2021-03-17 თენგიზ ირემაძე

ნუცუბიძე შალვა

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

შალვა ისააკის ძე ნუცუბიძე დაიბადა 1888 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანევში; თავდაპირველი განათლება ჯერ ხონის დაწყებით სკოლაში, ხოლო შემდეგ კი ხონის საოსტატო სემინარიაში მიიღო; 1897 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1906 წელს დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა უმაღლესი განათლების მისაღებად. აქ შალვა ნუცუბიძე ისმენდა ცნობილი რუსი ფილოსოფოსების (ა. ვედენსკის, ნ. ლოსკის, ი. ლაპშინის, ნ. კარეევის და სხვ.) ლექცია-სემინარებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური წრის მუშაობაში. 1910 წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ყუბანის ოლქის სტანიცა ტერმიგოევსკაში ისტორიის, ფსიქოლოგიის და ლათინური ენის მასწავლებლად. 1911 წელს სამეცნიერო მივლინებით მიემგზავრება ლაიფციგში, სადაც კითხულობს მოხსენებას ალეთეიოლოგიის პრინციპების შესახებ. ლაიფციგში სამეცნიერო მივლინების დროს შალვა ნუცუბიძეს ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ გერმანელ მოაზროვნეებთან (ვილჰელმ ვუნდტი, იოჰანეს ფოლკელტი და სხვ.) და მათ მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობდა. 1914 წელს შალვა ნუცუბიძე პეტერბურგის მეორე გიმნაზიის მასწავლებელია. 1917 წელს იგი ა. ვედენსკის დახმარებით კვლავაც პეტერბურგის უნივერსიტეტში ბრუნდება, სადაც საცდელი ლექციების კითხვას იწყებს პრივატ-დოცენტის წოდების მოსაპოვებლად. ამავე წელს მას მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება. ამის შემდეგ შალვა ნუცუბიძე სამშობლოში ბრუნდება და 1918 წელს ივანე ჯავახიშვილთან და სხვა დიდ ქართველ მეცნიერებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ამავე წლიდან იგი სხვადასხვა სამეცნიერო და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1920-1929 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის პრორექტორიც იყო, ასევე, იკავებდა უნივერსიტეტის დეკანის, ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორისა და კათედრის გამგის თანამდებობებს.

1918 წელს შალვა ნუცუბიძემ თანამოაზრეებთან (ს. გორგაძე და სხვ.) ერთად „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“ დააფუძნა. ამ საზოგადოებამ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფილოსოფიური მეცნიერების განვითარების საქმეში. 1921 წელს შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელი წრე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შალვა ნუცუბიძე 1918-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. შესაბამისად, მისი ხელმოწერა დატანილია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რომლითაც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

შალვა ნუცუბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ლექცია-სემინარებს კითხულობდა სხვადასხვა დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საყოველთაოდ ცნობილი ლექციები ფილოსოფიის ისტორიაში, სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიაში, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიაში, მტკიცებით სამართალში, მეცნიერების მეთოდიკაში და სხვ. აღსანიშნავია, რომ შემდგომში მონოგრაფიებისა და სხვადასხვა წიგნების სახით გამოქვეყნებული შალვა ნუცუბიძის სამეცნიერო ნაშრომები სწორედ ამ ლექცია-სემინარებიდან იღებს სათავეს.

შალვა ნუცუბიძის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. 1938 წელს საბჭოთა უშიშროების მუშაკებმა იგი პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და მოსკოვის ციხეში გადაიყვანეს. იოსებ სტალინის ბრძანებით იგი მალევე განთავისუფლდა ციხიდან, თუმცა, იძულებული გახდა, რომ ალეთეიოლოგიისა და სისტემური ფილოსოფიის სფეროში მუშაობა შეეწყვიტა და მთელი თავისი დრო (ქართული) ფილოსოფიის ისტორიისა და რენესანსის პრობლემების კვლევისთვის დაეთმო.

1944 წელს შალვა ნუცუბიძე აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1946 წლიდან კი იგი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა, საიდანაც 1949 წელს კოსმოპოლიტობის ბრალდებით გაათავისუფლეს (1954 წელს კი აღადგინეს). იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ შალვა ნუცუბიძე კვლავაც არაერთგზის გამხდარა პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების მსხვერპლი: 1953 წელს იგი გარიცხეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 1956 წლიდან კი შალვა ნუცუბიძე  მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად. საბოლოოდ, 1960 წელს, მას ყველა აყრილი პატივი და წოდება აღუდგინეს.

შალვა ნუცუბიძე გარდაიცვალა 1969 წლის 6 იანვარს. დაკრძალულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.

