2021-04-16 არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი დაიბადა 1705 წლის ახლო პერიოდში. ის თავდაპირველად სხვა სახელს ატარებდა (ერთი ვერსიით იობს, მეორეთი - ისააკს), მღვდლად კურთხევისას კი ზაქარია ეწოდა. მისი მამა - ნიკოლოზი - დმანისში დეკანოზი იყო. მათი წინაპრები ორბელიან-ყაფლანიანთა სამფლობელოს მიეკუთვნებოდნენ. მისი ჭაბუკობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ცნობილია, რომ 1736 წელს მღვდელი ზაქარია სამისიონეროდ დმანისიდან (სადაც ორბელიანთა კარზე მდივან-მწიგნობრობასაც ეწეოდა) ქიზიყში გადასულა, რადგან, ლეკიანობის მომძლავრების შედეგად, ქრისტიანთა ძალით გამაჰმადიანების აქტიური პროცესი მიმდინარეობდა. თავისი შეუპოვარი მოღვაწეობითა და ქადაგებით მან მრავალი ქართველი კვლავ ქრისტიანობაზე მოაქცია. იმავე წელს ზაქარია უკვე თავის თავს დეკანოზად მოიხსენიებს.

დეკანოზი ზაქარია თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალი და სასულიერო პირი იყო. მან ზედმიწევნით იცოდა ფილოსოფია, თეოლოგია, ისტორია და ლიტერატურა. მის განსწავლულობასა და მჭერმეტყველებაზე ყურადღებას ამახვილებს იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“. მისი თქმით, ზაქარია ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში კარგად განსწავლული და მშვენიერი რიტორი იყო. 1750 წელს ზაქარია ერეკლე II-ის სტამბაში მიიწვიეს, სადაც მან ლიტერატურულად გამართა „კონდაკის“ ტექსტი. იგი ცნობილი კალიგრაფიც იყო, მის მიერაა გადაწერილი ზუგდიდის მუზეუმში დაცული „კავშირნი ღვთისმეტყველებითნის“ ნუსხა.

დეკანოზი ზაქარია შეუმჩნეველი არც სამეფო კარზე დარჩენიათ. მალევე ის სამეფო კარის მოძღვარი და მეტეხის ტაძრის ზედამხედველი გახდა. მან უაღრესად დიდი ავტორიტეტი მოიპოვა სამეფო კარზე, რაც იქიდანაც ჩანს, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა როგორც პოლიტიკურ, ასევე მეფის საოჯახო საქმეებში. მაგალითად, 1746 წელს გარდაიცვალა თეიმურაზ II-ს ცოლი დედოფალი თამარი და სწორედ ზაქარია გაბაშვილის აქტიური მონაწილეობით მეფეს მეორე ცოლი, ანა, იგივე ანახანუმი შეურთავს. მისი დიდი ავტორიტეტის შესახებ წერს მისიონერი პატრი ლეონარდოც და აღნიშნავს, რომ დეკანოზ ზაქარიას უდიდესი გავლენა და პატივისცემა ჰქონდა ეკლესიაში.

დეკანოზი ზაქარიას ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული კათალიკოს ანტონ I-თან. თავდაპირველად, ზაქარია ანტონის მასწავლებელი იყო და მათ შორის თბილი ურთიერთობა არსებობდა, რასაც მათი ურთიერთმიმოწერაც ადასტურებს. თუმცა, თანდათანობით, მას შემდეგ, რაც ანტონის განკარგულებით ეპარქიის მმართველებსა და მონასტრის წინამძღვრებს საეკლესიო ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება შეეზღუდათ, დეკანოზსა და კათალიკოსს შორის აზრთა სხვადასხვა წარმოიშვა. ამას თან დაერთო ანტონის მხრიდან კათოლიკური სწავლებისადმი დიდი ინტერესის გამოჩენა, კათოლიკებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და, როგორც აღნიშნავენ, ფარულად კათოლიკური უნიის მიღება. ზაქარია, რომელიც კათოლიკეებისადმი შეუწყნარებელი პოზიციებით გამოირჩეოდა, კათალიკოს ანტონ I-ის წინააღმდეგ შეუპოვარ ბრძოლას იწყებს. ამ ბრძოლაში მისი თანამებრძოლები იყვნენ: ნინოწმიდის (ბოდბის) მიტროპოლიტი საბა ტუსიშვილი, რუისის მთავარეპისკოპოსი იოსები, სამთავნელი კირილე ციციშვილი, მცხეთის ტაძრის წინამძღვარი ეპისკოპოსი დანიელი, ალავერდელი მიტროპოლიტი ზენონი და სხვ. სწორედ ნინოწმიდელი საბასა და დეკანოზ ზაქარია გაბაშვილის საშუალებით მოხდა ანტონის კათოლიციზმში მხილება. განაწყენებული თეიმურაზ II მას დაუყონებლივ დააპატიმრებს. 1755 წლის 16 დეკემბერს მცხეთაში მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება, რომელზეც ანტონი პატრიარქობიდან განაყენეს, მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვეს, ხოლო მისი თანამოაზრენი სასტიკად დასაჯეს. აღსანიშნავია, რომ კათალიკოსის საპყრობილეში ყოფნის პერიოდში თეიმურაზ მეფესთან მიმოწერა მისი დიდი მოწინააღმდეგის, ზაქარია გაბაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.

