2021-06-01 არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

ღირსი მამის, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, 951 წელს აღუწერია ხანძთაში მოღვაწე ბერს - გიორგი მერჩულეს. აღნიშნული თხზულების სათაურია „შრომა და მოღუაწება ღირსად ცხორებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისა, ხანძთისა და შატბერდის აღმაშენებელისა და მისთანა მრავალთა მამათა ნეტართა“. მასში ავტორი გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ მერჩულეს ღირსი გრიგოლის შესახებ ცნობები უშუალოდ მის მოწაფეთაგან და მოწაფეთა მოწაფეთაგან შეუკრებია, რაც ცალსახად მისი თხზულების სანდოობასა და უტყუარობაზე მიანიშნებს.

გრიგოლ ხანძთელი დაიბადა 759 წელს მართლმორწმუნე დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი იყო ქართლის ერისთავის, ნერსეს ცოლისძმის შვილი, რომელიც მამიდამ იშვილა და სამეფო სახლში აღზარდა. გრიგოლი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი უბრალოებით, სიდინჯითა და მყუდროებისადმი სიყვარულით. მან სწავლისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინა, რადგან, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, რამდენიმე უცხო ენას დაეუფლა და საღვთო წიგნები ზეპირად დაისწავლა. ამავე დროს, მან კარგად შეისწავლა ფილოსოფია და, რაც სასარგებლო ნახა მასში, შეიწყნარა, ხოლო უკეთური - უგულებელყო. წლების მატებასთან ერთად გრიგოლი სათნოებებშიც წარემატებოდა; იგი გამოირჩეოდა ბრძნული და მადლიანი საუბრით.

გრიგოლის აღმზრდელებმა და დედამ მისი მღვდლად კურთხევა მოისურვეს. მას სამღვდელო მსახურების მიმართ, დიდ სიყვარულთან ერთად, უაღრესი კრძალულება ჰქონდა, რის გამოც წარმოთქვა კიდეც საყოველთაოდ ცნობილი სიტყვები: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. თუმცა, საბოლოო ჯამში, გარკვეული ორჭოფობის შემდეგ, გრიგოლი მაინც დაჰყვა მათ სურვილს და მისი მღვდლად კურთხევა აღესრულა. მალევე მამა გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს, რის გამოც ის ძლიერ შეწუხდა. ეპისკოპოსობისგან თავის არიდების მიზნით მან ფარულად დატოვა ქართლი და საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კლარჯეთში ჩავიდა. მან თან იახლა სამი თანამოღვაწე - დეიდაშვილი საბა, შემდგომში იშხნის განმაახლებელი და ეპისკოპოსი, თევდორე - შემდგომში ნეძვის მაშენებელი და წინამძღვარი, ქრისტეფორე - შემდგომში კვირიკეწმინდის მაშენებელი და წინამძღვარი.

თავდაპირველად, ისინი ოპიზაში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასთან არსებულ მცირე საძმოსთან დამკვიდრდნენ, რომელსაც მამა გიორგი ხელმძღვანელობდა. აქ მათ ორი წელი დაჰყვეს ღვაწლსა და სათნოებათა წვრთნაში. ორი წლის შემდეგ გრიგოლი ხანძთაში ჩავიდა, სადაც მას წმიდა და მართალი ბერი ხუედიოსი დახვდა, რომელმაც გრიგოლს საკვირველი ხილვა აუწყა იმის შესახებ, რომ მისი ხელით იქ ეკლესია უნდა აშენებულიყო. დილით მოხუცმა ბერმა მამა გრიგოლს ხანძთის მიდამოები დაათვალიერებინა, რომლებიც მას ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ გრიგოლი ოპიზაში დაბრუნდა, გამოეთხოვა მამა გიორგის და ძმებთან ერთად კვლავ ხანძთისკენ გაემართა.

