ოთარ ტაბიძე საბჭოთა პერიოდის ქართული ფილოსოფიური აზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. დაიბადა 1925 წლის 30 მარტს მაშინდელი წულუკიძის, ამჟამად ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში. მამამისი, ისიდორე ტაბიძე, 1924 წლის აჯანყებასთან კავშირის გამო საბჭოთა ხელისუფლებას დაუპატიმრებია და საპყრობილეში ვაჟის დაბადებამდე გარდაიცვალა. 1939 წელს ო. ტაბიძემ დაამთავრა ივანდიდის არასრული, 1942 წელს - ხონის საშუალო სკოლა. სამი წლის განმავლობაში შრომით საქმიანობას ეწეოდა ტყიბულის მაღაროში და ექსტერნატის წესით აბარებდა გამოცდებს ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც 1945 წელს ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსზე დასწრებული სწავლების განყოფილების სტუდენტად ჩაირიცხა. ინსტიტუტი დაასრულა 1947 წელს, რის შემდეგაც 1948-1952 წლებში ანგია ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ასპირანტურის კურსი გაიარა. ამავე პერიოდში იგი აღნიშნული ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრაზე ასისტენტის პოზიციას იკავებდა.
1952-1953 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1953-1956 წლებში თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტი, 1956-1962 წლებში კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი და ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1962 წელს ო. ტაბიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას. 1967 წლიდან იგი ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო 1982 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - ამავე განყოფილების გამგე. ამასთან ერთად, იგი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებასთან არსებული ადამიანის პრობლემის კომპლექსური შესწავლის საქართველოს სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე. მის კალამს ეკუთვნის ექვსი მონოგრაფია და ათეულობით სამეცნიერო სტატია. არის რამდენიმე წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, ასევე, გაბრიელ ქიქოძის წიგნის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ რუსულიდან ერთ-ერთი მთარგმნელი და წინასიტყვაობის თანაავტორი.
მეცნიერული საქმიანობის პარალელურად ო. ტაბიძე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას - სხვადასხვა დროს, ქუთაისის, გორის, თელავის პედინსტიტუტების გარდა, იგი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1972 წელს კი სადოქტორო დისერტაციები; 1979 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
საზოგადოებისათვის იგი ასევე ცნობილი იყო როგორც მახვილგონიერი ფუნაგორიებისა და საჭადრაკო კომპოზიციების ავტორი (მისი შეთხზულია, მაგალითად, პოლიტიკურ-სატირული კალამბური: „რადგანაც ვთარგმნეთ მარქსი მალულად, მიტომაც გვიჭირს მაქსიმალურად“). მან არა მხოლოდ გაიმარჯვა 1957 წელს გამართულ საქართველოს საჭადრაკო კომპოზიტორთა პირველ ჩემპიონატში, არამედ თვითმყოფად ამოცანათა მთელი სერია გამოაქვეყნა ფიდესთან არსებული საჭადრაკო კომპოზიციის მუდმივი კომისიის ოფიციალურ ორგანოში - იუგოსლავიურ ჟურნალ „პრობლემში“.
ო. ტაბიძე გარდაიცვალა 1986 წლის 8 ივნისს, 61 წლის ასაკში.
ო. ტაბიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობა, რომელიც „მაღალი თეორიული და ლოგიკური დონით“, გაბედული და საფუძვლიანი დასკვნებით, კვლევის ფართო პერსპექტივებით (დარჩია 2008:42) ხასიათდება, თეორიული და პრაქტიკული ფილოსოფიის მრავალ დარგს მოიცავს. თუმცა, კონცენტრირებულად და სისტემურად მისი შემოქმედება ძირითადად მაინც ცნობიერების, მეცნიერების, ფსიქოლოგიის ფილოსოფიასა და ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას ეხება.
ო. ტაბიძის ინტელექტუალური ფორმირება და აკადემიური საქმიანობა XX საუკუნის იმ პერიოდში წარიმართა, როცა ფსიქოლოგია ყალიბდებოდა როგორც მკაცრი ემპირიული მეცნიერება, ხოლო ფილოსოფია იდგა საფრთხის წინაშე - დაეკარგა ცნობიერების პრობლემა, როგორც ლეგიტიმური თეორიული საკითხი. ქართველი ფილოსოფოსის ინტელექტუალური გზა უშუალოდ უკავშირდება ამ გარდამავალ პერიოდს. იგი განათლებას იღებდა ევროპული მეცნიერული აზრის ძლიერი გავლენის პირობებში, განსაკუთრებით, გერმანული კლასიკური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ახალი ექსპერიმენტული მიმართულებების კონტექსტში. ამავე დროს, მისი აკადემიური საქმიანობა მიმდინარეობდა საბჭოთა იდეოლოგიური ჩარჩოების ფარგლებში, რაც ფილოსოფიური კვლევისათვის სერიოზულ მეთოდოლოგიურ და ინსტიტუციურ შეზღუდვებს ქმნიდა. ამ დაძაბულ გარემოში ფორმირებული ო. ტაბიძის ფილოსოფიური პოზიცია გამორჩეული იყო მეცნიერული სერიოზულობითა და პრინციპულობით.
ო. ტაბიძის ნაშრომებში ფსიქოლოგია არასოდეს განიხილება როგორც მხოლოდ ემპირიული დისციპლინა. იგი თანმიმდევრულად აყენებს საკითხს იმ ფილოსოფიური წინაპირობების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ფსიქოლოგიური თეორიები საკუთარ მეცნიერულობას ამართლებს. ამ თვალსაზრისით, მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიჰევიორიზმს - იმ მიმართულებას, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ფსიქოლოგიის მეცნიერულობის მთავარ გარანტად იყო წარმოდგენილი. ტაბიძე ბიჰევიორიზმს არ აღიქვამს როგორც მხოლოდ კვლევის ტექნიკას; მისთვის ეს არის ფილოსოფიური პროგრამა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს, რა ჩაითვლება ფსიქიკურად და რა არა.