1756 წელს მოწვეულ იქნა მეორე კრება, რომელზეც ანტონმა გულწრფელად აღიარა და მოინანია კათოლიკობა, ამასთან, რუსეთში წასვლისა და ღვთისმსახურების აღდგენის უფლება გამოითხოვა. აღნიშნული თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა კრების მიერ. ანტონი მოსკოვში გაემგზავრა ვახტანგ VI-ის მემკვიდრეებთან, რომლებიც ქართლის ტახტზე დაბრუნების იმედს არ კარგავდნენ. მან იქ შვიდი წელი დაჰყო.

არსებობს ზაქარია გაბაშვილისა და ანტონ კათალიკოსის მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ თავდაპირველად ზაქარია შეფარვით მოქმედებდა ანტონის წინააღმდეგ და გარეგნულად მასთან კეთილგანწყობას ინარჩუნებდა. უეჭველია, ამ მოჩვენებით კარგი განწყობილებით იყო გამოწვეული ანტონის თბილი წერილიც ზაქარიასადმი; ამის მიზეზი ვერ იქნებოდა ის, რომ თითქოს ზაქარიასაგან განწირული ანტონი მას შიშის გამო ეფიცებოდეს სიყვარულსა და მეგობრობას. ანტონ კათალიკოსი „მზამეტყველებაში“ საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს ზაქარიას; მას უბრძენეს ქართველს, მეფეთა მოძღვარსა და საკუთარ სულიერ მამას უწოდებს. ზაქარიასა და ანტონის მიმოწერიდან ცხადი ხდება, რომ ზაქარიას ანტონ კათალიკოსისადმი დაუნდობელი ბრძოლა გაძევების შემდეგ გამოუცხადებია. ანტონი პირვანდელი მამობრივი სიყვარულის დაბრუნებას ითხოვდა მისგან, თუმცა, ზაქარია მისდამი გულისწყრომასა და სიძულვილს ამჟღავნებს.

რუსეთში ყოფნის დროს ანტონმა, სხვა მრავალ თხზულებასთან ერთად, დაწერა ორიგინალური ნაშრომი „განმარტება მიწყალესი“ (50-ე ფსალმუნის განმარტება). ზაქარიამ ამ ნაშრომის მიმართ პროტესტი გამოთქვა, რადგან მასში მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო სწავლება დაინახა. ანტონის კათოლიკობის დასამტკიცებლად მან ერთი ეგზემპლარი რუსეთის სინოდშიც გააგზავნა. ეს წიგნი, ზაქარიას ცნობით, ანტონს ვლადიმირში დაუწერია და მეფე თეიმურაზისათვის გამოუგზავნია სკოლებში გამოსაყენებლად, მაგრამ ზაქარიას მეცადინეობით ის ჯერ დაუმალავთ და შემდეგ დაუწვავთ.

