2024-02-12 მარინე ამბოკაძე

თოფურიძე ელენე

1 -აკადემიური გზა

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე თოფურიძე დაიბადა 1922 წლის 3 მაისს ქ. ბათუმში. მამა – ივანე თოფურიძე - პროფესიით ქიმიკოსი იყო, მუშაობდა სოჭსა და ხარკოვში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისში დამკვიდრდა. მისი აქტიური მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი ფარმაცევტულ ინფრასტრუქტურას საქართველოში, რაც სიგელებით და ჯილდოებით აღინიშნა კიდეც. დედა – ოლღა ლორთქიფანიძე - დიასახლისი იყო.

ელენე თოფურიძემ 1940 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის №14 საშუალო სკოლა. ამავე წელს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ ფაკულტეტზე მასთან ერთად სწავლობდნენ პროფესორი მერი ჭელიძე, აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე და სხვები, ხოლო მისი ლექტორები კი იყვნენ შალვა ნუცუბიძე, მოსე გოგიბერიძე, კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი. 1944 წელს ე. თოფურიძემ სწავლა გააგრძელა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1945 წელს; ამავე წელს იგი ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის განყოფილების ასპირანტურაში. 1946 წლის დეკემბერში, ესთეტიკის განყოფილების გაუქმების გამო, მან სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათა ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1949 წელს დაამთავრა. 1951 წელს ე. თოფურიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „იტალიური რომანტიზმის დრამის თეორია“ და მას მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1951 წლიდან ე. თოფურიძე საქართველოში მოღვაწეობდა. იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სხვადასხვა დროს მუშაობდა უფროს მასწავლებლად, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს ესთეტიკის, დასავლეთ ევროპის და ამერიკის თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. 1961 წელს ელენე თოფურიძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1969 წელს კი მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების გამგე. ე. თოფურიძე 2004 წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა.

2 -ფილოსოფიური შრომები

ელენე თოფურიძის შემოქმედებით მემკვიდრეობას ოთხი მონოგრაფია და არაერთი სამეცნიერო სტატია შეადგენს. იგი თარგმნიდა ქართულიდან რუსულ ენაზე, ხოლო იტალიური ენიდან კი ქართულ და რუსულ ენებზე.

ელენე თოფურიძის ნაშრომებში მოცემული საკვლევი თემის ყოველმხრივი განხილვა, მასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების სიღრმისეული ხედვა, ლოგიკური განხილვა და საფუძვლიანი კრიტიკული ანალიზი ჭეშმარიტი მეცნიერისთვის დამახასიათებელი ის თვისებებია, რომლებიც ე. თოფურიძეს სწორედ ასეთ მეცნიერთა რიგებს მიაკუთვნებს.

ელენე თოფურიძისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო შემოქმედებითი თავისუფლება და ადამიანის ინდივიდუალობის რეალიზება. როგორც იგი თავის მონოგრაფიაში „ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა“ (1967 წ.) აღნიშნავს, ხელოვნების მეშვეობით პიროვნების თვითდამკვიდრების იდეა იტალიის ინტელექტუალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო. ამ მიმართებით ხელოვნების როლზე პირველად კროჩემ მიუთითა და ეს პოზიცია ფილოსოფიურად დაასაბუთა კიდეც. ე. თოფურიძის აზრით, კროჩეს მიერ გონის ესთეტიკური ფორმის დამოუკიდებლობის დაცვა პიროვნების შემოქმედებითი თავისუფლების დაცვა იყო; ეს იყო ინდივიდუალური საწყისის, როგორც ყოველივე არსებულის საფუძვლის დაცვა. ეს კარგად ჩანს ამ მონოგრაფიაში, სადაც ე. თოფურიძემ ობიექტურად და დეტალურად განიხილა კროჩეს ფილოსოფიური, ესთეტიკური და კულტუროლოგიური შეხედულებები; მან მკაფიოდ და არაორაზროვნად აჩვენა კროჩეს მეცნიერული კონცეფციის გავლენა და მნიშვნელობა არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო ფილოსოფიური აზრის განვითარებაში. ამასთანავე, ე. თოფურიძე მეცნიერულად აკრიტიკებს კროჩეს და მისი კონცეფციის შინაგან წინააღმდეგობებსაც გამოკვეთს.

ე. თოფურიძე აჩვენებს, რომ კროჩეს ესთეტიკურ-ფილოსოფიური ნააზრევის პოპულარობა, მრავალ სხვა ასპექტთან ერთად, აიხსნებოდა ინდივიდუალურის პრობლემის აქცენტირებით და იმით, რომ ესთეტიკურის მნიშვნელობისა და მისი აბსოლუტური დამოუკიდებლობის დადგენა ინდივიდის შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლების დაცვას და მისი უფლებებისათვის ბრძოლას ნიშნავდა.

