2024-02-29 ვახტანგ ჯიჯიეშვილი

ჩიქოვანი ალექსანდრე

1 -ბიოგრაფიული ცნობები

თავადი ალექსანდრე გიორგის ძე ჩიქოვანი ახალი დროის ქართული ფილოსოფიური აზროვნების წარმომადგენელია. იგი დაიბადა ქალაქ თბილისში, 1805 წლის 27 აგვისტოს. გარდა ფილოსოფიური აზროვნებისა, მისი მოღვაწეობის სფეროში პოეზიაც შედიოდა. მაგალითად, მისი რამდენიმე ლექსი 1857-1858 წლებში ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა, დიდი ნაწილი მისი პოეზიისა კი დაკარგულია. ალექსანდრე ჩიქოვანი ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ლიტერატურულ საქმიანობას; მან 1819 წელს გადაწერა ისააკ მცირეს „ბრძოლა ძლიერი კატისა თაგუთა მიმართ“, 1820 წელს „ჟამის ლოცვა ვნების კვირისა“, 1825 წელს კი  „ცხოვრება წმინდა მამა ფრანჩისკესი“. თუმცა კი, მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს მის მიერ დაწერილი ფილოსოფიური თხზულება „ახალი რეტორიკა“ წარმოადგენს.

ალექსანდრე ჩიქოვანი  გარდაიცვალა 1858 წლის 26 მაისს.

2 -ფილოსოფიური შემოქმედება

ალექსანდრე ჩიქოვანის მთავარი ნაშრომი „ახალი რეტორიკა“ ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტულად არის მოღწეული. შესაძლებელია, ნაშრომი არ იყოს დასრულებული თავად ავტორის მიერ. იგი მოსწავლეების სახელმძღვანელოდ იყო გათვლილი, რაც ახალი დროის ქართული ფილოსოფიური აზროვნებისთვის არცთუ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენდა. მჭევრმეტყველების თეორიის გარდა, ავტორი თხზულებაში გვთავაზობს ისეთი დარგების ანალიზსაც, როგორიცაა ლოგიკა, გრამატიკა, ეთიკა და ფსიქოლოგია. ნაშრომი ჩვენამდე მოღწეულია S 548 ხელნაწერის სახით, რომელიც 1822 წელს უნდა შექმნილიყო. ხელნაწერი შედგება 20 გვერდისა და 44 პარაგრაფისაგან. ნაშრომი ქართულ ენაზე 1973 წელს თამარ კუკავას რედაქტორობითა და გამოკვლევით გამოიცა. აღსანიშნავია, რომ თ. კუკავა პირველი იყო, რომელმაც ხსენებული ავტორი გამოიკვლია.

ა. ჩიქოვანი რიტორიკის ხელოვნებას სამ ნაწილად ჰყოფს: მოპოებად, განშუენებად და განკარგუად. მოცემულ თავებს შორის გარკვეული მიმართებაა: ავტორი თავდაპირველად იწყებს სათანადო ცნებების დადგენას, შემდგომ გადადის მათ კავშირზე, საბოლოოდ კი განიხილავს მათი მეშვეობით რთული შინაარსის აგებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს თავები წარმოადგენენ რიტორიკის ხელოვნების საფეხურებს. ნაშრომის პირველ თავში მჭევრმეტყველების ძირითადი საკითხებია განხილული. ჩიქოვანის თანახმად, „მოპოება“ არის სხვადასხვა საგნების შესაფერისი იდეების დადგენა, საგნისთვის შესაბამისი სიტყვიერი გამოხატულების მოძებნა. ჩიქოვანი იდეების დახასიათებას შემდეგნაირად ახდენს: „იდიად საზოგადოდ იწოდებიან წარმოდგინებანი ნივთთა ანუ მოქმედებათანი გონებათა შინა ჩვენთა“. მაგალითად, ჩვენ გვაქვს საგნის იდეა, როცა თვითონ ვხედავთ მას ან მის მოქმედებებს ანდა ჩვენს გონებაში წარმოვისახავთ. ჩიქოვანი იდეებს ორ ნაწილად ჰყოფს: მარტივად და რთულად. მარტივი იდეა არის ის, როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ ერთ ნივთს ან მოქმედებას, მაგალითად, „კაცი“, „პეტრე“, „ვჭრი“ და ა.შ. რთული იდეა კი თავის თავში აერთიანებს მრავალ, სრული აზრის მქონე წარმოდგენას.