კლარჯეთის უდაბნოში ხანძთა ყველაზე მეტად კლდოვანი და უხეში ადგილი იყო. ბერებს დიდი შრომა მოუწიათ ადგილის დასამუშავებლად, რის შემდეგადაც ხის ეკლესია, სატრაპეზო და ძმათა სენაკები ააშენეს. მამათა დიდი ღვაწლისა და სულიერების შედეგად ხანძთაში საძმომ ნელ-ნელა ზრდა დაიწყო.

იმ პერიოდში მესხეთში მეფობდა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი, ღმრთის მოშიში და მოყვარული მეფე, აშოტ კურაპალატი. ხანძთის მახლობლად კი მეფესთან დაახლოებული დიდებული და კეთილმორწმუნე აზნაური, გაბრიელ დაფანჩული ცხოვრობდა, რომელსაც მამა გრიგოლი დახმარების სათხოვნელად ეწვია. აზნაურმა გულთბილად, მოწიწებით მიიღო ბერი და დახმარებაც აღუთქვა. მართლაც, მისი შემწეობით ხანძთაში აშენდა ქვითკირის წმიდა გიორგის ეკლესია, მამა გრიგოლის მიერ შერჩეულ ადგილზე კი დედათა მონასტერი, რომელსაც „გუნათლეს ვანი“ ეწოდა.

გაბრიელ დაფანჩულმა აშოტ კურაპალატს დაწვრილებით უამბო მამა გრიგოლის მოღვაწეობისა და წარმომავლობის შესახებ. მეფემ დიდად გაიხარა. მამა გრიგოლი პატივით მიიწვია სასახლეში და მადლიერების ნიშნად მონასტრისთვის შატბერდის სანახები და შესაწირი უსახსოვრა.

გრიგოლის მონასტერში თანდათანობით იზრდებოდა ცხოვრების მსურველთა რიცხვი; გრიგოლი საფუძვლიანად გამოსცდიდა მათ და მხოლოდ რჩეულებს აძლევდა მონასტერში ცხოვრების საშუალებას. მალევე, მან მოისურვა მონასტრის ტიპიკონის სრულყოფა, ამიტომ იერუსალიმში მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმინდური ტიპიკონის გადმოწერა და გამოგზავნა. ამავე მიზნით და სიწმინდეთა მოსალოცად მან თავადაც გადაწყვიტა კონსტანტინოპოლში წასვლა, სადაც თავის დედის დისწულ საბასთან და ერთ მოწაფესთან ერთად გაემგზავრა. იქ ყოფნის დროს მან ბევრი რამ სასარგებლო გამოიძია და შეიწყნარა, ხოლო უკეთური უკუაგდო.

უკან დაბრუნებისას, ტაოში, მათ შეიტყვეს აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი, რაც ძლიერ განიცადა გრიგოლმა. მან დალოცა და ანუგეშა კურაპალატის ძენი და ხანძთაში დაბრუნდა. მალევე მამა გრიგოლს იერუსალიმიდან საბაწმინდური ტიპიკონი გამოუგზავნეს. აღნიშნულ ტიპიკონზე და სხვა წმინდა ადგილებიდან გამორჩევით შეკრებილ წეს-განგებებზე დაფუძნებით მან მონასტრის წესი შეადგინა, რომელიც, გიორგი მერჩულეს მიხედვით, „სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული“ ყოფილა. ხანძთისა და გუნათლის მონასტრების აგების შემდეგ გრიგოლმა კლარჯეთშივე ააგო შატბერდის მამათა და მერეს დედათა მონასტრები, ხოლო დასავლეთ საქართველოში უბისის მონასტერი. ამასობაში, მონასტრის საძმოს ზრდასთან ერთად, გრიგოლის მოწაფეებმაც დაიწყეს ეკლესია-მონასტრების აღშენება-განახლების პროცესი. მათ მიერ დაარსდა იშხნის კათედრალი, ბარეთელთას, წყაროსთავის, ნეძვის, კვირიკეთის და სხვა მონასტრები.

გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეებისა თუ თანამოსაგრეების სახელთან სასწაულებიც იყო დაკავშირებული. IX საუკუნის 30-იან წლებში გრიგოლი განსაკუთრებული დამსახურებების გამო კლარჯეთის უდაბნოს მონასტრების არქიმანდრიტად დაადგინეს. ამ წოდებას იგი სიკვდილამდე ატარებდა. მას მრავალჯერ შესთავაზეს ეპისკოპოსობა, მაგრამ ვერ დაითანხმეს.

გრიგოლ ხანძთელი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თანამედროვეთა შორის. მის აზრს დიდად ითვალისწინებდნენ არა მარტო მისი სულიერი შვილები, არამედ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგალითად, IX საუკუნის 50-იან წლებში, ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე, არსენ კათალიკოსის გამორჩევის კანონიერების განხილვისას, სწორედ გრიგოლ ხანძთელის პოზიცია გახდა გადამწყვეტი. მას ვერავინ გაუწია წინააღმდეგობა და არსენთან დაპირისპირებული მხარეც მისი ავტორიტეტის წინაშე უძლური აღმოჩნდა. მისი უპირობო ავტორიტეტის კიდევ ერთი მაგალითი მეფე აშოტ კურაპალატს უკავშირდება. აშოტმა სასახლეში სიძვის დიაცი მიიყვანა და, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლს მეფესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ბერმა სასტიკად ამხილა იგი. უფრო მეტიც, მის დაუკითხავად ქალი სასახლიდან გამოიყვანა და მას მონასტერში წასვლა გადააწყვეტინა. მონასტერში მისულ აშოტს გრიგოლმა მისი ხილვის უფლებაც არ მისცა. საბოლოოდ, მეფემ შეინანა თავისი დანაშაული.

მამა გრიგოლს სიკვდილთან მიახლოებისა და ღმერთთან მისვლის დრო უფლისგან წინასწარ ეუწყა. მან უდაბნოს ყველა სავანეში ცვილის კელაპტრები დააგზავნინა და შეატყობინა დრო, თუ როდის უნდა აენთოთ სანთლები და ელოცათ მისთვის; მისი გარდაცვალების დღეს, ღმრთისმშობლის მიძინებისას წმინდა მოციქულების გამოჩენის მსგავსად, მის სენაკში ღირსი მამის პატივსაცემად და კურთხევის მისაღებად მოღვაწე მამები შეიკრიბნენ. მან დამოძღვრა და გაამხნევა ისინი. წმიდა მამა გრიგოლი გარდაიცვალა ხანძთის მონასტერში, თავისი მოწაფეების გარემოცვაში, 861 წელს, 102 წლის ასაკში.

2 -შემოქმედება და მისია

გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოში ისტორიული ვითარება საკმაოდ მძიმე იყო. თითქმის მთელი ქვეყანა არაბების ძალაუფლების ქვეშ იყო მოქცეული. თბილისს ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა ქვეყნის უმთავრესი ცენტრის მნიშვნელობა. საჭიროება მოითხოვდა შექმნილიყო ალტერნატიული პოლიტიკურ-კულტური ცენტრი, რომელიც არაბებისგან შორს და ბიზანტიასთან ახლოს იქნებოდა. სწორედ ამგვარი ადგილი შეარჩია გრიგოლ ხანძთელმა; მას, შეიძლება ითქვას, აღნიშნული მისიის განხორციელებაც მოუწია. გრიგოლმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მონაზვნური ცხოვრების აღორძინებით ხელი შეუწყო ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის განმტკიცებას, რამაც ქართველი ერის სულიერი გაერთიანების იდეის განხორციელება გახადა შესაძლებელი. საბოლოოდ, ერთიანი სულიერი იდეა თავისთავად დიდ პოლიტიკურ მიზანდასახულობაში - ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. ეკლესია იქცა სახელმწიფოს ეთიკური და ზნეობრივი ღირებულებების მტკიცე საფუძვლად. სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის ჩამოყალიბება, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს ედგა სათავეში.