ბენედეტო კროჩეს ესთეტიკური შეხედულებების ანალიზის შედეგად ე. თოფურიძე მიდის დასკვნამდე, რომ, თუმცა, კროჩეს კვლევის პათოსი მთლიანად მიმართული იყო ხელოვნების შემეცნებითი და ობიექტური ხასიათის გამართლებისკენ, წმინდა ფორმის კონცეფციის შინაგან ლოგიკას სუბიექტივიზმთან და ხელოვნების ჭეშმარიტი ბუნების უარყოფასთან მივყავართ.

მონოგრაფიამ „ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა“ დიდი ინტერესი გამოიწვია და მალე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. 1978 წელს ის ითარგმნა იაპონურ ენაზე და გამოიცა ტოკიოში, გამომცემლობა „ორიონის“ მიერ.

მონოგრაფია „ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფცია“ (1971 წ.), შეიძლება ითქვას, ე. თოფურიძის „იტალიური ხაზის“ გაგრძელებაა არა მხოლოდ პირანდელოს წარმომავლობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ, როგორც ავტორი აჩვენებს, კროჩე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეჭვი შეიტანა პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფციის არსებობაში, თუმცა, ფაქტიურად, თავადვე დაასაბუთა პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფციის არსებობა, როცა მიუთითა მისი შემოქმედების ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა პიროვნების რღვევა და ამ რღვევის შედეგად ადამიანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის უარყოფა, ჭეშმარიტების რელატიურობა და გონების რღვევა, ადამიანის ცხოვრების სიმყარისა და მოწესრიგებულობის უარყოფა და ა.შ. ე. თოფურიძე აჩვენებს, რომ პირანდელოსთან ადამიანის პრობლემა თავისუფლების პრობლემასთან არის დაკავშირებული, თავისუფლება კი გაგებულია როგორც ერთადერთი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ადამიანს დაკარგული „მეს“ და საზრისის დაბრუნება შეუძლია. ამავე დროს, პირანდელოს თანახმად, ადამიანს საკუთარი შემოქმედებითი აქტივობის გამოვლენა, საკუთარი ცხოვრებისა და მისი საზრისის ავტორად ყოფნა მხოლოდ ხელოვნების სფეროში შეუძლია.

ე. თოფურიძის აზრით, პირანდელოს კონცეფციაში ადამიანის არსებობას არ აქვს რაიმე გარეგანი საფუძველი, რომელიც ამ არსებობის გარანტი და მისთვის საზრისის მიმცემი იქნებოდა. რამდენადაც ყოფიერების თვალსაზრისით ადამიანის არსებობა უაზრო და აბსურდულია, რამდენადაც კონკრეტული მოვლენების სამყაროს ადამიანი ქმნის და ეს სამყარო მისი წყალობით არსებობს, ამდენად, ამ სამყაროს საფუძველი და მისთვის საზრისის მიმნიჭებელი უმაღლესი ინსტანცია მხოლოდ თვითონ ადამიანი შეიძლება იყოს. მაგრამ ასეთ ინსტანციად ის მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ რეალობას თავისუფლად და მიზანმიმართულად ქმნის. ამდენად, ქართველი მკვლევრის მიხედვით, არსებობის საზრისისა და საფუძვლის პრობლემა, პირველ ყოვლისა, ადამიანის თავისუფლების და ამ თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობის პრობლემაა. თუ ადამიანი თავისი ბუნებით თავისუფალია და ისეთ პირობებში არსებობს, რომლებიც მას პრაქტიკული და სულიერი აქტივობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას აძლევენ, თუ ის საკუთარი მიზნების შესატყვისად მოქმედებს და შედეგს აღწევს, მაშინ სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს, მისი სამყარო იქნება. ასეთ შემთხვევაში მისი თითოეული მოქმედება საკუთარი „მეს“ დამკვიდრება იქნება და ვერაფერი შეუშლის ხელს იმაში, რომ იყოს ის, რაც არის და, შესაბამისად, იყოს საკუთარი ცხოვრების ავტორი.