1760 წელს გარდაიცვალა თეიმურაზ II, რასაც თანდათანობით დეკანოზ ზაქარია გაბაშვილის სამეფო კარზე გავლენის დაკარგვა მოჰყვა. ქართლ-კახეთში გამეფებულმა ერეკლე II-მ, რომელიც კეთილგანწყობილი იყო ანტონისადმი, ეს უკანასკნელი სამშობლოში მოიწვია. ანტონმა კათალიკოსობა 1764 წელს დაიბრუნა. მან ზაქარიას შესთავაზა, რომ დაევიწყებინათ ძველი ქიშპი, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯიუტად განაგრძობდა ანტონის წინააღმდეგ ბრძოლას და მას მწვალებლად აცხადებდა. საბოლოოდ, ის ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ 1764 წლის საეკლესიო კრებაზე ცილისწამებასა და განხეთქილების ჩამოგდებაში დაადანაშაულეს, ეკლესიიდან განკვეთეს, შეაჩვენეს, სახლ-კარი და ქონება ჩამოართვეს. მასთან ერთად განკვეთეს და შეაჩვენეს მისი უფროსი სრულწლოვანი შვილი დიაკონი იოსები, რომელიც ერთ-ერთ ძმასთან, იოანესთან ერთად დააპატიმრეს. კრებამ სინანულისკენ მოუწოდა მათ, თუმცა, ისინი ბოლომდე თავიანთ პოზიციაზე დარჩნენ. ოჯახის მცირეწლოვანი წევრები კი სამეფო კარზე გადაიყვანეს. საბოლოოდ, ზაქარია გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 წელს ყიზლარში ჩავიდა. ერეკლე II-მ ყიზლარის ციხის თავს წერილი მისწერა, რომლითაც მოუწოდებდა, რომ არ შეეწყნარებინათ ანათემას მიცემული ხუცესი, რადგან „ყოვლისაგან ქრისტიანეთა მადლისა შიშველ არს“. 1768-1770 წლებში გაბაშვილი მოსკოვსა და პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც ვახტანგ VI-ის შთამომავალთა შორის ცხოვრობდა. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ იგი თვით ამ სინოდმაც მიიჩნია დამნაშავედ და დანაშაულის მონანიებისაკენ მოუწოდა. იმედგაცრუებული გაბაშვილი 1771 წელს იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე. აქ ზაქარიას ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკი ეგულებოდა. იმერთა სამეფო დევნილი ზაქარიასათვის ყველაზე უფრო ახლო და საიმედო თავშესაფარი გახდა. ის ქუთაისსა და გელათში ცხოვრობდა. ზაქარიას ჰყოლია რვა შვილი, მათგან ერთ-ერთი იყო ცნობილი პოეტი ბესიკ გაბაშვილი.

ზაქარია გაბაშვილის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილის შესახებ მკვლევართა შორის სხვადასხვა აზრი არსებობს. ერთი ცნობით, ზაქარია გარდაიცვალა 1780 წელს და დაკრძალულია თბილისში, „ლურჯ მონასტერში“; მეორე შეხედულების მიხედვით, ზაქარია გარდაიცვალა 1783 წელს და იმერეთში განისვენებს. მოსე გაბაშვილი კი, ზაქარიას ძე, აღნიშნავს, რომ მამამისი დაკრძალულია გელათში.

2 -შემოქმედება

ზაქარია გაბაშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები გელათის მონასტერში გაატარა, სადაც მას კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობები შეექმნა. მან რამდენიმე საინტერესო წიგნი გადაწერა და შეამკო, მოამზადა ახალი ნუსხები. ასევე, რამდენიმე ქართული თარგმანის ბერძნულ და რუსულ ვერსიებთან შედარება განახორციელა. მის სახელთან არის დაკავშირებული გელათური კალიგრაფიული სკოლის შექმნაც.

აქტიური მთარგმნელობითი, სარედაქციო თუ გადამწერის საქმიანობის გარდა, ზაქარია გაბაშვილის სახელთან დაკავშირებულია ორიგინალური პროზაული და პოეტური ნაწარმოებებიც. მისი დღემდე შემორჩენილი და ცნობილი ნაწარმოებებია:

1. „კატის ომი“ XVIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIX საუკუნის პირვეული ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პოემა-სატირაა. მასში ალეგორიული სახითაა გადმოცემული ზაქარიას ჯგუფსა და ანტონ I კათალიკოსს შორის დაპირისპირება, რაც ამ უკანასკნელის დამხობითა და გაძევებით დასრულდა. თხზულებაში კატად გამოყვანილია ანტონი, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა თაგვებს ანუ სამღვდელოებას. კატა, როგორც ნადირთა მეფის, ლომის მსგავსი ცხოველი, ანტონის სამეფო წარმოშობაზე მიუთითებს. კატის ყურადღება მიიპყრო თავიანთ სოროებში ბედნიერად და მდიდრულად მცხოვრებ თაგვთა ხროვამ, რომელთა განადგურებაც მის მიზნად იქცევა. როგორც ჩანს, სატირაში ანტონსა და სამღვდელოებას შორის დაპირისპირების მიზეზად კათალიკოსის მხრიდან ეპარქიის მმართველებისა და მონასტერთა წინამძღვრების საეკლესიო ქონების თვითნებურად განკარგვის შეზღუდვაზეა ყურადღება გამახვილებული. პირველი დამარცხების შემდეგ თაგვები ერთიანდებიან, რაც კატის სასტიკი მარცხით მთავრდება, თუმცა, საბოლოოდ, კატა მაინც მოახერხებს მათზე შურისგებას.

