ლეონტი მროველი შუა საუკუნეების ქართული საისტორიო, პოლიტიკური და რელიგიური მწერლობის გამორჩეული ფიგურაა. საქართველოს ისტორიის მთავარ კრებულში - „ქართლის ცხოვრებაში“ - ლეონტი მროველის სახელით შესულია სამი ტექსტი, რომლებიც ძველი საქართველოს კულტურის, მისი პოლიტიკური და რელიგიური ცხოვრების შესახებ მეტად მნიშვნელოვან ამბებს გადმოგვცემენ. ამ ტექსტების მაღალმხატვრული სტილისა და სიღრმისეული შინაარსობრივი შრეების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მათი ავტორი მხოლოდ მეისტორიე როდი არის, არამედ თავისი ეპოქის დიდი მოაზროვნეცაა, რომლის შემოქმედებაში თვალნათლივ ჩანს მისი ფართო თეორიული განსწავლაც.
ლეონტი მროველის ნაშრომების განხილვამდე საჭიროა, გაირკვეს მისი ვინაობა. ამ მხრივ ქართული ინტელექტუალური ისტორიის კვლევებში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ლეონტი მროველის ვინაობის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდის დადგენას საკმაო დრო დაუთმეს ძველი ქართული მწერლობის მკვლევრებმა: მოსე ჯანაშვილმა, ნიკო მარმა, ივანე ჯავახიშვილმა, სარგის კაკაბაძემ, მიხეილ თარხნიშვილმა, კორნელი კეკელიძემ, პავლე ინგოროყვამ და სხვ. თუმცა, ეს კვლევები შეჯერებადი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა, რადგან ისინი, ლეონტი მროველის ვინაობისა და ცხოვრების შესახებ, უმეტესად ურთიერთგამომრიცხავ შედეგებზე გადიან.
ძველ წყაროებში ლეონტი მროველის სახელი სულ რამდენჯერმე არის ნახსენები. „ქართლის ცხოვრების“ უძველესი ხელნაწერები, კერძოდ, დედოფალ ანას ნუსხა (XV ს.) და დედოფალ მარიამის ნუსხა (XVII ს.) სწორედ ლეონტი მროველს ასახელებენ ავტორად „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალი სამი წიგნისა: „ცხოვრება ქართველთა მეფეთა...“, „ქართლის მოქცევა...“, „არჩილის წამება...“. ამ ნუსხებში დაცული მინაწერი ამბობს, რომ ეს ამბები აღწერა ლეონტი მროველმა. ლეონტი მროველს ახსენებს 1737 წელს გადაწერილი „არჩილის წამების“ მეტაფრასული ტექსტის ავტორიც: „რამეთუ ღირსებისთა ქებათა ვერვინ მკადრე ქმნილარს: თჳნიერ მის ჟამისა წმიდისა ეპისკოპოზისა ლეონტი მროელისა: რომელსაცა მისი სანატრელი ცხორებაჲ და ღუაწლი ვრცელად აღუწერია, ვითარცა მოგჳთხრობს მატიანე ქართველთა ცხორებისა.“ ამით ირკვევა, რომ „ქართლის ცხოვრების“ ერთ ხელნაწერში, რომლითაც ამ ტექსტის ავტორი სარგებლობს, ლეონტი მროველი მოხსენებული ყოფილა ეპისკოპოსად, თუმცა დღემდე მოღწეულ ნუსხებში ლეონტის ეპისკოპოსობა ნახსენები არ არის და მხოლოდ მისი ზედწოდება „მროველი“ მიუთითებს იმაზე, რომ ის სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ამყარებს ნიკო მარის მიერ ათონის ივერთა მონასტერში აღმოჩენილი XII საუკუნის ხელნაწერი, რომელშიც მოხსენებულია ვინმე მთავარეპისკოპოსი ლეონტი. გარდა ამისა, ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიაგნო ქართულ ხელნაწერს - ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ იოანე ოქროპირის ერთ-ერთ ტექსტს, სადაც ლეონტი მროველიც არის ნახსენები; თაყაიშვილის აზრით, ხელნაწერი XI საუკუნეშია შესრულებული; და ბოლოს, 1957 წელს, მწერალ ლევან გოთუასა და სპელეოლოგ გივი გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, ძველ ნასოფლარ თრეხვის სამონასტრო მღვიმეებში განხორციელდა დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაო; ეს სოფელი წარსულში რუისის ეპარქიას ეკუთვნოდა. ამ ერთ დროს დიდი კომპლექსის № 15 მღვიმეში აღმოჩენილ იქნა მოჩუქურთმებულ ქვაჯვარზე დატანილი სამშენებლო წარწერა, რომელიც იუწყება, რომ 1066 წელს ლეონტი მროველს აუშენებია ქვაბი ღვთაების ხატისა: „მე, ლეონტი მროველმან დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ეს ქუაბი ხატისათჳს ღმრთეებისა და დღესა ჭირისა ნავთ საყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათჳს ჟამთა შინა ალფარსალან სულტანისაგან ოხრობისათა“. წარწერაზე დატანილი თარიღი - 1066 წელი - ზუსტი უნდა იყოს, რადგან სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა სწორედ 1060-იან წლებში ორი სამხედრო კამპანია მოაწყო კავკასიაში და, მათ შორის, საქართველოშიც. სულ ესაა, რაც ლეონტი მროველის შესახებ ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი.
