2023-11-06 გიორგი ხუროშვილი

არსენ იყალთოელი

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

არსენ იყალთოელი (XI-XII სს.) შუა საუკუნეების ქართული აზროვნების, სახელმწიფოებრივი და ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მიუხედავად ამისა, მისი ვინაობა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკვანძო მომენტები ქართულ აკადემიურ სივრცეში დღემდე დავის საგანია. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდის ქართულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში (XI-XII სს.) სახელი „არსენი“ გვხვდება რამდენიმე განსხვავებულ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ კონტექსტში. ამგვარად, უპირველესად, საჭიროა განხორციელდეს ამ ცნობების შედარება, რათა შევადგინოთ არსენის ცხოვრებისა და საქმეების ძირითადი სურათი.

მას შემდეგ, რაც ძველი ქართული მწერლობისა და საქართველოს ინტელექტუალური ისტორიის მეტ-ნაკლებად ორგანიზებული და თანმიმდევრული აკადემიური შესწავლა დაიწყო (XIX ს.), არსენ იყალთოელი იმთავითვე მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც მისი სახელი, ერთი მხრივ, დაკავშირებულია შუა საუკუნეების ქართული საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური მწერლობის უმნიშვნელოვანეს ძეგლებთან, მეორე მხრივ კი იმჟამინდელი ქართული სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების მთავარ ცენტრებთან - იყალთოს აკადემიასთან, გელათის აკადემიასთან და დავით IV აღმაშენებლის სამეფო კართან.

არსენ იყალთოელის ვინაობის დადგენასა და მისი მოღვაწეობის გამოკვლევაში მრავალი თვალსაჩინო მკვლევარი მონაწილეობდა, ძველი ქართული მწერლობის ადრეულმა მკვლევრებმა, თედო ჟორდანიამ, ზაქარია ჭიჭინაძემ და ალექსანდრე ხახანაშვილმა, ამ მხრივ, საგულისხმო და სოლიდური სამუშაო გასწიეს. თუმცა, გადამწყვეტი როლი ამ რთულ საქმეში მიუძღვით კორნელი კეკელიძეს და ივანე ლოლაშვილს. ქართული კვლევების შეჯერების შედეგად არსენ იყალთოელის ვინაობის შესახებ შემდეგი სურათი იქმნება.

შუა საუკუნეების ეპოქის ზემოაღნიშნული მონაკვეთის ქართულ ტექსტებში სახელი „არსენი“ გვხვდება სამი სხვადასხვა ზედწოდებით - იყალთოელი, ვაჩესძე, კალიპოსელი. მათი ავტორობით შექმნილი ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ არსენ იყალთოელი და არსენ ვაჩესძე ერთი და იგივე პირი უნდა იყოს, ხოლო არსენ კალიპოსელის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სირიაში, კალიპოსის მონასტერში, აზრები იყოფა. ერთი ნაწილი (თ. ჟორდანია, კ. კეკელიძე) მიიჩნევს, რომ ის სხვა პირია, მეორე ნაწილი (ი. ლოლაშვილი და სხვ.) კი თვლის, რომ სამივე ზედწოდება ერთ პირს ეკუთვნის. მაგრამ, თუნდაც მხოლოდ იყალთოელისა და ვაჩესძის გაიგივება საშუალებას გვაძლევს ფრაგმენტულად მაინც აღვადგინოთ ამ ქართველი მოაზროვნის ბიოგრაფია.

არსენი კახეთიდან იყო, სავარაუდოდ, იგი დაიბადა 1050-იან წლებში. მისი ზედწოდება ვაჩესძე სინამდვილეში მიუთითებს მის წარმომავლობაზე. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, იგი უნდა ყოფილიყო კახელი ერისთავის ვაჩეს ვაჟი, ამ აზრს ის გარემოებაც ამყარებს, რომ ქრონოლოგიურად მათი ცხოვრების წლები ემთხვევა. საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ქართლ-კახეთის უფლისწული და თავისი დროის კარგი მწიგნობარი თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1866 წწ.) იუწყება, რომ არსენს უსწავლია იერუსალიმის ჯვრის ქართულ მონასტერში, სადაც იგი დაუფლებია ბერძნულ, ასირიულ და არაბულ ენებს. თუმცა, არსენის შემოქმედება, ენების ცოდნასთან ერთად, იმაზეც მიუთითებს, რომ მას საფუძვლიანი თეორიული განათლება ჰქონდა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სამართალში. ასეთი განათლების მიღება ქართველებისათვის იმჟამად მხოლოდ კონსტანტინოპოლში იყო შესაძლებელი, იქ არსებობდა ძლიერი სკოლა - მანგანის აკადემია, სადაც ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას ასწავლიდნენ დიდი ბიზანტიელი ფილოსოფოსები მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი, ხოლო სამართალს კონსტანტინეპოლის პატრიარქი და თავისი დროის გამორჩეული სამართალმცოდნე, იოანე VIII ქსიფილინოსი ასწავლიდა. ამდენად, სავარაუდოა, რომ არსენი სწორედ მათთან განისწავლა და ეს არც ისე ძნელი წარმოსადგენია იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტად ვიცით - იმ ხანად საქართველოდან ხშირად იგზავნებოდნენ ახალგაზრდები სასწავლებლად კონსტანტინოპოლში. ცნობილია, რომ ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა სწავლულმა, გიორგი მთაწმინდელმა, საქართველოდან 80 ახალგაზრდა წაიყვანა ბიზანტიაში სასწავლებლად; გონივრულია იმის დაშვება, რომ არსენი ამ ან რომელიმე მსგავს ნაკადში ყოფილიყო. ამდენად, სავარაუდოა, რომ იგი კონსტანტინეპოლში სწავლობდა 1070-იან - 1080-იან წლებში.