ა. ჩიქოვანი ახალი რიტორიკის პირველი თავის მეექვსე პარაგრაფში ჩამოთვლის შემდეგ იდეებს ანუ რიტორიკულ კატეგორიებს: 1. ნათესავი; 2. სახე; 3. ყოვლადი; 4. კერძო; 5. თვისებანი ნივთებითნი; 6. თვისებანი ცხოველობითნი; 7. მოქმედება და ვნება; 8. სახელი; 9. ადგილი; 10. დრო; 11. წარმოება; 12. მიზეზი; 13. წინამავალი და შედგომილი; 14. მჰსგავსება; 15. უმზგავსოება. როგორც ჩანს, ეს რიტორიკაში გამოყენებული თავისებური ლოგიკაა, რომელიც, ერთი მხრივ, გარკვეულ კავშირშია და, მეორე მხრივ, რიგ საკითხებში, განსხვავდება არისტოტელეს ლოგიკისაგან. საგულისხმოა, რომ არისტოტელეს ლოგიკურ კატეგორიებზე მსჯელობა განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია ანტონ ბაგრატიონი და მისი ფილოსოფიური სკოლა. ანტონ ბაგრატიონისა და მისი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელთა კალამს ეკუთვნის მრავალი თარგმანი თუ კომენტარი არისტოტელეს „კატეგორიებისა“; თუკი XVIII საუკუნის საქართველოში ამ თემატიკას მრავალი კუთხით განიხილავდნენ, ეს, მეტწილად, ანტონ ბაგრატიონის ფილოსოფიური შემოქმედების დამსახურებაა, რომელიც მთლიანად გამსჭვალულია არისტოტელეს ლოგიკითა და, კერძოდ, მისეულ „კატეგორიათა“ პრობლემატიკით. სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება ალექსანდრე ჩიქოვანი და მისი ფილოსოფიური კვლევა-ძიებაც.

არისტოტელესაგან განსხვავებით, ჩიქოვანთან დამოუკიდებელ კატეგორიად არის გამოყოფილი გვარის, ასევე სახისა და ზოგადის კატეგორია. კერძოს კატეგორია აქ წარმოდგენილია ორ ნაწილად: მატერიალური და სულიერი საგნების თვისებების სახით. არისტოტელეს ლოგიკისაგან განსხვავებით, ა. ჩიქოვანი შედარებით ახლებურად წარმოადგენს ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა: სახელი, წარმოება, მიზეზი, წინამავალი და შედგომილი, მსგავსება და განსხვავება.

ნაშრომში განხილული რიტორიკული კატეგორიებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა მიზეზის ჩიქოვანისეული განსაზღვრება, რომლის თანახმადაც მიზეზი ეწოდება თავისი მოქმედების დასასრულს, რომლისთვისაც ნივთები არსებობენ ან იქმნებიან. განსაზღვრების ამ ფორმულირებაში მიზეზი მიზანთან არის გაიგივებული, რაც განვითარებას წრიულ მოძრაობასთან აახლოებს.

