2021-04-13 გიორგი ხუროშვილი

ისტორიის ფილოსოფია

1 -დისციპლინის განსაზღვრება და მოკლე ისტორია

ისტორიის ფილოსოფია – ფილოსოფიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც ისტორიის არსს, ისტორიული პროცესის კანონზომიერებას, ადამიანთა საზოგადოების განვითარების იმანენტურ ლოგიკას და სოციალური დეტერმინიზმის საკითხებს სწავლობს. ტერმინი „ისტორიის ფილოსოფია“ ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოს ვოლტერს (1694-1778), თუმცა, ისტორიის ფილოსოფიის, როგორც ფილოსოფიის ერთ-ერთი განშტოების ფუძემდებლად მიიჩნევა გერმანელი ფილოსოფოსი და თეოლოგი ი. გ. ჰერდერი (1744-1803), რომელმაც თავის ნაშრომში „განაზრებები კაცობრიობის ისტორიის ფილოსოფიის შესახებ“ (1784) განსაზღვრა ფილოსოფიის ისტორიის არსი და განავითარა მისი კვლევის მეთოდოლოგია.  

მართალია, ისტორიის ფილოსოფიის სისტემური განვითარება განმანათლებლობის ეპოქაში მოხდა, მაგრამ მისი პირველი ჩანასახები ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში გვხვდება ბერძენ ფილოსოფოს არისტოტელესთან (ძვ. წ. 384-322), რომელიც თავის „პოეტიკაში“ პოეზიასა და ისტორიას ადარებდა და ისტორიასთან მიმართებაში პოეზიის უპირატესობებზე მსჯელობდა. ისტორიული პროცესის თეორიულ გააზრებას ვხვდებით ბერძენ ისტორიკოსებთან, კერძოდ კი, ჰეროდოტესთან (ძვ.წ. V ს.) და პლუტარქესთან (ახ.წ. 46-120). დასავლური აზროვნების პარალელურად ისტორიის ფილოსოფიის შესახებ მსჯელობები მიმდინარეობდა აღმოსავლურ აზროვნებაშიც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, არაბი ფილოსოფოსი იბნ ხალდუნი (1332-1406), რომელიც თავის ნაშრომში „მუყადდიმა“ („შესავალი“) საზოგადოებისა და ისტორიის შესახებ ფილოსოფიურ განაზრებებს გადმოსცემს და ისლამურ რელიგიას, ეთიკას და მუსლიმ ფილოსოფოსთა ნააზრევს, ერთიან ისტორიულ-ფილოსოფიურ კონტექსტში განიხილავს. 

ისტორიის ფილოსოფიის განვითარებაში გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის  გერმანელ ფილოსოფოს გ. ვ. ფ. ჰეგელს (1770-1831). ჰეგელის ისტორიის ფილოსოფია ისტორიის ყველაზე დახვეწილ ფილოსოფიურ თეორიად მიიჩნევა. ჰეგელი ისტორიას განიხილავს, როგორც გონიერ პროცესს, რომელიც კონკრეტული შედეგისაკენ, კერძოდ კი, ადამიანის გათავისუფლებისაკენ მიილტვის და მიიჩნევს, რომ ისტორიის ახსნა, საუკეთესოდ, სწორედ ფილოსოფიის მეშვეობით არის შესაძლებელი. იგი მსოფლიო ისტორიას ეტაპებად ჰყოფს და აჩვენებს, რომ ისტორიის ყოველი მომდევნი ეტაპი, სხვა ყველაფერთან ერთად, ადამიანის გათავისუფლების მომდევნო საფეხურზე გადასვლა იყო. ამგვარად, ბერძნულ პოლისის მოქალაქის თავისუფლება, რომის მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, პროტესტანტული რეფორმაციის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური თავისუფლება და განმანათლებლობის შედეგად მიღწეული სამოქალაქო თავისუფლებები, საერთო, თავისუფლების ევოლუციის ისტორიულ კონტექსტში უნდა იყოს განხილული. ისტორიისადმი ჰეგელის მიდგომა ტრადიციული ფილოსოფიური ხასიათის არ არის, იმავდროულად, ის არც წმინდად ემპირიული ხასიათისაა, იგი თავისი დროის ისტორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ისტორიაში იმ რაციონალური პრინციპის აღმოჩენას ცდილობდა, რომლის მეშვეობითაც ისტორიის ფილოსოფიური ახსნა შესაძლებელი გახდებოდა.  

