2023-12-02 გიორგი ხუროშვილი

პოლიტიკური თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში

1 -ცნების განსაზღვრება და მოკლე ისტორია

აკადემიური თვალსაზრისით პოლიტიკური თეოლოგია შედარებით ახალი დარგია, რომლის შინაარსიც ხშირად სხვადასხვაგვარად განიმარტება; მისი საზღვრები ჯერაც არ არის მკაცრად დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ ფენომენი ძალზე ძველია, რამდენიმე ათას წელს ითვლის და მოსეს ხუთწიგნეულიდან იღებს სათავეს. ფართოდ შეთანხმებული შეხედულებით, პოლიტიკური თეოლოგია არის ცნება, რომელიც გამოიყენება პოლიტიკაში თეოლოგიური იდეების განხორციელების და პოლიტიკური პროცესის თეოლოგიური გამართლების პრაქტიკის აღსანიშნად. კაცობრიობის ისტორიაში, სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში, თეოლოგიური აზრი და დებულებები ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური სისტემების, ქმედებებისა და მიზნების ლეგიტიმაციისათვის. გარდა ამისა, რელიგიური რწმენა არაერთგზის გამხდარა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების შინაარსის განმაპირობებელი, ერებისა და ქვეყნების ბედის განმსაზღვრელი. პოლიტიკური თეოლოგია სწორედ ამ და მსგავსი ფენომენების სისტემურ ერთობლიობას სწავლობს და აღნიშნავს. სტრუქტურულად პოლიტიკური თეოლოგია ფილოსოფიისა და თეოლოგიის ნაზავია და მისი ფორმირების პროცესში დიდი დოზით მონაწილეობს ფილოსოფიის მთავარი განშტოებები - მეტაფიზიკა და პოლიტიკური ფილოსოფია.

ქრისტიანულ სამყაროში პოლიტიკური თეოლოგიის ფენომენი ჩნდება პავლე მოციქულთან, მისი შემდგომი განვითარება კი ხორციელდება ისეთ მნიშვნელოვან ქრისტიან მოაზროვნეებთან, როგორებიც იყვნენ: ევსები კესარიელი, ირინეოს ლიონელი, ნეტარი ავგუსტინე, თომა აქვინელი და სხვ. უშუალოდ ცნება „პოლიტიკური თეოლოგია“ (ლათ. „theologia civilis“) ეკუთვნის რომაელ სწავლულს მარკუს ტერენციუს ვარონს, რომელმაც ის გამოიყენა თავის ნაშრომში „ადამიანურ და ღვთაებრივ საგანთა სიძველენი“ (Antiquitates rerum humanarum et divinarum). თუმცა, მისი ეს თხზულება დაიკარგა და, ალბათ, ეს ცნებაც თავიდან იქნებოდა შესაქმნელი, რომ არა ნეტარი ავგუსტინე, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ ნაშრომში („ღვთის ქალაქი“, წიგნი VI) მიუთითებს ვარონის ამ დაკარგულ ტექსტზე და განიხილავს აღნიშნულ ცნებას.

შუა საუკუნეების დასავლურ ქრისტიანულ აზროვნებაში პოლიტიკურ-თეოლოგიური აზროვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია თომა აქვინელის დაუსრულებელი ნაშრომი „მეფობის შესახებ, კვიპროსის მეფეს“ (De regno, ad regem Cypri), სადაც მონარქის აბსოლუტური ძალაუფლების კონცეფციაა განვითარებული. XVII საუკუნეში კი ნიდერლანდელმა ფილოსოფოსმა ბარუხ სპინოზამ თავის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს უწოდა „თეოლოგიურ-პოლიტიკური ტრაქტატი“ (Tractatus Theologico-Politicus); თუმცა, სპინოზას ეს ნაშრომი, გარდა იმისა, რომ თავისი სულისკვეთებით ზოგადად ანტითეოლოგიურია, პოლიტიკური თეოლოგიის კლასიკურ პარადიგმას მკაცრად ემიჯნება და პოლიტიკური ცხოვრების ორგანიზების სეკულარულ პრინციპებს ავითარებს.

