. სწორედ ამაშია მისი დიდი დამსახურებაც ქართული კულტურის წინაშე. გარდა ამისა, მოსე გოგიბერიძემ ევროპული ფილოსოფიის არაერთი მნიშვნელოვანი კლასიკური ტექსტის ქართულენოვანი თარგმანით გაამდიდრა ჩვენი კულტურა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმანუელ კანტის „პროლეგომენების“ მისეული თარგმანი, რომელიც მთარგმნელის წინასიტყვაობითა და შენიშვნების თანხლებით 1936 წელს გამოიცა თბილისში. მან, ასევე, ქართულად თარგმნა კანტის მთავარი ნაშრომიც „წმინდა გონების კრიტიკა“, მაგრამ ეს თარგმანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ მოსე გოგიბერიძემ XX საუკუნის ქართული ფილოსოფია ორიგინალური და მნიშვნელოვანი კონცეფციებით გაამდიდრა, განსაკუთრებით კი, ეპისტემოლოგიისა და შემეცნების თეორიის კუთხით. მან, ასევე, დიდი წვლილი შეიტანა საკაცობრიო ფილოსოფიური აზროვნების კვლევის საქმეში და ამ მიმართულებით შექმნა ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური ნაშრომი „ფილოსოფიის ისტორია“ (თბ., 1941 წ.), რომელშიც სხვადასხვა ფილოსოფიური ტრადიციები ერთი ისტორიოგრაფიული ქარგის ქვეშ არის გაერთიანებული, თუმცკი, ამ ნაშრომსაც აშკარად ეტყობა მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის კვალი.

მოსე გოგიბერიძის შემოქმედების შესახებ არსებობს ქართველ ავტორთა მთელი რიგი სოლიდური გამოკვლევებისა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გ. თევზაძის, მ. ჭელიძის, ბ. ურიდიას, ლ. ზაქარაძის, კ. ბლაგიძის, მ. მახარაძის, ე. ხინთიბიძის, ს. ცაიშვილის და სხვ. სამეცნიერო ნაშრომები; მათში ქართველი მოაზროვნის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის სხვადასხვა ასპექტები და წახნაგებია წინა პლანზე წამოწეული. მიუხედავად ამისა, მოსე გოგიბერიძის ორიგინალური ფილოსოფიური შემოქმედების ფუნდამენტური კვლევა მაინც მომავლის გადაუდებელ ამოცანად გვესახება.

5 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა) მოსე გოგიბერიძის თხზულებათა გამოცემები

• რელიგია და ადამიანის გაჩენის საკითხი, ჟურნალში: „მომავალი“, # 6 (ტფილისი, 1923 წ.), გვ. 20-24.

• რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება: ფილოსოფიური პრობლემა, შემეცნების პრობლემა, ჟურნალში: „მომავალი“, # 6 (ტფილისი, 1923 წ.), გვ. 25-31.

• რელიგია და ადამიანის წარმოშობის საკითხი, ჟურნალში: „მომავალი“, # 7 (ტფილისი, 1923 წ.), გვ. 34-42.

• ალბერტ აინშტაინის რელატივობის თეორია, ჟურნალში: „მნათობი“, # 1 (ტფილისი, 1924 წ.), გვ. 85-100.

• საერთო რელატივობის თეორია, ჟურნალში: „მნათობი“, # 2 (ტფილისი, 1924 წ.), გვ. 197-213.

• რელატივობის თეორიის ფილოსოფიურ საფუძვლებისათვის, ჟურნალში: „მნათობი“, # 3 (ტფილისი, 1924 წ.), გვ. 243-265.

• მეცნიერება და რევოლუცია, ჟურნალში: „მნათობი“, # 6 (ტფილისი, 1924 წ.), გვ. 306-318.

• აინშტაინის რელატივობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები, ტფილისი: „პოლიგრაფსკოლის სტამბა“, 1924 წ.

• ორგანოტროპიზმი, ჟურნალში: „მნათობი“, # 8-9 (ტფილისი, 1925 წ.), გვ. 266-288.

• სპინოზა, ტფილისი: „სახელგამი“, 1927 წ.

• ისტორიული მატერიალიზმი (ქრესტომათია), ტფილისი: „სახელგამი“, 1927 წ.