2 -თეორიული ფილოსოფია

2.1. ალეთეიოლოგია

შალვა ნუცუბიძემ 1911 წელს - ჯერ კიდევ ლაიფციგში სამეცნიერო მივლინების დროს - წაიკითხა მოხსენება ალეთეიოლოგიური პრინციპების შესახებ, ხოლო 1922 წელს კი თბილისში გამოაქვეყნა ნაშრომი „ალეთოლოგიის საფუძვლები, წიგნი I: ჭეშმარიტების პრობლემა“, რომელშიც ახალი ფილოსოფიური დისციპლინის - ალეთეიოლოგიის - მთავარი პრინციპები და საფუძვლები იყო გადმოცემული. თვით ქართველი ავტორის შეფასებით, „წინამდებარე თხზულება პირველი ნაწილია გამოკვლევათა რიგის, რომელთა მიზანია აზროვნების ყოველმხრივი შესწავლა“. ეს ამოცანა გულისხმობს ჭეშმარიტების პრობლემის საფუძვლიან გამორკვევას, რომელსაც შალვა ნუცუბიძემ მანამდე მიუძღვნა უაღრესად საყურადღებო ნაშრომი „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“, რომელიც 1913 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა მოსკოვის ფსიქოლოგიური საზოგადოების ჟურნალში „Вопросы философии и психологии“. თავად შალვა ნუცუბიძე საგანგებოდ მიუთითებდა ამ ორ ნაშრომს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე, რადგან ბერნარდ ბოლცანოს (1781-1848 წწ.) მიერ დამუშავებული ჭეშმარიტების ცნება და მისი ნუცუბიძისეული რევიზია გზას უკვალავს ალეთეიოლოგიას, როგორც ახალ ფილოსოფიურ დისციპლინას. შემთხვევითი არ იყო, რომ ნუცუბიძემ ბოლცანოს მეცნიებათმოძღვრებას თავისი ფილოსოფოსობის საწყის ეტაპზე ვრცელი და მრავალმხრივი გამოკვლევა მიუძღვნა, რადგან ამ ნაშრომში თავად ნუცუბიძის შედარებით გვიანდელი შემოქმედებითი პერიოდის აქტუალური პრობლემატიკაცაა მოხაზული. ბოლცანოს მეცნიერებათმოძღვრების „გრანდიოზული გეგმა“ ლოგიკის ხელახლა დაფუძნებასა და შემეცნებაში ფსიქოლოგიზმის გადალახვას ეძღვნებოდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო შალვა ნუცუბიძე ბოლცანოს ფილოსოფიას საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა და ალეთეიოლოგიის დაფუძნების საქმეში მის საგანგებო მნიშვნელობაზე მიუთითებდა, რადგან ალეთეიოლოგია უნდა ყოფილიყო ყოვლისმომცველი, მრავალმხრივ კონსტრუირებული ფილოსოფიური დისციპლინა, რომელიც თავიდან აიცილებდა როგორც ანთროპოლოგიზმსა და ფსიქოლოგიზმს, ასევე ანტიფსიქოლოგიზმსაც. ნუცუბიძე ალეთეიოლოგიას ტრანსცენდენტალიზმისა და იდეალიზმისგანაც განასხვავებდა. შესაბამისად, ალეთეიოლოგიას თავიდან უნდა აეცილებინა ყველა ტიპის ცალმხრივობა, რომელიც კი ადამიანს წინ ეღობება შემეცნების პროცესში; ნუცუბიძის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „იდეალიზმისა და მატერიალიზმისათვის დამახასიათებელი ცალმხრივობების თავიდან აცილება“ იყო. შალვა ნუცუბიძის მიერ XX საუკუნის პირველ მესამედში შემუშავებული ეს ფილოსოფიური პროგრამა აქტიურად ითვალისწინებდა იმდროინდელ გნოსეოლოგიურ თეორიებში არსებულ წინააღმდეგობებს და იმ ფაქტსაც, რომ ვერც ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიამ, ვერც ჰაინრიხ რიკერტის ღირებულების თეორიამ და ვერც ინტუიტივიზმის ნაყოფიერმა მეთოდოლოგიურმა მიდგომამ ვერ შეძლო შემეცნების პროცესში ფსიქოლოგიზმისა და ანთროპოლოგიზმის გადალახვა. შალვა ნუცუბიძე ფიქრობდა, რომ ამ მოაზროვნეთა მიერ წარმოდგენილი ჭეშმარიტების გაგება ამ ამოცანის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფსიქოლოგიზმის წარმატებული გადალახვის ნაყოფიერ მცდელობად ნუცუბიძეს ალეთეიოლოგიის სფეროში მიმდინარე გამოკვლევები მიაჩნდა, რომელიც ჭეშმარიტების სწორ გაგებას ეფუძნებოდა და მის არსებით ნაწილში სწორედ ბერნარდ ბოლცანოს მეცნიერებათმოძღვრებას ეყრდნობოდა. სწორედ ამის გამო ნუცუბიძე თავის ალეთეიოლოგიურ ნაშრომებში საგანგებოდ აღნიშნავდა ბოლცანოს მიღწევებს და ინტენსიურად ეყრდნობოდა მათ.

ალეთეიოლოგია ანუ ჭეშმარიტების თეორია მოწოდებულია საიმისოდ, რომ შემეცნების ნამდვილი ბუნება შეიცნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ორგანზომილებიანობა უნდა დადგინდეს: შემეცნება ერთდროულად მიმართულია „წინ“ და „უკან“, ანუ ის ერთდროულად პროგრესულიც არის და რეგრესულიც. ამ საკითხთა გარკვევასა და ალეთეიოლოგიის საკუთრივი სფეროს ანალიზს მიეძღვნა შალვა ნუცუბიძის ორი მომდევნო გერმანულენოვანი ნაშრომი: (1) „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა. ალეთეიოლოგიური რეალიზმის პირველი შესავალი“ (ბერლინი/ლაიფციგი, 1926 წ.) და (2) „ფილოსოფია და სიბრძნე. ალეთეიოლოგიის სპეციალური შესავალი“ (ბერლინი/კიონიგსბერგი, 1931 წ.). ამ ნაშრომებში დაწვრილებით არის გამოკვლეული ალეთეიოლოგიური („თავისთავადი ჭეშმარიტების“) სფერო, რომელიც ფილოსოფიის ამოსავალი და საყრდენი პუნქტია. პირველ ნაშრომში - ალეთეიოლოგიური პრობლემატიკის გადმოცემისა და შემეცნების სტრუქტურული თავისებურებების გამოკვეთის ფონზე - ნუცუბიძე ვრცლად განიხილავს საჭირო მასალას ფილოსოფიის ისტორიიდან, განსაკუთრებით კი მოიხმობს გერმანულ ფილოსოფიას. რაც შეეხება მეორე ნაშრომს, აქ იგი უფრო მეტად ალეთეიოლოგიურ პრობლემატიკას თემატურად განავრცობს და საკუთარ აქცენტებს სვამს, რის გამოც „ფილოსოფია და სიბრძნე“ სწორედაც რომ სპეციალურ შესავალს წარმოადგენს ალეთეიოლოგიაში.

თეორიული ფილოსოფიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ შალვა ნუცუბიძის კიდევ ერთი ადრეული საყურადღებო ნაშრომი „ფილოსოფიის შესავალი“ (1920 წ.), რომელიც ალეთეიოლოგიის ერთგვარ მომამზადებელ პროგრამას წარმოადგენს, რადგან მასში გადმოცემული ფილოსოფიური საკითხები ნათლად აჩვენებს, რომ ტრადიციული ფილოსოფიის მიერ დასმული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები XX საუკუნის ფილოსოფიურ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. ამ ნაშრომში ნუცუბიძე განიხილავს გნოსეოლოგიისა და ლოგიკის გაერთიანების საკითხს, რადგან ეს ორი დარგი ჭეშმარიტების შესწავლას ემსახურება და მათი ძალების გაერთიანება ამ მიზნის მიღწევას გააადვილებს, რაც „ჭეშმარიტების მეტყველებაში“ ანუ ალეთეიოლოგიაში არის შესაძლებელი. არანაკლებ საყურადღებოა ამავე ნაშრომში შალვა ნუცუბიძის მიერ ტრანსსუბიექტური შემეცნების საკითხთა განხილვა, რომელიც გასაღებს წარმოადგენს „ჭეშმარიტების თავისთავად“ გაგებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ალეთეიოლოგიის საკვანძო ცნებაა.