პოლიტიკური თეოლოგიის აკადემიური დაფუძნება უკავშირდება გერმანელ ფილოსოფოსს კარლ შმიტს, რომელმაც 1922 წელს გამოსცა ნაშრომი სათაურით: „პოლიტიკური თეოლოგია. ოთხი თავი სუვერენიტეტის შესახებ მოძღვრებაზე“ (Politische Theologie. Vier Kapitel zur Lehre von der Souveränität). შმიტის ეს ნაშრომი ერთგვარი პასუხი იყო რუსი ანარქისტის, მიხაილ ბაკუნინის ესსეზე „მაზარინის პოლიტიკური თეოლოგია და ინტერნაციონალი“ (1871 წ.). კარლ შმიტი განიხილავს პოლიტიკური ლიდერის სახეს, სამართლებრივი წესრიგის ნორმებს და პოლიტიკური ფორს-მაჟორის მდგომარეობას, ასევე, ავითარებს სახელმწიფოში სუვერენის ძალაუფლების თეორიულ საფუძვლებს.

2 -შუა საუკუნეების ქართული აზროვნება

ქართული პოლიტიკურ-თეოლოგიური აზროვნების დასაწყისის დადგენა საკმაოდ რთულია ორი მიზეზის გამო: 1) ქართული აზროვნების ისტორიის მოზაიკა დარღვეულია; სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი ტექსტი დაკარგულიყო; გარდა ამისა, ქართული აზროვნების სხვადასხვა ეტაპები შესაბამისი წყაროებით არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული „ქართლის ცხოვრებაში“. 2) მართალია, ამავე თხზულებაში ბევრგან შევხვდებით საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური შინაარსის პასაჟებს, მაგრამ, ხშირად, ლაკონური გადმოცემის სტილის გამო, პოლიტიკურ კონტექსტებში ისინი პირდაპირ ვერ ჯდება.

„ქართლის ცხოვრების“ ადრეულ ტექსტებში, კერძოდ, ჯუანშერის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ აღწერილია ამ ქართველი მონარქის სახე, სადაც ის წარმოჩენილია როგორც იდეალური ქრისტიანი მეფე, რომელიც ყრმობიდანვე იზრდებოდა ბიბლიური დავით მეფისა და იმპერატორ კონსტანტინე დიდის ცხოვრების მაგალითებზე. აღწერაში იგი შემკულია მრავალი ქრისტიანული სათნოებით. იდეალური მმართველი პოლიტიკური თეოლოგიის ერთ-ერთი საკვანძო თემაა, მაგრამ, რამდენადაც ქართველი ისტორიკოსი უფრო შორს აღარ მიდის და მხოლოდ მეფის ზოგადი დახასიათებით შემოიფარგლება, მხოლოდ ამ გადმოცემას ქართულ აზროვნებაში პოლიტიკური თეოლოგიის დაბადების მომენტად ვერ ჩავთვლით.

„ახალი აღთქმის“ წიგნებში პოლიტიკური თეოლოგიის ელემენტები გვხვდება პავლე მოციქულთან, კერძოდ, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც წმ. პავლე მიწიერი ძალაუფლების ლეგიტიმაციას გვთავაზობს: „დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება“ [...] „რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ. ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც“ (რომაელთა მიმართ, 13: 1-2, 4-5).

აშკარაა, რომ პავლე მოციქული, რომელიც ჩინებულად იყო განსწავლული იუდეურ ტრადიციაში, აქ სწორედ ამ უკანასკნელს ეყრდნობა და ქრისტიანულ კონტექსტში ავითარებს მეფობის ძველაღთქმისეულ პარადიგმას. რამდენადაც საქართველოში ბიბლიის წიგნების თარგმნა ქრისტიანობის მიღებიდან მალევე იწყება, სავარაუდოა, რომ საქართველოში უნდა ჰქონოდათ წარმოდგენები მიწიერ და ღვთაებრივ მეუფებათა ბიბლიური მიმართებების შესახებ, ოღონდ არა იმდენად პავლენიდან, არამედ უფრო მოსეს ხუთწიგნეულიდან, რომელიც უფრო ადრე ითარგმნა.

რადგან ადრეულ ქართულ აზროვნებაში პოლიტიკური თეოლოგიის თვალსაჩინო ნიმუშები არ გვხვდება, ლოგიკურად და მეთოდოლოგიურადაც გამართლებული იქნება, რომ საქართველოში პოლიტიკური თეოლოგიის ათვლის წერტილად მივიჩნიოთ ის პერიოდი, როდესაც აშკარა პოლიტიკურ-თეოლოგიური იდეების შემცველი პირველი ტექსტები შეიქმნა.

