2024-02-23 მიხეილ გოგატიშვილი

ბაქრაძე კონსტანტინე (კოტე)

1 -აკადემიური გზა

გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძე დაიბადა 1898 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში. იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ფილოსოფიაში. 1918 წელს მან დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1922 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 1923–1925 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც მუშაობდა ჰუსერლთან, რიკერტთან, ჰაიდეგერთან. 1930 წლიდან იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ისტორიისა და ლოგიკის კათედრებს. კ. ბაქრაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969 წ.), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943 წ.). თბილისში არსებობს კოტე ბაქრაძის სახელობის ქუჩა.

კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური ინტერესი მრავალმხრივი იყო. მიუხედავად მარქსიზმით ინტენსიური დაინტერესებისა, მისი აზროვნება არასოდეს ყოფილა დოგმატური და იდეოლოგიური. იგი ყოველთვის იცავდა ფილოსოფიური აზროვნების ავტონომიურობის პრინციპს, რომელიც მის ფილოსოფიურ შემოქმედებაში კარგად გამოვლინდა კიდეც. პოლონელმა ფილოსოფოსმა და ლოგიკოსმა, იოზეფ მარია ბოხენსკიმ (1902-1995 წწ.) კ. ბაქრაძეს „საბჭოთა ფილოსოფიის ნესტორი“ უწოდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი იყო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე მთელ სოციალისტურ სივრცეში. მისი კვლევის ძირითად სფეროს ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა და შემეცნების თეორია წარმოადგენდა. კ. ბაქრაძემ დიდი წვლილი შეიტანა გერმანული დიალექტიკის ისტორიის შესწავლის საქმეში, რაც განსაკუთრებით ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკულ ათვისებაში გამოვლინდა. ჰეგელის ფილოსოფიის განვითარების იმანენტურმა გააზრებამ და მისი კონცეფციის ორგანული მთლიანობის დანახვამ კ. ბაქრაძეს საშუალება მისცა, რომ ჰეგელის ფილოსოფიური აზროვნების სიღრმე და პრინციპული სიახლე ნათლად წარმოეჩინა. ამით მან იმდროინდელი იდეოლოგიური წრეების წარმომადგენლებს აჩვენა, რომ განსხვავებული ფილოსოფიისადმი დაპირისპირება და კრიტიკა ფილოსოფიურ ჩაღრმავებას მოითხოვდა და ოდენ იდეოლოგიური დისკურსებით ვერ გადაწყდებოდა. აკადემიკოს გურამ თევზაძის აზრით, კოტე ბაქრაძის მიერ იდეალისტური ფილოსოფიის კრიტიკა არასოდეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ანდა იდეოლოგიური. მისი კრიტიკა არასოდეს ფარავდა გასაანალიზებელი მოძღვრების დამსახურებას. საკვლევი საგნისადმი ამგვარმა მიდგომამ მას საშუალება მისცა, რომ უარეყო საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული გამარტივებული კრიტიკის მეთოდები და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ახალი და თანამედროვე ფილოსოფიის ისტორიის ისეთი მეცნიერული კურსები შეექმნა, რომლებიც დღესაც სანიმუშონი არიან. კ. ბაქრაძემ პირველად წარუდგინა ფართო აუდიტორიას დასავლურ საზოგადოებაში არსებული ფილოსოფიური სკოლები თავიანთი ორიგინალური მიღწევებითა და მათში არსებული წინააღმდეგობებით - კერძოდ, ნეოკანტიანელობა, ფენომენოლოგია, პრაგმატიზმი, ეგზისტენციალიზმი და ნეოთომიზმი; ყოფილ სსრკ-ში მან ერთ-ერთმა პირველმა დასვა და თავისებურად გადაწყვიტა კიდეც ფორმალური ლოგიკისა და დიალექტიკური ლოგიკის დამოკიდებულების პრობლემა, დაუპირისპირდა გაბატონებულ შეხედულებას, რომელიც უარყოფდა ფორმალურ ლოგიკას.

კოტე ბაქრაძე გარდაიცვალა 1970 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისში. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