შალვა ნუცუბიძე თავის „ფილოსოფიის შესავალში“ ამტკიცებს, რომ ფილოსოფიის შესავალი უნდა იყოს „სრულიად ობიექტური და მიუდგომელი“ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიქცეს მისი ავტორის მიერ „აღიარებული ფილოსოფიური სისტემის შესავლად“. მიუხედავად ამისა, ამ ნაშრომში მის მიერ დამუშავებული თემატიკა გზას ამზადებს ალეთეიოლოგიური კვლევებისთვის; შალვა ნუცუბიძის „ფილოსოფიის შესავალში“ ცხადად იკვეთება, რომ ფილოსოფიამ, როგორც მსოფლმხედველობამ, მეცნიერული საფუძველი და მთლიანობა უნდა შეიძინოს და ეს მხოლოდ „ალეთეიოლოგიის ნიადაგზე“ იქნება შესაძლებელი. ამდენად, ქართველი ფილოსოფოსის ამ ნაშრომშიც წარმმართველი მეთოდოლოგიური წინაპირობა არის ალეთეიოლოგიური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ტრადიციული ფილოსოფიის მიერ ყოფნასა და აზროვნებას შორის არსებული უფსკრული უნდა გადაილახოს ახლებური სააზროვნო მოდელების შექმნით.

ზემოთ დასახელებულ ფუნდამენტურ შესავლებს ალეთეიოლოგიაში უნდა მოჰყოლოდა ამ დარგის სისტემური განხილვა, მაგრამ XX საუკუნის პირველ ნახევარში საბჭოთა კავშირში არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შალვა ნუცუბიძეს ამ ტიპის კვლევა-ძიების განხორციელების საშუალება არ მისცა. იმ პერიოდში ძალიან საშიში იყო საკუთარი ფილოსოფიური ძიებების წარმოება და ორიგინალური ფილოსოფიური სისტემის შემუშავება, რაც საბჭოთა რეჟიმის მიერ სასტიკად იდევნებოდა. თავისუფალი აზროვნება და თავისთავადი ჭეშმარიტების ძიების პროცესი სრულიად მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირში, რადგან ის საფრთხედ აღიქმებოდა. ეს მდგომარეობა მტკივნეულად აისახა კიდეც საბჭოეთში მცხოვრებ და მოღვაწე ფილოსოფოსებზე, რის გამოც ისინი თითქმის გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდნენ. შალვა ნუცუბიძის შემოქმედებაც ამის ნათელი მაგალითია. იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი ორიგინალური და სისტემური კვლევები ალეთეიოლოგიაში და ფილოსოფიის ისტორიაში გაეგრძელებინა მუშაობა. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ XX საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ შალვა ნუცუბიძე ფილოსოფიის ისტორიაში მუშაობდა, ძირითადად, ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ.

2.2. ესთეტიკა

შალვა ნუცუბიძის მიერ ჩამოყალიბებული მონისტური ესთეტიკის საფუძვლები წარმოადგენს ხელოვნების ზოგად თეორიას და მჭიდრო კავშირშია ალეთეიოლოგიასთან. თავად ქართველი ავტორიც საგანგებოდ აღნიშნავდა თავისი ნაშრომის წინასიტყვაობაში, რომ „ხელოვნების თეორია. მონისტური ესთეტიკის საფუძვლები“ (1929 წ.) მთლიანად ემყარება „ალეთეიოლოგიური რეალიზმის ნიადაგზე მიღწეულ შედეგებს“ და წარმოადგენს ხელოვნების სისტემატურ თეორიას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნუცუბიძეს ალეთეიოლოგიური კვლევა-ძიების ბოლომდე დასრულება მძიმე პოლიტიკური რეალობის გამო არ დასცალდა და ამის გამო მის ესთეტიკურ ნააზრევსაც ზიანი მიადგა. ამის შესახებაც ნუცუბიძე საგანგებოდ ამბობს, რომ ალეთეიოლოგიური ძიებების გეგმაზომიერად დასრულების შემთხვევაში ეს ნაშრომი „შინაარსობრივად უფრო მოიგებდა“. მიუხედავად ამისა, მან მაინც გადაწყვიტა ამ საყურადღებო ესთეტიკური თეორიის გამოქვეყნება, რადგან მანამდე ქართულ ენაზე ზოგადი ესთეტიკის შესახებ გამოკვლევა არ არსებობდა და ამ კუთხით ეს ნაშრომი ქართული სამეცნიერო-ფილოსოფიური ლიტერატურის შემავსებელი უნდა ყოფილიყო. ეს გამოკვლევა მოიცავდა ხელოვნების სისტემატურ საკითხებს და ზოგადი ესთეტიკის პრინციპულ პრობლემებს, რომლებზე დაყრდნობითაც შემდგომში ხელოვნებათა ცალკეული თეორიები უნდა შემუშავებულიყო. ცალკეულ ხელოვნებათა შესახებ ამ ტიპის თეორიები ნაკლებად განმაზოგადებელი („პრინციპული“) იქნებოდა და უფრო სპეციფიკურ ხასიათს შეიძენდა. მაშასადამე, ხელოვნებათა სპეციალური თეორიები ცალკეული ხელოვნების სახეობებზე ამ წიგნში ჩამოყალიბებული დებულებების გაშლასა და გაგრძელება-განვრცობას წარმოადგენდა.

შალვა ნუცუბიძის აზრით, ეს წიგნი მონისტურ პრინციპებს ეყრდნობოდა, რაც სამყაროს მთლიანობისა და მისი რეალობა-მატერიალურობის ფაქტიდან ამოსვლას გულისხმობს. მასში გამოყენებულია მასალები ისტორიული და დიალექტიკური მატერიალიზმის მეთოდოლოგიური არსენალიდან. ამის კვალობაზე მონისტური ესთეტიკური კონცეფციის შემქმნელი ქართველი ავტორი სულიერი კულტურის ნიმუშთა გაგების პროცესში „ისტორიულისა“ და „იდეოლოგიურის“ ცნებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამ ორი ასპექტის გამოკვეთის საფუძველზე შალვა ნუცუბიძე ისევ ჰოლისტური მიდგომის უპირატესობაზე საუბრობს და მას შინაარსობრივი დაპირისპირების, შეხედულებათა ჭიდილსა თუ სახესხვაობების ფონზე გამაერთიანებელი მომენტების როლს ანიჭებს.