მანგანის აკადემიის დასრულების შემდეგ არსენი მოღვაწეობას აგრძელებს შავ-მთაზე, სვიმეონ საკვირველმოქმედის სახელობის მონასტერში, სადაც იმხანად ცხოვრობდა დიდი ქართველი მწიგნობარი ეფრემ მცირე. თავად ეფრემი რამდენიმე იმდროინდელი თარგმანის მინაწერში გვამცნობს, რომ არსენი ყოფილა მისი მოწაფე და თანაშემწე, რომელიც თარგმნიდა ბერძნულ მეტაფრასულ ტექსტებს. XI საუკუნის დასასრულს, ეფრემ მცირეს გარდაცვალების შემდეგ, არსენი ბრუნდება კონსტანტინეპოლში, სადაც აგრძელებს მთარგმნელობით საქმიანობას, მაგრამ, ახალი საუკუნის დასაწყისში, დავით IV აღმაშენებლის (1073-1125 წწ.) მოწვევით იგი ჩამოდის საქართველოში და ერთვება საეკლესიო და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების საქმეში.

არსენი რომ სამეფო კარის რიგითი წევრი არ არის, მრავალი ცნობით დასტურდება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იგი „ახალი საქართველოს“ მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორია. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს „რუის-ურბნისის საეკლესიო კრებისა“ და „ანისის შეკრების“ მუშაობაში, სათავეში უდგას შიომღვიმის მონასტრის განახლებას, რომელიც ასევე მოიცავდა ამ მონასტრის სასწავლებლისა და ცნობილი ბიბლიოთეკის განვითარებასაც. მოგვიანებით იგი მონაწილეობს გელათის მონასტრისა და აკადემიის დაარსების საქმეში და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასწავლის კიდეც იქ, 1120-იან წლებში კი გადადის იყალთოში, სადაც არსებობდა მცირე საგანმანათლებლო ცენტრი. არსენის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ეს ცენტრი გარდაიქმნა სრულფასოვან საფილოსოფიო და საღვთისმეტყველო სასწავლებლად, რომელსაც იყალთოს აკადემიის სახელით ვიცნობთ, არსენი კი გახდა ამ აკადემიის რექტორი. ამგვარად, არსენ იყალთოელი დავით აღმაშენებლის მმართველობის პერიოდში განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო, საგანმანათლებლო და პოლიტიკური პროგრამის საკვანძო ფიგურაა. მეტიც, ის დავით აღმაშენებლის მთავარი მრჩეველი და დასაყრდენია, ამდენად, საქართველოს სამეფოს იმდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედია, რაც კარგად ჩანს თავად მეფე დავითის დამოკიდებულებაში მის მიმართ, რომელიც შემონახულია შიომღვიმის მონასტრისადმი დაწერილ ანდერძში: [...] „და სასომან და განმანათლებელმან ჩემმან ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა“, [...] „მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნო ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესია“, [...] „თუ მე ღირს-მყოს ღმერთმან, ენეკენიობა მისი ვიხილო, კურთხეულ არს სულგრძელობა მისი, თუ არა - არსენის ბერსა“, [...] „სოხასტერი, ვითა ბერსა, განმანათლებელსა ჩემსა, არსენის გაუწესებია“, [...].

ამ პასაჟებიდან, ნათლად ჩანს, რომ დავითს არსენი ეიმედება (სასომან), მიიჩნევს თავის მასწავლებლად (განმანათლებელმან ჩემმან) და მას მნიშვნელოვან საქმეებს ავალებს (მყის მოუწოდე). დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ არსენ იყალთოელი საბოლოოდ დამკვიდრდა იყალთოში, მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს უნდა მომხდარიყო დემეტრე I-ის მეფობის პირველ პერიოდში, 1120-იანი წლების ბოლოს ან 1130-იანი წლების დასაწყისში. თეიმურაზ ბაგრატიონი გადმოგვცემს ცნობას, რომლის მიხედვითაც არსენი დაკრძალულია იყალთოში, ღვთაების ტაძარში, ზენონ იყალთოელის (VI ს.) საფლავის გვერდით. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იგი წმინდანად არის შერაცხული.

