2023-12-21 ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი)

1 -ცხოვრება

ნესტორ ყუბანეიშვილი დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფ. მუხაყრუაში (დღევანდელი სამტრედიის რაიონი), 1853 წლის 5 სექტემბერს; 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1877 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წლიდან ნესტორ ყუბანეიშვილი მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოს, 1882 წლიდან კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებში; 1883 წელს ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მას იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ხელი დაასხა დიაკვნად; იმავე წელს მანვე აკურთხა მღვდლად; 1884 წელს ნესტორ ყუბანეიშვილმა ბარსაჯავახოს ეკლესიასთან სამრევლო სკოლა გახსნა, სადაც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა; 1887 წლიდან იგი ჯერ ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, შემდგომ კი ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია, სადაც სამრევლო სკოლა გახსნა. ამ პერიოდში იგი ეპარქიაში სხვადასხვა თანამდებობასაც იკავებს; 1906 წელს მიანიჭეს დეკანოზის ხარისხი, რის შემდეგაც ნესტორ ყუბანეიშვილი მსახურობდა ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძარში. 1910 წელს იგი მონაზვნად აღიკვეცა, რის შემდეგაც მოღვაწეობდა ჯერ მოწამეთას (სადაც ხარების ტაძარი განაახლა), შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში (შუამთა, ალავერდი და სხვ.). მოგვიანებით, 1917 წელს, უკვე არქიმანდრიტი, იგი ბრუნდება მოწამეთაში, ერთი წლის შემდგომ კი გელათის მონასტრის წინამძღვარი ხდება. 1924 წელს არქიმანდრიტ ნესტორს ხელი დაასხეს ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად; 1926 წლიდან იგი ჭყონდიდელი მღვდელმთავარია; 1926 წელს ეპისკოპოსი ნესტორი მონაწილეობდა ქუთაისის საეკლესიო კრებაში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსის (ხელაია) წინააღმდეგ მოქმედებდა. 1928-1929 წლებში იგი, როგორც მღვდელმთავარი, ჯერ ცაგერში, შემდგომ კი წილკანში მოღვაწეობს; 1930 წელს კი, პირადი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გადის.

ეპისკოპოსი ნესტორი გარდაიცვალა 1938 წლის 15 ივნისს, 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისში, სამების ეკლესიის გალავანში.

2 -მოღვაწეობა

ეპისკოპოს ნესტორის მოღვაწეობა განსაკუთრებით საინტერესოა XX საუკუნის დასაწყისის ქართულ საეკლესიო სივრცეში ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო საქმიანობის ჭრილში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იყო შემდეგი საზოგადოებების წევრი: საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდეგენელი საზოგადოება, უპატრონო ბავშვთა დამხმარე საზოგადოება და სხვ. აღსანიშნავია, რომ მან ოღასკურში საკუთარი ხარჯებით ააგო ქვის მცირე ტაძარი წმინდა თეკლას სახელზე.

თუმცა კი, უპირველესად, მაინც ეპისკოპოს ნესტორის სამწერლობო მოღვაწეობა უნდა აღინიშნოს. მის კალამს ეკუთვნის არაერთი საგანმანათლებლო-სასულიერო თხზულება, რომელიც მიზნად ისახავდა მრევლში ქრისტიანული ცოდნის გავრცელებას. იგი გახლდათ შემოქმედი არაერთი საყურადღებო და, ამასთანავე, უაღრესად სასარგებლო ნაშრომისა, მათ შორის, 1885 წელს გამოცემული საღვთისმეტყველო კრებულისა, რომელშიც შედის შემდეგი თხზულებები: „სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად“, „ახსნითი ლოცვანი“, „ათი მცნება და სიმვოლო სარწმუნოებისა“, „საიდუმლოების აღსნა“, „შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია“, „ქრისტეს სწავლის გავრცელება“, „ქრისტეს ეკლესია და პირველი ქრისტიანების ცხოვრება“. გარდა ამისა, აღსანიშნავია შემდეგი თხზულებებიც: „ღირსი მამა დავით გარეჯელი“ (1893 წ.), „გზა ცხოვრებისა“ (1901 წ.) და სხვ. ნესტორ ყუბანეიშვილის თხზულებები და ქადაგებები ხშირად იბეჭდებოდა პერიოდული გამოცემების („მწყემსი“, „შინაური საქმეები“, „ივერია“ და სხვ.) ფურცლებზეც.