შალვა ნუცუბიძის განცხადებით, „ხელოვნების თეორია. მონისტური ესთეტიკის საფუძვლები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორჯერ იქნა ლექციების სახით წაკითხული, ის არ წარმოადგენს „დასრულებულ ნაშრომს“ და უფრო მეტად „ძიებისა და კვლევის სფეროს ეკუთვნის“. ქართველი ავტორი იმედოვნებდა, რომ ამ წიგნში ჩამოყალიბებული „ნაჩქარევი დებულებები“ შემდგომ გამოკვლევებში ესთეტიკისა და ხელოვნების ზოგადი თეორიის შესახებ უფრო მეტად სრულყოფილ და განვრცობილ სახეს მიიღებდა. სამწუხაროდ, ქართველმა ავტორმა მის მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო ამ გეგმის აღსრულება ვერ შეძლო და ესთეტიკური თეორია მონახაზის სახით დარჩა. უპრიანია, რომ ეს ნაშრომი ნეომარქსისტული ესთეტიკური თეორიის ჭრილში (ჰერბერტ მარკუზე, გეორგ ლუკაჩი და სხვ.) იქნეს განხილული და ტიპოლოგიური კვლევითი პერსპექტივით მის კონცეპტუალურ მოდელებს შედარებული.

3 -ფილოსოფიის ისტორია

3.1. ქართული ფილოსოფიის ისტორია

ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის შესახებ მსჯელობისას, უწინარეს ყოვლისა, გვახსენდება შალვა ნუცუბიძის მონუმენტური თხზულება „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. I-II, თბილისი, 1956-1958 წწ.). ამ ვრცელი გამოკვლევით ქართველმა ფილოსოფოსმა სცადა, რომ ქართული ფილოსოფიის ისტორია დამოუკიდებელ ფილოსოფიურ დისციპლინად დაეფუძნებინა. მასში ქართული ფილოსოფიური აზროვნების საწყისები ჯერ კიდევ ანტიკურობაში არის მოძიებული, ხოლო შემდეგ კი გვიანანტიკურობის, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართული აზროვნების ფილოსოფიური ასპექტების გამოკვეთის ფონზე ქართული ფილოსოფიის ვრცელი ისტორიაა მოთხრობილი. თუმცა, ვინც ამ ნაშრომს სათანადოდ შეისწავლის, უმალ დაინახავს ამ ვრცელი გამოკვლევის გარკვეულ ფილოსოფიურ და ფილოლოგიურ ნაკლს. როდესაც მკვლევარი ფილოსოფიის ისტორიაში მუშაობს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საიმედო დოკუმენტური მასალის მოძიებას და შემდეგ მის ადეკვატურ ანალიზს. უნდა ითქვას, რომ შალვა ნუცუბიძე კვლევის ამ ასპექტს სათანადო ყურადღებას ვერ/არ აქცევდა. უფრო მეტიც, ხშირად, ამ ნაშრომის სხვადასხვა ადგილების დოკუმენტური შემოწმებისას, აშკარად ჩანს, რომ მასთან ფილოლოგიური სიზუსტე ყოველთვის არ არის სათანადოდ დაცული. აქ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ტექსტების მოხმობის სისწორეს.

აღსანიშნავია, რომ ნუცუბიძესთან, როგორც ქართული ფილოსოფიის მკვლევართან, ხშირად, ერთგვარი „პოეტური მუხტი“ სჭარბობდა. შემთხვევითი არ არის, რომ მას შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ კარგი რუსული თარგმანი ეკუთვნის. შალვა ნუცუბიძე დიდი შემოქმედებითი ენერგიის მქონე მოაზროვნე იყო; უდავოა ისიც, რომ იგი იყო დიდი მოვლენა ქართული აზროვნების ისტორიაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის დამსახურებები, რომლებიც ამ მოაზროვნეს წილად ხვდა ქართული ფილოსოფიის ისტორიის კვლევის შედეგად. თუმცა, მისი ფილოსოფიურ-ისტორიოგრაფიული მეთოდოლოგია გარკვეული ნაკლის შემცველია, რადგან მის მიერ განხილული ფილოსოფიის ისტორიოგრაფიული საკითხების მთელი წყება „ხელოვნურია“. ვფიქრობთ, რომ მისი ისტორიოგრაფიული კონცეფციის ნაკლოვანი მხარეების დაძლევის შედეგად ქართული ფილოსოფიის კვლევის ახალი პერსპექტივები დავსახოთ.

შალვა ნუცუბიძის „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ ნათელი დასტურია მისი შემოქმედებითი ფანტაზიის უნარისა, რომელიც მეცნიერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამის შედეგად, ხშირად, შეიძლება ფილოსოფიური და ფილოლოგიური სიზუსტე დაიკარგოს. გარდა ამისა, აზრებისა და იდეების ინტერპრეტაცია შესატყვისი კონტექსტ(ებ)ის გათვალისწინების გარეშე არ უნდა მოხდეს. ფილოსოფიის ისტორია აზრებისა და იდეების განვითარების ისტორიაა, რომლის ადეკვატური შესწავლა და ანალიზი მხოლოდ კონტექსტური კვლევის მეთოდოლოგიის ფარგლებშია შესაძლებელი. ტექსტი ყოველთვის მისსავე კონტექსტში უნდა შევისწავლოთ! როდესაც გარკვეულ ტექსტს, ადამიანური შემოქმედების ამა თუ იმ ნიმუშს არაკონტექსტუალურად ვაფასებთ, აზრებისა და ფაქტების სიზუსტე იკარგება და ხელთ გვრჩება შემფასებლის ცალმხრივი მოტივაცია, რასაც თვით შალვა ნუცუბიძეც აკრიტიკებდა როგორც ფილოსოფიური კვლევა-ძიების ნაკლოვან მეთოდს თავის „ფილოსოფიის შესავალში“. შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში უაღრესად პრობლემურია ის, რომ მან ფილოსოფიის ისტორიის კუთხით არაერთი ხელოვნური კონსტრუქცია შემოიტანა. საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ფილოსოფიის ისტორიული კვლევების მისეული მეთოდოლოგიური აპარატი საგრძნობლად მოიკოჭლებს, მიუხედავად იმისა, რომ ნუცუბიძეს მეთოდოლოგიური ცოდნის ნაკლებობა არ ჰქონდა (ის ამ მხრივაც კარგად განსწავლული მოაზროვნე იყო!). უბრალოდ, მისი მეთოდოლოგიურ-შინაარსობრივი ხარვეზი უნდა დაბრალდეს საბჭოთა მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენას. ერთი მხრივ, ფაქტია ის, რომ მან უარი თქვა საკუთარ ორიგინალურ კვლევებზე, იძულებული გახდა გადასულიყო ფილოსოფიის ისტორიის სფეროში და იქ საბჭოთა იდეოლოგიისა და პარტიულ-პოლიტიკური ნიშნის გათვალისწინებით/მომარჯვებით შეექმნა გარკვეული ტიპის ფილოსოფიური კვლევები, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიის ნომენკლატურულ მიზნებს მოემსახურებოდა.