2 -შემოქმედება

არსენ იყალთოელის ინტელექტუალური მემკვიდრეობა ვრცელი და მრავალფეროვანია. ჯერ კიდევ შავ-მთაზე მოღვაწეობის პერიოდში მან თარგმნა ჰაგიოგრაფიული მეტაფრასული ტექსტი წმ. მოწამეების გურის, სამონისა და აბიბოს წამების შესახებ. კონსტანტინეპოლში დაბრუნების შემდეგ მან თარგმნა გიორგი ამარტოლის ისტორიული ნაშრომი „ხრონოღრაფი“, რომლითაც მოგვიანებით ქართველები მსოფლიო ისტორიას სწავლობდნენ. მან შეადგინა „წმ. ნინოს ცხოვრების“ ახალი მეტაფრასული ტექსტი. არსენ იყალთოელი არის „რუის-ურბნისის ძეგლისწერის“ ტექსტის ერთ-ერთი ავტორი, ანტონ ბაგრატიონის (1720-1788 წწ.) თანახმად, მას ქართული ენაზე შეუქმნია ფიზიკის სახელმძღვანელო. არსენ იყალთოელმა ქართულად თარგმნა „დიდი სჯულისკანონი“. თუმცა, მისი მთავარი ნაშრომია საღვთისმეტყველო ფილოსოფიური კრებული „დოგმატიკონი“, რომელშიც თავმოყრილია არსენის მიერ თარგმნილი ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ (კერძოდ, „დიალექტიკა“, „გარდამოცემა“), თეოდორე აბუკურას ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტრაქტატები, მიქაელ ფსელოსის „პირმშოსათვის“, კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის შრომები, კრებულში ასევე შეტანილია რამდენიმე ტექსტი (ავტორთა მითითების გარეშე), რომელიც სავარაუდოდ თვითონ არსენის დაწერილი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, „დოგმატიკონი“ 16 დოგმატიკურ და 31 პოლემიკურ ტექსტს აერთიანებს და ქართულ ენაზე შექმნილი ქრისტიანული აზროვნების ერთგვარი  შემაჯამებელი დოკუმენტია.

არსენის ამ მდიდარი შემოქმედების ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ მისი ინტელექტუალური სამუშაოს სამი ძირითადი მიმართულება:

ა) საეკლესიო სამართალი

XII საუკუნის დასაწყისში არსენ იყალთოელმა ქართულად თარგმნა ბიზანტიური საეკლესიო სამართლის უმნიშვნელოვანესი წიგნი „14-ტიტლოვანი ნომოკანონი“ და უწოდა მას „დიდი სჯულისკანონი“, რათა ეს ახალი კოდექსი განესხვავებინათ ერთი საუკუნით ადრე ექვთიმე მთაწმინდელის მიერ შემოტანილი „მცირე სჯულისკანონისაგან“. არსენის კოდექსი იმჟამინდელი ქართული სამართლის ძირითად დოკუმენტად იქცა, ის შედგებოდა თოთხმეტი ვრცელი ნაწილისაგან, რომლებიც მოიცავდნენ მოციქულთა კანონებს, მსოფლიოს საეკლესიო კრებების კანონებს, ადგილობრივი საეკლესიო კრებების კანონებს, ასევე, დიდი ქრისტიანი ღვთისმეტყველების (გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, ბასილი კესარიელის, ტიმოთე ალექსანდრიელის და სხვათა) მიერ შემოღებულ საეკლესიო ნორმებს. „ნომოკანონი“ არეგულირებდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქორწინება, ნათლობა, მწვალებლობა, მკვლელობა, თვითმკვლელობა, ანგარება და სხვა, ასევე, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ საკითხებს - კანონშემოქმედება, ეპისკოპოსთა და სასულიერო პირთა ხელდასხმა და განკვეთა, საეკლესიო ქონების განკარგვა, მონასტრული ცხოვრების წესი და სხვა. კანონთა ეს კრებული კონსტანტინეპოლის პატრიარქ ფოტიოს I-ის რედაქციით იქნა შედგენილი IX საუკუნის დასასრულს და ის ბერძნულენოვან სამყაროში სამართლის მთავარი წიგნი იყო. საქართველოში მისი დამკვიდრება საეკლესიო და სოციალური ცხოვრების მომწესრიგებელი პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცა. „დიდ სჯულისკანონს“ ერთვოდა „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“, რომელიც ადგენდა საეკლესიო და საერო ცხოვრების სამართლებრივ ჩარჩოებს საკუთრივ იმჟამინდელი საქართველოს აქტუალური ამოცანების სპეციფიკის გათვალისწინებით, ამგვარად, მთლიანობაში, ეს დიდი სამართლებრივი პროექტი ქართული სახელმწიფოს რეორგანიზაციის პროგრამის საკვანძო მომენტი იყო. ამ პროექტის ავტორი არსენ იყალთოელი კი შუა საუკუნეების საქართველოს მთავარ კანონმდებლად გვევლინება.