2. „განზრახვანი“ ასკეტური ხასიათის თხზულებაა, რომლის 6 ნაწილი 36 განზრახვას შეიცავს. მისი დედააზრია „გლოვა და გოდება თვისთა ცოდვათა ზედა“ - ის მთლიანად განმსჭვალულია ცოდვათა განცდითა და ამ ცოდვების გამო ღმერთისადმი აღვლენილი ვედრებით. ის მარტივი და უბრალო ენითაა დაწერილი, რაც იმ პერიოდის სასულიერო ლიტერატურისთვის ერთგვარი სიახლეა.

3. ლექსებში „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი“ და „სულთ სატრფონი, სამოვნონი, საზენონი“, ნ. მაისურაძის მიხედვით, საყურადღებო არაფერია. პირველი ასტრონომიული ხასიათისაა - მასში მნათობთა მოძრაობის კალენდარია აღწერილი. მეორე ლექსი კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მასში სათქმელი მდაბიო ენის ნაცვლად მაღალფარდოვნად არის გადმოცემული. ასევე, გაბაშვილის სახელთან არის დაკავშირებული ლექსი „სვინდისის ლოცვა“.

5. გიორგი ბატონიშვილისადმი მიწერილი ეპისტოლე (ლექსად). რუსეთში გადახვეწილმა ზაქარიამ, ასტრახანიდან, 1767 წელს, დახმარებისთვის მიმართა ვახტანგის ძეს გიორგის. აღნიშნული წერილი ლექსად არის დაწერილი. „მე მტირალს ქართლი გამომატარეს, ყვედრება, გმობა ზედ დამაყარესო“.

6. 1774 წელს ზაქარია გაბაშვილმა დაწერა შესხმა-მილოცვა სოლომონ I-ისადმი. ნაწარმოების შინაარსიდან იკვეთება, რომ სიტყვა მიძღვნილია ჩხერის ომიდან დაბრუნებული გამარჯვებული მეფისადმი. აღნიშნული ნაწარმოები ქართული სადღესასწაულო მჭერმეტყველების გამორჩეული ნიმუში და სახოტბო ხასიათის ორიგინალური ორატორული ნაწარმოებია.

7. ზაქარიას სახელთან არის დაკავშირებული ასევე იოანე შავთელის „აბდულმესიანის“ ხელნაწერზე გაკეთებული ორი თითო სტროფიანი ლექსი ზედწერილით „ზაქარია მოძღვრის თქმული“ და ერთიც ეპიგონური სტროფი - „მსთავრე გონება“. მასვე შემოუნახავს ცნობები ეფრემ მცირესა და სხვა მოღვაწეთა შესახებ. ასევე, შემორჩენილია მის მიერ შესრულებული მცირე ჩანაწერები სხვადასხვა წიგნსა თუ დოკუმენტზე.

3 -ბიბლიოგრაფია

• გუგუშვილი, მ. / ძოწენიძე, ლ.: ანტონ პირველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგიერთი საკითხი, იხ.: „საღვთისმეტყველო კრებული“, ტ. 1, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1991 წ., გვ. 130-147.

• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბილისი: „მეცნიერება“, 1981 წ., გვ. 662-663.

• ლეონიძე, გ.: გამოკვლევები და წერილები, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1958 წ.

• მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე: საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული, თბილისი: „საქართველოს მაცნე“, 2017 წ., გვ. 559-563.

• ჟორდანია, თ.: ანტონ I, საქართველოს კათალიკოსი და მთავარეპისკოპოსი ვლადიმირისა და იეროპოლისა, თარგმანი ი. ამირხანაშვილისა, იხ.: „საღვთისმეტყველო კრებული“, ტ. 1, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1991 წ., გვ. 34-100.

• ქუთათელაძე, ლ.: რამდენიმე ცნობა ზაქარია გაბაშვილის ბიოგრაფიიდან, ჟურნალში: „მაცნე“. ენისა და ლიტერატურის სერია, #1 (თბილისი, 1980 წ.), გვ. 63-71.

• ხახანაშვილი, ა.: კათალიკოს ანტონ პირველის ცხოვრება და მოღვაწეობა, თარგმანი ნ. ქაჯაიასი, იხ.: „საღვთისმეტყველო კრებული“, ტ. 1, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1991 წ., გვ. 101-125.

• ხახანაშვილი, ა.: ქართული სიტყვიერების ისტორია, თბილისი, 1904 წ., გვ. 425-426.