2 -გერმანული იდეალიზმი

კ. ბაქრაძის შრომა „დიალექტის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში“ პირველად 1929 წელს გამოვიდა, მცირე ტირაჟით (350 ცალი). არსებითად, ეს იყო მისი ფილოსოფიური აზროვნების სისტემური განაცხადი. ეს შრომა კ. ბაქრაძემ დაწერა გერმანიიდან დაბრუნების შემდგომ. იგი ჰეგელის იდეალიზმს განიხილავდა როგორც აზროვნების სისტემას, რომელმაც მოამზადა ნიადაგი ფილოსოფიური მატერიალიზმისათვის. კ. ბაქრაძე ფილოსოფიურ მატერიალიზმს განიხილავდა როგორც მეცნიერული აზროვნების სისტემას. მატერიალიზმი ბაქრაძისთვის არ უკავშირდებოდა დოგმატურ იდეოლოგიურ გაგებას. მისთვის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენდა დიალექტიკური მეთოდის გააზრება გერმანულ იდეალიზმში. ამ თვალსაზრისით მთელი გერმანული იდეალიზმის ისტორია გაგებულია როგორც დიალექტიკური მეთოდის განვითარება. ამ ვითარებას ბაქრაძე თავად ჰეგელისეული დიალექტიკის თვალსაზრისით მიუდგა და ის ერთიანი განვითარების პროცესად წარმოადგინა. პრობლემის სისტემური გააზრებისთვის იგი ამოსავალ პრინციპად იღებს სუბიექტის ცნებას და მის გაგებას, რომელიც მთელი გერმანული იდეალიზმის პრობლემურ ღერძს ქმნის. თ. ბუაჩიძის აზრით, კ. ბაქრაძის კვლევის ამოსავალი სუბიექტის ცნებაა, რომლის საფუძველზე განხილულია მთელი გერმანული კლასიკური ფილოსოფიის პრობლემატიკა და დიალექტიკის ელემენტები. ამ კუთხით დიალექტიკის ელემენტები ორგანული ნაწილებია სუბიექტის ფილოსოფიისა, რომელმაც თავისი გამოხატულება ფრანგული რევოლუციის იდეების აბსტრაქტულად გამოხატვაში პოვა. კ. ბაქრაძის შრომა კანტის ფილოსოფიის ანალიზით იწყება. აქ ის ყურადღებას აქცევს იმას, რომ ნამდვილი, „ისტორიული“ კანტი არასოდეს ყოფილა გაგებული მისი მეტაფიზიკოსი მკვლევრების მიერ, რადგან ისინი არ იკვლევდნენ კანტის დიალექტიკას და არ უდგებოდნენ კანტს დიალექტიკურად. კ. ბაქრაძის აზრით, ის გაუგებრობა, რომელიც ამგვარ ინტერპრეტაციებში ბატონობს, აშკარაა. საქმე იმაშია, რომ კანტი ყველგან წარმოდგენილია „არადიალექტიკურად“, მთელი ეპოქისაგან განკერძოებულად და გერმანული იდეალიზმისგან გათიშულად. ჰეგელის ტერმინებით რომ ვთქვათ, კანტი განხილულია არა კონკრეტულად, არამედ აბსტრაქტულად. არადა, კ. ბაქრაძის აზრით, სწორედ კანტთან ჩაისახა დიალექტიკური მეთოდი. ტრანსცენდენტალურ სუბიექტსა და სინამდვილესთან მიმართება აყალიბებს შემეცნების დიალექტიკას. აქედან გამომდინარე, მოძღვრება ტრანსცენდენტალური მეთოდის, „ნივთის თავისთავად“, ტრანსცენდენტალური სუბიექტის, შემეცნების, როგორც ნივთის შემეცნებისა და სინთეზის შესახებ წარმოაჩენს ტრანსცენდენტალური სუბიექტის სინამდვილესთან დიალექტიკურ მიმართებას. კ. ბაქრაძე განმარტავს, რომ სინამდვილის საგანს ქმნის ტრანსცენდენტალური სუბიექტი, რომელიც არის საგნის შეცნობის წინაპირობა. ტრანსცენდენტალური სუბიექტისათვის სინამდვილე, საგანი საკუთრივია, იმანენტურია, მისი კანონებისა და მისი მთლიანობის გაჰიპოსტაზებაა. ეს აზრი იგულისხმება ტრანსცენდენტალური იდეალობის ცნებაში. კ. ბაქრაძის აზრით, ამ თეორიაში მოცემულია არა მხოლოდ გერმანული იდეალიზმის შინაარსი, არამედ იდეალისტური დიალექტიკის ძირითადი ტენდენციაც. თუ სინამდვილე „მე“-ს სუბიექტური მოქმედების შინაარსი და შედეგია, თუ შემეცნება თვითშემეცნებით ამოიწურება, ცხადია, რომ მთელი სინამდვილე სუბიექტშია და მის გასაგებად სუბიექტის ანალიზია საჭირო. სუბიექტი თავისი თავის შიგნით აკეთებს „ანალიზს“, რითაც სუბიექტის მთლიანობაში ხდება სუბიექტის მომენტების დაპირისპირება, სწორედ იმის გამო, რომ დაპირისპირებული მომენტები იმ სუბიექტს ეკუთვნის, რომელსაც მთლიანობა ახასიათებს. მაშასადამე, იმის გამო, რომ სუბიექტი თავის დაპირისპირებაში თავის თავს შეიცნობს, მოხსნილია დაპირისპირება. სუბიექტში სუბიექტის მომენტების დაპირისპირება და მათი მთლიანობაში მოხსნის ცდები არის იდეალისტური დიალექტიკის საფუძველი, შინაარსი და, უფრო მეტიც, თვით იდეალისტურ-დიალექტიკური მეთოდი. კ. ბაქრაძე თვლიდა, რომ ტრანსცენდენტალური მეთოდის შესახებ მოძღვრების ორი პრინციპი განვითარებული და შეცვლილი ფორმით დიალექტიკური მეთოდის განუყოფელ ნაწილად იქცა. კერძოდ: 1. მეცნიერების ფაქტიდან მეცნიერული თეორიისაკენ მოძრაობა, იმავდროულად, არის მეცნიერების აპრიორული პირობების საფუძვლებისაკენ მოძრაობა; 2. ყოველი წინსვლა ამოსავალი წერტილიდან, ტრანსცენდენტალური მეთოდის თანახმად, არის უკან დაბრუნება, ამოსავალი წერტილიდან მისი პირობებისაკენ, საფუძვლებისაკენ სვლა (კ. ბაქრაძის თანახმად, ტრანსცენდენტალური მეთოდის ეს ძირითადი ნიშანი შეინახება და მომენტად იქცევა ჰეგელის იდეალისტურ-დიალექტიკურ მეთოდში). კანტის სისტემაში დასაწყისი - ცდა, მეცნიერება, ლოგიკური ფაქტი - იგივეა, რაც შედეგი. მაშასადამე, აქ საქმე გვაქვს აზროვნების დიალექტიკურ წრესთან, სადაც დასაწყისი და დასასრული ერთმანეთს ემთხვევა. კ. ბაქრაძის თანახმად, კანტის შემეცნების თეორია, უპირველეს ყოვლისა, არის ცოდნის ობიექტურობის შესახებ მოძღვრება, რომელშიც ჩადებულია იდეალისტურ-დიალექტიკური მეთოდის საფუძველი და შინაარსი. კანტი აღწერს სუბიექტის მოძრაობას „საკუთარი მე“-დან - ტრანსცენდენტალური სუბიექტიდან - მისდამი დაპირისპირებულისაკენ, მისდამი განსხვავებულისაკენ - კონსტრუირებული ბუნებისაკენ, ხოლო აქედან კი საკუთარი „მე“-საკენ, რომელშიც მოიხსნება წინააღმდეგობანი - ემპირიული სუბიექტის ბუნების შემეცნების, მისი ტრანსცენდენტალურ სუბიექტამდე ამაღლების გზით. კ. ბაქრაძის თანახმად, ნივთი თავისთავად არ არის რეალურად არსებული საგანი; სუბიექტიც არ არის რაიმეთი განსაზღვრული; განუსაზღვრელი სუბიექტი კი დაუბოლოებელი სუბიექტია. არსებობს მხოლოდ დაუბოლოებელი სუბიექტი და მოვლენათა სიმრავლე, რომელიც ამ სუბიექტის მიერ არის შექმნილი. გზა სუბიექტიდან მოვლენამდე, ბუნებამდე დიალექტიკურია, რადგან ბუნება იგივე სუბიექტია, მისი სახეცვლილებაა, მისი გაუცხოებაა. შემეცნების პროცესში სუბიექტი თავისი თავის სახეცვლილებას, ე.ი., საბოლოოდ, თავის თავს შეიცნობს. ნივთი თავისთავად არის სუბიექტის მიერ შექმნილი ბუნება, სუბიექტის შემოქმედება შემეცნების პროცესამდე. კ. ბაქრაძის აზრით, შემეცნება რომ იმავდროულად თვითშემეცნებაა, ამის საფუძვლები კანტის სისტემაშია მოცემული, რომლის განვითარება გერმანულ იდეალიზმში ხდება. ფიხტე, შელინგი და ჰეგელი ამ განვითარების ეტაპებია. კ. ბაქრაძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კანტის მიერ განვითარებულ ტრიქოტომიის პრინციპს. კანტის მთელ სისტემაში ტრიქოტომია ბატონობს. ყოველ ორ განსხვავებულ წევრს აქვს „მესამე“, რომელშიც მათი შერიგება ხდება, ან, ყოველ შემთხვევაში, დაპირისპირებული და გათიშული წევრები ერთმანეთს უკავშირდება. კანტის მიერ გამოყენებული იდეებისა და კატეგორიების სინთეზი შემდეგში ჰეგელის ტრიადის საფუძველი ხდება. კ. ბაქრაძე ხაზს უსვამს ტრანსცენდენტალურ დიალექტიკაში ანტინომიების მომენტებს, როგორც წინააღმდეგობას აზროვნების პროცესში, რომელიც შემთხვევითი გარემოებების საფუძველზე კი არ არის წარმოქმნილი, არამედ თავად აზროვნების სტრუქტურით არის განპირობებული.