სწორედ წყაროების ამგვარი სიმწირით იყო გამოწვეული ქართველ მკვლევრებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა. მართალია, ივანე ჯავახიშვილი თრეხვის ქვაბებში დაცული წარწერის აღმოჩენას ვერ მოესწრო, მაგრამ, ერთი მხრივ, ზემოგანხილულ ცნობებზე დაყრდნობით, მეორე მხრივ კი, საკუთრივ ლეონტის სახელით დაწერილი წიგნების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევდა, რომ ლეონტი მროველს უნდა ეცხოვრა არაუადრეს XI საუკუნისა და რომ იგი იყო რუისის ეპისკოპოსი. სარგის კაკაბაძე, თავდაპირველად, ლეონტის მიღვაწეობის პერიოდად ასახელებდა XI საუკუნის მეორე ნახევარს, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა და ლეონტის X საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევდა. ნიკო მარი და, მის კვალად, მოსე ჯანაშვილიც ლეონტი მროველს VIII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევდნენ; იგივე აზრისა იყო პავლე ინგოროყვაც და ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმებოდა მიხეილ თარხნიშვილიც, თუმცა, იგი უფრო უკანაც მიდიოდა და ლეონტის მოღვაწეობის პერიოდად განსაზღვრავდა VI-VII საუკუნეებს. კორნელი კეკელიძე, ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, ლეონტის XI საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევდა. ეს დიდი აზრთა სხვადასხვაობა, უსაფუძვლო არ ყოფილა, ყოველი მკვლევარი თავის მოსაზრებას ვრცლად ასაბუთებდა, თუმცა, მათ მსჯელობას ჰიპოთეტური ხასიათი უფრო ჰქონდა და, ამდენად, ისინი ვეღარ გაუწევენ სერიოზულ კონკურენციას თრეხვის ქვაბებში აღმოჩენილ წარწერას, რომელიც ყველაზე უფრო დამაჯერებელი საბუთია იმისა, რომ ლეონტი მროველი სწორედ XI საუკუნის მოღვაწეა და სწორედ ეს ლეონტი მროველი უნდა იყოს ქართლის ცხოვრების ზემოდასახელებული წიგნების ავტორი.
I. „ცხოვრება ქართველთა მეფეთა...“
ლეონტი მროველის ეს ნაშრომი დაწერილია საქართველოს პოლიტიკური კონსოლიდაციისა და საეკლესიო რეორგანიზაციის პერიოდში, როდესაც ქართველი ერის ერთობის ისტორიული და თეოლოგიური საფუძვლების შექმნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად: 1) ქართველი ხალხის ბიბლიური წარმოშობა; 2) ქართლის დაფუძნება; 3) პირველი ქართველი მეფეების ცხოვრება და სამეფო დინასტიების მემკვიდრეობითობა; 4) ომები და საგარეო საფრთხეები. ეს სტრუქტურა არ არის მხოლოდ ისტორიული - ის თეოლოგიური და ტელეოლოგიურიცაა. მასში ისტორიის მსვლელობა წარმოდგენილია, როგორც ქართველთა გამოხსნის საღვთო განგებულების განხორციელება, ნაშრომის ერთ-ერთი ცენტრალური მოტივი არის საქართველოს წარმოდგენა რჩეულ ერად, ბიბლიური ისრაელის ანალოგად. ლეონტი ისტორიას არ გაიაზრებს, როგორც შემთხვევით მოვლენათა ჯაჭვს, არამედ, როგორც ღვთის წინასწარგანზრახვას: ქართველი ერის გამარჯვებები ღვთის ჯილდოა, ხოლო მარცხი ცოდვის შედეგი. ისტორიული მოვლენების ამგვარი გააზრება ლეონტის აძლევს შესაძლებლობას, რომ შექმნას პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და ეროვნული მთლიანობის პარადიგმა. გარდა იმისა, რომ ნაშრომი ქართველი ერის ძირებსა და ადრეულ ისტორიას აღწერს, ის შესავლის როლსაც ასრულებს ქართლის გაქრისტიანების ამბისთვის.