ისტორიის ფილოსოფია ისტორიის თეორიულ გააზრებას ახორციელებს ორი ძირითადი გზით, ესენია: ისტორიის კრიტიკული ფილოსოფია და ისტორიის სპეკულატიური ფილოსოფია. ისტორიის კრიტიკული ფილოსოფია ისტორიის მეცნიერების მნიშვნელოვანი თეორიული ასპექტია და განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ისტორიული ფაქტის ბუნება და ხასიათი, ისტორიის მეცნიერებაში ობიექტური მსჯელობის შესაძლებლობები და სხვ. ისტორიის სპეკულატიური ფილოსოფია კაცობრიობის ისტორიის შინაარსობრივ მხარეს ეხება და მსჯელობს ისტორიული პროცესის გონიერებისა და კანონზომიერების, ისტორიის დასაწყისისა და დასასრულის საკითხების შესახებ. ამ თვალსაზრისით, ისტორიის სპეკულატიური ფილოსოფია, ისტორიის არსის უკეთ გასაგებად, მეტაფიზიკისა და თეოლოგიის საკითხებითაც ინტერესდება. ისტორიის ფილოსოფიის, მეტაფიზიკისა და თეოლოგიის ამგვარი ნაზავი მოცემულია გერმანელი ფილოსოფოსის გერშომ შოლემის (1897-1982) ნაშრომებში, რომელმაც თავისი ამ მიდგომის აღმნიშვნელად ახალი ტერმინი „ისტორიოსოფია“ შემოიღო.

2 -ისტორიის ფილოსოფია საქართველოში

ისტორიის ფილოსოფიის საკითხებს ყურადღებას უთმობდნენ ქართველი მოაზროვნეებიც. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია, ცნობილი სასულიერო მოღვაწე და ფილოსოფოსი ანტონ I ბაგრატიონი (1720-1788), რომელმაც თავის პოეტურ, ისტორიულ-ფილოსოფიურ ნაშრომში „წყობილსიტყვაობა“ აღწერა დიდი ქართველი მონარქების, მოაზროვნეებისა და სასულიერო პირების ცხოვრება და მოღვაწეობა. აქ, ქართული ფილოსოფიური, საღვთისმეტყველი და პოლიტიკური აზროვნების განვითარების კონტექსტში, გადმოცემულია დავით IV აღმაშენებლის, არსენ იყალთოელის, იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის და სხვა ქართველ მოღვაწეთა საქმეები, ნააზრევი და მსოფლმხედველობა. ამ თვალსაზრისით, ანტონ ბაგრატიონი ქართული აზროვნების ისტორიის პირველი აღმწერელია, თუმცა, მისი ეს ნაშრომი მშრალი ისტორიოგრაფიის ჩარჩოებს სცდება, რამდენადაც ერთი მხრივ, მას დიდი ლიტერატურული ღირებულება აქვს, მეორე მხრივ კი, მასში ქართული აზროვნების ისტორიის ორიგინალური ფილოსოფიური შეფასებებია მოცემული.

საქართველოში ისტორიის ფილოსოფიის კვლევამ ახალი, აკადემიური განვითარება ჰპოვა XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში. ამ პერიოდის ისტორიის ფილოსოფიის მკვლევართა შორის აღსანიშნავია ვაჟა გოგობერიშვილისა და ედუარდ კოდუას ნაშრომები.

3 -ლიტერატურა

• ანტონ ბაგრატიონი, „წყობილსიტყვაობა, რედ.: ს. ცაიშვილი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა რ. ბარამიძემ, შ. რუსთაველის სახ. ქართული ლიტ-რის ისტორიის ინ-ტი, თბილისი, „მეცნიერება“, 1972 წ.

• გოგობერიშვილი, ვ. ისტორიის ფილოსოფია,  ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია: ტ. 4, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, 2003 წ. გვ. 295-308.

• გოგობერიშვილი, ვ. ისტორიის ფილოსოფია და სოციოლოგია ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია: ტ. 4, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ფილოსოფიის დეპარტამენტი. თბილისი, 2013. გვ. 418-436.

• კოდუა, ე. ისტორიის ფილოსოფია: ბურჟუაზიული თეორიების კრიტიკა, თბილისი: თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1966 წ.

• Avineri, Sh. Hegel's Theory of the Modern State (Cambridge Studies in the History and Theory of Politics), Cambridge University Press, London, 1972.

• Dan, J. Gershom Scholem: between History and Historiosophy, Jewish Civilization University Series, Jerusalem, 1983.

• Hegel, G. W. F. Reason in History, a General Introduction to the Philosophy of History, Liberal Arts Press, New York, 1953.

Herder, J. G. Reflections on the Philosophy of the History of Mankind (Classic European Historians), University of Chicago Press, 1968.

Ibn Khaldun, The Muqaddimah: An Introduction to History, ed., by Franz Rosenthal, N. J. Dawood, Princeton University Press, 1967.