კ. ბაქრაძე ყურადღებას აქცევს „ნივთი თავისთავად“-ის პრობლემის დიალექტიკურ განვითარებას, რომელიც პრობლემურ მომენტად იქცა გერმანული იდეალიზმისათვის. საკუთრივ ეს არის „ნივთი თავისთავად“-ის მდგომარეობის განსაზღვრა და აღიარება. კანტის მიერ შემოტანილი „ნივთი თავისთავად“-ის უარყოფის გარეშე იდეალიზმი და იდეალისტური დიალექტიკა ვერ ჩამოყალიბდებოდა. კ. ბაქრაძის აზრით, კანტმა თავისი მთავარი იდეა თანმიმდევრულად ვერ განახორციელა. სუბიექტს, რომელიც თავის სიღრმეში თავისი ნამდვილი არსებობით მხოლოდ თვითმოქმედი, სპონტანური უნდა იყოს, თავისუფლება ახასიათებს. ასეთი სუბიექტი, საბოლოო ჯამში, გონებაა და არა განსჯა, ე. ი. დამოუკიდებელი და განუსაზღვრელია და განხილვისთანავე ზღვარდებული, შემოფარგლული და დაბოლოებული აღმოჩნდება. ეს ზღვარდება, განსაზღვრა წარმოადგენს არა მისი სპონტანურობის აქტს, არა მის თავისუფალ მოქმედებას, არამედ რაღაც უცხოს, მისგან დამოუკიდებელს, ნივთს თავისთავად, რომელიც დაუბოლოებელსა და დიალექტიკურ გონებას დაბოლოებულად და ტრანსცენდენტალურ-ლოგიკურ გონებად აქცევს. აქედან გამომდინარე, იაკობის, მაიმონის და რეინჰოლდის გზა არის „ნივთი თავისთავად“-იდან გათავისუფლება, რათა გონებას მიეცეს ავტონომიურობისა და თავისუფლების სრული გამოვლინება. ამ პროცესის დასასრულს წარმოადგენს ფიხტეს ფილოსოფია, რომელიც ვარაუდობს, რომ კანტი არსად არ აღიარებს ამგვარი ნივთის არსებობას, „ნივთი თავისთავად“ არის მხოლოდ აზრის საგანი, ნოუმენი. აქედან გამომდინარე, კანტის ტრანსცენდენტალური მეთოდის ფიხტეს ანტითეზურ დიალექტიკურ მეთოდად გარდაქმნა არის გონების პრობლემა. მაშასადამე, გონება განთავისუფლებულია „ნივთი თავისთავად“-ის დამოკიდებულებისაგან და გერმანული იდეალიზმის სისტემაში განსჯის ადგილს იკავებს. განსჯის გონებით შეცვლა კი იდეალისტური დიალექტიკის პრინციპის ჩამოყალიბების მომასწავებელია. აქედან გამომდინარე, ფიხტე აცნობიერებს, რომ დიალექტიკა უნდა იყოს სისტემური და მონისტური. კ. ბაქრაძის აზრით, „ნივთი თავისთავად“-ის უარყოფის შემდეგ დიალექტიკის პრობლემა ფიხტესათვის არის დაუბოლოებელი სუბიექტის „მე“-ს მიერ საკუთარი თავის განვითარების პრობლემა და, ამავე დროს, „მე“-ს განვითარება-თვითშემეცნების პრობლემა. „მე“ დიალექტიკური განვითარების პროცესში აბსოლუტად გარდაისახება. აქედან გამოდინარე, კ. ბაქრაძე მიუთითებს ფიხტეს და, საერთოდ, იდეალისტური დიალექტიკის შინაგან წინააღმდეგობაზე, რომელიც დამახასიათებელია შელინგის და ჰეგელის ფილოსოფიისთვისაც. კერძოდ, იდეალისტური დიალექტიკა აუცილებლად მონისტური უნდა იყოს. უნდა არსებობდეს ერთი სუბიექტი: ის, რაც მისგან განსხვავებულია (და რასაც სუბიექტი თავის თავში აღმოაჩენს), „მისი სხვა უნდა იყოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში სინთეზი არ მოხდება. მიუხედავად ამისა, იდეალისტური დიალექტიკა, კერძოდ, ფიხტეს დიალექტიკა დუალისტურია. ფიხტეს სისტემაში არის ორი აბსოლუტი, ორი პრინციპი, ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი განსხვავებული მოქმედება. ამ ორი პრინციპის, ორი მოქმედების გარეშე დიალექტიკური პროცესი წარმოუდგენელია.

დიალექტიკური მეთოდის განვითარების შემდეგ ეტაპს შელინგის ფილოსოფია წარმოადგენს. შელინგის იდეალისტური დიალექტიკის შინაარსი სუბიექტის თვითგანვითარება და თვითშემეცნებაა, რომელიც დიალექტიკური ბრძოლის მატარებელი უნდა იყოს, რაც მოიხსნება ინტელექტუალური ინტუიციის მეშვეობით. კ. ბაქრაძე საგანგებოდ აანალიზებს შელინგის ბოლოვადისა და დაუბოლოებლის დიალექტიკას, დაპირისპირებულ მომენტთა ერთიანობას, უარყოფის ბუნებას. იგი ნაშრომს ასრულებს იდეალისტურ-დიალექტიკური მეთოდის შინაგანი წინააღმდეგობების ჩვენებით და აღნიშნავს, რომ ორი საწყისი, რასაც ადგილი ჰქონდა ფიხტეს სისტემაში, შელინგთანაც მეორდება. იდეალისტური დიალექტიკა მონიზმით იწყება, მაგრამ დიალექტიკის განხორციელების პროცესში დუალისტურ თვალსაზრისზე დგება. ასეთია კანტის, ფიხტეს და შელინგის დიალექტიკა. ეს ნაკლი შემთხვევითი არ არის; ის აუცილებელი მომენტია ყოველი იდეალისტური დიალექტიკური სისტემისა და, ამგვარად, ჰეგელის დიალექტიკისაც.

კ. ბაქრაძის ნაშრომი „სისტემა და მეთოდი ჰეგელის დიალექტიკაში“ 1936 წელს ქართულ, 1958 წელს რუსულ და 1965 წელს პოლონურ ენაზე გამოვიდა. კ. ბაქრაძის ამ თხზულებამ იმთავითვე მიიპყრო ფილოსოფიური საზოგადოების ყურადღება. მოცემული წიგნი არც სტრუქტურით და არც შინაარსით არ ჰგავდა ორთოდოქსულ მარქსისტულ საბჭოთა ნაშრომს. მისი გამოშვება ერთგვარი პარადოქსიც კი იყო იმდროინდელ საბჭოთა კავშირში. კ. ბაქრაძის მიერ განხილულ პრობლემათა უბრალო ჩამონათვალიც კი მიუთითებს მათი ანალიზის სირთულესა და კომპლექსურობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, კ. ბაქრაძის ამ ნაშრომს შეიძლება ჰეგელის დიალექტიკის სისტემისა და მეთოდის სისტემური ანალიზი ეწოდოს. კ. ბაქრაძის გამოკვლევა ფართომასშტაბიანია და ჰეგელის ფილოსოფიის სიღრმისეულ გაგებასა და ცოდნას ემყარება. კ. ბაქრაძე არავითარ შემთხვევაში არ ცდილობს ჰეგელის ფილოსოფიის გამარტივებას, ცდილობს, რომ მისი ანალიზისას ჰეგელის აბსტრაქტული აზროვნების კონტექსტში დარჩეს და უკიდურესად აბსტრაქტულ აზროვნებას აბსტრაქტული გაგებით უპასუხოს. აღნიშნული წიგნი შეიცავს შვიდ თავს. პირველ თავში გაანალიზებულია გერმანული კლასიკური ფილოსოფიის განვითარება, როგორც ჰეგელის ფილოსოფიის წანამძღვრების აღმოცენება და ჩასახვა. მეორე თავში განხილულია ჰეგელის ფილოსოფიის სისტემა. მესამე თავში მოცემულია ჰეგელის სისტემის მიმართება დიალექტიკურ მეთოდთან. მეოთხე თავი მიძღვნილია ჰეგელის იდეალიზმის თავისებურებების დახასიათებისადმი. მეხუთე და მეექვსე თავები ეძღვნება ჰეგელის დიალექტიკის თეორიას. აქ გაანალიზებულია რაციონალურისა და მისტიკურის პრობლემა ჰეგელის დიალექტიკაში, დიალექტიკური ლოგიკისა და შემეცნების თეორიის იგივეობა, დიალექტიკა და მეტაფიზიკა, დიალექტიკის კანონები, წინააღმდეგობათა ერთიანობა, ცნების თეორია და დასკვნის თეორია. მეშვიდე თავში განხილულია სისტემისა და მეთოდის წინააღმდეგობის საკითხი.