ო. ტაბიძის ფილოსოფიური პროფილი ჩამოყალიბდა იმ პარადოქსულ ვითარებაში, როდესაც, ერთი მხრივ, დომინირებდა ნატურალისტური და მექანიცისტური ახსნები, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავ ინარჩუნებდა ძალას ცნობიერების, სუბიექტურობისა და მნიშვნელობის პრობლემატიკა. სწორედ ამ დაპირისპირების ფონზე იძენს მის ტექსტებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ცნობიერების საკითხი. ქართველი ფილოსოფოსისათვის ცნობიერება არ არის ფსიქოლოგიის მეორეხარისხოვანი თემა; იგი წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ დონეს, რომლის გარეშე ფსიქოლოგიური ფაქტები კარგავს თავის (სპეციფიკურ) თეორიულ აზრს. მისი ფილოსოფიური პოზიციის ცნობიერების ფილოსოფიის კონტექსტში რეკონსტრუქცია ცხადად ავლენს, თუ როგორ უპირისპირდება მისი ანტირედუქციონისტული მიდგომა ბიჰევიორისტულ და ელიმინატივისტურ პროგრამებს და როგორ ეხმიანება იგი, როგორც თეორიულად ნაყოფიერი რესურსი, ცნობიერების ახსნის შესაძლებლობის შესახებ მწვავე დებატებს თანამედროვე ფილოსოფიაში.
2.1. ბიჰევიორიზმის კრიტიკა როგორც ფილოსოფიური პროგრამა
ო. ტაბიძის ფილოსოფიური კრიტიკის ერთ-ერთ ძირითად ობიექტს წარმოადგენს ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია, რომელიც მის ნაშრომებში არ განიხილება როგორც მხოლოდ მეთოდოლოგიური სკოლა ან ექსპერიმენტული კვლევის ტექნიკა. ქართველი მოაზროვნე ბიჰევიორიზმს უთავსებს უფრო ფართო მნიშვნელობას და მას ფილოსოფიურ პროგრამად აღიქვამს, რომლის ფარგლებშიც წინასწარ განისაზღვრება ის, თუ რას შეიძლება ეწოდოს ფსიქიკური, რა ჩაითვლება მეცნიერულად ლეგიტიმურად და რა უნდა გამოირიცხოს ფსიქოლოგიის საგნიდან.
ო. ტაბიძის მიხედვით, ბიჰევიორიზმის მრავალსახეობრიობა - რადიკალური, ნეობიჰევიორისტული, ოპერაციონალისტური - ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საქმე გვაქვს ურთიერთდაპირისპირებულ თეორიებთან. თუმცა, ამ განსხვავებების მიღმა იგი ხედავს ერთიან საფუძველს: ფსიქიკურის ქცევამდე დაყვანის მცდელობას. ეს მცდელობა არ არის ნეიტრალური მეცნიერული არჩევანი; იგი ეფუძნება გარკვეულ ფილოსოფიურ წინაპირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ ფსიქოლოგიის საგნის საზღვრებს.
ბიჰევიორიზმისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ქცევის კატეგორიის აბსოლუტიზაცია. ქცევა წარმოდგენილია როგორც ერთადერთი ობიექტურად დაკვირვებადი, გაზომვადი და ექსპერიმენტულად კონტროლირებადი ფაქტი. ამგვარად, ფსიქოლოგიის მეცნიერულობა პირდაპირ კავშირში დგება დაკვირვებადობასთან. ტაბიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქ ხდება მეთოდოლოგიური მოთხოვნის ონტოლოგიურ პრინციპად გადაქცევა: ის, რაც უშუალოდ არ ექვემდებარება გარე დაკვირვებას, კარგავს რეალობის სტატუსს.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ცნობიერება ბიჰევიორიზმში ან სრულად გამოირიცხება, ან განიხილება როგორც მეორეხარისხოვანი მოვლენა. რადიკალურ ბიჰევიორიზმში ცნობიერება გამოცხადებულია ფსევდოპრობლემად, რომელიც მხოლოდ მეტაფიზიკური ილუზიის შედეგია. ნეობიჰევიორიზმში კი იგი ჩანაცვლებულია ე.წ. „შუამდებარე ცვლადებით“, რომლებიც ქცევის შიდა მექანიზმების ფორმალური აღწერის ფუნქციას ასრულებენ. ო. ტაბიძის აზრით, ეს განსხვავება არსებითად არაფერს ცვლის: ორივე შემთხვევაში ცნობიერება არ არის აღიარებული როგორც ფსიქოლოგიის დამოუკიდებელი და სრულფასოვანი საგანი.
ქართველი ფილოსოფოსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ ბიჰევიორიზმის ეს პროგრამა ეფუძნება მექანიცისტურ მსოფლმხედველობას. ფსიქიკა აქ წინასწარ არის გააზრებული როგორც ბუნებრივი პროცესების ერთობლიობა, რომელიც პრინციპულად ექვემდებარება იმავე ახსნით სქემებს, რომლებიც ფიზიკურ ან ბიოლოგიური მოვლენებს მიემართება. ამგვარი მიდგომა, ტაბიძის შეფასებით, არ ცდილობს ფსიქიკურის სპეციფიკის აღმოჩენას, არამედ მას თავიდანვე აუქმებს, რადგან ფსიქიკური უკვე განსაზღვრულია ქცევითი რეაქციების ველად.
ამასთანავე, ტაბიძე მკაფიოდ განასხვავებს ემპირიული კვლევის ლეგიტიმურობასა და თეორიული რედუქციის პრობლემატურობას. იგი არ უარყოფს ქცევის შესწავლის მნიშვნელობას ფსიქოლოგიაში და არ ეწინააღმდეგება ექსპერიმენტულ მეთოდებს. მისი კრიტიკა მიმართულია არა კვლევის ტექნიკების, არამედ იმ ფილოსოფიური დასკვნის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ქცევის ემპირიული აღწერა ამოწურავს ფსიქიკურის არსს. ფსიქოლოგია, რომელიც საკუთარ საგანს ქცევით რეგულაციებამდე ამცირებს, ო. ტაბიძის აზრით, კარგავს იმ უნიკალურ განზომილებას, რომელიც მას სხვა მეცნიერებებისგან განასხვავებს.