როგორც აღინიშნა, ა. ჩიქოვანის თხზულებაში, რიტორიკის საკითხების გარდა, ჭარბად არის მოცემული მასალა ლოგიკიდან, ფსიქოლოგიიდან, ეთიკიდან და გრამატიკიდან. რა იყო ავტორის მიერ ამ მასალის გადმოცემის მიზეზი? ეს ტრადიცია არისტოტელედან მომდინარეობს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, არისტოტელეს „რიტორიკაში“ თავად რიტორიკის საკითხების გარდა, სიღრმისეულადაა განხილული პოლიტიკის და ფსიქოლოგიის საკითხები. არისტოტელეს ეს საჭიროდ მიაჩნდა, რადგან, მისი თვალთახედვით, მხოლოდ ვიწრო ცოდნით ფონს გასვლა რთულია, მით უმეტეს, როდესაც ორატორს საქმე აქვს არასათანადოდ განსწავლულ აუდიტორიასთან. ამიტომაც აუცილებელი იყო, რომ ორატორს კარგად სცოდნოდა ყველა ეს სფერო: ფსიქოლოგია, როგორც მოძღვრება სულის შესახებ, გრამატიკა, აზრის სწორად და გასაგებად დასალაგებლად, და ბოლოს, რიტორიკა, რათა აზრი ლამაზად და მიმზიდველად იქნეს გადმოცემული. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას ორატორი.

თ. კუკავას ვარაუდით, ა. ჩიქოვანიც რიტორიკის საკითხების პარალელურად სხვა მასალის განხილვისას იმავე პრინციპს მიმართავდა, რასაც იყენებდა არისტოტელე. სტაგირელი საჭიროდ მიიჩნევდა, რომ ორატორს არა მხოლოდ შთაგონებით უნდა ელაპარაკა, არამედ საკითხის კარგად მცოდნე და ყოველმხრივ განათლებულიც უნდა ყოფილიყო. ჩიქოვანისთვისაც ორატორი მხოლოდ გარეგნულ ეფექტებზე კი არ ამყარებს იმედს, არამედ „ლამაზ ფორმაში“ ღრმა შინაარსს დებს. სწორედ ამიტომ დაუკავშირა მან რიტორიკას გრამატიკის, ფსიქოლოგიის, ეთიკისა და ლოგიკის საკითხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ გრამატიკისა და რიტორიკის დაკავშირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაზას ერთსა და იმავე დროს ორი მხარე (გრამატიკული და რიტორიკული) ჰქონდა, რასაც მესამე, ლოგიკური მხარე ემატებოდა. ამდენად, მისთვის ლოგიკა, გრამატიკა და რიტორიკა ერთი და იმავე ობიექტის გამომხატველი სამი მხარე იყო.

ნაშრომის მეორე თავს ეწოდება „მარტივი იდეების შეერთება“. ავტორი იდეის, როგორც ფილოსოფიური კატეგორიის ანალიზს გვთავაზობს, რომლის თანახმადაც იდეა აზროვნებაში საგნებისა და მოქმედებების წარმოდგენაა. მარტივი იდეების შეერთებით მიიღება რთული იდეები, რომლებიც ლოგიკურად მსჯელობად იწოდებიან, ხოლო როცა სიტყვიერად და აღწერილობით ხდება მათი განცხადება, წინადადებად იწოდება. ამრიგად, იდეების ანუ კატეგორიების შეერთება მსჯელობას წარმოშობს, რომლის სიტყვიერი გამოხატვა წინადადებაა.

ნაშრომის ბოლო, მესამე თავი რიტორიკული მასალის ანალიზს ეძღვნება და მას „პერიოდთათვის“ ეწოდება. „პერიოდი“ ა. ჩიქოვანის მიერ განისაზღვრება როგორც მრავალი იდეის მიერ განვრცობილი წინადადება, მარტივი ერთეულებით, იდეებით აგებული და გადმოცემული რთული შინაარსი. ა. ჩიქოვანი პერიოდების კლასიფიკაციასაც ახდენს - იგი განასხვავებს მარტივ და რთულ პერიოდებს. მარტივი პერიოდი შეიცავს ერთ ქვემდებარესა და ერთ შემასმენელს, რთული კი მარტივის განვრცობით მიიღება და შეიცავს რამდენიმე ქვემდებარეს ან რამდენიმე შემასმენელს, ანდა ორივეს ერთად.