კ. ბაქრაძე პოლემიკას ახორციელებს ჰეგელის ფილოსოფიის თითქმის ყველა ცნობილ სპეციალისტთან (კ. ფიშერი, ნ. ჰარტმანი, ი. ილინი, კ. გულანი და სხვ.). კ. ბაქრაძის კრიტიკის ობიექტს წარმოადგენს იმ ავტორების პოზიცია, რომლებიც ჰეგელის სისტემასა და მეთოდს ერთმანეთს უპირისპირებენ სამყაროს იდეალური არსის თეორიაზე მითითებით, ხოლო მეთოდს განიხილავენ როგორც სამყაროს შემეცნების ერთგვარ ხერხს. კ. ბაქრაძის აზრით, სისტემა და მეთოდი ამ განხილვებში მოწყვეტილია ერთმანეთისაგან, დამოუკიდებლად არის წარმოდგენილი და ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში არ არის. სისტემა და მეთოდი ერთმანეთის საწინააღმდეგოა. უმთავრესად, კ. ბაქრაძის ყურადღების ცენტრში ექცევა ნ. ჰარტმანი და ი. ილინი, რომლებსაც ჰეგელის სისტემის ახსნა იმანენტურად კი არ სურთ, არამედ გარე არსებული კონტექსტებით. კერძოდ, ჰარტმანი ჰეგელის დიალექტიკას ჰუსერლის ფენომენოლოგიის გავლენით განიხილავს როგორც არსთა ჭვრეტას (Wesenschau), როგორც დესკრიპციის თავისებურ სახეს, ხოლო ი. ილინი ჰეგელის დიალექტიკის განხილვისას ერთგვარ „რევერსს“ აკეთებს, შელინგის ფილოსოფიას მიმართავს და მას წარმოადგენს ერთგვარ „ინტელექტუალურ ინტუიციად“. ამ ავტორებთან ჰეგელის დიალექტიკა განიხილება როგორც ჭეშმარიტების მიღწევის გზა. კ. ბაქრაძის აზრით, ეს ავტორები ვერ ჩაწვდნენ ჰეგელის თეორიის არსს, რადგანაც ჰეგელის დიალექტიკა არა მარტო შემეცნების მეთოდია, არამედ სამყაროს განვითარების თეორიაცაა. ამ თვალსაზრისით, პრინციპულად მიუღებელია ჰეგელის სისტემისა და მეთოდის ერთმანეთთან დაპირისპირება. კ. ბაქრაძის აზრით, ჰეგელისათვის სისტემა და მეთოდი ერთმანეთთან შესაბამისობაშია. სისტემა ჰეგელისთვის წარმოადგენს აბსოლუტური სულის განვითარებას, ხოლო ეს განვითარება ხორციელდება დიალექტიკის პრინციპების შესაბამისად. ჰეგელის თანახმად, იდეის არსება მის დიალექტიკურ განვითარებაშია, ხოლო დიალექტიკის არსი კი აბსოლუტური იდეის განვითარებაში გამოიხატება. კ. ბაქრაძის თანახმად, სისტემისა და მეთოდის ლოგიკური კავშირი გამომდინარეობს დიალექტიკური მეთოდის ონტოლოგიზაციიდან. ჰეგელმა აბსოლუტური, საგანთა არსება გაალოგიკურა და ცნებასთან გაათანასწორა; სწორედ ამით მოახდინა მან ცნების ონტოლოგიზება. ჰეგელის ტერმინებით, ლოგიკა არის მეტაფიზიკა და, პირიქით, მაშასადამე, ლოგიკა და ონტოლოგია ერთი და იგივეა. ლოგიკურისა და ონტოლოგიურის იგივეობა ჰეგელის ფილოსოფიისთვის დამახასიათებელია. ამ მომენტშია საძიებელი მის მიერ დიალექტიკის დამახინჯების ძირი. ჰეგელისთვის არსი და აზრი ერთია, ონტოლოგიური და ლოგიკურ-გნოსეოლოგიური ხაზები ერთმანეთს ფარავს, აბსოლუტური არის იმდენად, რამდენადაც ის თავის თავს შეიცნობს, ის არის მხოლოდ თვითშემეცნების პროცესში; ამიტომ მისი ყოფნა მხოლოდ თავისთავად მისი აბსოლუტური არყოფნაა. მაშასადამე, დიალექტიკა ჰეგელისთვის, ამავე დროს, არის შემეცნების პროცესი, რომელიც აბსოლუტური იდეის განვითარების პროცესში ვლინდება. ლოგიკა, ამავე დროს, ონტოლოგიაა და აზრის განვითარება სინამდვილის ასახვას კი არ წარმოადგენს, არამედ თვითონ სინამდვილის განვითარებაა. ამრიგად, აბსოლუტურ იდეასა და დიალექტიკას შორის ლოგიკური კავშირი არსებობს, რომელიც სისტემისა და მეთოდის ერთიანობაში გამოიხატება. ჰეგელის მეთოდსა და სისტემას შორის მიმართება ფორმასა და შინაარსს შორის მიმართების შესაბამისობაში გამოიხატება. განვითარების პროცესში მათ შორის განსხვავება თანდათანობით მცირდება, ვიდრე ისინი სრულიად არ დაემთხვევა ერთმანეთს. კ. ბაქრაძის თანახმად: 1. ჰეგელის ფილოსოფიაში მეთოდი, სახელდობრ, დიალექტიკური მეთოდი არ არის რაღაც ნაძალადევი სქემა, რომლის გამორიცხვით სისტემა არა თუ რაიმეს წააგებს, არამედ მოიგებს კიდეც. 2. მეთოდი სულია შინაარსისა, იგი შინაარსის მოძრაობის ფორმას წარმოადგენს და, ამდენად, სისტემასა და მეთოდს შორის შინაარსისა და ფორმის დამოკიდებულება არსებობს. 3. განმსაზღვრელი ფორმა შინაარსის დამოკიდებულებაში არის შინაარსი და ამიტომ ჰეგელის ფილოსოფიაში სისტემა მეთოდის განმსაზღვრელია: მეთოდის თავისებურება სისტემის თავისებურებით აიხსნება. 4. სისტემასა და მეთოდს შორის განსხვავება ისეთი და იმდენია, როგორიც და რამდენიც არსებობს შინაარსსა და ფორმას შორის: დასაწყისში შეიძლება ისინი ერთმანეთისადმი სრულიად უცხონი იყვნენ. არსისთვის, მაგალითად, მეთოდი, როგორც ჰეგელი ამბობს, გარეგან რეფლექსიად გვევლინება: განვითარების პროცესში მანძილი მათ შორის თანდათანობით მცირდება მანამ, სანამ, საბოლოო ჯამში, ისინი ერთმანეთს არ დაემთხვევა: მეთოდს სისტემა შთანთქავს, შინაარსი ფორმას. მართლაც, თუ მეთოდი მოძრაობის ფორმას წარმოადგენს, მაშინ განვითარების უმაღლეს საფეხურზე, როდესაც მოძრაობა მოიხსნება, მოიხსნება მოძრაობის ფორმაც, დარჩება ლოგიკური იდეა, აბსოლუტური გონი, იდეალურ მომენტებად გადაქცეული წარსულით. 5. დიალექტიკური მეთოდი არის შედეგი მთელი წინა განვითარებისა, ყველა წინა საფეხურის ჭეშმარიტება.