ე. თოფურიძის ბოლო მონოგრაფია „ადამიანი ანტიკურ ტრაგედიაში“ (1984 წ.) საკვლევი პრობლემატიკის სპექტრით გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე მისი სათაურის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ. ფაქტობრივად, ის არის ანტიკური კულტურის ანალიზი მასში ადამიანის თავისუფლებისა და ნების მნიშვნელობის გაცნობიერების ასპექტით. ძირითადი საკითხი, რომელსაც მონოგრაფია ეძღვნება, არის თავისუფლების პრობლემა. ავტორი აჩვენებს, რომ ანტიკური ხანის ბერძენი პოეტების ყურადღებისა და განხილვის ცენტრში არის ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების საკითხი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ცხოვრება თავისივე ნებით არჩეული მიზნის საფუძველზე წარმართოს და დამოუკიდებელი დარჩეს ყოველგვარი გარეგანი თუ შინაგანი მადეტერმინირებელი ფაქტორებისაგან. ე. თოფურიძე იზიარებს იმ აზრს, რომ ხელოვნება, რომელიც უფრო თავისუფალია, ვიდრე მეცნიერება, რადგან თვითონვე ქმნის საკუთარ სამყაროს, გაცილებით ადრე და სრულად გამოხატავს ახალი ეპოქის სულისკვეთებას და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უფრო ღრმა შრეებს სწვდება და ეყრდნობა. ბერძნული ტრაგედია, ე. თოფურიძის შეფასებით, ინარჩუნებს კავშირს ელადის სულიერი ცხოვრების წარსულთან, გვაწვდის სერიოზულ ინფორმაციას ესქილეს, სოფოკლეს და ევრიპიდეს ეპოქის ადამიანის გასაოცარი თავისუფლების შესახებ. მათი ხელოვნება აკავშირებს ერთმანეთთან წარსულს, აწმყოს და მომავალს. ყოველივე ამის დემონსტრირებას და დასაბუთებას ე. თოფურიძე ახდენს ანტიკური ტრაგედიის დეტალური და უაღრესად საინტერესო ანალიზით.

პროფესორ ელენე თოფურიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა მრავალი ასპექტითაა მნიშვნელოვანი. იგი იყო იტალიური ფილოსოფიისა და ესთეტიკის პირველი და ერთადერთი მკვლევარი საქართველოში, რომელმაც საფუძვლიანად გამოიკვლია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის იტალიის კულტურულ-ფილოსოფიური მიმდინარეობები და მათი გამორჩეული წარმომადგენლების ფილოსოფიურ-ესთეტიკური მემკვიდრეობა; მან თავისი წვლილი შეიტანა ესთეტიკური ღირებულების კვლევაში. ასევე, საინტერესოა მის მიერ ადამიანის პრობლემის ფილოსოფიური განხილვა ქართული ფოლკლორის კონტექსტში. თუმცა, ელენე თოფურიძის თეორიული მემკვიდრეობა და მისი ღვაწლი ფილოსოფიის, ესთეტიკის და ხელოვნების ფილოსოფიის არსებითი საკითხების დამუშავების საქმეში პროფესიონალთა ვიწრო წრისთვისაა ცნობილი და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად შესწავლასა და პოპულარიზებას მოითხოვს.

3 -ბიბლიოგრაფია

(ა) ელენე თოფურიძის მონოგრაფიები

• Элеонора Дузе: Очерк жизни и творчества, Москва: „Искусство“, 1960.

• Эстетика Бенедетто Кроче, Тбилиси: „Мецниереба“, 1967.

Философская концепция Луиджи Пиранделло, Тбилиси: „Мецниереба“, 1971.

• Человек в античной трагедии, Тбилиси: „Мецниереба“, 1984.

• რჩეული ნაშრომები მსოფლიო თეატრის ისტორიაში: დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი: „კენტავრი“, 2009 წ.

• ლუიჯი პირანდელოს ფილოსოფიური კონცეფცია, La Concezione Filosofica di Luigi Pirandello: დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი: „კენტავრი“, 2010 წ.

(ბ) ელენე თოფურიძის რჩეული სტატიები

• იტალიური ნეოიდეალიზმი, კრებულში: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „განათლება“, 1970 წ., გვ. 258-259.

• ბენედეტო კროჩე, კრებულში: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „განათლება“, 1970 წ., გვ. 260-278.

• ჯოვანი ჯენტილე, კრებულში: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „განათლება“, 1970 წ., გვ. 279-292.

• მიგელ დე უნამუნო, კრებულში: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „განათლება“, 1970 წ., გვ. 509-520.

• ხელოვნების ღირებულებითი ბუნება, ჟურნალში.: „საბჭოთა ხელოვნება“, №12 (თბილისი, 1985 წ.), გვ. 29-32.

• ადამიანის პრობლემა ქართულ ფოლკლორში (მითი ამირანზე და მითოსური ცნობიერება), ჟურნალში: „ხელოვნება“, №4-5-6 (თბილისი, 1995 წ.), გვ. 2-22.

• ადამიანის პრობლემის ზოგიერთი ასპექტი ქართულ ხალხურ ზღაპარში, ჟურნალში: „ხელოვნება“, №1-2 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 34-51.

• ხელოვნება როგორც ღირებულება, ჟურნალში: „ხელოვნება“, №3-4 (თბილისი, 1999 წ.), გვ. 2-15.

• ბუნების პრობლემა შეფტსბერის შემოქმედებაში, იხ.: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“. ფილოსოფიის სერია, №1-2 (თბილისი, 2001 წ.), გვ. 61-66.

• ანტონენ არტოს ესთეტიკური კონცეფცია, იხ.: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“. ფილოსოფიის სერია, №2 (თბილისი, 2002 წ.), გვ. 96-99.

• წარმოსახვის ტრაგიკული ასპექტი, იხ.: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“. ფილოსოფიის სერია, №1-2 (თბილისი, 2004 წ.), გვ. 73-81.