ბიჰევიორიზმის კრიტიკაში ტაბიძე აჩვენებს, რომ ეს მიდგომა არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად, არამედ ეპისტემოლოგიურადაც პრობლემურია. ქცევის აღწერა, მისი კლასიფიკაცია და ახსნა ყოველთვის გულისხმობს ცნობიერ სუბიექტს, რომელიც ამ აღწერებს მნიშვნელობას ანიჭებს. ამგვარად, ბიჰევიორიზმი, რომელიც ცნობიერებას გამორიცხავს როგორც კვლევის საგანს, სინამდვილეში მაინც ეყრდნობა ცნობიერ სტრუქტურებს როგორც კვლევის შესაძლებლობის პირობას. სწორედ აქ იკვეთება მისი შიდა წინააღმდეგობა.
ამრიგად, ტაბიძისათვის ბიჰევიორიზმის პრობლემა არ არის მისი ცალკეული თეზისების მცდარობა, არამედ მისი ფილოსოფიური პროგრამის შეზღუდულობა. ბიჰევიორიზმი წარმოადგენს მცდელობას ფსიქოლოგიის მეცნიერულობის უზრუნველყოფისა ცნობიერების ფასად. ტაბიძის ანალიზი ამზადებს ნიადაგს უფრო ფართო ანტირედუქციონისტული პოზიციისთვის, რომლის ცენტრალურ თემად ცნობიერების ფილოსოფიური სტატუსი იქცევა.
2.2. ცნობიერების პრობლემა და ანტირედუქციონისტული პოზიცია
ო. ტაბიძის ფილოსოფიური პროექტის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს ცნობიერების პრობლემა. მისთვის ცნობიერება არ არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი კერძო თემა სხვა მრავალთა შორის; იგი არის ის ფუნდამენტური განზომილება, რომლის გარეშე ფსიქიკურის, ქცევის და თავად ფსიქოლოგიის მეცნიერული სტატუსის გააზრება შეუძლებელი ხდება. ამდენად, ცნობიერების საკითხი ტაბიძესთან ერთდროულად არის ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური და მეთოდოლოგიური პრობლემა.
ო. ტაბიძე მიუთითებს, რომ ბიჰევიორისტული პროგრამა ცნობიერებას თავიდანვე განიხილავს როგორც თეორიულად არასასურველ ელემენტს. რადიკალურ ბიჰევიორიზმში ცნობიერება სრულად გამოირიცხება ფსიქოლოგიის საგნიდან და გამოცხადებულია ან მეტაფიზიკურ ილუზიად, ან არამეცნიერულ ნაშთად. ამ პოზიციის მიხედვით, ფსიქოლოგიის ერთადერთი ლეგიტიმური ობიექტი არის დაკვირვებადი ქცევა და მისი კანონზომიერებები. ტაბიძის შეფასებით, ასეთი მიდგომა ეფუძნება არა ცნობიერების გაანალიზებას, არამედ მის წინასწარ უარყოფას, რაც ფილოსოფიურად პრობლემურია.
ნეობიჰევიორისტულ თეორიებში ცნობიერება ფორმალურად თითქოს უბრუნდება ფსიქოლოგიას, თუმცა, მხოლოდ ჩანაცვლებული ფორმით. აქ შემოდის ე.წ. „შუამდებარე ცვლადების“ კონცეფცია, რომლებიც ქცევის შიდა მექანიზმების ახსნას ემსახურება. ტაბიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კონსტრუქციებს არ აქვთ ცნობიერების შინაარსობრივი სტატუსი; ისინი ფუნქციონირებენ როგორც თეორიული ინსტრუმენტები და არა როგორც ფსიქიკური რეალობის აღწერები. ამგვარად, ცნობიერება არც აქ არის აღიარებული როგორც სპეციფიკური და თვითმყოფადი ფენომენი.
ო. ტაბიძის კრიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი უკავშირდება ეპიფენომენალიზმის პრობლემას. ბიჰევიორისტულ და მასთან ახლოს მდგომ თეორიებში ცნობიერება, თუკი საერთოდ დაშვებულია, განიხილება როგორც კაუზალურად უმოქმედო თანმხლები მოვლენა. ქცევა სრულად აიხსნება ფიზიკური და ბიოლოგიური მიზეზებით, ხოლო ცნობიერება ამ ახსნას არაფერს ამატებს. ტაბიძის აზრით, ასეთი პოზიცია არა მხოლოდ ამცირებს ცნობიერების თეორიულ მნიშვნელობას, არამედ აყენებს კითხვას მისი არსებობის აზრის შესახებაც: თუ ცნობიერება არაფერს „აკეთებს“, გაუგებარი ხდება, რატომ უნდა იქნეს იგი საერთოდ გათვალისწინებული.
ტაბიძის ანტირედუქციონისტული არგუმენტაცია ამ ეტაპზე გნოსეოლოგიურ სიღრმეს იძენს. იგი ამტკიცებს, რომ ცნობიერება არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ფსიქოლოგიური ფაქტები ვერ იქცევა შემეცნების ობიექტად. ქცევის აღწერა, კლასიფიკაცია და ახსნა უკვე გულისხმობს ცნობიერ სუბიექტს, რომელიც ამ ქცევას მნიშვნელობას ანიჭებს, მას ინტერპრეტირებს და გარკვეულ თეორიულ ჩარჩოში აქცევს. ამდენად, ცნობიერება არ არის უბრალოდ დამატებითი ფენომენი ქცევის გვერდით; იგი არის ის დონე, რომელზეც ქცევა საერთოდ ხდება „ფსიქოლოგიური“.