თუმცა, მეორე მხრივ, ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ შალვა ნუცუბიძის „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ გარკვეული ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა შემდგომი კვლევა-ძიებისთვის ფილოსოფიის იმხანად მარგინალურ სფეროში; ამ ნაშრომის კრიტიკული შეფასებით, მასში მოცემული ზოგიერთი თეზისის უარყოფით კი შესაძლებელია კიდევ უფრო კარგი ფილოსოფიის-ისტორიული კვლევები შევქმნათ. ასე რომ, ამ ნაშრომის სახით ხელთ გვაქვს გარკვეული (სამუშაო) მასალა სამომავლო კვლევა-ძიებისთვის. ცხადია, რომ ფილოსოფიური განვითარების მუხტს ამ ყაიდის ნაშრომებიც ქმნის, გარკვეული პოზიტიურობა ამ ტიპის ნეგატიურობაშიცაა!

ზემოთ აღინიშნა, რომ შალვა ნუცუბიძე გარკვეული იყო ფილოსოფიის მეთოდოლოგიაში. იგი განისწავლა ნეოკანტიანელთა ფილოსოფიური მემკვიდრეობის საფუძველზე. ისიც აღსანიშნავია, რომ ნეოკანტიანელ ფილოსოფოსებს უაღრესად დახვეწილი მეთოდოლოგიური აპარატი ჰქონდათ. თუმცა, მისი განსწავლის ეს ფაქტი გარკვეულ ფილოსოფიურ დეფიციტზეც მიუთითებს. ძნელი სათქმელია, თუ რამდენად კარგად ითვალისწინებდა შალვა ნუცუბიძე ფილოსოფიური აზროვნების თეოლოგიურ ასპექტებს, რადგან ამის გაგება მისი „ქართული ფილოსოფიის ისტორიის“ პრიზმიდან ჭირს. თანაც, მან ხომ ფილოსოფია გაცილებით უკეთ იცოდა, ვიდრე თეოლოგია, რადგანაც ნეოკანტიანური ფილოსოფიის ის ტრადიცია, რომლითაც ის განისწავლა, კერძოდ კი, ნეოკანტიანელთა სამხრეთ-დასავლური (ბადენის) სკოლა, არ მოიცავდა თეოლოგიურ მოტივებს და წმინდად ფილოსოფიური ტრადიცია იყო.

შალვა ნუცუბიძეს ფილოსოფიის თეოლოგიური ასპექტები უფრო მკვეთრად რომ გაეთვალისწინებინა, ქართული ფილოსოფიის კვლევის მისეული მოდელი უფრო დახვეწილი და გამართული იქნებოდა! ქართული ფილოსოფია ქრისტიანული ფილოსოფიაა და ვინც ამ გარემოებას საგანგებო ყურადღებას არ მიაქცევს, იგი ვერ ჩასწვდება მის არსსა და სულისკვეთებას. ამდენად, შალვა ნუცუბიძის ნაშრომები, ქრისტიანული ფილოსოფიის კვლევის პერსპექტივიდან გამომდინარე, „ავტორიტეტულად“ ვერ მიიჩნევა, რადგან მისი მიზანი არ იყო (და ვერც იქნებოდა!) ქრისტიანული ფილოსოფიის წინა პლანზე წამოწევა.

მიუხედავად ამისა, შალვა ნუცუბიძის მიერ განვითარებულ ისტორიოგრაფიულ კონცეფციას ქართული ფილოსოფიის შესახებ ერთგული მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, რომლებმაც საყურადღებო ნაშრომები შექმნეს ამ მიმართულებით. უწინარეს ყოვლისა, აქ უნდა დავასახელოთ შალვა ხიდაშელის სახელმძღვანელო „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (თბილისი, 1988 წ.), რომელშიც იგი ქართული ფილოსოფიის დასაწყისიდან XIII საუკუნემდე მოგვითხრობს საქართველოში ფილოსოფიური იდეების ისტორიის ბედს. ამ ნაშრომის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის არის ანტიკურობასა და შუა საუკუნეებზე „მორგებული“ გაუმჯობესებული ვერსია შალვა ნუცუბიძის „ქართული ფილოსოფიის ისტორიისა“. შალვა ხიდაშელის სახელმძღვანელოში ფილოლოგიური მასალა უფრო ზუსტადაა მოხმობილი; ბევრი რამ, რაც ნუცუბიძესთან ჭარბად არის წარმოდგენილი, აქ უფრო მოკლედ და გასაგები ენითაა გადმოცემული. მასში გარკვეული ფილოსოფიური ასპექტები და შეხედულებები, თუკი მეცნიერული პოზიციიდან შევაფასებთ, უფრო ადეკვატურად არის განხილული, მაგრამ, თავისი არსით, ეს ნაშრომიც შალვა ნუცუბიძის „ქართული ფილოსოფიის ისტორიის“ კვლევითი მეთოდოლოგიის გათვალისწინებითა და გამოყენებით შექმნილი გამოკვლევაა გვიანანტიკური და შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ; ის, არსებითად, შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის პრინციპებს ეფუძნება!

3.2. „აღმოსავლური რენესანსის“ თეორია და „არეოპაგიტიკის“ ავტორის საკითხი

შალვა ნუცუბიძე ალეთეიოლოგიური რეალიზმის ორიგინალური კონცეფციისა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ კვლევების გარდა, საყოველთაოდ ცნობილი გახდა ახალი თეორიით „აღმოსავლური რენესანსის“ შესახებ, რომელიც მჭიდრო კავშირშია პეტრე იბერისა და „არეოპაგიტიკის“ უცნობი ავტორის იდენტობის მისსავე თეორიასთან. აქვე უნდა ითქვას, რომ შალვა ნუცუბიძის კალამს ეკუთვნის შუა საუკუნეების ქართული პოეზიის შესანიშნავი ნიმუშების მაღალკვალიფიციური თარგმანები. მან რუსულ ენაზე თარგმნა: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ (1937 წ.), ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1942 წ.), იოანე შავთელის „აბდულმესია“ (1943 წ.) და სხვ. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შალვა ნუცუბიძისეულ რუსულ თარგმანს მაღალ შეფასებას აძლევდა არაერთი ცნობილი მწერალი და მეცნიერი (ა. ტოლსტოი, გ. ახვლედიანი, ი. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე და სხვ.). ასევე აღსანიშნავია მისი რუსთველოლოგიური ნაშრომები (განსაკუთრებით კი - „რუსთველის მსოფლმხედველობისათვის“, 1936 წ.), რომლებშიც დიდი ქართველი პოეტის მსოფლხატი ფილოსოფიური კუთხით არის რეკონსტრუირებული, ხოლო მისი ჰუმანისტური იდეები კი „აღმოსავლური რენესანსის“ თეორიის საფუძვლად გამოცხადებული.