კ. ბაქრაძის აზრით, სისტემასა და მეთოდს შორის არსებობს დაპირისპირება. დიალექტიკური მეთოდი თავისი არსით დაუბოლოებელ (უსასრულო) განვითარებას მოითხოვს. ჰეგელის დიალექტიკა კი აბსოლუტური სულის - ობიექტურად არსებული ცნების თვითშემეცნების დიალექტიკური პროცესია. ამით ჰეგელის დიალექტიკური მეთოდით იზღუდება ჰეგელის მთელი სისტემის ძირითადი დამახასიათებელი პრინციპი სუბსტანციისა და სუბიექტის იგივეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს განვითარების დაბოლოებას სუბიექტის თვითშემეცნების გზით. ამგვარად, სისტემასთან წინააღმდეგობაში მოდის არა თავად ჰეგელის მიერ ჩამოყალიბებული დიალექტიკური მეთოდი, არამედ საკუთრივ დიალექტიკური მეთოდი. კ. ბაქრაძე მიუთითებს, რომ ეს ნიშნავს ჰეგელის სისტემის მთელი დოგმატური შინაარსის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გამოცხადებას და ამით წინააღმდეგობაში მოსვლას მის დიალექტიკურ მეთოდთან, რომელიც ყოველივე დოგმატურს უარყოფდა. მარქსისტული ფილოსოფიის მიხედვით, ჰეგელის ფილოსოფიის ძირითადი წინააღმდეგობა არის „წინააღმდეგობა მეთოდსა და სისტემას შორის, წინააღმდეგობა აბსოლუტურ იდეალიზმსა და დიალექტიკურ მეთოდს შორის“. დიალექტიკური მეთოდის მიხედვით არ არსებობს არაფერი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი, უსათუო, აბსოლუტური. დიალექტიკური მეთოდი მოითხოვს დაუბოლოებელ განვითარებას; ჰეგელის სისტემა კი მოითხოვს დაბოლოებას, განვითარების პროცესის შეჩერებას. თუმცა, კ. ბაქრაძე თვლის, რომ ჰეგელის ფილოსოფიის განვითარებას მარქსისტული ფილოსოფია წარმოადგენს. ფილოსოფიის ისტორიაში სწორედ ჰეგელი იყო პირველი, ვინც შეეცადა სამყარო და საზოგადოებრივი ცხოვრება გაეგო როგორც ერთიანი ისტორიული პროცესი. ჰეგელის თანახმად, განვითარება ანუ დიალექტიკა განპირობებულია შინაგანი წინააღმდეგობებით, რომლებიც დიალექტიკური კანონებით და კატეგორიებით ხასიათდება - დაპირისპირებულთა და ერთიანობის ერთმანეთში ურთიერთგადასვლის პრინციპით, მოძრაობისა და განვითარების პრინციპით. განვითარების პროცესის არსი გამოიხატება მოხსნის ცნებაში. ერთის მიერ მეორის მოხსნა არის, ამავე დროს, ამ მეორის შენახვა, მისი მომენტად გადაქცევა. ერთი უარყოფს მეორეს. ახალი მოხსნის ძველს, მაგრამ ინარჩუნებს ძველიდან დადებითს და აჰყავს განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე. განვითარების პროცესი უწყვეტია და მას ნახტომისებური ხასიათი აქვს. კ. ბაქრაძის თვალსაზრისით, ჰეგელის დიალექტიკის ნახტომის გარეშე განვითარების წარმოდგენა შეუძლებელია, ნახტომის უარყოფა ნამდვილად განვითარების პრინციპულ უარყოფას ნიშნავს. ჰეგელი გამოსახავს პროცესს, სადაც აბსოლუტური სული საკუთარ თავს შეიმეცნებს ადამიანური ცნობიერების საშუალებით, სადაც შემთხვევითობა თავისუფლების აუცილებლობის იდეას ექვემდებარება ადამიანური სამყაროს შემეცნების პროცესში. ამგვარად, შემეცნება ისტორიული პროცესია; ცნობიერების განვითარებისა და მისი თვითშემეცნების ყოველი საფეხური შეიცავს ჭეშმარიტების გარკვეულ მომენტს, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტების გარკვეული მომენტის გამოვლინებას. ცნობიერების განვითარების ისტორიაში შემეცნება შრომას უკავშირდება. მონისა და ბატონის დიალექტიკაში იდეების მნიშვნელობის დადგენა შრომის გზით მატერიალური სინამდვილის გაფორმებით ხდება. ამგვარად, იდეების მატერიალურ სინამდვილედ გარდაქმნა უკავშირდება ჭეშმარიტების და ადამიანის თავისუფლების გაცნობიერების იდეას. მაშასადამე, სინამდვილის შემეცნება შრომის გზით ხდის ადამიანს თავისუფალს, რადგანაც ის გარესამყაროს გადამუშავებით არამარტო თავის ნებას უმორჩილებს საგანთა სისტემას, არამედ აცნობიერებს თავისი თავის თვითმფლობელობასა და თავისუფლების ხარისხს. კ. ბაქრაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჰეგელის ფილოსოფიის შინაგან წინააღმდეგობებზე, რომელთა გადალახვაც თავად ჰეგელის ფილოსოფიის ფარგლებში შეუძლებელი იყო; განსაკუთრებით ეს ეხება აბსოლუტური იდეის გადასვლას ბუნებაში, დუალიზმს, ილუზიონიზმს, რომელიც სისტემასა და მეთოდს, ლოგიკურისა და ონტოლოგიურის მიმართებას ახასიათებს. კ. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ სისტემამ დაჩაგრა მეთოდი, უფრო სწორად, მეთოდის რაციონალური ბირთვი. ამ რაციონალური ბირთვის გზით დიალექტიკა ჰეგელის ფილოსოფიაში ვერ განვითარდა. სისტემის ამოსავალმა წერტილმა და მისმა განვითარებამ ჩაახშო ის დადებითი, რაც ჰეგელს ასე კარგად ჰქონდა გარკვეული, ჰეგელმა „დააბნელა“ ის, რაც თვითონ აღმოაჩინა. სისტემამ „შთანთქა“ თავისი მეთოდი, რომელიც ამის გამო დაემთხვა სისტემას და, სისტემით განსაზღვრულმა, თავისში ამ დამთხვევის ტენდენციის მატარებელმა, ისეთი სტრუქტურა მიიღო, რომ თავის თავთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა.

კ. ბაქრაძის მიერ ჰეგელის ფილოსოფიისადმი მიმართვა არ იყო შემთხვევითი, რადგანაც ჰეგელის დიალექტიკა ვლადიმერ ლენინის მიერ ოფიციალურად იყო აღიარებული მარქსიზმის წყაროდ. ჰეგელის კრიტიკული განხილვა საშუალებას იძლეოდა არა მარტო საკუთრივ ჰეგელის დიალექტიკის წინააღმდეგობანი წარმოჩენილიყო, არამედ ე.წ. მატერიალისტურად გაგებული განვითარების თეორიისა და დიალექტიკის ნაკლოვანებებიც გამოვლენილიყო. მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის მკაცრი ინდოქტრინაციის მოთხოვნების მიუხედავად, კ. ბაქრაძემ ფილოსოფიას ავტონომიური სტატუსი დაუბრუნა და ამით მიუთითა, რომ ფილოსოფიაში აღიარებული ნებისმიერი პრობლემა კრიტიკულ განხილვას ექვემდებარება და არ უნდა იყოს მიღებული როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. დიალექტიკის, როგორც განვითარების ავტონომიური სტატუსის დისპოზიციის დაშვებით კ. ბაქრაძის კრიტიკის ობიექტი არა მარტო ჰეგელის დიალექტიკის გაგება ხდება, არამედ საბჭოთა მარქსისტული დიალექტიკის ინტერპრეტაციებიც. დიალექტიკის პრინციპის დაშვება შეუძლებელს ხდის ჭეშმარიტების მონოპოლიზაციას და ვერ ეგუება ჩაკეტილ სისტემას. დიალექტიკის პრინციპის ავტონომიურობის დაშვებით მასში ნებისმიერი ის კონცეფცია ხვდება, რომელსაც ჭეშმარიტების ფლობის აბსოლუტურობაზე აქვს პრეტენზია. კ. ბაქრაძის დასკვნებში მარქსისტული ფილოსოფიის პრეტენზიებიც ექცევა კრიტიკის ქვეშ, რადგანაც დიალექტიკის პრინციპები თავად მის წინააღმდეგაც გამოდის.