ამ კონტექსტში ტაბიძე აჩვენებს ბიჰევიორიზმის შიდა წინააღმდეგობას: ცნობიერება გამორიცხულია როგორც კვლევის საგანი, მაგრამ შეუცვლელია როგორც კვლევის შესაძლებლობის პირობა. ფსიქოლოგია, რომელიც ცნობიერებას უარყოფს, მაინც იძულებულია დაეყრდნოს ცნობიერ სტრუქტურებს საკუთარი მეთოდოლოგიის გასამართლებლად. სწორედ ეს წინააღმდეგობა, ტაბიძის აზრით, ამხელს ბიჰევიორისტული რედუქციის თეორიულ საზღვრებს.
ტაბიძის პოზიცია ცნობიერების მიმართ არ გადადის სუბსტანციურ დუალიზმში. იგი არ ამტკიცებს ცნობიერების დამოუკიდებელ არსებობას ფიზიკური რეალობისგან განცალკევებით. ამავე დროს, იგი უარყოფს ცნობიერების სრულ რედუქციას ფიზიკურ ან ქცევით პროცესებზე. ცნობიერება ტაბიძესთან წარმოდგენილია როგორც რეალობის სპეციფიკური დონე, რომელიც დამოკიდებულია ბუნებრივ პროცესებზე, მაგრამ მათი მეშვეობით არ ამოიწურება. ეს დამოკიდებულება არ არის იდენტობა, არამედ სტრუქტურული და ფუნქციური კავშირი.
ამგვარად, ტაბიძის ანტირედუქციონისტული პოზიცია შეიძლება დახასიათდეს როგორც მცდელობა ფსიქოლოგიისა და ცნობიერების თეორიის ფუნდამენტების გადახედვისა. მისი აზრით, ფსიქოლოგია მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მეცნიერული, როდესაც იგი საკუთარ საგანს - ცნობიერებას - არ დაკარგავს თეორიული რედუქციის გამო. ცნობიერების უარყოფა, ტაბიძის შეფასებით, არა მეცნიერულ პროგრესს, არამედ თეორიულ თვითგაღატაკებას წარმოადგენს.
3.1. პრაგმატიზმი, ლოგიკური პოზიტივიზმი და ცნობიერების ფილოსოფია
ო. ტაბიძის ბიჰევიორიზმის კრიტიკა სრულად გასაგები ხდება მხოლოდ იმ ფილოსოფიური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ეს ფსიქოლოგიური პროგრამა ჩამოყალიბდა და მოიპოვა ინტელექტუალური ლეგიტიმაცია. ამ კონტექსტში ტაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ორ მიმართულებას - პრაგმატიზმსა და ლოგიკურ პოზიტივიზმს - რომლებიც განსხვავებული გზით, მაგრამ საერთო შედეგით, ამზადებენ ნიადაგს ცნობიერების თეორიული მარგინალიზაციისთვის.
ტაბიძის მიხედვით, პრაგმატიზმის ძირითადი ინტუიცია მდგომარეობს იმაში, რომ აზრისა და ცოდნის ღირებულება განისაზღვრება მისი პრაქტიკული შედეგებით. ჭეშმარიტება აქ აღარ განიხილება როგორც რეალობის ადეკვატური ასახვა, არამედ როგორც მოქმედებაში ეფექტიანი ინსტრუმენტი. ამგვარად, შემეცნება თავიდანვე ჩასმულია პრაქტიკისა და ქმედების ჩარჩოში, ხოლო აზროვნების შინაარსობრივი და მნიშვნელობრივი განზომილებები მეორეხარისხოვან როლს იძენს. ტაბიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიდგომას ფსიქოლოგიისთვის შორს მიმავალი შედეგები აქვს. თუ აზრი ფასდება მხოლოდ თავისი ფუნქციური ეფექტიანობით, მაშინ ქცევა ბუნებრივად იქცევა ფსიქიკის საბოლოო და გადამწყვეტ გამოხატულებად. ცნობიერება ამ სქემაში აღარ არის დამოუკიდებელი კვლევის საგანი; იგი განიხილება როგორც მოქმედების ინსტრუმენტი ან შუალედური მომენტი, რომლის მნიშვნელობა საბოლოო შედეგით იზომება. ტაბიძის შეფასებით, სწორედ აქ იკვეთება პრაგმატიზმისა და ბიჰევიორიზმის შიდა ნათესაობა.
ამასთანავე, ტაბიძე მიუთითებს, რომ პრაგმატიზმი თავისთავად არ უარყოფს ცნობიერებას. მისი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერება კარგავს თეორიულ ავტონომიას და მთლიანად ექვემდებარება პრაქტიკული წარმატების კრიტერიუმს. შედეგად, ფსიქოლოგია თანდათან გადადის ქცევითი რეგულაციების ანალიზში, ხოლო ცნობიერების შინაარსობრივი კვლევა ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევა.
ლოგიკური პოზიტივიზმი, ტაბიძის აზრით, ამ ტენდენციას უფრო მკაცრ და სისტემურ სახეს აძლევს. ვერიფიკაციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც აზრიანი წინადადება მხოლოდ ემპირიულად შემოწმებადია, წინასწარ ზღუდავს მეცნიერების სფეროს. ცნობიერების შინაარსები, როგორც სუბიექტურად მოცემული და უშუალოდ არადაკვირვებადი მოვლენები, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. შედეგად, ისინი ან საერთოდ გამორიცხულია მეცნიერული დისკურსიდან, ან ითარგმნება ობიექტურად აღწერად ტერმინებში.
ტაბიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პროტოკოლის წინადადების კონცეფციაზე, რომელიც ლოგიკურ პოზიტივიზმში მეცნიერების საფუძვლად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ინტერპრეტაციებისა, ამ კონცეფციის საერთო შედეგი ერთია: მეცნიერების ენა მაქსიმალურად უნდა გაიწმინდოს სუბიექტური გამოცდილების ელემენტებისგან. ფსიქოლოგიური წინადადებები ლეგიტიმურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღწერენ დაკვირვებად ქცევას ან ფიზიოლოგიურ პროცესებს. ცნობიერება ამ ჩარჩოში ან ეპიფენომენად რჩება, ან სრულიად ქრება.