შალვა ნუცუბიძემ „აღმოსავლური რენესანსის“ შესახებ თეზისები 1939 წელს წამოაყენა, ხოლო შესაბამისი თეორია კი სრულყოფილი სახით მოგვიანებით გადმოსცა თავის ცნობილ ნაშრომში „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ (თბილისი, 1947 წ., რუსულ ენაზე). ნუცუბიძის აზრით, ევროპული კულტურის წყაროები ევროპაში კი არ არის საძიებელი, არამედ აღმოსავლეთში; ანტიკურობის დიადი იდეები და იდეალები ევროპაში აღმოსავლეთის გზით შედიოდა. მაშასადამე, რენესანსი გზას გადის აღმოსავლეთიდან (შუა აზია, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) დასავლეთისკენ და არა პირიქით. ამ კონცეფციის თანახმად, დასავლეთის კულტურის ძირები აღმოსავლეთში გვხვდება, ხოლო აღმოსავლური რენესანსი კი საუკუნეებით წინ უსწრებს დასავლურ რენესანსს, რომელიც მთელი თავისი ბრწყინვალებით აღორძინების პერიოდის (XIV-XVI სს.) იტალიის კულტურაში გაიშალა. შალვა ნუცუბიძის „აღმოსავლური რენესანსი“ მოიცავს „ქართული რენესანსის“ ცნებასაც, რომელსაც არაერთი კვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევარი საეჭვოდ მიიჩნევდა, მათ შორის, ცნობილი გერმანელი ფილოსოფიის ისტორიკოსი ზიგფრიდ ვოლგასტი (1933-2017 წწ.), რომელმაც საგანგებო სტატია მიუძღვნა ამ პრობლემას შემდეგი მრავლისმთქმელი სათაურით - „არსებობს თუ არა ქართული რენესანსი“ (1986 წ.). იგი, მართალია, სათანადოდ აფასებდა შუა საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსების ღვაწლს ნეოპლატონიზმისა და „არეოპაგიტული კორპუსის“ ადეკვატური ათვისების საქმეში, ასევე, შოთა რუსთაველის ჰუმანისტური მსოფლმხედველობის მნიშვნელობასაც საკაცობრიო აზროვნების კონტექსტში, მაგრამ ცნება „რენესანსის“ მიყენებას ამ პერიოდის ქართული აზროვნებისადმი მაინც „პრობლემატურად“ თვლიდა. მთავარი პრობლემა, რომელსაც აქ ხაზს უსვამს ვოლგასტი, მართლაც საყურადღებოა: შალვა ნუცუბიძე ვერ იძლევა ქართული რენესანსის დამოუკიდებელ დახასიათებას და შინაარსობრივად მისი საყრდენი მაინც იტალიური რენესანსი რჩება. მაშასადამე, ქართველი ფილოსოფოსი კი მიიჩნევს, რომ „დასავლეთევროპული რენესანსის ისტორია იტალიაში კი არა, არამედ საქართველოში იღებს საწყისს“, მაგრამ სინამდვილეში აქ საქმე გვაქვს ანალოგიის მეთოდის არამართებულ გამოყენებასთან, ანუ „შეცდომასთან ანალოგიით დასკვნაში“.

პეტრე იბერისა და „არეოპაგიტიკის“ უცნობი ავტორის იდენტობის თეორია შალვა ნუცუბიძემ ვრცლად ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში „ფსევდო-დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“ (თბილისი, 1942 წ., რუსულ ენაზე). მოგვიანებით - შალვა ნუცუბიძისგან დამოუკიდებლად - იგივე შედეგებამდე მივიდა ცნობილი ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი თავის ცნობილ ნაშრომში „პეტრე ივერი და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის თხზულებანი“ (ბრიუსელი, 1952 წ., ფრანგულ ენაზე). XX საუკუნის შუა ხანებში „არეოპაგიტიკის“ თეორიული მოდელების მიმართ კვლავაც დიდი ინტერესი წარმოიშვა, რამაც თავისთავად ტექსტთა ამ კორპუსის ავტორის მიმართაც მზარდი შემეცნებითი ინტერესი წარმოშვა (ამ საკითხის თაობაზე ამავე ენციკლოპედიაში დაწვრილებით იხ. ჩემი სტატია - „პეტრე იბერი“).

უნდა აღინიშნოს, რომ „აღმოსავლური რენესანსის“ თეორია და პეტრე იბერისა და „არეოპაგიტიკის“ უცნობი ავტორის იდენტობის თეორია - განსხვავებით ალეთეიოლოგიური რეალიზმის უაღრესად საყურადღებო ფილოსოფიური კონცეფციისგან - მეცნიერული თვალსაზრისით სადავოა, რასაც ამ თეორიათა ქართველი და უცხოელი კრიტიკოსების (ა. ლოსევი, კ. კეკელიძე, ს. დანელია, ი. ლოლაშვილი, ზ. ვოლგასტი და სხვ.) ნაშრომები აჩვენებს. თუმცა, ორივე თეორიას ასევე სოლიდური ქართველი და უცხოელი მომხრეებიც გამოუჩნდნენ (ს. ყაუხჩიშვილი, ე. ჰონიგმანი, შ. ხიდაშელი, ნ. კონრადი, ვ. ჟირმუნსკი და სხვ.). ამ საკითხთა შესახებ არსებული ურთიერთგამომრიცხავი კონცეფციები და კვლევის ამჟამინდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ შალვა ნუცუბიძის მიერ შექმნილი „აღმოსავლური რენესანსის“ თეორია და პეტრე იბერისა და „არეოპაგიტიკის“ უცნობი ავტორის იდენტობის თეორია დღემდე რჩება ერთგვარ სამუშაო ჰიპოთეზად, რომელიც ამ მიმართულებით სამომავლო კვლევებისთვის მრავალ საინტერესო და ბიძგისმიმცემ იდეას, შეხედულებასა თუ თეზისს ავითარებს. ამ თეზისთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ევროპოცენტრიზმის კრიტიკა და მისი გადალახვის მცდელობა, რაც შალვა ნუცუბიძემ ჯერ კიდევ თავის ალეთეიოლოგიურ გამოკვლევებში დაისახა მიზნად („დასავლეთისათვის ინტელექტუალურ დამონებას ბოლო უნდა მოეღოს“ - წერდა იგი 1922 წელს, „ალეთოლოგიის საფუძვლების“ წინასიტყვაობაში) და სისტემური თვალსაზრისით განახორციელა კიდეც. განსაკუთრებით ღირებულია მეცნიერებაში ევროპოცენტრისტული ხედვის დაძლევა, რაც შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური, ფილოლოგიური და ისტორიოგრაფიული ნაშრომების ერთ-ერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენს. ამის თაობაზე შალვა ნუცუბიძემ ჯერ კიდევ 1941 წელს გამოაქვეყნა სტატია რუსულ ენაზე შემდეგი სათაურით - „აღმოსავლური რენესანსი და ევროპოცენტრიზმის კრიტიკა“.