3 -ფილოსოფიის ისტორია და ლოგიკა

კოტე ბაქრაძის ფილოსოფიურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებს. ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკული ანალიზის შემდგომ მისი ყურადღების ქვეშ მოექცა თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებები. 1928 წლიდან მან დაიწყო გამოქვეყნება სტატიების სერიისა, რომელიც თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის პრობლემატურ საკითხებს ეხებოდა. ეს სტატიები გამოირჩევა პრობლემების სიღრმისეული განხილვით და სხვადასხვა სააზროვნო სისტემებში არსებული იმანენტური წინააღმდეგობების აღმოჩენით, რაც ასე დამახასიათებელი იყო კ. ბაქრაძის კვლევის მეთოდისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი სტატიები ეგზისტენციალიზმის, პრაგმატიზმის და ნეოთომიზმის შესახებ. კ. ბაქრაძე აპირებდა სამტომიანი გამოკვლევის გამოქვეყნებას ჰეგელის შემდგომი ფილოსოფიის შესახებაც, მაგრამ ამ პროექტის მხოლოდ პირველი წიგნის გამოქვეყნება შეძლო სახელწოდებით - „უახლესი და თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ნარკვევები“ (1960 წ.). რეცენზენტთა შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი პირველი სისტემური გამოკვლევა ჰეგელის შემდგომი ფილოსოფიისა. კ. ბაქრაძე განიხილავს ვულგარულ მატერიალიზმს, მახიზმს და ემპირიოკრიტიციზმს, იმანენტურ ფილოსოფიას, კრიტიკულ პოზიტივიზმს, ნეოკანტიანელობის ძირითად მიმართულებებს, კერძოდ, მარბურგისა და ბადენის სკოლას, ფ. ა. ლანგეს შემოქმედებას და ჰუსერლის ფენომენოლოგიას. კ. ბაქრაძე ყურადღებას აქცევს შოპენჰაუერისა და ბოლცანოს ფილოსოფიასაც. მისი კრიტიკის ობიექტს წარმოადგენს ვულგარული მატერიალიზმის მცდელობა, რომ აზროვნება მატერიალურ პროცესზე იყოს დაყვანილი. სოლიფსიზმის (მახიზმი, ემპირიოკრიტიციზმი) კრიტიკისას კ. ბაქრაძე მიუთითებს, რომ ეს კონცეფციები არსებითად გნოსეოლოგიური კონცეფციებია. შემეცნებას არ აქვს უფლება ცნობიერების სინამდვილიდან გადავიდეს ობიექტური სინამდვილის არსებობის მტკიცებაზე. იგი მიუთითებს, რომ სოლიფსიზმი შესაძლებელია მხოლოდ გნოსეოლოგიური თეორიის სახით. ამ თეორიებში უარიყოფა ადამიანისგან დამოუკიდებელი ობიექტური სინამდვილის არსებობა. ნეოკანტიანელობის განხილვისას კ. ბაქრაძე ყურადღებას აქცევს რიკერტის კონცეფციის არგუმენტებს შემეცნების თეორიის საწინააღმდეგოდ. მისი აზრით, ღირებულებათა თეორია სრულად ვერ გასცემს პასუხს ობიექტურობის პრობლემას. ჰუსერლის ფენომენოლოგიის ანალიზისას კი კ. ბაქრაძე დადებით ტენდენციად მიიჩნევს ჰუსერლის მცდელობას - ცოდნის თეორია და ლოგიკა გაათავისუფლოს ფსიქოლოგიზმისგან და დაასაბუთოს ჭეშმარიტების ობიექტურობა. თუმცა, კ. ბაქრაძის კრიტიკის ქვეშ ექცევა ჰუსერლის თეორია არსთა ჭვრეტის შესახებ.

კ. ბაქრაძის მიერ დიალექტიკის პრობლემის შესწავლა მჭიდროდ უკავშირდება ფილოსოფიის ისტორიის კვლევის პრობლემებს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი ნაშრომი „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ (1969 წ.). კ. ბაქრაძე ცდილობს, რომ ევროპული ფილოსოფიური აზროვნების ძირითადი ტენდენციები და წინააღმდეგობები შიგნიდან იყოს გაგებული. ეს ნაშრომი მოიცავს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ავტორს, აღორძინების ხანიდან დაწყებული კანტის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშრომი სახელმძღვანელოდ იყო განკუთვნილი, იგი, ერთი მხრივ, ენციკლოპედიურ შრომას წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, მონოგრაფიული გამოკვლევის ხასიათს ატარებს. კ. ბაქრაძეს ფილოსოფიის ისტორია აზროვნების დიალექტიკური განვითარების კონტექსტში აქვს წარმოდგენილი. მასში თანმიმდევრულად არის განხილული ახალი დროის ფილოსოფიის ისტორია, სადაც ფილოსოფიური აზროვნების ერთი წარმომადგენელი ცვლის მეორეს და ასე ავითარებს მეცნიერული შემეცნების საფუძვლებს. აღსანიშნავია კ. ბაქრაძის ხედვა აღორძინების ეპოქის ფილოსოფიისა, თუ როგორ მიემართება ის შუა საუკუნეების ერეტიკულ მოძღვრებებს და თანდათანობით როგორ ყალიბდება მეცნიერული მსოფლმხედველობა; აქ ხაზგასმულია ფრენსის ბეკონის რელიგიური მოძღვრების მნიშვნელობა, ჯონ ლოკის ემპირიზმი და სემიოტიკის ელემენტები, სპინოზას პანთეიზმი, ღმერთის იდეა და ობიექტური იდეალიზმის ელემენტები ჯორჯ ბერკლის ფილოსოფიაში, ფრანგული მატერიალიზმის ძირითადი ტენდენციები, ევროპული განმანათლებლობის ძირითადი მისწრაფებები და სხვ. ევროპული აზროვნების დამაგვირგვინებელ ეტაპს წარმოადგენს იმანუელ კანტის ფილოსოფია, რომელშიც (აღორძინების ეპოქიდან დაწყებული და განმანათლებლობით დამთავრებული) სისტემურად არის მოცემული ყველა პრობლემური საკითხი; სწორედ ის არის საწყისი ეტაპი გერმანული იდეალიზმისა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კ. ბაქრაძის ღვაწლი ლოგიკის მეცნიერების მნიშვნელობის წარმოჩენაში. საბჭოთა იდეოლოგიური გაგებით, ფორმალური ლოგიკა დიალექტიკურ ლოგიკაზე დაბლა მდგომ მეცნიერებად მიიჩნეოდა. ფორმალურ ლოგიკას არ ჰქონდა დიალექტიკური ლოგიკის მსგავსი ონტოლოგიური სტატუსი, ამიტომაც ზუსტად ვერ ასახავდა მატერიალური სამყაროს ჭეშმარიტების პრობლემის გაგებას. ასეთი დამოკიდებულება განპირობებული იყო ჰეგელის ფილოსოფიის და დიალექტიკის არასწორი ინტერპრეტაციებითაც. 1946-1955 წლებში კ. ბაქრაძემ გამოუშვა ლოგიკის სახელმძღვანელოების მთელი სერია საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ამ სახელმძღვანელოებში მოცემული იყო თანამედროვე ლოგიკის მეცნიერების მნიშვნელოვანი სიახლეები. აღსანიშნავია, რომ კ. ბაქრაძის მიერ ჟურნალში „Вопросы Философии“ დიალექტიკისა და ლოგიკის ურთიერთმიმართების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დისკუსია დაიწყო, რომელმაც მოიცვა არა მარტო იმდროინდელი საბჭოთა ფილოსოფიური აკადემიური წრეები, არამედ უცხოელ კოლეგათა ყურადღებაც მიიქცია. ამ დისკუსიის შედეგად არსებითად მოხდა შეთანხმება, რომ დიალექტიკა და ლოგიკა სხვადასხვა მეცნიერებები არიან და ერთი მეორეს არ უარყოფს. ამ დისკუსიის დროს მკაფიოდ გამოვლინდა, რომ დიალექტიკური ლოგიკის პრინციპები ფორმალური ლოგიკითაც იხსნება და შემეცნების პროცესში ლოგიკური აზროვნების პრინციპები მდგრადი და საყოველთაო მნიშვნელობისაა. ამ გზით ლოგიკის როგორც ფილოსოფიური მეცნიერების ლეგიტიმაცია და იდეოლოგიური მარწუხებისგან გათავისუფლება მოხდა.

კოტე ბაქრაძე მარქსისტული ფილოსოფიის კონცეპტუალურ ჩარჩოში მოქმედებდა. მან ჰეგელის ფილოსოფიის გადააზრების საფუძველზე ორიგინალური ხედვა განავითარა დიალექტიკური მატერიალიზმისა და ისტორიული მატერიალიზმის სტრუქტურაში. მის მიერ დიალექტიკური მატერიალიზმის კონცეფცია გაიაზრება როგორც ერთიანი სისტემა, რომელიც განვითარების თეორიის სახით შეიძლება განვიხილოთ. ამ კონცეფციის საფუძველზე მან ჭეშმარიტების გააზრების მეცნიერულ-მეთოდოლოგიური სისტემა შექმნა, რომელიც განკერძოებული იქნა იდეოლოგიური მსოფლმხედველობისგან. მან დაწვრილებით გაანალიზა დიალექტიკის კატეგორიათა სისტემა, წყვილი კატეგორიები და ჩამოაყალიბა მისი მიმართება კანონის ცნებასთან. კ. ბაქრაძის აზრით, ყოველ მეცნიერებას საქმე აქვს ჭეშმარიტების დადგენასთან, მაგრამ, თუ რა არის ჭეშმარიტება, ამის გარკვევა არცერთ მათგანს არ ძალუძს. იგივე ითქმის მიზეზობრიობის, აუცილებლობისა და სხვა კატეგორიების შესახებ, რომლებსაც ფილოსოფია შეისწავლის და ამიტომაც მათ ფილოსოფიური კატეგორიები ეწოდება. კ. ბაქრაძე აჩვენებს ფილოსოფიური კატეგორიების მნიშვნელობას მეცნიერების განვითარების ისტორიისა და ჭეშმარიტების შემეცნების საქმეში.