ო. ტაბიძე მიუთითებს, რომ პრაგმატიზმსა და ლოგიკურ პოზიტივიზმს შორის განსხვავებების მიუხედავად, ორივე მიმართულება ერთსა და იმავე შედეგამდე მიდის: ცნობიერების თეორიული სტატუსის დაკნინებამდე. ერთ შემთხვევაში ქცევა ფასდება თავისი პრაქტიკული ეფექტიანობით, მეორე შემთხვევაში - თავისი ემპირიული შემოწმებადობით. ორივე შემთხვევაში ცნობიერება ვერ ინარჩუნებს დამოუკიდებელ ფილოსოფიურ მნიშვნელობას.
ამ ფილოსოფიური ფონის შეფასებისას ტაბიძე არ შემოიფარგლება მხოლოდ კრიტიკით. იგი აჩვენებს, რომ ამ მიდგომების შიდა ლოგიკა საკუთარ საზღვრებს აწყდება. პრაგმატიზმი ვერ ასაბუთებს, როგორ ხდება მოქმედება მნიშვნელობის მატარებელი, თუ ცნობიერება მხოლოდ ინსტრუმენტულია. ლოგიკური პოზიტივიზმი კი ვერ განმარტავს იმ ცნობიერი სუბიექტის სტატუსს, რომელიც თავად ახორციელებს ვერიფიკაციას და განსაზღვრავს დაკვირვების მნიშვნელობას. ამგვარად, ორივე მიმართულება შეუმჩნევლად ეყრდნობა იმ ცნობიერ სტრუქტურებს, რომელთა თეორიულ მნიშვნელობასაც ამცირებს.
ამრიგად, ტაბიძის ანალიზში პრაგმატიზმი და ლოგიკური პოზიტივიზმი წარმოდგენილია როგორც ბიჰევიორიზმის ფილოსოფიური საფუძვლები და, ამავე დროს, მისი შიდა ზღვარი. ისინი ხსნიან, თუ რატომ გახდა ბიჰევიორისტული პროგრამა ისტორიულად შესაძლებელი და გავლენიანი, მაგრამ, ამავე დროს, აჩვენებენ იმ მიზეზებსაც, რის გამოც ეს პროგრამა ვერ უზრუნველყოფს ფსიქოლოგიისა და ცნობიერების თეორიის ფილოსოფიურად ადეკვატურ საფუძვლიანობას.
ო. ტაბიძის ანტირედუქციონისტული პოზიციის სრული მნიშვნელობა ნათლად იკვეთება მაშინ, როდესაც ის განთავსდება ცნობიერების ფილოსოფიაში ჩამოყალიბებული ძირითადი თეორიული მიდგომების კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ტაბიძე არ იყენებს თანამედროვე ანალიტიკური ფილოსოფიის სპეციფიკურ ტერმინოლოგიას, მისი არგუმენტების სტრუქტურა და მიმართულება არსებითად ეხმიანება იმ დებატებს, რომლებიც დღემდე განსაზღვრავს ცნობიერების პრობლემას.
3.2. ოთარ ტაბიძე და დენიელ დენეტის ილუზიონიზმი
დენიელ დენეტის პოზიცია ცნობიერების მიმართ ხშირად ხასიათდება როგორც ილუზიონისტური ან ელიმინატივისტული. დენეტი უარყოფს „შიდა თეატრის“ მეტაფორას და ამტკიცებს, რომ ფენომენალური ცნობიერება, როგორც უშუალო და თვითგამჭვირვალე განცდათა სივრცე, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეალობას. მისი აზრით, ის, რასაც ჩვენ „შიდა განცდებად“ აღვიქვამთ, არის კოგნიტური პროცესების ინტერპრეტაციული შედეგი და არა განცდის ფუნდამენტური ფაქტი.
ტაბიძის პოზიცია დენეტისეულისგან პრინციპულად განსხვავებულია. მისი აზრით, ცნობიერების „გაქრობა“ არ წარმოადგენს ახსნას, არამედ წარმოადგენს პრობლემის თეორიულად გვერდის ავლას. ქართველი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ ცნობიერების ფენომენალური განზომილების უარყოფა ემყარება მეთოდოლოგიური მოთხოვნების ონტოლოგიურ აბსოლუტიზაციას: მხოლოდ ის მიიჩნევა რეალურად, რაც შეიძლება მესამე პირის პერსპექტივიდან იყოს აღწერილი. ამგვარი მიდგომა, ტაბიძის შეფასებით, ვერ ასაბუთებს თავად იმ გამოცდილების სტატუსს, რომლის ახსნასაც თითქოს ცდილობს.
ტაბიძის არგუმენტაციაში ნათლად იკვეთება ის აზრი, რომ ცნობიერების „ილუზიად“ გამოცხადება გულისხმობს უკვე არსებული ცნობიერების გამოყენებას ამ ილუზიის დასადგენად. ამდენად, ილუზიონიზმი თავად ეყრდნობა იმ ფენომენს, რომლის რეალობასაც უარყოფს. ამ შიდა წინააღმდეგობის გამო ტაბიძე დენეტის ტიპის მიდგომებს მიიჩნევს არა ცნობიერების თეორიებად, არამედ ცნობიერების თეორიული გაქრობის მცდელობებად.
3.3. ოთარ ტაბიძე და დევიდ ჩალმერსის ნატურალისტური დუალიზმი
დევიდ ჩალმერსის ნატურალისტური დუალიზმი ცნობიერების პრობლემას „მძიმე პრობლემის“ ფორმულირებით აყენებს. ჩალმერსი ამტკიცებს, რომ ფიზიკური პროცესების სრულ აღწერასაც კი არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ ახლავს ამ პროცესებს სუბიექტური გამოცდილება. ამდენად, ცნობიერება მისთვის წარმოადგენს ფუნდამენტურ თვისებას, რომელიც ბუნების კანონებში დამატებით უნდა იყოს ჩაწერილი.