გრიგოლ ხანძთელს, როგორც ღრმად განსწავლულ ადამიანს, ბუნებრივია, არც ლიტერატურული საქმიანობა დაუტოვებია უყურადღებოდ. სამწუხაროდ, დღემდე არ შემონახულა ზუსტი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე თხზულება დაწერილი ან ნათარგმნი. გიორგი მერჩულე მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ მისი ხელით სულიწმინდის მიერ შექმნილა საწელიწადო იადგარი ანუ ლიტურგიკული ჰიმნები. ვინაიდან აღნიშნულმა იადგარმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, რთულია მის მოცულობასა და რაობაზე ვიმსჯელოთ. კორნელი კეკელიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, მიქაელ მოდრეკილის იადგარში შესული და ასახული იყოს გრიგოლისეული საგალობლები, მაგრამ ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია.

ზემოთ აღინიშნა გრიგოლ ხანძთელის მიერ მონასტრისთვის შედგენილი ტიპიკონის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, პირველი ქართული სამონასტრო წეს-განგებაა. გრიგოლმა რუდუნებით მოიძია მისთვის სასურველი საეკლესიო ცენტრებიდან სხვადასხვა ვარიანტები და გამოწვლილვითი შესწავლა-დამუშავების შედეგად თავისი მონასტრის ტიპიკონი შეადგინა. ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს იმას, თუ რაოდენ ღრმად განსწავლული და ბრძენი მოღვაწე იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელი.

გრიგოლ ხანძთელს, როგორც ტაო-კლარჯეთის მონასტრული და კულტურულ-საგანმანათლებლო სკოლის ფუძემდებელს, უამრავი მოწაფე ჰყავდა, რომლებმაც დიდი მოძღვრის მიერ დაწყებული საქმე გააგრძელეს. გრიგოლის თაოსნობით დაარსებულ მონასტრებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული მწიგნობრული ტრადიციები, რომლებიც ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის სახელით არიან ცნობილნი. ერთი რამ ფაქტია, რომ გრიგოლმა, როგორც განსწავლულმა სასულიერო პირმა, გზა გაუკვალა თავის მოწაფეებს ლიტერატურული საქმიანობისკენ. ამასთან, მათ მიერ აშენებულმა ეკლესია-მონასტრებმა ხელი შეუწყო ქრისტიანული არქიტექტურისა და ხუროთმოძღვრების განვითარებას, მთარგმნელობით და ხელნაწერთა შექმნა-გადაწერის პროცესს. ესოდენ დიდი ღვაწლისა და დამსახურების გამო ღირსეულად შეამკო გრიგოლ ხანძთელი გიორგი მერჩულემ: „ამათ ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი და კეთილადგანმგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ“.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• გიორგი მერჩულე: შრომა და მოღვაწეობა ჩვენი წმინდა და ნეტარი მამის გრიგოლ არქიმანდრიტის, ხანცთისა და შატბერდის ამშენებლის, ღირსებით ცხოვრებისა და მასთან ერთად ხსენება მრავალი ნეტარი მამისა, ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა, ძეგლები თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიები დაურთო ე. ჭელიძემ, თბილისი: „ახალი ივერონი“, 2005 წ., გვ. 479-691.

• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 134-136.

წმიდა გრიგოლ ხანძთელი, იხ.: „თვენი“, ტ. 28, თბილისი: „პალიტრა L“, 2017 წ., გვ. 135-256.

• ჭელიძე, ე.: გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურული მემკვიდრეობის გამო, ჟურნალში: „მნათობი“, # 10 (თბილისი, 1984 წ.), გვ. 157-161.

• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988, გვ. 79-85.