2024-02-29 თამარ ბერეკაშვილი

ჯიოევი (ჯიოთი) ოთარ

1 -ცხოვრების გზა

ოთარ ჯიოევი დაიბადა 1928 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში; 1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს გადავიდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს; 1957 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1972 წელს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ორივე დისერტაციის დაცვა ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამეცნიერო საბჭოზე. 1983 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1991 წელს, დევნის გამო, ო. ჯიოევმა პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ორი წლის შემდეგ (აკადემიკოსებისა და იმჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ხანგრძლივი თხოვნის შედეგად) იგი დაბრუნდა აკადემიაში; 1951 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, რომელსაც, მოგვიანებით, სავლე წერეთლის სახელი მიენიჭა.

ო. ჯიოევი თავისი სამეცნიერო გზის განმავლობაში, ძირითადად, ისტორიის ფილოსოფიის, კულტურის ფილოსოფიის, სოციალური ფილოსოფიისა და აქსიოლოგიის მიმართულებით მუშაობდა; იგი, ასევე, იკვლევდა თვალსაჩინო ქართველი მოაზროვნის, კიტა მეგრელიძის ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ მემკვიდრეობას. ო. ჯიოევი გახლდათ დაახლოებით 60 სტატიისა და 6 წიგნის ავტორი. 1998 წელს მას მიენიჭა ღირსების ორდენი.

ოთარ ჯიოევი გარდაიცვალა 1999 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისში.

2 -ფილოსოფიური შემოქმედება

ოთარ ჯიოევის ძირითად სამეცნიერო ინტერესს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, წარმოადგენდა კულტურის ფილოსოფია და ღირებულების ფილოსოფიური პრობლემა. უნდა ითქვას, რომ კულტურის და ღირებულებების გააზრება ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად საკვლევ თემას წარმოადგენდა, ამასთან, სწორედ ქართველმა ფილოსოფოსებმა დაიწყეს ამ თემების შესწავლა საბჭოთა კავშირში. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კვლევა აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში; ამდენად, ამ საკითხებით დაინტერესება უკვე წარმოადგენდა სიმამაცის, აზრობრივი დამოუკიდებლობის და მსოფლიოს წამყვან ფილოსოფოსებთან სწორების მტკიცებას. ო. ჯიოევი ნ. ჭავჭავაძესთან ერთად იყო კულტურის ფილოსოფიის და ღირებულების ფილოსოფიური პრობლემის მთავარი მკვლევარი. ქართული ფილოსოფიის აღიარება და ცნობადობა ამ კუთხით, დიდწილად, სწორედ ო. ჯიოევის ნაშრომთა დამსახურებაა.

ო. ჯიოევს განხილული და გააზრებული აქვს ყველა ის საკითხი, რომელიც კულტურას უკავშირდება: კულტურა და ბუნება, კულტურა და საზოგადოება, კულტურა და ადამიანი, კულტურა და ცივილიზაცია, კულტურა და შრომა, კულტურა და ტრადიციები და ბევრი სხვა. მას განსაკუთრებით ბევრი ჰქონდა ნაფიქრალი ღირებულებებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან კულტურას. „კულტურაში განსახიერებულია ადამიანის ღირებულებანი, რომლებიც მის მსოფლმხედველობას გამოხატავენ“, - აღნიშნავს ო. ჯიოევი. მისი აზრით, რამდენადაც ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფერო წარმოებაა, სწორედ ის არის ადამიანის კულტურის მაჩვენებელიც.

ცივილიზაცია, რომელსაც, როგორც წესი, აკავშირებენ ადამიანის და საზოგადოების რეალურ მიღწევებთან - პირველ რიგში, წარმოების სფეროში - ისეთ ცნებად ჩამოყალიბდა, რომელიც განსხვავებულია კულტურის ცნებისგან. ო. ჯიოევი მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია კულტურის ერთ-ერთი საფეხურია. კულტურა უფრო მთავარი მაჩვენებელია. ცივილიზაციის სხვადასხვა დონეს შეიძლება ერთნაირი კულტურა შეესაბამებოდეს.