ბ) ქრისტიანული არისტოტელიზმი

არისტოტელეს ფილოსოფია აღმოსავლური ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, თუმცა, გარკვეულ დრომდე, ამ ტრადიციაში არისტოტელე ხშირად სცენის უკან იდგა - მის სახელს იმდენად ხშირად არ ახსენებდნენ, რამდენადაც მის ნაშრომებს იყენებდნენ. ვიდრე XI საუკუნემდე არისტოტელეზე პირდაპირი მითითება, ამ ტრადიციაში, არ იყო პოპულარული. ამ მხრივ აღსანიშნავია ზემოხსენებული პატრიარქი ფოტიოსი, რომელიც თავის ნაშრომში „ამფილოქია“ არა მხოლოდ ეყრდნობა არისტოტელეს კატეგორიებსა და დიალექტიკას, არამედ მის მიმართ ღია სიმპათიასაც გამოხატავს. სავარაუდოა შემდეგი გარემოება: რამდენადაც არსენ იყალთოელმა სწორედ ფოტიოსის „ნომოკანონის“ რედაქცია თარგმნა, მას უნდა სცოდნოდა მისი სხვა ნაშრომებიც და ყურადღება უნდა მიექცია არისტოტელეს მიმართ ფოტიოსის დამოკიდებულებისთვისაც. თუმცა, არსენ იყალთოელის არისტოტელესთან მიმართების გამოსაკვეთად ეს ირიბი ვარაუდი მხოლოდ მცირე შესავალია. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყალთოელი კარგად იცნობდა არისტოტელეს ფილოსოფიის ქრისტიანულ ინტერპრეტაციებს და სერიოზული სამუშაოც გასწია იმისათვის, რომ ეს იდეები ქართულ აზროვნებაში შემოეტანა.

ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს ფილოსოფიის რეცეფცია გვხვდება შუა საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის შემოქმედებაშიც. თუმცა, საქართველოში არისტოტელეს იდეები და მეთოდები უფრო ადრე შემოდის ბიზანტიელი ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის, იოანე დამასკელის (VII-VIII სს.) გავლით. იოანე დამასკელის დიდი ნაშრომი „წყარო ცოდნისა“ მოიცავს სამ ნაწილს, ამათგან პირველი არის „დიალექტიკა“, რომელიც ორჯერ ითარგმნა ქართულად, პირველად ის ეფრემ მცირემ თარგმნა, მეორედ კი არსენ იყალთოელმა შეასრულა ამ ტექსტის თარგმანი. „დიალექტიკა“ ფილოსოფიური ნაშრომია, რომელიც აგებულია არისტოტელეს ფორმალური ლოგიკის მიხედვით, მისი მთავარი წყაროებია არისტოტელეს ექვსი ლოგიკური ნაშრომისგან შემდგარი კორპუსი „ორგანონი“ და III საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის პორფირის ფუნდამენტური ლოგიკური შრომა „ისაგოგე“ („არისტოტელეს კატეგორიათა შესავალი“). იოანე დამასკელის ეს ნაშრომი აყალიბებს მწყობრ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი ხდება ქრისტიანული სარწმუნოების დებულებების ახსნა, დასაბუთება და დაცვა არისტოტელეს ფილოსოფიური ენისა და ლოგიკური მეთოდების გამოყენებით. ამგვარად, ის შუა საუკუნეების ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთი მთავარი თეორიულ-მეთოდოლოგიური შრომაა.

შემთხვევით არ არის, რომ იოანე დამასკელის ეს ტექსტი ქართულად ორჯერ ითარგმნა. ჯერ კიდევ პირველ მთარგმნელს, ეფრემ მცირეს, კარგად ესმოდა ფილოსოფიური ინსტრუმენტების აუცილებლობა ქრისტიანული სარწმუნოების თეორიული დასაბუთებისათვის. ამიტომაც, თარგმანის შესავალში იგი ამბობს კიდეც - არც ფილოსოფია გამოდგება ღვთისმეტყველების გარეშე და არც პირიქითო. სავარაუდოა, რომ არსენის მიერ ამ ნაშრომის ხელახალი თარგმნა მხოლოდ ეფრემ მცირესეული თარგმანის ცალკეულ ნაკლოვანებებს არ უნდა უკავშირდებოდეს. ალბათ, ამ ტექსტის ხელახალი თარგმნა უფრო ფართო მსოფლმხედველობითი მოტივებით უნდა იყოს განპირობებული, კერძოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსენმა ეფრემის თარგმანი „პლატონური“ სულისკვეთების მქონედ მიიჩნია და შეეცადა, თავის თარგმანში უფრო მეტი აქცენტი გაეკეთებინა იოანე დამასკელის ნაშრომში გაშლილ არისტოტელეს ლოგიკურ მეთოდოლოგიასა და კონცეპტუალურ აპარატზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსაზრება უფრო მეტია, ვიდრე ვარაუდი, რამდენადაც თარგმანების შედარება ცალსახად აჩვენებს, რომ ეფრემმა და არსენმა ეს ტექსტი, ერთი მხრივ, სხვადასხვა რედაქციებიდან თარგმნეს, მეორე მხრივ კი თარგმანზე ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით იმუშავეს. ამგვარად, გონივრულია ვიფიქროთ შემდეგი: არსენს სურდა, რომ არისტოტელეს გაქრისტიანებული ფილოსოფია ქართულ ენაზე ადეკვატურად ყოფილიყო გადმოტანილი.