• კაიზერლინგის უკანასკნელი სიბრძნე, ჟურნალში: „მნათობი“, # 11-12 (ტფილისი, 1927 წ.), გვ. 227-238.

• კარლ კაუტსკის ახალი ფილოსოფია, ჟურნალში: „მნათობი“, # 8-9 (ტფილისი, 1928 წ.), გვ. 227-249.

• მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტი“, 1928 წ.

• ლენინი როგორც დიალექტიკის თეორეტიკოსი, ჟურნალში: „მნათობი“, # 11-12 (ტფილისი, 1929 წ.), გვ. 167-200.

• მეცნიერება და რელიგია, ტფილისი: „პოლიგრაფიული ტრესტის 1-ლი სტამბა“, 1929 წ.

• ლენინი როგორც ფილოსოფოსი, ტფილისი: „სახელგამი“, 1930 წ.

• დიალექტიკური მატერიალიზმი, შედგენილია მ. გოგიბერიძის მიერ, ტფილისი: „სახელგამის სასწავლო პედაგოგიური სექტორის გამომცემლობა“, 1933 წ.

• ისტორიული მატერიალიზმი, შემდგენელი მ. გოგიბერიძე, ტფილისი: „ს. ქ. ი. ს. დ. ტ. ქიმპრომ. არსებული ლითოგრაფია“, 1933 წ.

• დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი, რედაქტორი მ. გოგიბერიძე, ტფილისი: „ქიმპრომ. არსებული ლითოგრაფია“, 1934 წ.

იმანუელ კანტი: პროლეგომენები ყოველი მოსალოდნელი მეტაფიზიკისათვის, რომელიც მეცნიერების სახით შესძლებდა გამოცხადებას, თარგმანი და წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის პროფ. მ. გოგიბერიძისა, პროფ. შარიას რედაქციით და წინასიტყვაობით, ტფილისი: „სახელგამის სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემლობა და მე-2 სტამბა“, 1936 წ.

იმანუელ კანტი: პროლეგომენები ყოველი მოსალოდნელი მეტაფიზიკისათვის, რომელიც მეცნიერების სახით შესძლებდა გამოცხადებას, თარგმანი და წინასიტყვაობა მ. გოგიბერიძისა, თბილისი: „მერიდიანი“, 2006 წ.

• ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1941 წ.

• რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები, კრებული შეადგინა და დასაბეჭდად მოამზადა ი. მეგრელიძემ, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1961 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. I, რედაქტორები - გ. თევზაძე, თ. კოპლატაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1970 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. II, პროფ. გ. თევზაძის რედაქციით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1971 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. III, პროფ. გ. თევზაძის რედაქციით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1972 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. IV, ტომი შეადგინა და განმარტებანი დაურთო ი. მეგრელიძემ, პროფ. გ. თევზაძის რედაქციით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ.

 

(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა

ბლაგიძე, კ.: მოსე გოგიბერიძე ანტიკურ ფილოსოფიაში შემეცნების პრობლემათა შესახებ, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1999 წ.

ზაქარაძე, ლ.: მოსე გოგიბერიძე - იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მკვლევარი, ჟურნალში: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია, # 2 (თბილისი, 1997 წ.), გვ. 5-14.

თევზაძე, გ.: მოსე გოგიბერიძე (1897-1949), წიგნში: რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. I, რედაქტორები - გ. თევზაძე, თ. კოპლატაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1970 წ., გვ. 3-27.

თევზაძე, გ.: მოსე გოგიბერიძე, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, რედაქტორი - მ. მახარაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 170-181.

ირემაძე, თ.: ნეტარი ავგუსტინე და ქართული აზროვნება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 4 (თბილისი, 2017 წ.), გვ. 36-47.

ურიდია, ბ.: მოსე გოგიბერიძე: ფილოსოფიური მემკვიდრეობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1982 წ.

ცაიშვილი, ს.: მოსე გოგიბერიძე - „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევარი, წიგნში: ს. ცაიშვილი, ლიტერატურული წერილები, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1966 წ., გვ. 152-161.

ჭელიძე, მ.: მოსე გოგიბერიძე - „ქართული სახლის ფილოსოფია“, წიგნში: მ. ჭელიძე, ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 177-195.

ხინთიბიძე, ე.: ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის მკვლევარი - მოსე გოგიბერიძე, წიგნში: ე. ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1982, გვ. 79-89.