სადავოა, თუ რამდენად მართებული იყო „რენესანსის“ ცნების ისე გაფართოება და განვრცობა, როგორც ეს შალვა ნუცუბიძემ მოახდინა თავის თეორიაში „აღმოსავლური რენესანსის“ შესახებ. ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა პეტრე იბერის კანდიდატურის გამორჩევასაც „არეოპაგიტიკის“ ავტორად. მეთოდოლოგიურად გაუმართლებელი და მცდარია, მაგალითად, იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველის შემოქმედებაში მატერიალისტური ელემენტების ძიება და ა.შ. მიუხედავად ამისა, შალვა ნუცუბიძის გამოკვლევები „აღმოსავლური რენესანსისა“ და „არეოპაგიტიკის“ ავტორის შესახებ ერთ მნიშვნელოვან საკვანძო მომენტს შეგვახსენებს: აღმოსავლური და დასავლური აზროვნება ერთიანი საკაცობრიო აზროვნების ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და უმდიდრესი ნაწილია, რომ თითოეული მათგანი ერთმანეთის გაგების გზით საკუთარ ტრადიციებსაც უკეთ გაიგებს. თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაში ამ პროგრამას კიდევ უფრო სისტემურად და მწყობრად ახორციელებს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი და მისი ერთ-ერთი სამეცნიერო სერია „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“.

4 -რეცეფცია

შალვა ნუცუბიძე ერთ-ერთი ყველაზე უკეთესად შესწავლილი ქართველი ფილოსოფოსია. იოანე პეტრიწთან ერთად იგი იმ მცირერიცხოვან ქართველ ფილოსოფოსთა რიგს მიეკუთვნება, რომელთა შესახებ ავტორიტეტულ ევროპულ ფილოსოფიურ ლექსიკონებში საგანგებო სტატიებია განთავსებული. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი მომენტებისა და ასპექტების შესახებ არსებობს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო გამოკვლევები (მონოგრაფიები, სტატიები, პუბლიცისტური წერილები, თარგმანები და ა.შ.). ამის შესახებ სანდო ცნობებს გვაწვდის 1986 წელს გამოქვეყნებული წიგნი „შალვა ნუცუბიძე. ბიობიბლიოგრაფია“, რომელიც მოიცავს 1985 წლამდე არსებულ რამდენიმე ასეულ პუბლიკაციას შალვა ნუცუბიძის შესახებ. სწორედ ამ გამოცემიდან ვიგებთ დაზუსტებით, რომ ქართველი ფილოსოფოსის შემოქმედება როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც საგანგებო ყურადღების საგანი იყო. მისი სამეცნიერო-ფილოსოფიური მოღვაწეობით დაინტერესებული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მკვლევრები და მოაზროვნეები. ამდენად, მისი მეცნიერული ნაშრომების შესწავლისა და რეცეფციის ისტორია სამომავლოდ ცალკე გამოკვლევას საჭიროებს.

არაერთი ნაშრომი შეიქმნა შალვა ნუცუბიძის ალეთეიოლოგიური რეალიზმის შესახებაც (ფ. ნადიბაიძე, ა. ბეგიაშვილი, გ. თევზაძე, თ. ირემაძე და სხვ.). უფრო ნაკლებად არის შესწავლილი მისი ესთეტიკა ანუ ხელოვნების თეორია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ალეთეიოლოგიასთან. ვფიქრობთ, რომ შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური შემოქმედების ეს სფერო კიდევ უფრო დაწვრილებით უნდა იქნეს გამოკვლეული, რადგან ის დიდად წაადგება ფილოსოფიის განვითარების საქმეს საქართველოში. ალეთეიოლოგიური რეალიზმის კონცეფცია მრავალ ისეთ ასპექტს მოიცავს, რომელიც თანამედროვე ფილოსოფიის კონტექსტშიც მნიშვნელოვანია. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ყოფნასა და ცნობიერებას შორის ახალი - მანამდე უცნობი - მიმართების პოვნა, რომელიც, ჰაიდეგერის მსგავსად, მოიცავს ზე-ლოგიკური ანუ არალოგიკური სფეროს ჩართვას შემეცნების პროცესში და სუბიექტურობის პრინციპის რევიზიას, რომლის შედეგადაც ცნობიერების აბსოლუტურობის თეზისი უნდა გადაიხედოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება უყურადღებოდ დატოვოს გარემომცველი სამყაროს და ბუნების სხვა არსებები. მაშასადამე, ფილოსოფიამ ტრადიციული ფილოსოფიის მიერ გაკვალული გზების ადეკვატური შესწავლისა და შემოწმების შედეგად ახალი გზა უნდა გაკვალოს, რომელიც ახალი ეპისტემოლოგიის კონტურებს გამოკვეთს. ალეთეიოლოგიური მიმართულებით კვლევა-ძიების გაგრძელებასა და განვრცობას ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

როგორც ზემოთ არაერთგზის აღინიშნა, შალვა ნუცუბიძის მიერ ჩამოყალიბებული „აღმოსავლური რენესანსის“ თეორია და პეტრე იბერისა და „არეოპაგიტიკის“ უცნობი ავტორის იდენტობის თეორია მრავალ სადავო დებულებასა და თეზისს შეიცავს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ კარგად არის შესამოწმებელი, თუ რამდენად ვალიდურია ამ თეორიათა მთავარი კონცეპტუალური ჩარჩო და ისტორიულ-ფილოლოგიურ მასალათა არქეოლოგია. მიუხედავად ამისა, თვით ამ სადავო თეორიებშიც კი მრავალი საყურადღებო და ნაყოფიერი დებულებებია წარმოდგენილი, რომელთა გამოყენება ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ კვლევათა კონტექსტში უთუოდ სასარგებლო იქნება.

შალვა ნუცუბიძის მრავალმხრივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების დასახასიათებლად ყველაზე კარგად მაინც ის საქმიანი პოზიცია გამოდგება, რომელიც მან 1920 წელს თავისი ერთ-ერთი ნაშრომის („ფილოსოფიის შესავალი“) წინასიტყვაობის ბოლოს გადმოსცა: „მშობლიურ ნიადაგზე მეცნიერების აღორძინებამ ფრთები შეასხა არა ერთს ოცნებას. წინამდებარე წიგნი ნაწილია ამ ოცნებათა განხორციელების რიჟრაჟისა. მასში ბევრი ნაკლია, მაგრამ ჩვენზე ბედნიერი თაობა, რომელიც სამშობლოს აღორძინების მზესაც მოესწრება, გვაპატიებს იმ ბურუსს, რომელიც განთიადის თანმხლებია“.