ეს მოსაზრება მყარდება მეორე გარემოებითაც. როგორც ზემოთ აღინიშნა, არსენ იყალთოელმა შეასრულა VIII-IX საუკუნეების არაბი ქრისტიანი ფილოსოფოსისა და თეოლოგის, თეოდორე აბუკურას ნაშრომების თარგმანიც. როგორც ჩანს, ამ არაბი მოაზროვნით იგი განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, რამდენადაც ქართულად თარგმნა მისი 35 ტრაქტატი და დიალოგი. ამ ინტერესს ჰქონდა ორი საფუძველი: 1) არაბულმა სამყარომ არისტოტელეს ფილოსოფიის ათვისება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე აღმოსავლურმა და სულ ბოლოს უკვე დასავლურმა ქრისტიანულმა კულტურებმა; ამდენად, განვითარებული შუა საუკუნეებისთვის არაბულ აზროვნებაში არისტოტელიზმი უკვე სოლიდურად იყო წარმოდგენილი. ამ კონტექსტში თეოდორე აბუკურა გამორჩეული ფიგურა იყო, ერთი მხრივ, იგი კარგად იცნობდა არისტოტელეს არაბული რეცეფციის ისტორიას, მეორე მხრივ კი, როგორც ქრისტიანი თავის ნაშრომებში ავითარებდა არისტოტელეს ფილოსოფიაზე, განსაკუთრებით კი ლოგიკაზე დაფუძნებულ ქრისტიანულ არგუმენტებს და მსჯელობებს. თავის დიალოგებში, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლებს ქრისტიანობის ჭეშმარიტებას უსაბუთებდა, იგი ხშირად მიმართავდა არა რელიგიურად ან მსოფლმხედველობითად მიკერძოებულ მსჯელობებს, არამედ ონტოლოგიური თეორიებისგან თავისუფალ ფორმალურ-ლოგიკურ მეთოდებს. ეს მომენტი, როგორც დამასკელის ნაშრომის შემთხვევაშიც გამოჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსენ იყალთოელისთვის, იგი იკვლევდა იმგვარ სისტემას, რომელიც ქრისტიანული ღმერთის არსებობის დასაბუთებას და მისი ბუნების ახსნას რელიგიური სივრცის მიღმაც შესაძლებელს გახდიდა. 2) გარდა უშუალოდ არისტოტელეს ლოგიკური სისტემის ქრისტიანული გამოყენების გააზრებისა, თეოდორე აბუკურა მისთვის საყურადღებო იყო კულტურული სპეციფიკის კონტექსტშიც. კერძოდ, აბუკურას ნაშრომები მოიცავს პაექრობებსა და პოლემიკებს მუსლიმებთან, მონოფიზიტ ქრისტიანებთან და იუდეველებთან. იმჟამინდელი საქართველოსთვის ამ სამივე რელიგიურ კულტურასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ამდენად, ბუნებრივია, რომ არსენ იყალთოელს სურდა ეჩვენებინა, ერთი მხრივ, რა კონტექსტებში შეიძლება წარმართულიყო ამ რელიგიურ მსოფლმხედველობებთან დიალოგი, ხოლო, მეორე მხრივ კი, როგორ შეიძლება ლოგიკური მეთოდებისა და ფილოსოფიური კონცეპტების გამოყენება რელიგიური შინაარსის პოლემიკებში.