ნესტორ ყუბანეიშვილის თხზულებები საზოგადოებაში ქრისტიანული განათლების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად. თანაც, მის თხზულებებში, უმეტესწილად, ქრისტიანული სარწმუნოების ელემენტარული, საბაზისო დებულებებია წარმოდგენილი, რაც იმის ნათელი დასტურიცაა, რომ იმ დროის საქართველოში სასულიერო განათლების დიდი დეფიციტი შეინიშნებოდა. მეორე მხრივ, ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ გაწეული ღვაწლი მეტყველებს ავტორის დიდ მისიონერულ ღირსებაზე: ის მიზნად ისახავს მომავალი თაობის განსწავლასა და ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მტკიცე საფუძვლის შექმნას. მის თხზულებებში უნდა ამოვიკითხოთ სამოძღვრო მსახურების ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტიც: იგი სულიერი ზრდის საფუძვლად სარწმუნოებრივ განათლებას მიიჩნევს. ნესტორ ყუბანეიშვილის კატეხეტიკური თხზულებები ძალზედ მარტივი ენითაა დაწერილი. მაგალითად, იგი განიხილავს ქრისტიანობის ისეთ საფუძველმდებარე სწავლებებს, როგორიცაა სიმბოლო სარწმუნოებისა ან საუფლო ლოცვა. მრწამსის განმარტებისას ნესტორ ყუბანეიშვილი მუხლობრივ ანალიზს გვთავაზობს, რომელიც მოკლე, თუმცა კი, ცხად ხასიათს ატარებს. ასევე, მოკლე, მაგრამ, გარკვეულწილად, დამრიგებლურ ფორმას ატარებს საუფლო ლოცვის განმარტებებიც. მის თხზულებებში მოცემულია სხვადასხვა ქრისტიანული სათნოების ანალიზიც (მაგალითად, სიყვარულისა და სასოების). მასთან შევხვდებით ათი მცნების განხილვასაც, რაც ეთიკური სწავლების ჭრილშია განხორციელებული. კატეხეტიკურად უნდა ჩაითვალოს ნესტორ ყუბანეიშვილის ის თხზულებებიც, სადაც იგი წმინდა წერილის ისტორიების შემოკლებულ, მარტივ გადმოცემას გვაწვდის. მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ეს ასპექტი მომავალ თაობებში წმინდა წერილის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

საყურადღებოა ნესტორ ყუბანეიშვილის შემოქმედებაში ისეთ სოციალურ ასპექტთა ქრისტიანულ ჭრილში განხილვა, როგორიცაა ქორწინება. აქ საუბარია მამაკაცისა და ქალის ოჯახური თანაცხოვრების ბუნებრივ საფუძველსა და, ასევე, ქალწულებასა და ქორწინებას შორის არჩევანზე, რაც წმინდა წერილის აქტიურ დამოწმებას ეფუძნება. ნესტორ ყუბანეიშვილი წმინდა წერილის სიღრმისეულ ცოდნას ავლენს, რამდენადაც ადეკვატურად იმოწმებს საკუთარი დებულებების გასამყარებლად როგორც ახალი, ისე ძველი აღთქმის სხვადასხვა წიგნებს. ოჯახი მასთან განიხილება საზოგადოების მართებული ფორმირების წყაროდ, ოჯახური თანაცხოვრებისთვის მიყენებული ზიანი კი საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებად არის წარმოჩენილი. ქორწინების, როგორც ადამიანების ერთმანეთისადმი ერთგულებისა და ზრუნვის მაგალითზე ნესტორ ყუბანეიშვილი განიხილავს ადამიანის ცოდვის საფუძვლებს და წმინდა წერილის ცალკეული პასაჟების საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობს, სადაც, მაგალითად, შეცოდების პირველსაფუძვლებზე მსჯელობს ადამიანის განზრახულებაზე მითითებით. ოჯახური თანაცხოვრების მისეულ ანალიზში იგრძნობა გარკვეული იერარქია ქმარსა და ცოლს შორის, თუმცა, ყოველივე ეს არ ტოვებს დაქვემდებარების უარყოფით შთაბეჭდილებას, რამდენადაც ოჯახური ცხოვრება ადამიანის ბედნიერების ერთ-ერთ საფუძვლად არის დასახული.

ნესტორ ყუბანეიშვილის ლიტერატურული საქმიანობიდან აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი „გზა ცხოვრებისა“ - ერთგვარი ზნეობრივი სახელმძღვანელო, რომელიც, როგორც წინასიტყვაობიდან ჩანს, მიზნად ისახავს მოსახლეობაში ქრისტიანული ცნობიერების ამაღლებას არსებული მწირი ქართულენოვანი ლიტერატურის ფონზე. ავტორის აზრით, მრავალფეროვანი სასულიერო ლიტერატურის გავრცელება მოსახლეობაში ხელს შეუწყობს ქრისტიანული ზნეობის განმტკიცებას. ეს თხზულება კრებულია ისტორიებისა სხვადასხვა წმინდანთა ცხოვრებიდან, თითოეულ ისტორიაში კი ხაზგასმულია კონკრეტული ქრისტიანული სათნოება თუ მანკიერებებთან ბრძოლის გზები. ცენტრალურ თემებს აქ ისეთი ქრისტიანული კატეგორიები წარმოადგენენ, როგორიცაა სიყვარული, მოწყალება, ლოცვა, სინანული და ა.შ. უნდა ითქვას, რომ თხზულება არ გამოირჩევა განსაკუთრებული საღვთისმეტყველო სიღრმით, ზოგჯერ, აქ ტიპურად „იურიდიულ“ მიდგომებსაც ვხდებით, ჯილდოს მოლოდინისა და სასჯელის შიშს რომ ეფუძნება, თუმცა კი, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თხზულება ფართო საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი და, ასევე, ყოველი თხრობა გამყარებულია წმინდაწერილისეული ციტატების მოხმობით. შესაბამისად, მისი მიზნიდან და განზრახულებიდან (სხვადასხვა კატეგორიის ხალხში ქრისტიანული ცნობიერების ამაღლება) გამომდინარე, „გზა ცხოვრებისა“ უდავოდ იმსახურებს დადებით შეფასებას.