ერი თავის ერთობას, რომელიც მრავალი ნიშნით გამოიხატება (ეკონომიკა, პოლიტიკა, მიზნები, ენა და ა.შ.), აცნობიერებს ისტორიისა და კულტურის წყალობით და ხშირად ამაყობს კიდეც ამით, თუმცა, კულტურის ღირებულების საზომი ზოგჯერ მცდარია. მაგალითად, ამაყობენ ქვეყნის სიდიდით და მოსახლეობის სიმრავლით, კულტურის მოღვაწეებით და კულტურის შედევრებით და სხვა. კულტურები ერთმანეთს ავსებენ და ამაშია მათი ღირებულება. განსხვავებები ერებსა და კულტურებში ხელს უწყობს ხალხების და კულტურების ურთიერთგამდიდრებას. კულტურაში მთავარია მისი ფუძემდებელი იდეები და ღირებულებები.

კულტურის განხილვის სისავსე გამოიხატება კულტურასთან მიმართებით ისეთი საკითხების გააზრებაშიც, რომლებსაც, ჩვეულებისამებრ, არ უკავშირებენ კულტურას. ამ კონტექსტში ო. ჯიოევი წერს გრძნობებზე და, განსაკუთრებით, სიყვარულზე: „ადამიანის სოციალური ბუნება წარმოჩინდება ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობაში. ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობა ვლინდება სიყვარულში“.

ო. ჯიოევი ფიქრობდა, რომ უკულტურობა კულტურას არ უპირისპირდება. „უკულტურობის გამოვლენის ფორმები და სახეები კულტურის ნაწილია“.

საბჭოთა კავშირში არსად და არასოდეს არ ყოფილა ზემოხსენებული თემები ასე დაწვრილებით განხილული, ღრმად და მკაფიოდ დახასიათებული, გააზრებული და გამოხატული, როგორც ო. ჯიოევის ნაშრომებში. საბჭოთა კავშირში მსგავსი კვლევები არ მიმდინარეობდა, ისინი უცხო იყო საბჭოთა მეცნიერული წრეებისთვის.

ო. ჯიოევის შემოქმედებაში კულტურის კვლევისას ძირითადი და უმნიშვნელოვანესი იყო ღირებულებების პრობლემა. მისი, როგორც ფილოსოფოსის, დამკვიდრება და ცნობადობაც სწორედ ღირებულებებზე გამოქვეყნებული ნაშრომებით დაიწყო.

ო. ჯიოევი ეთანხმება შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ფორმაციების და პოლიტიკური რეჟიმების ცვლილება ეფუძნება უკვე მომხდარ, მაგრამ ნაკლებად გაცნობიერებულ და დაფიქსირებულ ცვლილებებს ტექნოლოგიებში, წარმოების საშუალებებში, პოლიტიკურ სფეროში. იგი მნიშვნელოვნად აღრმავებს კიდეც ასეთ მიდგომას. ო. ჯიოევი ერთ-ერთი პირველი განიხილავს იმ მიზეზებს და ცვლილებებს, რომლებიც მოხდა მსოფლიოში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. იგი მიიჩნევს და ასაბუთებს, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევას წინ უსწრებდა ცვლილებები არა მხოლოდ თავად საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში იგი არ გულისხმობს ცივ ომს. იგი საკითხს სწორედ ღირებულებითი თვალსაზრისით უდგება. ამ დროისთვის საბჭოთა სისტემებში უკვე მოხდა დასავლური მოდელის ელემენტთა შეღწევა და დემოკრატიულობის ერთგვარი ზრდა, ასევე, განხორციელდა ცვლილებები დასავლურ საზოგადოებებშიც - ისინი აღარ იყვნენ ერთმნიშვნელოვნად ბურჟუაზიული. ო. ჯიოევი მიიჩნევს, რომ შეიცვალა სოციალური ღირებულებების მთავარი პარადიგმა, რომელმაც გამოიწვია გავრცელებული განცხადება ისტორიის დასრულების შესახებ. ძველი მიდგომით, ისტორიას განსაზღვრავენ ადამიანისგან დამოუკიდებელი ძალები, იქნება ეს მსოფლიო სული თუ საწარმოო ძალების და წარმოებით ურთიერთობათა შესაბამისობის კანონი. ახალი პარადიგმის მიხედვით კი, ძირითადად, ადამიანთა გადაწყვეტილებები განსაზღვრავს უმთავრესად ისტორიულ მსვლელობას.