II. „ქართლის მოქცევა...“
„ქართლის მოქცევის“ ლეონტისეული ვერსია, ისტორიულ თხრობასთან ერთად, მოიცავს წმ. ნინოს მისიის ფართო თეოლოგიურ გააზრებას, რომლის საფუძველზეც ეს მისია წარმოდგენილია როგორც მსოფლიო-ისტორიული პროცესის განხორციელების ღვთაებრივი განგებულების ნაწილი. ლეონტის თხრობა მისი ეპოქის სულისკვეთებითაა ნასაზრდოები: მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვა, ეროვნული ერთიანობის გამყარება, მონარქიისა და ეკლესიის როლის მნიშვნელობა ერის ცხოვრებაში ამ ნაშრომის საფუძველმდებარე იდეებია. ლეონტის მიერ გადმოცემული წმ. ნინოს ცხოვრება არის არა მხოლოდ წმინდანის ღვაწლის აღმწერელი ისტორია, არამედ ქრისტიანული საქართველოს დაბადების ამბავიც. ლეონტი წმ. ნინოს არა მხოლოდ მისიონერად, არამედ საღვთო განგებით მოქმედ მოციქულად წარმოადგენს. მისი მივლინება ქართლში გააზრებულია, როგორც ღმერთის განგების ნაწილი - მოვლენა, რომლის მეშვეობითაც, ღმერთის ნებით, საქართველო უერთდება ქრისტიანულ სამყაროს. წმ. ნინოს მისიას თან ახლავს გამოცხადებები და სასწაულები; ამგვარად, წმ. ნინო წარმოდგენილია ბიბლიურ მოციქულთა მსგავსად. ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში არ შემოდის სამხედრო ძალით ან დიპლომატიით, არამედ მახარობელი სულის მქონე მოციქულთა სწორი ქალის ქადაგებით, რომლის ერთადერთი „იარაღიც“ ჯვარია. ნაწარმოებში წმ. ნინოს მოღვაწეობა დაკავშირებულია მეფე მირიანის მოქცევასა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან. მირიანის მოქცევა წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის, თუნდაც, მეფის სულიერი ხსნა, არამედ, როგორც საქართველოს ქრისტიანულ სამეფოდ დაბადების მომენტი. მეფის წარმართული ურჩობა ითრგუნება ღვთაებრივი ნიშნით - მზის დაბნელება ხდება გონების განათლების წინაპირობა. მირიანის მოქცევა, გარკვეულწილად, ასახავს კონსტანტინე დიდის ხილვისა და დამასკოში წმ. პავლეს მოქცევის ელემენტებს. წმ. ნინოს მიერ მეფის მონათვლა აღნიშნავს ქართლის მეფობის საკრალიზაციას. წმ. ნინოს მისია ქართველი ერის განახლებაა, მისი სწავლება საქართველოში საღვთო სამართალსა და ქრისტიანულ კულტურას ამკვიდრებს, მისი ჯვარი ხდება საქართველოს სიმბოლო, როგორც მატერიალური, ასევე მეტაფიზიკური გაგებით. ამრიგად, წმ. ნინო წარმოდგენილია, როგორც ამ ახალი ქრისტიანული საქართველოს დამფუძნებელი.