ნესტორ ყუბანეიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. მის მიერ ქართულად ითარგმნა ანატოლ ლერუა ბოლიეს (1842-1912 წწ.) „ქრისტიანობა და დემოკრატია, ქრისტიანობა და სოციალიზმი“ (პარიზი, 1905 წ.). ნესტორ ყუბანეიშვილის ეს თარგმანი შესრულებულია ს. ტროიცკის მიერ ფრანგულიდან რუსულად ნათარგმნი ტექსტიდან. ამ თარგმანის შესრულება, ვფიქრობთ, განპირობებული უნდა ყოფილიყო ნესტორ ყუბანეიშვილის თანამედროვეობაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური დუღილით ქართულ საზოგადოებაში. ნაშრომში წარმოდგენილია ქრისტიანული რელიგიისა და დემოკრატიული წყობილების ურთიერთმიმართების ანალიზი; ასახულია მათ შორის დაპირისპირება (ევროპული საზოგადოების მაგალითზე) და მისი წყაროები, რომლებიც ჩაფესვილნი არიან, ერთი მხრივ, ადამიანის არსის განსხვავებულ გაგებასა და, მეორე მხრივ, სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებში. ნაშრომში, ასევე, წარმოდგენილია ამ ორი სივრცის თანამშრომლობის შესაძლებლობაც (ამერიკის მაგალითზე), სადაც ხაზი ესმება ქრისტიანობის როლს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში. რაც შეეხება სოციალიზმთან ქრისტიანობის მიმართებას, აქ მკვეთრ განსხვავებას და შეუსაბამობასაც კი ესმება ხაზი. მეტიც, სოციალიზმი ნაშრომში დასახულია როგორც ადამიანთა საზოგადოებისთვის მავნებელი, საბედისწერო მოძრაობა.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ნესტორ ყუბანეიშვილმა, XX საუკუნის დასაწყისში, თავისი საღვთისმეტყველო თხზულებებით დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული განათლების ხელშეწყობის საქმეში. მისი ნაშრომებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ზნეობრივი შეგონების ხასიათი, რაც წმინდა წერილის სიღრმისეული ცოდნა/დამოწმებით განსაკუთრებულ ძალმოსილებას იძენს. შესაბამისად, ნესტორ ყუბანეიშვილი თავის კუთვნილ ადგილს იკავებს იმ პერიოდის ქართველ ქრისტიან მოაზროვნეთა შორის.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• ბოლიე, ა. ლ.: ა. ქრისტიანობა და დემოკრატია, ბ. ქრისტიანობა და სოციალიზმი, რუსულიდგან გადმოღებული დ. ნ. ყუბანეიშვილის მიერ, ქუთაისი: „ფერაძისა და კარნაუხოვის სტამბა“, 1907 წ.

• ვარდოსანიძე, ს.: ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი), წიგნში: ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), თბილისი: „ნათლისმცემელი“, 2010 წ., გვ. 160-161.

• სონღულაშვილი, ნ.: ეპისკოპოს ნესტორის (ყუბანეიშვილი) ცხოვრება და მოღვაწეობა, კრებულში: „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, ტ. XI, რედ. ხ. იოსელიანი, თბილისი (2009 წ.), გვ. 230-238.

• ყუბანეიშვილი, ნ.: ცოლ-ქმრობა, შედგენილი მღვდლის ნესტორ ყუბანეიშვილის-მიერ, ტფილისი: „სტამბა მ. შარაძის და ამხანაგობისა“, 1899 წ.

• ყუბანეიშვილი, ნ.: გზა ცხოვრებისა, ქუთაისი: „ი. კილაძის და ი. ხელაძის სტამბა“, 1901 წ.

• ყუბანეიშვილი, ნ.: თესლი კეთილი, თბილისი: „ხელოვნება“, 1990 წ.

• ყუბანეიშვილი, ნ.: პირველ დაწყებითი დარიგება საღვთო სჯულის სწავლებაზე, თბილისი: „განათლება“, 1990.

• ყუბანეიშვილი, ნ.: საღვთო სჯული: პირველდაწყებითი დარიგება, თბილისი: „ივერთა მხარე“, 1990 წ.

• ყუბანეიშვილი, ნ.: მოკლე კატეხიზმო: პირველდაწყებითი დარიგება საღმრთო სჯულის სწავლებაზე, თბილისი: „ხელოვნება“, 1991 წ.

• ყუბანეიშვილი, ნ.: ძველი და ახალი აღთქმის მოკლე ისტორია, თბილისი: „ხელოვნება“, 1991 წ.