სწორედ ამგვარი კვლევა-ძიების პრაქტიკული შედეგი უნდა იყოს „დოგმატიკონში“ დაცული ავტორწაუწერელი დიალოგი „ჴსენებაჲ სიტყჳს-გებისაჲ და სასჯელისაჲ შჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“, რომლის ავტორიც, სავარაუდოდ, თავად არსენ იყალთოელია. ტექსტში გადმოცემულია ქართველთა და არაბთა სარწმუნოებრივი პაექრობა და ის უნდა ასახავდეს ამ პერიოდის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს, როდესაც დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი და საქართველოს დედაქალაქში ქართველებისა და არაბების თანასწორუფლებიანი თანაცხოვრების პროცესი დაიწყო. ტექსტში ვინმე განსწავლული ქართველი ბერი, რომელიც არაბულ ენას ფლობს, მუსლიმ სწავლულებს უსაბუთებს ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებასა და მის უპირატესობებს, მასში განხილულია საკითხების ფართო წრე: იყო თუ არა მუჰამედი ღმერთის მიერ მოვლენილი, იწინასწარმეტყველა თუ არა ქრისტემ მუჰამედის მოსვლა, მარიამ ღვთისმშობლის ქალწულობის საკითხი და სხვა. ამ თხზულებაში არსენ იყალთოელი, სავარაუდოდ, თავისსავე პროტაგონისტს, ქართველ ბერს, აიარაღებს ლოგიკური არგუმენტებით, კაზუსებით და ამარჯვებინებს პაექრობაში.

გ) პოლიტიკური თეოლოგია

არსენ იყალთოელის აზროვნებაში მნიშვნელოვანი ადგილია უკავია პოლიტიკურ-თეოლოგიურ პარადიგმას, რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიო-ისტორიულ კონტექსტში საქართველოს განსაკუთრებულობის გამოკვეთას და მონარქის ძალაუფლების თეოლოგიურ ლეგიტიმაციას. ამ მხრივ აღსანიშნია ორი ტექსტი - „წმ. ნინოს ცხოვრება“ და „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“.

არსენის „წმ. ნინოს ცხოვრება“ მეტაფრასული ტექსტია, ავტორმა, ძველ წყაროზე დაყრდნობით, გარკვეულწილად თავისი ტექსტი შექმნა: ზოგი რამ გადააკეთა, ამოაკლო და დაამატა. წმ. ნინოს ცხოვრებისა და სამოციქულო მოღვაწეობის აღმწერელი რამდენიმე ძველი რედაქცია არსებობდა. არსენმა თავის მეტაფრასულ ტექსტში პოლიტიკურ-თეოლოგიური ელემენტები დაამატა.

„წმ. ნინოს ცხოვრებას“ არსენი პოლიტიკურ-თეოლოგიური განაცხადით იწყებს და ამბობს: ამ სამყაროს უფალმა და თვითმფლობელმა, მიწიერი ხელმწიფებისა და მთავრობის დამფუძნებელმა ღმერთმა განკაცება ინება თავის მიერ შექმნილთა გამოსახსნელად. დასაწყისშივე ღმერთსა და მეფეს შორის მიმართებაზე საუბრის მიზანია შეახსენოს მკითხველს, რომ: 1) სამყაროს უზენაესი მეუფება ღმერთისაა, 2) მიწიერი მეფობა ღმერთისგანაა. ამით იგი თითქოს თავიდანვე განმარტავს, თუ როგორ არის მოწყობილი სამყაროში ძალაუფლების ვერტიკალი; მიუთითებს მიწიერ სამეფოსა და ადამიანურ საქმეებში ღმერთისა თანამყოფობისა და მონაწილეობის შესახებ, რასაც საბოლოოდ განამტკიცებს ძის განკაცების და ადამიანთა გამოხსნის ხსენებით. იგი წარმოადგენს ერთგვარ მიწიერ და ზეციურ სამეფოთა მთლიანობის სურათს.

წმ. ნინოს წარმოშობის, სიყრმის და, საბოლოოდ, საქართველოში მისი მოსვლის არსენისეული აღწერები დიდწილად არ განსხვავდება სხვა ვერსიებისგან, თუ არ ჩავთვლით ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. ადრეულ ვერსიებში წმ. ნინოს მისიის საფუძველი გამოცხადებაა. მას ჯერ ჩაესმის ხმა, რომ წავიდეს ქართლში, ხოლო შემდგომ ეცხადება კაცი, რომელიც დაამოწმებს მის მისიას და გადასცემს გზავნილს ქართველებისადმი. არსენი ამას უმატებს სხვა გამოცხადებასაც. კერძოდ, წმ. ნინოს მარიამ ღვთისმშობელი ეცხადება. გამოცხადების აღწერამდე არსენი გვიყვება, რომ თავის დროზე სწორედ ღვთისმშობელს ხვდა წილად საქართველოს მოქცევა. მართალია, მიწიერი სიცოცხლისას ეს ვერ აღასრულა, მაგრამ მან მოხედა თავის წილხვედრ მიწას: ნეტარია ქართველთა მოდგმა, რამეთუ ის ღვთისმშობლის წილხვდომილად იწოდება. მარიამ ღვთისმშობელი მოუწოდებს წმ. ნინოს წავიდეს საქართველოში საქადაგებლად. არსენ იყალთოელი წმ. ნინოს მისიას კიდევ უფრო დიდ დატვირთვასა და მნიშვნელობას სძენს, ვიდრე სხვა, ძველ რედაქციებში იყო. ღვთისმშობლის წილხვდომილობა ქართველ ერს განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებდა ქრისტიანულ სამყაროში, რადგან ამით ხდებოდა მისი რჩეულობის დამოწმება. შესაბამისად, ეს მომენტი პოლიტიკური შინაარსის მატარებელიც არის და ის ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ერთ-ერთი საკვანძო დებულება ხდება. ეს იდეა ასეთი სრული სახით სწორედ არსენთან ყალიბდება. მანამდე ქართულ მწერლობაში ის გვხვდება მხოლოდ „ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“, რომლის ავტორიც ბერძნებსა და ქართველებზე მსჯელობის კონტექსტში მოკლედ წამოჭრის ამ საკითხს.