ო. ჯიოევი დიდ ყურადღებას უთმობს მთავარ სოციალურ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება არა მხოლოდ ცალკეული საზოგადოების ცხოვრება და კეთილდღეობა, არამედ მთლიანად მსოფლიოს არსებობა. ეს ღირებულებებია: თანასწორობა, თავისუფლება და სამართლიანობა. თუ პირველ ორს საუკუნეების მანძილზე დიდი ყურადღება ექცეოდა, სამართლიანობის მნიშვნელობა უკანასკნელ ათწლეულებში წარმოჩინდა განსაკუთრებით. დაწვრილებით იხილავს რა ამ საკითხებს, ო. ჯიოევი დარწმუნებულია, რომ ზნეობის კატეგორიები და ადამიანის უფლებები უპირველესია და სწორედ ამაზე ფიქრით იწყება პოლიტიკური ფილოსოფია.

ზნეობის კატეგორიები, ღირებულებითი ორიენტაციები ადამიანის ქცევის საზომია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყალიბდება. ო. ჯიოევი ღრმად და მრვალმხრივ იხილავს ადამიანის მიმართებას საზოგადოებასთან. ადამიანის ღირებულებით ორიენტაციებზე მსჯელობისას ის ითვალისწინებს არა მხოლოდ ფილოსოფიის სფეროში არსებულ შეხედულებებს - ეთანხმება ან არ ეთანხმება მათ - არამედ ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის მონაცემებს. საკითხისადმი მისი მიმართება, მსჯელობა, გააზრების გზა, რომლითაც ის მიდის საბოლოო დასკვნამდე, არანაკლებ მნიშვნელოვანია და საინტერესო, ვიდრე თავად დასკვნა.

ო. ჯიოევს დიდი ღვაწლი აქვს კიტა მეგრელიძის, როგორც ფილოსოფოსის და დიდი მოაზროვნის წარმოჩენისა და საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში. ის პირველი იყო, ვინც განიხილა კ. მეგრელიძის წიგნი „აზროვნების სოციოლოგიის ძირითადი პრობლემები“. მასვე ეკუთვნის კ. მეგრელიძის ბიოგრაფიის აღწერა. მისი აზრით, კ. მეგრელიძემ ყველაზე ნათლად გააცნობიერა ფილოსოფიის არსებითი კავშირი მეცნიერების განვითარების ტენდენციებთან. ო. ჯიოევის შეფასებები ერთგვარი გაგრძელებაა იმ უნიკალური დასკვნებისა, რომლებიც კ. მეგრელიძის ნაშრომშია წარმოდგენილი. ძირითადი ნაშრომის გარდა, ო. ჯიოევი განიხილავს კ. მეგრელიძის ზღაპარს „თქმულება მკვდარ კოშკზე“, რომელსაც ფილოსოფიურ კომენტარს ურთავს, რის შედეგადაც კ. მეგრელიძის, როგორც მოაზროვნის ფიგურა უფრო სრულად წარმოგვიდგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი შემოქმედებიდან თითქმის არაფერი შემორჩა - ყველაფერი განადგურდა სტალინის ტერორის დროს. სწორედ ო. ჯიოევის წყალობით სათანადოდ შეფასდა კ. მეგრელიძის მოღვაწეობა, მისი როგორც ფილოსოფოსის და მოაზროვნის მნიშვნელობა არა მარტო აზროვნების სოციოლოგიაში, არამედ სოციალურ ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, კულტურის ფილოსოფიაში.