III. „არჩილის წამება...“
ლეონტი მროველის ეს ნაშრომი ქართული ისტორიული და პოლიტიკური მწერლობის მნიშვნელოვანი ტექსტია. ეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები მოგვითხრობს ქართლისა და მანამდე კახეთის ერისმთავრის არჩილის ცხოვრებისა და წამების შესახებ. არჩილი, სარწმუნოების შეცვლაზე უარის თქმის გამო, VIII საუკუნეში არაბმა დამპყრობლებმა დასაჯეს სიკვდილით. ლეონტი მროველის თხზულება ვითარდება მღელვარე ისტორიულ ეპოქაში, როცა საქართველოში და კავკასიაში არაბები ბატონობენ, ხოლო ქრისტიანი მეფეები იბრძვიან ისლამური ექსპანსიის წინააღმდეგ. ერისმთავარი არჩილი, წარმოჩენილია არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური წინამძღოლი, არამედ, როგორც მოწამე-მეფე - აღმოსავლური ქრისტიანული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სურათ-ხატი. ნაწარმოებს აქვს, როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური დატვირთვა - ის აერთიანებს ქრისტიანული მეფობის სიწმინდისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის პარადიგმებს. ნაწარმოები მიჰყვება აღმოსავლური ქრისტიანული ჰაგიოგრაფიის სტრუქტურას, მასში წარმოდგენილია ჟანრისთვის დამახასიათებელი ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი: წმინდანის დიდგვაროვანი წარმომავლობა, მისი ზნეობრივი სათნოებები და ღვთისმოშიშობა, წამების კულმინაციური მომენტი და მოწამის ღვაწლის აღიარება. ნაწარმოები, ასევე, მოიცავს ისტორიულ ელემენტებსაც. ისტორიული თხრობა ხშირად თეოლოგიური ინტერპრეტაციით მიმდინარეობს. მისი მიზანი არის სარწმუნოებისა და ეროვნული იდენტობის დაცვისათვის ბრძოლის პოლიტიკურ-თეოლოგიური პარადიგმის ჩამოყალიბება. არჩილი წარმოდგენილია არ მხოლოდ როგორც მოწამე, არამედ როგორც ეროვნული მთლიანობის სიმბოლო, რომელიც იცავს ქართულ ქრისტიანულ იდენტობას. ნაწარმოებში არჩილის სახე საკრალიზებულია. იგი წარმოსახულია არა უბრალოდ როგორც საერო მმართველი, არამედ როგორც ღვთისგან ხელდასხმული წინამძღოლი. არჩილის უარი, მოექცეს ისლამზე, აღწერილია არა მხოლოდ როგორც პირადი სიმამაცე, არამედ ქართველი ერის თავგანწირვაც, რომელიც იმყოფება ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და მწვალებლობას შორის მარადიულ ბრძოლაში. არჩილის მოწამეობრივი აღსასრული, სამეფო პატივის დათმობა და თავის გაწირვა სიმბოლურად იმეორებს იესო ქრისტეს მაგალითს.
ლეონტი მროველის შემოქმედება მხოლოდ საქართველოს ისტორიის მშრალი აღწერით არ შემოიფარგლება. ის ქართველი ერის იდენტობის და მეფობის იდეის თეორიულ-კონცეპტუალურ ჩარჩოსაც ქმნის. ლეონტის ისტორიოგრაფია ემსახურება როგორც პოლიტიკურ, ასევე თეოლოგიურ მიზნებს, მასში ჩამოყალიბებულია ქართველთა ერთობის თეოლოგიური დასაბუთება, ხოლო საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოვლენები განხილულია ისტორიის მსვლელობის საღვთო წინასწარგანზრახვის ჭრილში. მისი შემოქმედება ასახავს იმ საეკლესიო მოღვაწის თეორიულ ძალისხმევას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ახალი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში.
ლეონტის შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქართველი ერის ბიბლიური გენეალოგიის შექმნა. იგი ქართველთა წინაპრად ნოეს შთამომავალ თარგამოსს ასახელებს, რითაც ქართველი ერის დაბადებას წარმოადგენს, როგორც შედეგს საფუძველმდებარე ბიბლიური მოვლენების შემდგომი ისტორიული განვითარებისა. ამგვარად, ლეონტის მიხედვით, ქართველი ერის ისტორია სათავეს იღებს წარღვნის და მისი შემდგომი ამბების შესახებ ბიბლიური გადმოცემებიდან. ქართლის ისტორიის აღწერის ლეონტისეული პარადიგმა ქართველებს წარმოაჩენს ღმერთის რჩეულ ერად, ქართლის მეფეებს კი მეფობის ბიბლიური რწმუნების მემკვიდრეებად. ეს იდეოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მონარქიული მმართველობის სტაბილიზაციასა და მონარქიის, როგორც თეოლოგიური ინსტიტუტის კონცეპტუალიზაციაში.