არსენის კიდევ ერთი პოლიტიკურ-თეოლოგიური ხედვა გადმოცემულია „რუის-ურბნისის ძეგლისწერის“ ერთ განყოფილებაში სათაურით - „დავითის შესხმა“. მასში ავტორი ავითარებს დავით აღმაშენებლის სახეს. იგი წარმოდგენილია როგორც იდეალური ხელმწიფე: დავითი არის საჩინო, როგორც მზე ვარსკვლავთა შორს; ნათელი, როგორც ელვა ღრუბელთა შორის; ძლიერი, როგორც ლომი მხეცთა შორის; სახელგანთქმული, როგორც ნებროთი გმირთა შორის; სამსონივით მხნე, აქილევსივით დაუმარცხებელი, სოლომონივით ბრძენი, ალექსანდრე დიდის მსგავსად უშიშარი და ა.შ. საქმე გვაქვს ამ ეპოქისათვის დამახასიათებელ სახოტბო ჟანრის ტექსტთან, თუმცა, მისი ერთი მონაკვეთი სცდება ამ ჟანრის მიღებულ ფორმებს, დავითი შედარებულია ქრისტესთან „კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის“. ბუნებრივია, რომ აქ არსენს პოლიტიკური მიზანდასახულობა ჰქონდეს. როგორც წესი, სახოტბო თხზულებები პოლიტიკური პროდუქტიც იყო, შუა საუკუნეებში სწორედ მათი მეშვეობით იქმნებოდა წარმოდგენები მეფეებზე, ფეოდალებსა თუ მეომრებზე.

არსენი დავითს და იესოს ადარებს კაცთმოყვარეობის კონტექსტში. ე.ი. დავითი ისეთივე კაცთმოყვარეა, როგორც იესო. ქრისტეს კაცთმოყვარეობა კარგად არის ახსნილი პავლე მოციქულთან: „აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალატ. 3,28). მაშასადამე, იესო ქრისტე ყველას ღმერთია, ყველას მეუფეა და სიტყვა კაცთმოყვარეობას აქვს გამაერთიანებელი საზრისი. კაცთმოყვარეობა აერთიანებს სხვადასხვა მოდგმის, სქესისა და მდგომარეობის ადამიანებს. ამრიგად, არსენი გვეუბნება რომ დავითი, როგორც მიწერი ხელმწიფე თავისი კაცთმოყვარეობით ისეთივე გამაერთიანებელია ადამიანებისა, როგორც ზეციური მეუფე იესო. კაცთმოყვარეობა ამ ზეციურ და მიწიერ მეუფებათა შემაკავშირებელი თვისებაა.

მაშასადამე, ერთი მხრივ, საქართველოს გაქრისტიანების ისტორიის მისეული შევსებით, არსენს ქართულ აზროვნებაში შემოაქვს ღვთისმშობლის წილხვდომილობის მსოფლხატი, რომელიც ავითარებს და ამდიდრებს ქართველი ერის რჩეულობის პოლიტიკურ-თეოლოგიურ პარადიგმას. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რამდენადაც დროთა განმავლობაში ეს რწმენა-წარმოდგენა ხდება ქართველი ხალხის ეროვნული იდენტობის არსებითი გამსაზღვრელი და მან იმდენად მყარად გაიდგა ფესვები ქართველთა ცნობიერებაში, რომ XXI საუკუნის ქართულ კულტურაშიც ცოცხალია.

მეორე მხრივ კი, არსენი აყალიბებს დავითის - როგორც იდეალური მეფის - სახეს. დავითისა და იესო ქრისტეს კაცთმოყვარეობის შედარებით იგი დავითს წარმოაჩენს სხვადასხვა მოდგმისა და რჯულის ხალხების გამაერთიანებლად, რომელიც სწორედ თავისი კაცთმოყვარე ბუნებით, მამასავით იკრებს შვილებს თავის წიაღში, რითაც, ფაქტობრივად, ქართველი მონარქის მიწიერი მეუფების განვრცობის ფართო პერსპექტივას სახავს.

3 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა). არსენ იყალთოელის შრომები

• დოგმატიკონი. [ტ.] 1, ანასტასი სინელი წინამძღუარი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ნ. ჩიკვატიამ, მ. რაფავამ, დ. შენგელიამ. გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ნ. ჩიკვატიამ, დ. შენგელიამ, რედაქტორი - დ. მელიქიშვილი, თბილისი, 2015 წ.