უნდა ითქვას, რომ ო. ჯიოევის ინტერესების სფერო ბევრად სცილდებოდა კულტურის და ღირებულების თემებს. მას ეკუთვნის ნაშრომები ფილოსოფიის ისტორიაში. მან, საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა, განიხილა ლუი ალთუსერისა და ბენედეტო კროჩეს ფილოსოფიები, რომლებიც XX საუკუნის 70-80-იან წლებში საკმაოდ პოპულარულები იყვნენ ევროპასა და ამერიკაში. მნიშვნელოვანია მისი განაზრებები ჯონ როუზზე, ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკზე, ჯონ მეინარდ კეინზზე, რომელთა ფილოსოფიასთან კავშირზეც საუბარი გაცილებით გვიან დაიწყო, ვიდრე ეს ო. ჯიოევმა შეამჩნია.

ო. ჯიოევის ფილოსოფიურ ტექსტებში ბევრია მოულოდნელი ციტატები - ძალიან ზუსტი როგორც აზრობრივად, ისე ემოციურად, თუმცა კი, შესაძლოა, სრულიად სხვა სფეროდან. მას ახასიათებს თავისი სათქმელის მკაფიოდ და ზუსტად გამოხატვის უნარი, დიდი სიფაქიზე სიტყვებისა და ტერმინების არჩევისას. მისთვის დამახასიათებელია პოეტური სტროფების მოყვანაც. ის კარგად იცნობდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო პოეზიას. ო. ჯიოევის განსაკუთრებული მიმართება ტერმინების სიზუსტისადმი წარმოჩინდა იმ კამათში, რომელიც გაიმართა XX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც დაიწყო ტერმინების და ცნებების შეცვლა-დაზუსტება; მაგალითად, „დაიგმო“ ცნება „ღირებულება“ და დაიწყო მისი შეცვლა „ფასეულობით“, ასევე, იყო მცდელობა „სულის“ „სამშვინველით“ ჩანაცვლებისა და სხვ. ო. ჯიოევი არასოდეს ემიჯნებოდა ასეთ კამათს და ცდილობდა თავისი შეხედულება დაესაბუთებინა.

ო. ჯიოევი იშვიათად აკეთებს საბოლოო დასკვნას, იგი მსჯელობს და თითქმის ყოველთვის მრავალწერტილს სვამს თავისი მსჯელობისას - ჭეშმარიტება ხომ მიუღწეველია! მთავარია პატიოსანი და გულწრფელი სვლა. ამგვარი მსჯელობა მის ნაშრომებში ძალიან ფასეულია და ძვირფასი, რაც გამოარჩევს მას სხვა ბევრი ქართველი თუ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ფილოსოფოსისგან.

3 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა). ოთარ ჯიოევის ქართულენოვანი ნაშრომები

• კულტურა და ადამიანის ცხოვრება, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.

• კიტა მეგრელიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1982 წ.

• კულტურა ადამიანის ცხოვრებაში და ბრძოლა უარყოფით მოვლენებთან, თბილისი: „მეცნიერება“, 1985 წ.

• რა არის კულტურა, თბილისი: „ცოდნა“, 1986 წ.

• კულტურა და ფილოსოფია, ბათუმი: „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2008 წ.

(ბ). ოთარ ჯიოევის რუსულენოვანი ნაშრომები

• Еще об одном опровержении исторического материализма // Труды института философии, Т. IX, 1960.

• Критика психологического понимания предмета социологии // Труды института философии, Т. X, 1961.

• Природа исторической необходимости, Тбилиси: „Мецниереба“, 1967.

• Философская мысль в Грузии за годы Советской власти, // Вопросы философии, № 9 (1967).

• Проблемы исторического познания в философии Б. Кроче // Вопросы философии, № 5 (1971).

• Материалистическое понимание истории и буржуазная философия, Тбилиси: „Мецниереба“, 1974.

• Проблема социологии познания в трудах К. Р. Мегрелидзе // Социальная природа познания, Москва: „Наука“, 1979.

Культура и человеческое бытие // Философские проблемы культуры, Тбилиси: „Мецниереба“, 1980.

• Диалектика и культура // Мировоззренческое содержание категорий и законов материалистической диалектики, Киев: „Наукова думка“, 1981.

• Смысл культуры, Тбилиси: „Мецниереба“, 1990.