ლეონტი მროველის შემოქმედების მნიშვნელოვანი იდეები გადმოცემულია ქართლის გაქრისტიანების მისეულ აღწერებშიც. ქართლის გაქრისტიანება წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც რელიგიური მოვლენა, არამედ, როგორც პოლიტიკური და ცივილიზაციური გარდატეხა ქართველი ერის ცხოვრებაში. მეფე მირიანისა და ქართლის მოქცევა გააზრებულია, როგორც ღმერთის განგებულების აღსრულება. ქართლის გაქრისტიანება ხდება ის ღერძი, რომლის გარშემოც ლეონტი აგებს საქართველოს ისტორიის თეოლოგიურ სტრუქტურას: წარმართობა ქაოსისა და ბარბაროსობის სიმბოლოა, მაშინ როდესაც ქრისტიანობა არის ერთობის, სამართლისა და ზნეობრივი წესრიგის მომტანი. ლეონტი აღწერს საქართველოს, როგორც ქრისტიანულ სამეფოს, გარშემორტყმულს წარმართი მეზობლებით, რითაც ქმნის ქართველების ბრძოლის საკრალურ სურათს, რომლითაც ქართველები ძველი აღთქმის ისრაელს ემსგავსებიან - რჩეულ ერს, რომელიც მტრებით არის გარშემორტყმული, მაგრამ ინარჩუნებს თავის თავს. ამ პერსპექტივიდან ქრისტიანობა ქართველებისთვის ხდება არა მხოლოდ საერთო, არამედ ინდივიდუალური სულიერი მეგზურიც, რომლითაც ისინი იცავენ თავიანთ იდენტობას.
ლეონტისათვის მნიშვნელოვანია მეფობის ინსტიტუტიც. მისთვის ჭეშმარიტი მეფობა მხოლოდ სამხედრო ძალით ან მემკვიდრეობითობით კი არ წამოიქმნება, არამედ, უპირველესად, მეფის სულიერი და ზნეობრივი მზაობით. მმართველი, რომელიც სარწმუნოების მცველია, ამავდროულად, ღვთის ნების შემსრულებელიცაა. ლეონტი ცდილობს ძლიერი სახელმწიფოს სურათის შექმნას, სადაც რელიგიური და პოლიტიკური მიზნები ერთმანეთისგან კი არ განსხვავდებიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ. ეს სინთეზი უბრალოდ იდეალი კი არ არის, არამედ ქართველი ერის გადარჩენისა და საღვთო განგებულების აღსრულებისათვის საჭირო ისტორიული აუცილებლობაა.
ლეონტისთან ისტორიის ამგვარი ხედვა საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს, ის შთააგონებს მმართველებს და ქვეშევრდომებს, რომ მართვა, სარწმუნოება და ერთობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. შესაბამისად, ლეონტის თხზულება მხოლოდ ისტორიული ქრონიკა არ არის, არამედ პოლიტიკურ-თეოლოგიური სახელმძღვანელოცაა. ამისათვის ლეონტი იყენებს მაღალმხატვრულ ენობრივ სტილს, რომელიც გაჯერებულია ბიბლიური ცნებებით, ტიპოლოგიური პარალელებითა და ჰაგიოგრაფიული მოტივებით. ასეთი ენობრივი ქსოვილი მის ტექსტებს მშრალ ისტორიოგრაფიაზე მეტ ძალას სძენს და ქართველი ერის ისტორიას წარმოაჩენს როგორც ერთგვარ თეოლოგიურ ეპოსს.
ლეონტი მროველის ნაშრომები ცხადად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ისტორიოგრაფიის გამოყენება ერის მთლიანობის მშენებლობის, რელიგიური განათლებისა და პოლიტიკური მიზნების განმახორციელებელ ინსტრუმენტად. მისი თხზულება წარმოადგენს პოლიტიკური და თეოლოგიური იდეების დახვეწილ სინთეზს, რომლის ჩარჩოსაც ქმნის ისტორიოგრაფია. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ისტორიის ამგვარმა გააზრებამ და გადმოცემამ ხელი შეუწყო შუა საუკუნეებში ქართველების საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის დღემდე, დიდ წილად, სწორედ ამ ფორმით ნარჩუნდება. ლეონტის ტექსტები საფუძველმდებარე წყაროებია შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური თეოლოგიის, სახელმწიფო იდეოლოგიისა და ეროვნული იდენტობის გასაგებად.