• დოგმატიკონი. [ტ.] 2, ნიკიტა სტითატი თხზულებანი, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მ. რაფავამ; ტექსტები „აღსავალთათვის“, „სულისათვის“ და „სამოთხისათვის“ გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მ. კასრაძემ. ლექსიკონი და საძიებლები მოამზადეს მ. რაფავამ და ნ. ჩიკვატიამ, თბილისი, 2013 წ.

• დოგმატიკონი. [ტ.] 3, გამოკრებანი წამებათანი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო დ. შენგელიამ, რედაქტორი - მ. რაფავა, თბილისი, 2015 წ.

• ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი, რომელმან ქადაგა ქრისტე, ღმერთი ჩუენი, ქუეყანასა ჩრდილოჲსასა და განანათლა ნათესავი ქართველთაჲ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ტექსტები, ტ. III, რედაქტორი - ი. აბულაძე, თბილისი, 1971 წ.

(ბ). სამეცნიერო ლიტერატურა არსენ იყალთოელის შესახებ

ალექსიძე, ზ.: არსენი ვაჩეს ძე, მრავალთავი: ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი [ეძღვნება მიხეილ ქავთარიას ხსოვნას. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი], N26 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 193-204.

გაბიძაშვილი, ე.: 14-ტიტლოვანი ნომოკანონის ქართული თარგმანი „დიდი სჯულისკანონი“, შრომები, ტ. 1: მონოგრაფიული ნარკვევები, თბილისი, 2010 წ., გვ. 54-144.

გაბიძაშვილი, ე.: „დიდი სჯულისკანონის“ კვალი რუის-ურბნისის კრების „ძეგლისწერაში“, კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი მიძღვნილი ზაზა ალექსიძის დაბადების 75 წლისთავისადმი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მთავარი რედაქტორი - დ. ჩიტუნაშვილი. თბილისი, 2012 წ., გვ. 186-199.

ირემაძე, თ., შნაიდერი, ჰ., ზაქარაძე, ლ. [და სხვ.]: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი, 2016 წ.

კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი, 1960 წ.

ლოლაშვილი, ივ.: არსენ იყალთოელი: ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, 1978 წ.

რაფავა, მ.: ნიკიტა სტითატის მხოლოდ ქართული თარგმანით ცნობილი ნაშრომი „სათნოებითთა აღსავალთათჳს“. საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები: თბილისის სასულიერო აკადემია, N12-13 (თბილისი, 2022 წ.), გვ. 42-55.

რაფავა, მ.: ნიკიტა სტითატის ეპისტოლეების ქართული თარგმანები, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, N3 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 127-145.

შანიძე, მ.: „ცხოვრებაი მეფეთმეფისა დავითისა“ და „ხრონოღრაფი“ზოგიერთი ტექსტობრივი პარალელი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები: საქართველოს საპატრიარქო, N2 (თბილისი, 2016 წ.), გვ. 131–154.

ხახანაშვილი, ა.: არსენ იყალთოელი, ქართული სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდგან მე-XVIII საუკ. გასულამდე), ტფილისი, 1904 წ., გვ. 268-270.

ხიდაშელი, შ.: არსენ იყალთოელი. ქართველ ფილოსოფოსთა ლექსიკონი. პერსონალია, თბილისი, 2000 წ., გვ. 19-20.

ხინთიბიძე, ე.: ქართულ ენაზე თარგმნილი ბიზანტიური ლიტერატურა: დიდი ქართველი მთარგმნელები: არსენ იყალთოელი. ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბილისი, 1982 წ., გვ. 120-123.

ხუროშვილი, გ.: პოლიტიკური თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი, 2022 წ.

Gabidzashvili, E.: Arsen of Ikalto, Christian-Muslim relations: a bibliographical history, ed. by D. Thomas, A. Mallett, Leiden: Brill, 2011, pp. 383-386.

Gabidzashvili, E.: Arsen Ikaltoeli. In: Enciclopedia dei santi: Le Chiese orientali. Vol. I. (A - Gio), Roma: Città Nuova, 1998.

Hampel, A.: Arsen v. Iqalto. In: Lexikon für Theologie und Kirche, ed. M. Buchberger, W. Kasper, 3., völlig neu bearb. Aufl., Bd. 1, Freiburg – Basel – Rom - Wien: Verlag Herder, 1993.

Khintibidze, E.: Georgian Byzantine Literary Contacts, Amsterdam: Hakkert–Publisher, 1989.

Khuroshvili, G.: Conceptions of Political Thought in Medieval Georgia (David IV “the Builder”, Arsen of Ikalto). In: Veritas et Subtilitas. Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), ed. by T. Iremadze and U. R. Jeck, Amsterdam – Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2018, pp. 149-156.