ამ უაღრესად საგულისხმო სიტყვებში კარგად ჩანს ჭეშმარიტების მაძიებელი ფილოსოფოსის განწყობა, რომელიც კარგად აცნობიერებს იმას, რომ სიბრძნის დიად გზებზე ხეტიალი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და აქ ჭეშმარიტების პოვნა იოლი საქმე როდია. უნდა ითქვას, რომ შალვა ნუცუბიძემ ალეთეიოლოგიის დარგში შექმნილი თავისი მახვილგონივრული ნაშრომებით ახალი სუნთქვა შთაბერა მრავალსაუკუნოვან ქართულ აზროვნებას. ამდენად, მისი მდიდარი თეორიული მემკვიდრეობა საფუძვლიან შესწავლას, შეფასებასა და დაფასებას იმსახურებს.

5 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა). შალვა ნუცუბიძის ნაშრომები

• Wahrheit und Erkenntnisstruktur. Erste Einleitung in den aletheiologischen Realismus, Berlin und Leipzig: Walter de Gruyter, 1926.

• Philosophie und Weisheit. Spezielle Einleitung in die Aletheiologie, Berlin und Königsberg: Ost-Europa-Verlag, 1931.

• ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. I, რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1956 წ.

• ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1958 წ.

• შრომები, ტ. I: ბოლცანო და მეცნიერების თეორია. ალეთოლოგიის საფუძვლები, I ტომის რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.

• შრომები, ტ. II: ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა. ფილოსოფია და სიბრძნე, თარგმანი გერმანულიდან შ. პაპუაშვილისა, II ტომის რედაქტორი - თ. ბუაჩიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ.

• შრომები, ტ. III: ფილოსოფიის შესავალი (შემეცნების პრობლემა). ხელოვნების თეორია (მონისტური ესთეტიკის საფუძვლები), III ტომის რედაქტორი - ა. ბეგიაშვილი, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.

• შრომები, ტ. IV: რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი, IV ტომის რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.

• შრომები, ტ. V: პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, V ტომის რედაქტორი - ნ. ნათაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1975 წ.

• შრომები, ტ. VI: ბერძნული რომანის „ბარლაამისა და იოასაფის“ წარმოშობისათვის, VI ტომის რედაქტორი - ნ. ნათაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1977 წ.

• შრომები, ტ. VII: რუსთაველის შემოქმედება, VII ტომის რედაქტორი - ალ. ბარამიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.

• შრომები, ტ. VIII: ქართული ფილოსოფიის ისტორია. წგ. 1, VIII ტომის რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.

• შრომები, ტ. IX: ქართული ფილოსოფიის ისტორია. წგ. 2, IX ტომის რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1985 წ.

• მოკლე შენიშვნა. გრ. რობაქიძის ლექციის გამო, კრებულში: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება. პუბლიკაცია მოამზადა პროფ. ლ. ზაქარაძემ, რედაქტორ-შემდგენლები - მ. თავხელიძე, თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 126-129.

(ბ). სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა შალვა ნუცუბიძის შესახებ

ზაქარაძე, ლ.: პოლემიკა შემოქმედების ონტოლოგიური პრობლემების შესახებ (გრიგოლ რობაქიძე და შალვა ნუცუბიძე), კრებულში: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, რედაქტორ-შემდგენლები - მ. თავხელიძე, თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 29-43.

თევზაძე, გ.: შალვა ნუცუბიძე (1888-1969), წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 133-143.

თევზაძე, გ.: შალვა ნუცუბიძე და აღმოსავლეთის რენესანსის პრობლემები, კრებულში: აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენლები - თ. ირემაძე და გ. თევზაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 34-49.

იეკი, უ. რ.: შალვა ნუცუბიძე - XX საუკუნის გერმანელ-ქართველი ფილოსოფოსი, წიგნში: უ. რ. იეკი, განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ, გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლ.ზაქარაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 70-81.

ირემაძე, თ.: პროკლეს ფილოსოფიის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ, კრებულში: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2008 წ., გვ. 10-15.

ირემაძე, თ.: შალვა ნუცუბიძე და ჰეგელის ფილოსოფიის გაგების ძირები საქართველოში, კრებულში: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. III, თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2009 წ., გვ. 10-14.

ირემაძე, თ.: ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

ირემაძე, თ.: ანტიკური ნეოპლატონიზმის ჰეგელისეული გაგება და მისი კრიტიკა შალვა ნუცუბიძის მიერ, წიგნში: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 50-58.

ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 91-97.

ნადიბაიძე, ფ.: ალეთოლოგიური რეალიზმის ძირითადი პრინციპები, თბილისი: „მეცნიერება“, 1981 წ.

ნუცუბიძე, ქ.: შალვა ნუცუბიძე, თბილისი: „ნაკადული“, 21988 წ.

• ქართული რენესანსის საკითხები. ეძღვნება აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 100 წლისთავს, რედაქტორი - შ. ხიდაშელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.

• ფილოსოფია. ეძღვნება შალვა ნუცუბიძის დაბადების 100 წლისთავს, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1995 წ.

• შალვა ნუცუბიძე (1888-1969). ბიობიბლიოგრაფია, რედაქტორი - გ. ჯიბლაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1986 წ.

ჭელიძე, მ.: შალვა ნუცუბიძე - ეროვნული გონის ემანაცია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. მესიანიზმის კრიტიკა, წიგნში: მ. ჭელიძე, ქართული ეროვნული გონი ფილოსოფიურ-ისტორიული ასპექტით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 134-151.

ხიდაშელი, შ.: შალვა ნუცუბიძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1969 წ.

• Ш. И. Нуцубидзе. К 90-летию со дня рождения [Сб. Статей], Ред. А. Ф. Бегиашвили, Тбилиси: Издательство Тбилисского университета, 1980.

Iremadze, T.: Der Aletheiologische Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neuen Denkansätze, Tbilisi: „Nekeri“, 2008.

Iremadze, T. / Kheoshvili, G. / Zakaradze, L.: Schalwa Nuzubidse, in: Philosophenlexikon, hrsg. von S. Jordan und B. Mojsisch, Stuttgart: Philipp Reclam Verlag, 2009, გვ. 397-398.

Ziegenfuss, W. / Jung, G.: Nuzubidse, Schalwa, in: Philosophen-Lexikon. Handwörterbuch der Philosophie nach Personen, verfaßt und herausgegeben von W. Ziegenfuss und G. Jung, Bd. 2: L-Z, Berlin: Walter de Gruyter, 1950, გვ. 223.