ტაბიძის პოზიცია გარკვეულწილად ახლოს დგას ჩალმერსის ხედვასთან იმ მხრივ, რომ ორივე უარყოფს ცნობიერების რედუქციას ფიზიკურ ან ფუნქციურ აღწერებზე. არცერთისთვის არ არის სუბიექტური გამოცდილება ილუზია, ფიზიკურთან იდენტური, კოგნიტური შეცდომა. ამის საპირისპიროდ, ორივე დუალისტია, მაგრამ არა კლასიკური, სუბსტანციური დუალიზმის, არამედ ე.წ. „თვისებითი დუალიზმის“ (property-dualism) აზრით. შესაბამისად, ორივე თვლის, რომ ცნობიერება არ არის სუბსტანცია. მართალია, რეალურად არსებობს მენტალური თვისებები, მაგრამ ისინი სუპერვენირებენ ფიზიკურზე და არ არიან ზე-ნატურალური. თუმცა, აქ იკვეთება მნიშვნელოვანი განსხვავებაც. ჩალმერსისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი უშვებს ფსიქოფიზიკური კანონების არსებობას, ცნობიერება კაუზალურად ძალზე სუსტია - ფიზიკური სამყარო დახურული რჩება, მაშინ როდესაც ტაბიძისათვის ცნობიერება შემოქმედებითი ძალის (უნარის) მატარებელი, კაუზალურად ძლიერია და „მეორე ბუნების“, კულტურის შექმნას განაპირობებს. ე.ი. ქართველი ფილოსოფოსი, ჩალმერსის მსგავსად, არ მიდის ცნობიერების ონტოლოგიურ ფუნდამენტალიზაციამდე, ყოფიერების მეტაფიზიკურ „გაფართოებამდე“. მაგრამ, სამაგიეროდ, პრობლემის გადაწყვეტას რეალობის შიდა სტრუქტურის გადახედვით ცდილობს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ არის არსებული რეალობა მრავალდონიანად ორგანიზებული.
3.4. ოთარ ტაბიძე და ჰუსერლის ფენომენოლოგია
ქართველი ფილოსოფოსის პოზიციის შედარება ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიასთან განსაკუთრებით ნაყოფიერია. ორივე ავტორი ცნობიერებას განიხილავს არა მხოლოდ როგორც კვლევის ობიექტს, არამედ როგორც შემეცნების აუცილებელ პირობას. ჰუსერლთან ცნობიერება არის ინტენციონალური სტრუქტურა, რომელშიც საგნები მნიშვნელობას იძენენ; ტაბიძესთან კი ცნობიერება არის ის დონე, რომლის გარეშე ფსიქოლოგიური ფაქტები საერთოდ ვერ გახდება აზრიანი კვლევის საგანი. მიუხედავად ამ სიახლოვისა, მათ შორის განსხვავებაც არსებითია. ჰუსერლი ტრანსცენდენტალური რედუქციის გზით ცდილობს წმინდა ცნობიერების სტრუქტურების გამოვლენას, ხოლო ტაბიძე ნაკლებად ინტერესდება მეთოდოლოგიური რედუქციებით, არამედ, უფრო მეტად ყურადღებას აქცევს ცნობიერების ონტოლოგიურ სტატუსს ფსიქოლოგიის ფარგლებში. ტაბიძისათვის მთავარი კითხვა არ არის, თუ როგორ უნდა აღვწეროთ ცნობიერება „სუფთა“ სახით, არამედ ის, შესაძლებელია თუ არა ფსიქოლოგია ცნობიერების გარეშე. ამ თვალსაზრისით, ტაბიძე შეიძლება ჩაითვალოს ფენომენოლოგიური ინტუიციის ონტოლოგიურ გამგრძელებლად, რომელიც ფენომენოლოგიას ფსიქოლოგიის ფილოსოფიურ საფუძვლებთან აკავშირებს.
3.5. ოთარ ტაბიძე და არარედუქციული ფიზიკალიზმი
თანამედროვე არარედუქციული ფიზიკალიზმის კონტექსტში ტაბიძის პოზიცია განსაკუთრებულად წინმსწრები ჩანს. არარედუქციული ფიზიკალიზმის მიხედვით, მენტალური მოვლენები სუპერვენირებს ფიზიკურზე: ისინი დამოკიდებულია ფიზიკურ ფაქტებზე, მაგრამ არ იდენტიფიცირდება მათთან. ეს განსხვავება დონის და არა არსებობის მიხედვით საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ როგორც რედუქციონიზმი, ისე სუბსტანციური დუალიზმი.
ტაბიძის ანტირედუქციონისტული პოზიცია არსებითად შეესაბამება ამ სქემას, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყენებს სუპერვენირების ტერმინს. მისი არგუმენტები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ცნობიერება დამოკიდებულია ბუნებრივ პროცესებზე, მაგრამ არსებითად ვერ აიხსნება ფიზიოლოგიის ან ქცევის ტერმინებში. ცნობიერება ქმნის იმ დონეს, რომელზეც ქცევა და ფსიქიკური პროცესები მნიშვნელობას იძენს.
ამგვარად, ო. ტაბიძე შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი ავტორი, რომელიც, ზოგიერთ სხვა მოაზროვნესთან ერთად, თუ ისტორიულად წინ არ უსწრებს, ავანგარდში უდგას იმ დისკუსიებს, რომლებმაც მოგვიანებით არარედუქციული ფიზიკალიზმის ჩამოყალიბება განაპირობა. თავისი ძლიერი მხარეებით მისი პოზიცია აჩვენებს, რომ ცნობიერების პრობლემის გააზრება შესაძლებელია როგორც რედუქციონიზმის, ისე მეტაფიზიკური დუალიზმის დაშვების გარეშეც.
შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ ო. ტაბიძის ფილოსოფიური პოზიცია ორგანულად ეწერება ცნობიერების ფილოსოფიის ძირითად დებატებში. იგი ერთდროულად უპირისპირდება ცნობიერების ელიმინაციას, ეპიფენომენალიზმსა და რედუქციონიზმს, ხოლო ალტერნატივად გვთავაზობს მრავალდონიან, ანტირედუქციონისტულ ხედვას. ამის შედეგად ქართველი ფილოსოფოსი არ არის მხოლოდ ისტორიული ფიგურა; მისი ინტელექტუალური მემკვიდრეობა წარმოადგენს თეორიულ რესურსს, რომელიც თანამედროვე დისკუსიებშიც პროდუქტიულობის პოტენციალს ატარებს.
ო. ტაბიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, რადგან იგი წარმოადგენს იშვიათ მაგალითს სისტემური და კონცეპტუალურად გამართული მცდელობისა - ფსიქოლოგიისა და ცნობიერების პრობლემა არა მხოლოდ ემპირიულ, არამედ ფილოსოფიურ დონეზე იქნეს გააზრებული. ტაბიძის ნაშრომები აჩვენებს, რომ ფსიქოლოგიური თეორიების შეფასება შეუძლებელია მათი ფილოსოფიური წინაპირობების ანალიზის გარეშე. ტაბიძე იმ ქართველ მოაზროვნეთა რიგს ეკუთვნის, რომლებმაც ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემატიკა ფართო ინტელექტუალურ კონტექსტში ჩასვეს. მისი ბიჰევიორიზმის კრიტიკა არ არის შემთხვევითი ან ეპიზოდური პოლემიკა; იგი გამომდინარეობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციიდან ადამიანის ფსიქიკური ყოფიერების შესახებ. ამ პოზიციის ცენტრალური ელემენტია ცნობიერების აღიარება როგორც ფსიქოლოგიისა და შემეცნების თეორიის ფუნდამენტური განზომილებისა.
ქართული ფილოსოფიური აზროვნების კონტექსტში ტაბიძის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ასპექტით, რომ მან ცნობიერების პრობლემა სისტემურად და პრინციპულად დააყენა ეპოქაში, როდესაც რედუქციონისტული და მექანიცისტური მიდგომები ინტელექტუალურად დომინანტური იყო. საბჭოთა ფილოსოფიური გარემო, თავისი იდეოლოგიური და მეთოდოლოგიური შეზღუდვებით, ხელს არ უწყობდა ცნობიერების დამოუკიდებელი სტატუსის დაცვას. მიუხედავად ამისა, ტაბიძის ტექსტებში მკაფიოდ იკვეთება მცდელობა, შეინარჩუნოს ფსიქიკურის ფილოსოფიური სირთულე და წინააღმდეგობა გაუწიოს მის გამმარტივებელ ინტერპრეტაციებს.
ტაბიძის ანტირედუქციონისტული პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ თეორიულადაც. იგი აჩვენებს, რომ შესაძლებელია ფსიქოლოგიის მეცნიერულობის დაცვა ცნობიერების გამორიცხვის გარეშე. ამით ტაბიძის შრომები ეხმიანება იმ დისკუსიებს, რომლებიც მოგვიანებით ცნობიერების ფილოსოფიაში არარედუქციული ფიზიკალიზმის, ფენომენოლოგიისა და ანტირედუქციონისტული მონიზმის ფარგლებში განვითარდა. მისი ნააზრევი გვთავაზობს მოდელს, რომელშიც ფსიქიკური მოვლენები განიხილება როგორც რეალობის სპეციფიკური დონე და არა როგორც ფიზიკურის უბრალო დანამატი.
ტაბიძის მემკვიდრეობა ასევე მნიშვნელოვანია ქართული ფილოსოფიის თვითრეფლექსიის თვალსაზრისით. მისი ნაშრომები გვიჩვენებს, რომ ქართული ფილოსოფიური აზროვნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპული იდეების რეცეფციით, არამედ ქმნის ორიგინალურ კონცეპტუალურ პოზიციებს, რომლებიც ფართო ფილოსოფიურ დისკუსიაში ჩართვის პოტენციალს ფლობენ. ტაბიძე ამ კონტექსტში შეიძლება შეფასდეს როგორც ავტორი, რომელიც ქართული ფილოსოფიის ისტორიაში ცნობიერების პრობლემის ერთ-ერთ პირველ სისტემურ გამხმოვანებლად გვევლინება.
თანამედროვე პერსპექტივიდან დანახული, ტაბიძის ტექსტები ინარჩუნებს აქტუალობას. ცნობიერების ფილოსოფიაში დღემდე ღიად რჩება კითხვა, შესაძლებელია თუ არა ფსიქოლოგიის სრული ნატურალიზაცია ცნობიერების თეორიული მნიშვნელობის დაკარგვის გარეშე. ტაბიძის ანალიზი ამ კითხვაზე ნეგატიურ პასუხს გვთავაზობს და ამით მნიშვნელოვან კრიტიკულ რესურსს გვაწვდის თანამედროვე დებატებისთვის. მისი ნააზრევი გვახსენებს, რომ მეცნიერული ახსნა არ უნდა ემყარებოდეს რეალობის ფენების გაუქმებას, არამედ მათ შორის ურთიერთმიმართების გააზრებას.
ამრიგად, ო. ტაბიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობა შეიძლება შეფასდეს როგორც მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც აერთიანებს ისტორიულ სიღრმესა და თეორიულ აქტუალობას. მისი პოზიცია ცნობიერების პრობლემის მიმართ წარმოადგენს არა დასრულებულ დოქტრინას, არამედ ღია ფილოსოფიურ პროგრამას, რომელიც კვლავ შეიძლება იქცეს ნაყოფიერ საყრდენად როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ფილოსოფიური კვლევებისთვის.
(ა) ოთარ ტაბიძის მონოგრაფიები
• შეგრძნებების ურთიერთობის პრობლემისათვის ფსიქოლოგიაში, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ.
• ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ.