ქართული პოლიტიკური თეოლოგიის კონცეფციის პირველი კონტურები ყალიბდება X საუკუნეში, იოანე-ზოსიმესთან და გიორგი მერჩულესთან. ამ პათოსის იდეები შეინიშნება X-XI საუკუნეების ღვთისმეტყველთან, ექვთიმე ათონელთან, მის სხვადასხვაგვარ განვითარებას შევხვდებით XI საუკუნეში ლეონტი მროველთან და ამავე პერიოდის ისტორიკოსთან სუმბატ დავითის ძესთან. XII საუკუნეში პოლიტიკურ-თეოლოგიური იდეები მოცემულია დავით აღმაშენებელთან, არსენ იყალთოელთან, ნიკოლოზ გულაბერისძესთან, შოთა რუსთაველთან, ჩახრუხაძესთან, იოანე შავთელთან, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ისტორიკოსებთან - დავითის ქრონიკების უცნობ ავტორთან, ბასილი ეზოსმოძღვართან, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობ ავტორთან. ამგვარად, პოლიტიკური თეოლოგია შუა საუკუნეების ქართული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გვევლინება. პოლიტიკური თეოლოგიის ეს კონცეფცია რამდენიმე საკვანძო დებულებას მოიცავდა: 1) ქართველი მეფეები ბიბლიური წარმომავლობის არიან და ამგვარად სწორედ ისინი უდგანან სათავეში „ქრისტეს მიწიერ სამეფოს“; 2) ქართულ ენაში დავანებულია დიდი საიდუმლო, ის ღმერთისაგან შემკული და კურთხეული ენაა, ხოლო საქართველო კი ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწაა; 3) საქართველოს სამეფოს ღმერთისგან აქვს დაკისრებული მნიშვნელოვანი მისია, რომლის აღსრულებაც ქართველ მეფეთა მოვალეობაა. ეს თეზისები სხვადასხვა ფორმულირებითა და რაკურსით არის წარმოდგენილი ზემოხსენებულ ავტორთა შემოქმედებაში. მეტიც, ამ პერიოდში იშვიათია ტექსტი, რომელშიც პოლიტიკური თეოლოგიის კონცეფციის გარკვეული ფრაგმენტი მაინც არ იყოს ჩართული და, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია არცერთ ავტორთან არ არის სრულყოფილად გაშლილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებას უწყვეტ ხაზად გასდევს. ქვემოთ წარმოვადგენთ ქართული პოლიტიკურ-თეოლოგიური აზროვნების რამდენიმე საწყისისეულ იდეას:

იოანე-ზოსიმე ჰიმნში „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ მიიჩნევდა, რომ ქართველ ერს მსოფლიო ისტორიული პროცესის განხორციელებაში აკისრია ესქატოლოგიური მისია, შეინახოს ღვთისაგან რჩეული ენა ბოლო ჟამისათვის. ქართველი ერის ამ მისიას აქვს ბიბლიური საფუძვლები; ლაზარეს აღდგინების სახარებისეულ ეპიზოდში აღწერილია ის, რაც მომავალშიც განმეორდება. ამდენად, ეს ერთგვარი წინასწარმეტყველებაცაა, რომლის შესრულებაც მოხდება ღმერთის მიერ ქართული ენის აღდგინებით. საქართველო, სახელმწიფოებრივ დონეზე, ქრისტიანობის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელია და, ამიტომაც, ის მსოფლიო ქრისტიანული სამყაროს ცენტრია.

გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ავითარებს „დიდი საქართველოს“ იდეას და ამბობს, რომ საქართველოა იქ, სადაც ქართულ ენაზე აღევლინება ქრისტიანული წირვა და ყველა ის ადგილი, სადაც ქართულად ლოცულობენ, არის ქართული იდენტობის მქონე. მასთან საქართველო არ არის შემოფარგლული საზღვრებით. გიორგი მერჩულეს თანახმად, მეფობით ადამიანი მიემსგავსება ღმერთს. ხალხის წინამძღოლობა არის სამყაროსთან ღმერთის მიმართების ეკვივალენტი. მიწიერი მეფობა ღმერთის მიერაა დაფუძნებული და იმეორებს სამყაროს მეუფების ღვთაებრივ მოდელს. ქართველი მეფე არა მხოლოდ ღვთისაგან ხელდასხმულია, ისე როგორც ყველა სხვა ქრისტიანი მეფე, არამედ ის ბიბლიურ მეფეთა შთამომავალია და ბიბლიური ხელმწიფების გზის გამგრძელებელია.