I. ლეონტი მროველის ნაშრომთა მთავარი გამოცემები:
(ა) ქართულ ენაზე:
• ქართლის ცხოვრება, მარიამ დედოფლის ვარიანტი, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა, ტიფლისი: „ძმობა“, 1906 წ.
• ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციითა და წინასიტყვაობით, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1942 წ.
• ქართლის ცხოვრება, ტ. 1, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით, ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი: „სახელგამი“, 1955 წ.
• ქართლის ცხოვრება, ტ. 1, ტექსტი შეადგინეს, კომენტარები და ლექსიკონი დაურთეს მ. სანაძემ, ნ. შოშიაშვილმა, თბილისი: „ნეკერი“, 1994 წ.
• ქართლის ცხოვრება, ტ. 1, ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ახალ ქართულ ენაზე თარგმნა და კომენტარები დაურთო ნ. ნიკოლოზიშვილმა, რედ. დეკ. მ. ჭანტურია. თბილისი: „ახალი ივირონი“, 2011 წ.
• ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2012 წ.
(ბ) უცხო ენებზე:
• Das Leben Kartlis. Eine Chronik aus Georgien 300-1200, hrsg. von G. Pätsch, Leipzig: Dieterich, 1985.
• Histoire de la Géorgie depuis l’antiquité jusqu’au XIXe siècle. Traduite du géorgien par M. Brosset, St.-Pétersbourg: De L'imprimerie de l'Académie impériale des sciences, 1858.
• K’art’lis c'xovreba. The Georgian Royal Annals and their Medieval Armenian Adaptation, edited by St. H. Rapp, Jr., vol. I, New York: Caravan Books, 1998.
• The Georgian Chronicle, translated by R. Bedrosian, New York, 1991.
• Картлис Цховреба: История Грузии. Главный редактор: Р. Метревели, Тбилиси: „Артануджи“, 2008.
II. მეორადი ლიტერატურა
• ალექსიძე, ზ.: ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, კრებულში: ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, მთავარი რედაქტორი - ა. აფაქიძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ., გვ. 79-84.
• ანთელავა, ი.: ლეონტი მროველი „ქართლოსიანთა“ წარმოშობის შესახებ, წიგნში: ი. ანთელავა, XI-XIV სს. ქართული საისტორიო წყაროები, თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ., გვ. 5-9.
• ბარამიძე, ა.: ლეონტი მროველის თხზულების ერთი ცნობის დაზუსტებისათვის, იხ.: „ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში“, №4 (თბილისი, 1979 წ.), გვ. 56-58.
• გრიგოლია, კ.: ლეონტი მროველი - XI ს-ის ქართველი ისტორიკოსი და მისი შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა, იხ.: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ფილოლოგიურ მეცნიერებათა სერია“, ტ. 93 (თბილისი, 1960 წ.), გვ. 223-238.
• ინგოროყვა, პ.: ლეონტი მროველი, ქართველი ისტორიკოსი „ჰამბავთა-მწერალი“ მე-8 საუკუნისა, იხ.: „ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) მოამბე“, ტ. 10 (თბილისი, 1941 წ.), გვ. 93-152.
• კეკელიძე, კ.: ლეონტი მროველი, წიგნში: კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 236-243.
• კეკელიძე, კ.: ლეონტი მროველის ლიტერატურული წყაროები, იხ.: „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, ტ. 3 (თბილისი, 1923 წ.), გვ. 27-56.
• მესხია, შ.: ლეონტი მროველი საქართველოს ისტორიის ორი პერიოდის შესახებ, კრებულში: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, მთავარი რედაქტორი - გ. მელიქიშვილი, თბილისი: „მეცნიერება“, 1966 წ., გვ. 119-130.
• ჩხენკელი, თ.: „მეფეთა ცხოვრება“ და თვლის შვიდობითი სისტემა, ჟურნალში: „ლიტერატურა და ხელოვნება“, №2 (თბილისი, 1990 წ.), გვ. 22-49.
• ჯავახიშვილი, ი.: ლეონტი მროველი, წიგნში: ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.) [ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ. VIII], თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1977 წ., გვ. 176-188.