• ქცევათმეცნიერების ფილოსოფიური საფუძვლები, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
• შემოქმედების არსი, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• ადამიანი - სინამდვილე და ოცნება: ფილოსოფიური ანთროპოლოგიის შესავალი, ნაკვ. 1, თბილისი: „მეცნიერება“, 1986 წ.
• ადამიანი, თავისუფლება, შემოქმედება, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
(ბ) ოთარ ტაბიძის რჩეული სტატიები
• ივანე თარხნიშვილის ფსიქოლოგიურ შეხედულებათა სისტემა, ჟურნალში: „ფსიქოლოგია“, ტ. 12 (თბილისი, 1960 წ.), გვ. 3-22.
• ჩვევის გადატანის ცნების ადგილი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში, ჟურნალში: „სკოლა და ცხოვრება“, №7 (თბილისი, 1962 წ.).
• ჩვევის გადატანის ნიშნის საკითხისათვის, ჟურნალში: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, №3 [საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება] (თბილისი, 1963 წ.), გვ. 57-73.
• ჩვევათა დაუფლების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საკითხები, ჟურნალში: „პედაგოგიური ფსიქოლოგია“, №2 (თბილისი, 1965 წ.), გვ. 347-382.
• ადამიანის მთლიანობის პრობლემა ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში, კრებულში: „ფილოსოფიის ანთროპოლოგიური საკითხები, ნაწ. 1“, თბილისი, 1970 წ., გვ. 184-233.
• ადამიანის ბიოგენისა და სოციოგენის ურთიერთობის პრობლემა კ. მარქსის ფილოსოფიურ ანთროპოლოგიურ კონცეფციაში, ჟურნალში: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია“, №2 (თბილისი, 1983 წ.), გვ. 5-15.
• ადამიანის გონითი ყოფიერების პრობლემა, კრებულში: „ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები“, №7, თბილისი, 1983 წ., გვ. 3-33.
• ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალებთან: აკადემიკოს ა. ბოჭორიშვილის დაბადების 80 წლისთავი, გაზეთში: „თბილისი“, 17 იანვარი (თბილისი, 1983 წ.).
• ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება, კრებულში: „ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება“ (ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხავი, ნაწ. VIII), თბილისი, 1987 წ., გვ. 3-30.
(გ) ოთარ ტაბიძის რედაქტორობით გამოცემული წიგნები
• ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხები, ნაწილი VII, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ადამიანი ინდივიდი, პიროვნება (ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საკითხავი), თბილისი: „მეცნიერება, 1987 წ.
• გაბრიელ ქიქოძე, ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, თბილისი: „თბილისის სასულიეროაკადემიისა და სემინარიის გამოცემა“, 1993 წ.
(დ) სამეცნიერო-კვლევითი და ბიოგრაფიული ლიტერატურა ოთარ ტაბიძის შესახებ
• კაკაბაძე, ვ: საინტერესო გამოკვლევა: ო. ტაბიძე, შეგრძნებათა ურთიერთობის პრობლემისათვის ფსიქოლოგიაში, ჟურნალში: „სკოლა და ცხოვრება“, №11 (თბილისი, 1962), გვ. 92-95.
• კვიჟინაძე, რ: ინტუიცია და შემოქმედებითი პროცესი (რეცენზია), გაზეთში: „კომუნისტი“ (თბილისი, 1981, 4 აპრილი).
• გრიგოლავა, ვ., კაკაბაძე, ვ., ფაცაცია, გ: ადამიანის არსის წვდომის ჰორიზონტები: ო. ტაბიძე - ადამიანი - სინამდვილე და ოცნება, ჟურნალში: „საქართველოს კომუნისტი“, №1 (თბილისი, 1987), გვ. 94-96.
• სამსონაძე, გ., გოგობერიშვილი, ვ.: ოთარ ტაბიძის „ფუნაგორიები“: ფილოსოფოს ო. ტაბიძის ნაკვესები და სახალისო ისტორიები, ჟურნალში: „მაცნე“, №2 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 106-109.
• ბრეგაძე, ა: ოთარ ტაბიძე, წიგნში: „ქართველი ფილოსოფოს-ანთროპოლოგები: მოგონებანი, პიროვნული პორტრეტები, ანთროპოლოგიური შემოქმედება“, თბილისი, 2007 წ., გვ. 71-93.
• ლობჟანიძე, მ: ადამიანის ფილოსოფიური შესწავლის ტენდენციები XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში, წიგნში: ფილოსოფია და თანამედროვეობა: მიხეილ მახარაძის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2007 წ., გვ. 219-224.
• ბრეგაძე, ა: მრავალხმიანობის ერთიანობა: ოთარ ტაბიძე, წიგნში: „ადამიანი, ფილოსოფია, კულტურა: პროფესორ ანზორ ბრეგაძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული“, თბილისი, 2008 წ., გვ. 63-67.
• დარჩია, ბ: მეცნიერი და მახვილმესიტყვე (ოთარ ტაბიძის გახსენება), ჟურნალში: „ჩვენი მწერლობა“, №15 (67) (თბილისი, 2008 წ.), გვ. 41-44.
• გოლეთიანი, რ: XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ფილოსოფიური აზრის კვლევის ძირითადი ტენდენციები, ჟურნალში: „გონი“, №1 (ქუთაისი, 2014 წ.), გვ. 107-112.
(დ) დამატებითი სამეცნიერო ლიტერატურა
• Chalmers, D. J.: The Conscious Mind: In Search of a Fundamental Theory, Oxford – New York: Oxford University Press, 1996.
• Dennett, D. C.: Consciousness Explained, Boston: Little, Brown and Company, 1991.
• Dennett, D. C.: From Bacteria to Bach and Back: The Evolution of Minds, New York: W. W. Norton & Company, 2017.
• Husserl, E.: The Crisis of European Sciences and Transcendental Phenomenology, Evanston: Northwestern University Press, 1970.
• Kim, J.: Mind in a Physical World, Cambridge: The MIT Press, 1998.
• Nagel, T.: What Is It Like to Be a Bat? In: The Philosophical Review, vol. 83, No. 4 (1974), pp. 435–450.