სუმბატ დავითის ძე დაწვრილებით აღწერს საქართველოს ბაგრატიონ მეფეთა ბიბლიურ ფესვებს თავის ნაშრომში: „ცხოვრება და უწყება ქართველთა მეფეების, ბაგრატიონების შესახებ, თუ საიდან მოვიდნენ ისინი ამ ქვეყანაში, ანუ რა დროიდან ფლობენ ქართლში მეფობას“. ეს ტექსტი „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი წიგნია, მასში ავტორი იმეორებს ბიბლიურ ტექსტებში გადმოცემულ ადამის გენეალოგიურ შტოს დავით წინასწარმეტყველამდე და მის შემდგომ, რის საფუძველზეც ამბობს, რომ ბაგრატიონთა სახლის ფუძემდებელია ამ შტოს შთამომავალი „ჰურია“ გუარამი, რომელიც „ფილისტიმთა ქვეყნიდან“ ჩამოვიდა ქართლში და გახდა ქართლის ერისთავი. ამით იგი ბაგრატიონთა დინასტიის მეფობის პოლიტიკურ-თეოლოგიურ ლეგიტიმაციას ახორციელებს.

არსენ იყალთოელს თავისი მეტაფრასული ტექსტით „ნინოს ცხოვრება“ ქართულ აზროვნებაში შემოაქვს ღვთისმშობლის წილხვდომილობის მსოფლხატი, რომელიც ავითარებს და ამდიდრებს ქართველი ერის „რჩეულობის“ პოლიტიკურ-თეოლოგიურ პარადიგმას. დროთა განმავლობაში, ეს რწმენა-წარმოდგენა ხდება ქართველების ეროვნული იდენტობის არსებითი გამსაზღვრელი. გარდა ამისა, არსენი აყალიბებს დავითის IV-ის, როგორც იდეალური მეფის სახეს. „დავითის შესხმაში“ იგი მას წარმოაჩენს სხვადასხვა მოდგმისა და რჯულის ხალხების გამაერთიანებლად, რომელიც თავისი კაცთმოყვარე ბუნებით ემსგავსება ღმერთს (იესოს) და მამასავით სიყვარულით იკრებს შვილებს თავის წიაღში, რითაც სახავს ქართველი მონარქის ძალაუფლების განვრცობის ფართო პერსპექტივას.

3 -სამეცნიერო ლიტერატურა

• ბენიამინი, ვ.: პოლიტიკურ-თეოლოგიური ფრაგმენტი, გერმანულიდან თარგმნა თ. ირემაძემ, წიგნში: თენგიზ ირემაძე - ვალტერ ბენიამინი: ცხოვრება, მოღვაწეობა, აქტუალობა, თბილისი: „ნეკერი“, 2008 წ., გვ. 85-87.

• გოგატიშვილი, მ.: ბერთოლდ მოსბურგელის ფილოსოფიის თენგიზ ირემაძისეული ინტერპრეტაცია, კლოდ ლეფორის „თეოლოგიურ-პოლიტიკური მატრიცა“ და „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“, კრებულში: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, თბილისი: „ნეკერი“, 2009 წ., გვ. 111-118.

• გოგატიშვილი, მ.: შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიურ-პოლიტიკური პარადიგმები, კრებულში: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016., გვ. 164-178.

• გოგატიშვილი, მ., სახელმწიფოს კონსტრუირების რელიგიური პრინციპი, კრებულში: ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 161-184.

პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ, რედაქტორი - გ. ზედანია, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2012 წ.

• ხუროშვილი, გ.: პოლიტიკა და რელიგია შუა საუკუნეების საქართველოში (დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, არსენ იყალთოელი), კრებულში: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 71-86.

• ხუროშვილი, გ.: ღვთისა და ადამიანის ქალაქთა კონფლიქტი ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევში; კრებულში: ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი, რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ., გვ. 176-185.

• ხუროშვილი, გ.: პოლიტიკური თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2022 წ.

• Agamben, G.: Homo Sacer: Sovereign Power and Bare Life, translated by D. Heller-Roazen, Stanford University Press, 1998.

• Khuroshvili, G.: Conceptions of Political Thought in Medieval Georgia (David IV “the Builder”, Arsen of Ikalto), in: Veritas et subtilitas. Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), ed. by T. Iremadze and U. R. Jeck, Amsterdam/Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2018, pp. 149-156.

• Schmitt, C.: Political Theology: Four Chapters on the Concept of Sovereignty, translated by G. Schwab, University of Chicago Press, 2006.

• Taubes, J.: The Political Theology of Paul, translated by D. Hollander, Stanford University Press, 2003.