ა. ჩიქოვანის ნაშრომის დახასიათებისას გვერდს ვერ ავუვლით იმდროინდელ რიტორიკულ ტექსტებთან მიმართებით არსებულ მსგავსება-განსხვავებებს. როგორც ამ პერიოდის რიტორიკის სხვა სახელმძღვანელოებში, ჩიქოვანის თხზულებაშიც რიტორიკა განმარტებულია როგორც აზრთა სასიამოვნოდ გადმოცემის ხელოვნება. ამ კონტექსტში ჩიქოვანთან წარმოდგენილი ტერმინ „განკარგვის“ გასაგებად უნდა მოვიშველიოთ სოლომონ დოდაშვილის „რიტორიკა“, სადაც „განკარგვა“ მასალის სათანადო წესით დალაგება და გადმოცემა, მისი სისტემატიზაციაა. ამგვარად, ა. ჩიქოვანს აუცილებლად მიაჩნია აზრის არა მხოლოდ სასიამოვნოდ გადმოცემა, არამედ მისი დალაგება გარკვეული გეგმით. ამით ჩიქოვანი კონკრეტული შინაარსის აგების გარკვეულ ლოგიკურ ფორმულირებებს გვთავაზობს.

დაბოლოს, არ შეიძლება არ შევეხოთ ამ ძეგლის მიმართების საკითხს სოლომონ დოდაშვილის „რიტორიკასთან“, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდშია დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელმძღვანელო ერთ პერიოდში შეიქმნა, მათ შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა. ის, რასაც ჩიქოვანი განიხილავს, არ არის დოდაშვილთან და პირიქით. დოდაშვილი თავის თხზულებაში აანალიზებს არა მხოლოდ მჭევრმეტყველების არსსა და მის ზოგად კანონებს, არამედ პროზაულ თხზულებებსაც, რის გამოც ლიტერატურის თეორიის საკითხების დამუშავებაც ახდენს. დოდაშვილი რიტორიკისა და პოეტიკის კონტრასტულ ასპექტებს ადგენს. იგი განიხილავს რიტორიკის ისტორიას და მის ორ ნაწილს: თეორიულსა და პრაქტიკულს. მას თავის თხზულებაში არ აქვს შეტანილი მასალა ლოგიკიდან. ეს ბუნებრივია, რადგან დოდაშვილმა ლოგიკის ცალკე სახელმძღვანელო გამოსცა და მასში შესული საკითხები რიტორიკაში აღარ შეიტანა. ჩიქოვანი კი, როგორც ვთქვით, საკუთარ თხზულებაში სიღმისეულად ეხება ლოგიკის კატეგორიებსაც, რომლებიც მასთან რიტორიკული ხელოვნების განუყოფელ ნაწილად გვევლინება.

3 -სამეცნიერო ლიტერატურა

• ახალი რეტორიკა. ეკუთვნის ალექსანდრე ჩიქოვანს [ტექსტი პროფ. თ. კუკავას რედაქციით], კრებულში: ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის საკითხები, ტ. I, სარედაქციო კოლეგია: ა. ტყემალაძე (რედაქტორი), ა. ჩხარტიშვილი, ვ. ჭელიძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1973 წ., გვ. 188-196.

დოდაშვილი, ს.: თხზულებანი, შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი თ. კუკავა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001 წ.

ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

კუკავა, თ.: ალექსანდრე ჩიქოვანისახალი რიტორიკა, კრებულში: ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის საკითხები, ტ. I, სარედაქციო კოლეგია: ა. ტყემალაძე (რედაქტორი), ა. ჩხარტიშვილი, ვ. ჭელიძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1973 წ., გვ. 179-196.

• ქართული სალიტერატურო ჟურნალიცისკარი, რედაქტორი და გამომცემი ივ. კერესელიძე, №4 (თბილისი, 1857 წ.).

• ქართული სალიტერატურო ჟურნალიცისკარი, რედაქტორი და გამომცემი ივ. კერესელიძე, №11 (თბილისი, 1858 წ.).