4 -რეცეფცია

კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური კვლევის სფერო მრავალ მიმართულებას მოიცავდა. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი იყო ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა და შემეცნების თეორია (გნოსეოლოგია). საბჭოთა სისტემის იდეოლოგიური მარწუხების მიუხედავად, მან ფილოსოფიური აზროვნების სფეროში დიდ შედეგებს მიაღწია. ამის დადასტურებას წარმოადგენს მისი საყოველთაო აღიარება არა მარტო საბჭოთა კავშირის ფარგლებში, არამედ დასავლურ ფილოსოფოსთა წრეებშიც. საბჭოთა ფილოსოფოსებს შორის იგი ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლებოდა, მისი შრომები ითარგმნებოდა რუსულ, პოლონურ, ჩინურ და სხვ. ენებზე; თანაც, მათ მნიშვნელოვანი გამოკვლევები, გამოხმაურებები და რეცენზიები მიეძღვნა. გარკვეულწილად, კ. ბაქრაძემ შექმნა ფილოსოფიური აზროვნების სტილი, რომელიც ფილოსოფიური საქმიანობის მაღალ სტანდარტს ამკვიდრებდა, რაც შემდეგ ერთგვარ ნიმუშად იქცა საბჭოთა ფილოსოფიური აზროვნების გარკვეულ წრეებში.

კოტე ბაქრაძემ თავის სიცოცხლეშივე პოვა დიდი აღიარება; მისი შრომები იმთავითვე გახდა ფართო ანალიზისა და განხილვის საგანი. მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობის სისტემური შეფასების პირველი მცდელობებები მათი გამოქვეყნებისთანავე დაიწყო, ხოლო მათი ფუნდამენტური ანალიზი კი ვ. ერქომაიშვილის, ე. კოდუას, ზ. კაკაბაძის, თ. ბუაჩიძის, გ. თევზაძის, ბ. ურიდიას და სხვ. ნაშრომებში განხორციელდა. ვ. ერქომაიშვილმა 1973 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში წარმოადგინა კ. ბაქრაძის ფილოსოფიური შეხედულებების სისტემური ანალიზი და ხაზი გაუსვა მის დამსახურებას ფილოსოფიური აზროვნების წინაშე. აღსანიშნავია აკადემიკოს ე. კოდუას 1973 წელს გამოცემული წიგნი „კოტე ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა)“, სადაც მან ერთიანი სახით წარმოადგინა მისი ფილოსოფიური ინტერესის სფეროები და განსაკუთრებით მიუთითა კ. ბაქრაძის როლზე იმდროინდელი საბჭოთა ფილოსოფიური აზროვნების ჭრილში. ე. კოდუა მიუთითებდა ბაქრაძის მნიშვნელობაზე ფილოსოფიის ისტორიის, ლოგიკისა და დიალექტიკის ურთიერთმიმართების, შემეცნების თეორიის დამუშავების საქმეში, რომელიც საბოლოო სახით განვითარების თეორიის სახით წარმოსდგა. ე. კოდუას აზრით, კ. ბაქრაძე იყო საბჭოთა სისტემაში ის მოაზროვნე, რომელიც იმდროინდელი ევროპული ფილოსოფიის ძირითად მიმართულებებზე მუშაობდა და მისი კრიტიკული ანალიზი „ობიექტური“ სახით გააცნო საზოგადოებას. აქვე უნდა აღინიშნოს ბ. ურიდიას მიერ განხორციელებული გამოკვლევა - „კოტე ბაქრაძე შემეცნების თეორიისა და ლოგიკის პრობლემების შესახებ“ (1978 წ.). მასში კ. ბაქრაძის თვალსაზრისი წარმოდგენილია ფილოსოფიის საგნისა და შემეცნების თეორიის ურთიერთდამოკიდებულების, დიალექტიკის, ლოგიკისა და შემეცნების თეორიის იგივეობის ჭრილში, მოცემულია ჭეშმარიტების განსაზღვრების ბაქრაძისეული ორიგინალური ანალიზი; აქ, ასევე, განხილულია კ. ბაქრაძის თვალსაზრისი დიალექტიკისა და ლოგიკის ურთიერთდამოკიდებულების თაობაზე.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს კოტე ბაქრაძის ნაშრომისადმი „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“ მიძღვნილი ვრცელი რეცენზიები პოლონელი ფილოსოფოსების ზბიგნევ კუდეროვიჩის, იან შევეჩუკის, მიხაილ გემპოლინსკის, ეჟი ლადიკას მიერ. სხვადასხვა დროს კ. ბაქრაძის ამ ნაშრომს რეცენზიები მიუძღვნეს ქართველმა ფილოსოფოსებმაც: თ. ბუაჩიძემ, ლ. მჭედლიშვილმა, ე. კოდუამ, გ. თევზაძემ და სხვებმა.

კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური მოღვაწეობის ახალი შეფასება 1990-იანი წლებიდან იწყება. ე. კოდუამ სპეციალური შრომა მიუძღვნა კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური მემკვიდრეობას, რომელიც მის საარქივო მასალებსა და ბიობიბლიოგრაფიას მოიცავს. ეს ნაშრომი კოტე ბაქრაძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და 1998 წელს გამოიცა. ე. კოდუა დაწვრილებით აღწერს კ. ბაქრაძის შრომებზე არსებულ გამოხმაურებებს, რომლებიც გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში გამოქვეყნდა. ნაშრომში პირველად არის გამოქვეყნებული ის მასალები, რომლებიც 1937 წელს კ. ბაქრაძისათვის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმას ეხება. რეცენზენტები მიუთითებდნენ მისი ნაშრომის „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“ იდეოლოგიურ შეუთავსებლობას საბჭოთა მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია თ. ბუაჩიძის ნაშრომი, რომელიც კოტე ბაქრაძის 100 წლისთავისადმია მიძღვნილი - „კოტე ბაქრაძე“ (1998 წ.). თ. ბუაჩიძე მიუთითებს ფილოსოფოსის ბედზე საბჭოთა ტოტალიტარულ სისტემაში. იგი აღნიშნავს, რომ კ. ბაქრაძემ - სხვა დიდ დამსახურებებთან ერთად - ტოტალიტარულ სახელმწიფოში შეუძლებელი შეძლო და რამდენიმე ადამიანთან ერთად საქართველოში ნამდვილი ფილოსოფია გადაარჩინა. იგი მიუთითებს, რომ სწორი იყო ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი ვადიმ სადოვსკი, როცა ჟურნალის „Вопросы Философии“ გამოქვეყნებულ ფურცლებზე წერდა, რომ ფილოსოფიური აზროვნების ტრადიციების შენარჩუნებას ყოფილ საბჭოთა იმპერიაში ხელი შეუწყო ისეთმა პიროვნებებმა, როგორებიცაა ალექსეი ლოსევი, მიხეილ ბახტინი და კონსტანტინე ბაქრაძე. უნდა აღინიშნოს, რომ კ. ბაქრაძის ფილოსოფიური მემკვიდრეობის შესწავლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და მას კვლავ სჭირდება ხელახალი ანალიზი და ინტერპრეტაცია.

5 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა). კოტე ბაქრაძის ნაშრომები

• ალეთოლოგიური რეალიზმი, ჟურნალში: „ჩვენი მეცნიერება“, №2-3 (თბილისი, 1923 წ.), გვ. 11-26.

• დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1929 წ.

• სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში, ტფილისი: „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 1936 წ.

• ლოგიკა, თბილისი: „საქართველოს პედაგოგიკური ინსტიტუტის გამომცემლობა“, 1946 წ.

• ლოგიკა. სახელმძღვანელო საშუალო სკოლის XI კლასისათვის, თბილისი: „სახელგამი“, 1947 წ.

• ლოგიკა. სახელმძღვანელო საშუალო სკოლის XI კლასისათვის, თბილისი: „სახელგამი“, 1949 წ.

• ლოგიკა. საშუალო სკოლის მე-11 კლასის სახელმძღვანელო, თბილისი: „სახელგამი“, 1951 წ.

• ლოგიკა. საშუალო სკოლის მე-11 კლასის სახელმძღვანელო, თბილისი: „სახელგამი“, 1952 წ.

• ლოგიკა. საშუალო სკოლის მე-11 კლასის სახელმძღვანელო, თბილისი: „სახელგამი“, 1954 წ.

• ლოგიკა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1954 წ.

• ლოგიკა. საშუალო სკოლის მე-11 კლასის სახელმძღვანელო, თბილისი: „სახელგამი“, 1955 წ.

• დიალექტიკური მატერიალიზმის საკითხები (ს. წერეთლის, პ. გუჯაბიძის და სხვ. თანაავტორობით), რედაქტორი - პ. გუჯაბიძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა და სტამბა“, 1955 წ.

• ისტორიული მატერიალიზმი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1957 წ.

• ექსისტენციალიზმი, ჟურნალში: „მნათობი“, №11 (1960 წ.), გვ. 124-135.

• ექსისტენციალიზმი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1962 წ.

• ახალი ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1969 წ.

• დიალექტიკური მატერიალიზმი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1970 წ.

• დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1971 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი პირველი, რედაქტორი - პროფ. ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1982 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი მეორე: სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში, რედაქტორი - პროფ. ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1979 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი მესამე: უახლესი და თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ნარკვევები, მთარგმნელი - თ. ბუაჩიძე, რედაქტორი - ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი მეოთხე: ლოგიკა, რედაქტორი - ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი მეხუთე, რედაქტორი - ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1976 წ.

• რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტომი მეექვსე: ახალი ფილოსოფიის ისტორია, რედაქტორი - ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1972 წ.

• Очерки по истории новейшей и современной буржуазной философии, Тбилиси: „Сабчота Сакартвело“, 1960.

• Избранные философские труды [В 4 томах], Ред. коллегия: Э. И. Кодуа (ред.-сост.) и др., Тбилиси: „Издателство Тбилисского университета“, 1973-1981.

• Filozofia Hegla. System i metoda, tłum. Zbigniew Kuderowicz, Warszawa: „PWN“, 1965.

• Z dziejów filozofii współczesnej, tłum. Halina Zelnikowa, Warszawa: „PWN“, 1964.

(ბ). სამეცნიერო-კრიტიკული ლიტერატურა

• ბაკურია, მ.: დიდი დამსახურება მეცნიერისა, გაზეთში: „თბილისის უნივერსიტეტი“, 6 ივნისი (თბილისი, 1969 წ.).

• ბოლქვაძე, კ.: ღვაწლმოსილი მეცნიერი, გაზეთში: „საბჭოთა აჭარა“, 26 იანვარი (ბათუმი, 1962 წ.).

• ბუაჩიძე, თ.: კოტე ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1998 წ.

• გულუა, ვ.: ფილოსოფოსი და პედაგოგი, გაზეთში: „ქუთაისი“, 22 ნოემბერი (ქუთაისი, 1963 წ.).

• დანელია, ს.: ლოგიკის ზოგიერთი საკითხისათვის (კ. ბაქრაძე, ლოგიკა, თბილისი, 1946), ჟურნალში: „მნათობი“, №48 (თბილისი, 1948 წ.), გვ. 162-166.

• ერქომაიშვილი, ვ.: კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური შეხედულებანი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1979 წ.

• თევზაძე, გ.: კოტე ბაქრაძე, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 181-197.

• კილაძე, ვ.: მეცნიერი, აღმზრდელი, მოქალაქე, გაზეთში: „თბილისი“, 23 ნოემბერი (თბილისი, 1963 წ.).

• კოდუა, ე.: უმაღლესი შეფასება: პროფ. კ. ბაქრაძის ნაშრომები – საბჭოთა და უცხოელ ფილოსოფოსთა შესწავლის საგანი, გაზეთში: „თბილისი“, 24 მარტი (თბილისი, 1971 წ.).

• კოდუა, ე.: კოტე ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.

• კოდუა, ე.: კოტე ბაქრაძე (1898-1970): ბიობიბლიოგრაფია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1998 წ.

• ლუტიძე, ბ.: გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1964 წ.

• ნემსაძე, მ.: ღვაწლმოსილი მეცნიერი, გაზეთში: „კომუნისტი“, 23 ნოემბერი (თბილისი, 1963 წ.).

• ურიდია, ბ.: პროფ. კ. ბაქრაძე - ახალი ფილოსოფიის ისტორია , გაზეთში: „ქუთაისი“, 10 აპრილი (ქუთაისი, 1969 წ.).

• ურიდია, ბ.: გამოჩენილი ფილოსოფოსი, გაზეთში: „ქუთაისი“, 17 იანვარი (ქუთაისი, 1970 წ.).

• ურიდია, ბ.: კოტე ბაქრაძე შემეცნების თეორიისა და ლოგიკის პრობლემების შესახებ, თბილისი: „მეცნიერება“, 1978 წ.

• ურიდია, ბ.: კოტე ბაქრაძე, წიგნში: ბ. ურიდია, მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან, თბილისი: „განათლება“, 1986 წ., გვ. 213-276.

• ქვაჩახია, ვ.: ლოგიკის ახალი წიგნი, გაზეთში: „სახალხო განათლება", 26 ნოემბერი (თბილისი, 1952 წ.).

• ქვაჩახია, ვ., ჭავჭავაძე, ნ.: მეცნიერული სკოლების შესახებ, გაზეთში: „ახალგაზრდა კომუნისტი“, 17 თებერვალი (თბილისი, 1955 წ.).

• ქვაჩახია, ვ.: გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი, გაზეთში: „ახალგაზრდა კომუნისტი“, 23 ნოემბერი (თბილისი, 1963 წ.).

• ქუთელია, ა.: დიალექტიკის ისტორიის დამახინჯების წინააღმდეგ, ჟურნალში: „ბოლშევიკი“, №1 (1936 წ.).

• შარია, პ.: წინასიტყვაობა პროფ. კ. ბაქრაძის გამოკვლევისა „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“ (1936 წ.), წიგნში: პ. შარია, რჩეული ნაწერები, თბილისი: „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“, 2019 წ., გვ. 393-397.

• წერეთელი, ს.: ჭეშმარიტების დასაცავად, ჟურნალში: „მნათობი“, №9 (თბილისი, 1960 წ.), გვ. 164-177.

• წერეთელი, ს.: დიდი მეცნიერი და პედაგოგი, გაზეთში: „სახალხო განათლება“, 20 ნოემბერი (თბილისი, 1963 წ.).

• ჭელიძე, მ.: გამოჩენილი ფილოსოფოსი, გაზეთში: „თბილისის უნივერსიტეტი“, 15 მაისი (თბილისი, 1970 წ.).

• Акбардия, К.: Против идеализма. против идеологического изврашения в науке // Газета „Заря Востока“, 21 февраля (Тбилиси, 1953).

• Буачидзе, Т. А.: Бакрадзе, К. С. Проблема диалектики в немецком идеализме // „Вопросы философии“, №5 (1971), ст. 158-160.

• Каландаришвили, Г.: Ученный и воспитатель // Газета „Вечерний Тбилиси“, 22 ноября (Тбилиси, 1963).

• Церетели, С.: Жизнь в науке // Газета „Заря Востока“, 22 ноября (Тбилиси, 1963).

• Tevzadze, G.: Philosophy in contemporary Georgia, in: Bulletin of The Georgian National Academy of Sciences, 175/№2 (2007), pp. 128-136.